ნიკოლოზი 1

წმინდა ნიკოლოზი – მუდამ ჩვენი მეოხი და ქრისტესთან მიმყვანებელი – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

მისი სახე არამხოლოდ მართლმადიდებლებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი. წმინდა ნიკოლოზი ნებისმიერი საფრთხეში, ვითარებაში, საშინელ ღამეებსა და მძიმე დღეეებშიც აგრძელებს თავისი საქმის კეთებას – მის გულში უხილავად მოქმედი ღმერთის გაცხადებას, რომელსაც ის ჩვენს თვალწინ წარგვიდგენს, როგორც საიდუმლოებრივ მოვლენასა და გამოუთქმელ სიხარულს.

როგორც გუშინ ვსაუბრობდით, აღელვებული ვარ იმით, რომ ამ ღამეს წმინდა ნიკოლოზი ჩვენთან იყო და ყველამ ვიგრძენით მისი მყოფობა. ჩვენ შევიგრძენით, რომ ის აქ, ჩვენთან, ღმრთისმსახურებაზე უხილავად იმყოფებოდა.

ემილიანე e1601286690996
არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

არამხოლოდ საგალობლები და საკითხავები გვესაუბრებოდნენ მის შესახებ, არამედ თავად ისიც აქ იყო და ქრისტეს დიდებას, მის სიყვარულს, ძალას და წყალობას ამოწმებდა.

ჩვენი საყვარელი მირონლუკიელი წმინდანის წმინდა ნაწილები ამ ყველაფრის ნათელი მოწმობაა. ჩვენ ვიცით, თუ რატომ გვიყვარს და რატომ ვცემთ მათ თაყვანს, რადგან წმინდა ნაწილები სულიწმინდის სამკვიდრებელია, რომელიც არასდროს განეშორება წმინდანს მიუხედავად იმისა, რომ მისი სული მის განწმენდილ სხეულს განშორდა. მისი სული ზეციური მამის წიაღში დამკვიდრდა, ხოლო სულიწმიდა განუშორებლად, განუყოფელად მყოფობს წმინდანის სხეულშიც.

ამრიგად, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ წმინდა ნაწილები სულიწმიდის მადლის მატარებლები არიან, იმ მადლისა, რომელიც წმინდანმა ამქვეყნიურ ცხოვრებაში სულიერი ცხოვრებით მოიხვეჭა. უფალი ჩვენ წმინდანების მიერაც გვესაუბრება. ისინი ჩვენთან ძალიან ახლოს არიან, გვიყვარს ისინი და ჩვენს გულშიც არიან. წმინდანიც ღმერთის მიერ გვესაუბრება და უფალთან იმდენად მიგვაახლებს, რამდენად ახლოსაც  ვართ მის წმინდა ნაწილებთან, რომლებსაც ამ ღამეს სიხარულით მივემთხვიეთ.

წინა ღამეს ვფიქრობდი და ფსალმუნის სიტყვები გამახსენდა: ,, დღისი ამცნო უფალმან წყალობაჲ მისი და ღამე გალობაჲ მისი; ჩემ მიერ ლოცვა ღმრთისა მიმართ ცხორებისა ჩემისა.’’(ფს.41:9). ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი თავის წყალობას ღამით გვივლენს. მაგრამ სად ვლინდება მისი გამოიუთქმელი წყალობა? ჩვენი გულის სიღრმეში! ღამის საათები ქრისტესთან საუბრისა და მასთან შეხვედრის დროა!

დღის განმავლობაში ის თავისი სიკეთეებით აღგვავსებს, რათა მისი ჩვენთან მყოფობის ხილული ნიშნები გვქონდეს. ხოლო ღამე ის საიდუმლოებრივად გვიცხადებს თავის ღმრთეებას, დიდებას და სიწმინდეს. როგორი საკვირველი ღამე გამოვცადეთ დღეს. ეს იყო წმინდა ნიკოლოზის ღამე მის წმინდა ნაწილებთან ერთად!

უფალი თავის საიდუმლოებრივ და უხილავ დიდებას, სიცოცხლესა და სიბრძნეს, განსაკუთრებით ღამის საათებში, თავისი წმინდანების მიერ სულიწმიდაში გვიცხადებს. სწორედ ამიტომ უყვართ მონაზვნებს ღამე, უხარიათ მისი დადგომა, მღვიძარებენ და ქრისტესთან ურთიერთობას ცდილობენ.

ჩვენ ვიცით, რომ ბარში გადატანილი წმინდანის წმინდა ნეშტი ნივთიერი და მატერიალურია, მაგრამ ამავდროულად ეს მიწაზე ღმერთის მოქმედების ერთ-ერთი სახეა, რომელიც ხელშესახები და ხილულია. ამიტომაც, წმინდა ნაწილებთან მიახლებით ჩვენ შესაძლოა ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება მივიღოთ, რომელიც უხილავი და მიუწვდომელია, მაგრამ იმ წამებში ჩვენთვის ხელშესახები და ახლოს მყოფი ხდება.

ჩვენი უფროსი ძმა, წმინდა ნიკოლოზი თავის სიცოცხლეში ღმრთის მადლს ეზიარა, ქრისტეს თვისებები მოიხვეჭა და მათ ახლა ჩვენც გადმოგვცემს.  ის წავიდა ამ სამყაროდან, მაგრამ არ მიუტოვებია, როგორც ძე ღმერთმა ჩვენი გულისთვის ზეციური წიაღი დატოვა, რათა ჩვენთან მოსულიყო, მაგრამ არ მიუტოვებია ის.

წმინდანი ჩვენი უფროსი ძმა, ჩვენი წინამორბედი და ქრისტესთან მიმყვანებელია, რომლის წინაშეც ის ჩვენი მეოხია. ის ქრისტეს ჩვენს შესახებ ესაუბრება და თითოეულ ჩვენგანს მის წინაშე წარადგენს. ამიტომაც, ეს ღამე და წმინდა ნიკოლოზთან ჩვენი კავშირი, არსობრივად ჩვენი ძიების ობიექტთან – ქრისტესთან კავშირია, რომელიც თავის წმინდანებში საიდუმლოებრივად განისვენებს.

უფალი თავის ნათელსა და ჭეშმარიტებას წმინდანების მიერ გვივლენს. ის წმინდანის გულის სიღრმეს გვიხსნის და ამით, საკუთარ თვისებებსაც გვიჩვენებს. ,, ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა’’(1.კორ.2:10). (ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც)

წმინდანს მამასთან, ძესთან და სულიწმიდასთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს. ხოლო ამ გამოცდილებას მისი წმინდა ნაწილებიც იზიარებენ და საღმრთო ნიჭებს ისინიც ეზიარებიან. ჩვენ კი მათ მიერ ჭეშმარიტ საღმრთო საქმეებში განვისწავლებით.  აქედან გამომდინარე, წმინდა ნაწილებთან სწორი დამოკიდებულებითა და გულის მდგომარეობით მიახლების შემთხვევაში, წმინდანთან ურთიერთობა ყოვლადწმიდა სამებასთან ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს.

როგორი ცოდვილი და დაცემული პიროვნებებიც არ უნდა ვიყოთ, როდესაც წმინდა ნაწილებს სწორად მივეახლებით, ჩვენ მათ მიერ ღმერთში ვიმყოფებით. ჩვენ საბრალო, გლახაკი და დაცემული არსებანი ვართ, მაგრამ ამ დიდებულებასთან ზიარებით, ჩვენც დიდებულნი ვხდებით. როგორ წყალობას ავლენს ჩვენზე უფალი და როგორი სიტკბოებით აღავსებს ჩვენს სიცოცხლეს! ამ სიდიადის წვდომა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ მისი გემოსხილვა შეგიძლია. ეს საიდუმლოებაა და ამიტომაც ის ვერანაირი ფორმალური განსაზღვრებით ვერ შეიცნობა.

ასე რომ, ჩემო ძმებო, დღეს წმინდა ნიკოლოზისა და მისი სასწაულმოქმედი წმინდა ნაწილების წყალობით ჩვენ ქრისტეს ვესაუბრეთ და მის შესახებ კიდევ ახალი გამოცდილებისეული ცოდნა მივიღეთ. ის ჩვენთვის ქრისტეს მახარობელი გახდა და უფალმა ინებოს, რომ ეს ჩვენც გვასწავლოს. ჩვენ ამ ცხოვრებაში ჩვენი მწუხარებები გვაქვს და გულზე სიმძიმე გვაწევს ხოლმე, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ევქარისტიისას ღმერთს ვეზიარებით! პირველი ჩვენი ნებისა და უძლურებისგან მომდინარეობს, ხოლო მეორე – ღმრთის სიყვარულისა და მისი ნებისგან.

ამ ზატიკის პერიოდში რამდენი დიდებული მაგალითით გვასწავლიდა ჩვენი ეკლესია!

თომა მოციქულს კი უწოდეს ურწმუნო, მაგრამ ის ქრისტეს ღმერთობის აღმსარებლობის ღირსი გახდა. ის თავისი ბუნებით თითქოს სისუსტისა და სიძლიერის ზღვარზე იდგა, მარტივად დაკარგა სიმამაცე და მოთმინება და რთულად მოიხვეჭა ქრისტესმიერი სიხარული. უფალმა კი მას მოუწოდა, რომ შემეხე და თვალი გაახილეო. რამდენჯერ მოგვმართავს ჩვენც ქრისტე იგივე სიტყვებით, თავად იღებს ჩვენს ხელებს და საკუთარ ჭრილობებს ახებს.

შემდეგ მენელსაცხებლე დედები, თითქოს უძლური ბუნების მქონენი, მაგრამ უფალმა მათი უძლურებით აღდგომის დიდებულება გამოავლინა და მოციქულთა მახარებლებად აქცია ისინი.

განა განრღვეულს გააჩნდა რაიმე ძალა, რომ სულიერად ან ხორციელად განკურნებულიყო? მაგრამ თავად ქრისტე მიდის მასთან, როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი და მას მადლის ჭურჭლად აქცევს.

გუშინ კი სამარიტელი დედაკაცი გავიხსენეთ, რომელმაც ქრისტეს საიდუმლოება შეიცნო და თავისი ხალხის მისიონერი გახდა. შემდეგ კვირას ჩვენ ბრმადშობილს შევხვდებით, რომელიც ასევე ქრისტეს მისიონერი და მახარებელი გახდა მას შემდეგ, რაც მისმა ბრმა თვალებმა ეს მშვენიერი სამყარო იხილა, ხოლო მისმა სულმა საღმრთო საიდუმლოება შეიცნო.

ამ სადღესასწაულო პერიოდის დასრულებისას, წმინდა მამათა კვირას, ჩვენ ზეციური მამის მიმართ ქრისტეს უმშვენიეს ლოცვას მოვისმენთ, რომელიც პირდაპირ ჩვენთვის აღავლინა, როგორც ჩვენი გულის დაუღლელმა, მარადიულმა მეოხმა.

წმინდა ნაწილების, წმინდანების, სტიქიების, სიმბოლოების, ლოცვის და საერთოდ ყველაფრის მიერ გვაძლევს ქრისტე იმის საშუალებას, რომ შევიცნოთ ის. ამიტომაც ვმადლობდეთ მას ამისთვის!

წმინდაო მამაო, ევედრე ჩვენს ზეციურ მამას, რომ ჩვენც მისი ხმის მსმენელნი, მისი ნების აღმსრულებელნი, მისი მოწამეობრივი ღვაწლის მიმბაძველნი, მისი სიწმინდის კარავნი, მისი დიდების ამრეკლავი სარკეები გავხდეთ. ამინ.

წყარო: https://azbyka.ru

მთავარი ფოტო: წმინდა ნიკოლოზის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •