parintele efrem filotheitul

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – ადამისთვის სამოთხე შემოქმედის ჭვრეტის საშუალება იყო

იყო ერთი ძმა, რომელიც იესუს ლოცვას მოუკლებლად იმეორებდა. მის გულსა და გონებას წყუროდა ქმნილი სამყაროს ბუნების არსისა და სამოთხისეული სიტკბოების წვდომა. ქრისტე პერიოდულად ეხებოდა მის გულს და არამიწიერ სულიერ სიტკბოებას ანიჭებდა, თუმცა ამჯერად იგი განსაკუთრებული სახით ეწვია მას.

ერთ დღესაც, იესუს ლოცვის ხანგრძილივი მოხმობისას, მისი გონება აღტაცებაში მოვიდა და სულიწმიდის მადლით შეიგრძნო ქმნილების ენა, რომლითაც ის თავის შემოქმედს ადიდებდა. ამ ძმას სულიერი და ხორციელი თვალები იმ დონეზე აეხილა, რომ მან ყველაფერი სხვაგვარად, ენით გამოუთქმელად და აუხსნელი სახით იხილა: მგალობელი, მოჭიკჭკე ჩიტები, გაფურჩქნილი ყვავილები, აყვავებული და კეთილსურნელოვანი ხეები, თბილად მანათობელი მზე – ეს ყველაფერი იდუმალი სახით ღმერთის დიდებასა და მშვენიერებაზე მოწმობდა. ეს იყო ნამდვილი გამოცხადება, იმ საიდუმლოს გამოცხადება, რომელიც ჩვენთვის დაფარულია, რადგანაც არ შეგვიძლია ამგვარი სულიერი რეალობების ჭვრეტა.

”ყოველი სული აქებდით უფალსა!” (ფს. 150:6). როგორც ცხოველთა, ისე მცენარეთა სამეფო ღმრთის გამოუთქმელ სილამაზეზე, მშვენიერებასა და სიდიადეზე მეტყველებდნენ. ამ ყველაფრის მხილველი განცვიფრებული იყო და ვეღარაფერს ამბობდა. თვალებიდან ნაკადებად სდიოდა ცრემლი. ამ შემთხვევაში, არა საკუთარი ცოდვილობის განცდის, არამედ სამყაროს შემოქმედის სიდიადისა და მშვენიერების ჭვრეტის გამო, რაც არაამქვეყნიურ სიხარულს ანიჭებდა. როგორ გაუძლო გულმა ასეთ გამოცხადებას?!

ადამისთვისაც სამოთხე შემოქმედის ჭვრეტის საშუალება იყო, მისი სული გამოუთქმელ სიხარულსა და მხიარულებაში იყო, როდესაც წვდებოდა ყოველი ქმნილების არსს და ესმოდა მათი იდუმალი, გამოუთქმელი დიდებისმეტყველება სამყაროს შემოქმედისადმი.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ