efrem arizoneli 7

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – როგორი მშვენიერია ქრისტეს აღდგომა!

აღდგომას ჩვენი დღის განრიგი არ შეცვლილა და არც გვიფიქრია, რომ დღესასწაულის გამო რამე შეგვეცვალა. დიახ! ის ღამეც მრავალ საათიან იესუს ლოცვაში გავატარეთ როგორც ყოველთვის! მამა იოსები მეუბნებოდა: ,, თუ ამ ყველაფერს არ აღვასრულებთ და მკაცრად არ მივყვებით, სულიერ სარგებელს არც ელოდო’’. ის მიგვიძღოდა წინ და სწორედ ის იყო ჩვენი უპირველესი მაგალითი.

ჩვენი აღდგომის მსახურება საოცრება იყო! ირგვლივ უდაბნო გვეტყა და ჩვენს გარდა არავინ იყო. ფორთოხლის ხეებს შორის, ჩვენს პატარა ტაძარში, მყუდროდ და მშვიდად აღვასრულებდით ლიტურგიას. ვხედავდი, თუ როგორ ბრწყინავდა მამა იოსები! სიხარულისგან ცრემლებს ვერ იკავებდა. ეს ცრემლები არ იყო ცოდვების გამო მგლოვარების ნაყოფი, არამედ ქრისტეს აღდგომის ნათლის მომდინარე! ამ შეგრძნებებით აღსავსე სული ვერ იტევდა ამ არამიწიერ სიხარულს და ცრემლებს შობდა. როდესაც წარმოვთქვამდით: ,,ქრისტე აღდგა!’’ – ისიც პატარა ბავშვივით ტიროდა. რა მშვენიერი იყო ეს ყველაფერი!

როდესაც მსახურება დასრულდა და ყველა თავის კელიაში განმარტოვდა, ვფიქრობდი აღდგომის მადლზე, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა განვიცადეთ. შემდეგ მეც დავწექი. დილით ადრე გამეღვიძა და სკვნილით ხელში კლდეებისკენ წავედი. როგორი სილამაზე იყო! როგორი მშვენიერია ქრისტეს აღდგომა! წმინდა გრიგოლისა და წმიდნა დიონისეს მონასტრის ზარების რეკვა შემომესმა. რუსულ მონასტერშიც რეკდნენ ზარს, რომელიც ჩვენს ეზოზე ალბათ ორჯერ დიდი მაინც იქნებოდა. ტალღებიც ხმაურობდნენ და ეს ხმაც ჰიმნივით და ზეციური სიმფონიის მშვენიერ მელოდიად გაისმოდა. ვფიქრობდი, თუ როგორი ზეიმობენ ზეცაში ქრისტეს აღდგომას და როგორ გალობენ ანგელოზები ზეციურ ჰიმნებს. ვიჯექი და იესუს ლოცვით ვტკბებოდი. ეს იყო ქრისტეს აღდგომის მადლის მოხილვა და იმდენად გასაოცარი სულიერი ნადიმი, რომელსაც სიტყვით ვერ გამოთქვამ. მარტო ვიყავი ამ კლდეებს შორის და ირგვლივ სხვა არავინ, მხოლოდ ჩიტები…

წიგნიდან: ,,ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან’’

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •