შვილებო, ”მოიღუაწეთ ღუაწლი იგი კეთილი”. ”ძმათმოყვარებაჲ ეგენ”. სიყვარული ყოფილიყოს თქვენს ერთობაში ყოველი მოქმედების საფუძველი. განეშოროს ეგოიზმი თქვენს ფიქრებსა და სიტყვებს. უფალი ამბობს: ”რომელსა უნდეს პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა” და თუ უმანკოებითა და სიწრფოებით პატარა ბავშვს არ დავემსგავსებით, ცათა სასუფეველში ვერ შევალთ.
როდესაც ძმათა ერთობას (კრებულს) სიყვარული მართავს, მაშინ ქრისტე ყველაფერს უხილავად აკურთხებს: სიხარული, მშვიდობა, და ძმებისთვის თავდადება ცეცხლივით ანთია თითოეული ძმის გულში, მაშინ ლოცვაც უფრო ძლიერი ხდება და რაცუფრო ძლიერდება, მით უფრო მდიდრდება მათი სულები ქრისტესმიერი სიყვარულითა და თავგანწირვით. ამგვარად, ქრისტეს ვადიდებთ და თაყვანს ვცემთ.
ნამდვილ სიყვარულს ძმის ნიჭი არ შურს; ძმის განმკითხველი, დამამდაბლებელი სიტყვები მას არ ახარებს და თავს ვერ იკავებს, ძმას წარმატება რომ არ შეუქოს. სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, უხეშად არ ეპყრობა, თავის საგებელს კი არ ეძიებს, არამედ ძმისას, არ მრისხანებს, არ ფიქრობს ბოროტებას; ყველაფერს ტვირთულობს, ყველაფერს ითმენს. ვისაც ნამდვილი სიყვარული აქვს, ძმის მიმართ არასოდეს შესცოდავს.
ასე, რომ ილოცეთ შვილებო, რათა თვით სიყვარულმა – ღმერთმა – ქრისტესმიერი სიყვარულის ნიჭი მოგვმადლოს. როცა ეს სიყვარული ჩვენს გულებში, სიტყვებსა და საქმეებში გამეფდება, მაშინ მოგვეცემა იმედი, რომ შევქმნით ქრისტესმიერ ერთობას (კრებულს) ქრისტიანული სულით, სულიერი ბრწყინვალებით და შეურყეველი საძირკვლით – მტკიცედ შეკავშირებულ ერთობას – ერთი სულით მრავალ სხეულში.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ