ჩვენი დღის მთავარი საქმიანობა ღამისთევა იყო. ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ ღამით უკეთესად აღგვესრულებინა ღამის ლოცვები. მაშინ, უდაბნოში, ჩვენი განაწესი მოითხოვდა მზის ჩასვლის შემდეგ ადგომას და ლოცვის დაწყებას. გაღვიძების შემდეგ, ერთ პატარა ჭიქა ყავას ვსვამდით, მხოლოდ იმისთვის, რომ ეს მღვიძარებაში დაგვხმარებოდა. ღამის ლოცვის წინ ყავის დალევისკენ ბერმა [ღირსი იოსებ ისიქასტი] მოგვიწოდა. გამონაკლისს ისინი წარმოადგენდნენ, ვისაც ყავის დალევა არ შეეძლო. სუსტი ძმებისთვის ნებადართული იყო, ცოტა წახემსება, ძალების მოკრებისთვის. ყავის შემდეგ, თაყვანს ვცემდით ბერს, და უმხმოდ, უსიტყვოდ, მივდიოდით ჩვენ-ჩვენ კელიებში. და იქ, ბერის ნასწავლი მეთოდით და ხერხით ვიწყებდით მღვიძარებასა და ლოცვას.
ჩვენ ვამბობდით წმინდაო ღმერთოს, შემდეგ ვსხდებოდით პატარა სკამზე და ვეძლეოდით მწუხარებას, სიკვდილზე ფიქრს, ქრისტეს ვნებების გახსენებას. გონებაში სხვა არაფერი მოგვდიოდა. გაღვიძების შემდეგ, ჩვენ მუდამ სიკვდილი გვიტრიალებდა თავში.
ბერი გვეუბნებოდა, რომ გაიღვიძებს თუ არა ადამიანი, მისი გონება დამშვიდებული და სუფთაა. და ვინაიდან ის ამ სიმშვიდისა და სისუფთავის მდგომარეობაში იმყოფება, ეს საუკეთესო დროა, რომ მაშინვე მივაწოდოთ მას, როგორც პირველი სულიერი საკვები – ქრისტეს სახელი. დაჯექი შენს სკამზე, და სანამ დაიწყებდე ლოცვას “უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!”, რამდენიმე წუთით დაფიქრდი, იმსჯელე სიკვდილზე. ასე გვასწავლიდა ჩვენ ნეტარი ბერი, რომლის ცხოვრებაც არაფერი იყო, გარდა საკუთარი თავის შეუჩერებელი იძულებისა ლოცვისთვის.
ასე ჩვენ ვისხედით კელიებში, ვიკეტებოდით სიბნელეში. ჩვენ გვქონდა მხოლოდ სკვნილი და მეტანიები, მეტანიები და სკვნილი – სხვა არაფრი. მე ვიკეტებოდი ხანდახან ორი, ხან კი სამი საათით გონიერი ლოცვით. ხშირად ხუთი საათიც ვმჯდარვარ. როგორც კი გონება დამიბნელდებოდა და ძილი მომეროდა, ეზოში გავდიოდი. როდესაც გონიერი ლოცვით ვიღლებოდით, ბერი გვირჩევდა კითხვას, სულიერ საგნებზე ფიქრს, საკუთარი ცოდვების გახსენებას და კვლავ მიბრუნებას გონიერ ლოცვაზე.
მთავარი ფოტო: მამა ეფრემ არიზონელის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)