efrem arizoneli 6

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – ვნებების განსაკურნებლად დრო, მოთმინება და მონდომებაა საჭირო

ვხედავ შენს იმედგაცრუებას. ომში გამოუცდელ, ახალბედა ყმაწვილს, ახალწვეულ ჯარისკაცს ჰგავხარ, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე გაჰყავთ და როგორც კი ტყვიებისა და ყუმბარების სეტყვა წამოვა, ნირწამხდარი უკან დაბრუნებას ითხოვს. მაგრამ გამოცდილი მხედართმთავრების ბრძანებით მას ძველი, გამოწრთობილი მეომრების გვერდით აყენებენ, ისინი კი მანამდე გაამხნევებენ, სანამ ომის ქარცეცხლს შეეგუება.

ვაქებ შენს სურვილს და განზრახვას – მიაღწიო სრულყოფილებასა და უვნებობას. მთელი შენი მცდელობა აქეთ მიმართე. მაგრამ არ დაგავიწყდეს, ვის ებრძვი. შენი ბრძოლა ბნელ და უბოროტეს მთავრობათა, ხელმწიფებათა და ძალთა, ძალზე გამოცდილ ლეგიონთა წინააღმდეგაა მიმართული. მათთან ერთად ვნებათა სამყაროსაც ებრძვი. ვნებები უზომოდ მტკივნეულ წყლულებს ჰგავს. მათ განსაკურნებლად დრო, მოთმინება და მონდომებაა საჭირო.

იცოდე, იმედგაცრუებაც ბრძოლაა, მტრის მიერ ნასროლი ერთი ხელყუმბარა, შენი ვნებებისგან მიღებული ერთ-ერთი ჭრილობა. მაშასადამე, საჭიროა მოთმინება, ამტანობა, მხნეობა. ეს იმედის ცას ნუ დაგიბნელებს. გწამდეს, რომ ღმერთმა ყოველი ადამიანის სულიერი განწყობა იცის, კეთილ განზრახვას და თავის იძულებას არასდროს უგულებელყოფს და ადრე თუ გვიან მათ სანაცვლოდ საზღაურს მიაგებს.

მაგალითისთვის წმინდა მამები გვყავს, რომლებმაც მოღვაწეობის პირველ წლებში სულიერი გულგრილობა, საშინელი იმედგაცრუება და სხვა გამანადგურებელი განსაცდელები გაიარეს. მაგრამ მტკიცედ შეინარჩუნეს მოთმინება, თავს აიძულებდნენ და რამდენიც დაითმინეს, მადლმაც იმდენად მოიხილა ისინი.

წიგნიდან ”მამობრივი დარიგებანი”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.