ლოცვა 1

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – მოთმინება და იესუს ლოცვა!

მამა იოსებ ისიქასტის სურათს შეხედეთ! ძალიან დიდებული მოძღვარი მყავდა, მხურვალე მლოცველი და უნიკალური ადამიანი! ის მუდამ ზეციურზე ფიქრობდა და ჯერ კიდევ ხორცში მყოფს მარადიული სიცოცხლის წინაგემოსხილვა ჰქონდა. ჩვენ მუდამ ამ ორ სიტყვას გვიმეორებდა: ,,მოთმინება და იესუს ლოცვა!’’. ღმრთის განგებულებით, ის ახლაც გვეხმარება. ჩვენ, მისი მორჩილები, ერთმანეთში არასდროს ვკამათობდით და ვკინკლაობდით. ზოგიერთი მამა იოსებს ცილს სწამებდა, ცრუ ბრალდებებს უყენებდა და ასე ცდილობდა ჩვენთვის პრობლემების შექმნას, მაგრამ ჩვენი მოძღვარი გვასწავლიდა, რომ ყურადღება არ მიგვექცია და გვეუბნებოდა: ,, რაც უნდათ ის ილაპარაკონ, ჩვენ არაფერს ვუპასუხებთ’’

ბერმა იოსებმა ,,სულიერი უნივერსიტეტი’’ დაარსა. ძალიან მიხარია, რომ თქვენ ამ სულიერ სკოლაში სწავლობთ. მტკიცედ გეპყრათ ეს ტრადიცია! იცოდეთ, რომ ყველაფერი ამქვეყნიური მეორეხარისხოვანია. მთავარია ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მოხმობა! მთელი ჩემი ცხოვრება წვალება და სნეულება იყო: ბავშვობაში სიღარიბე, ომი, შიმშილი, ოკუპაცია, მწუხარებები და ბრძოლები მონაზვნობაში. ძალიან მძიმე სულიერი ბრძოლა. მხოლოდ იესუ ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი ლოცვით გადავრჩი. ის, ვინც არ მოუხმობს მოუკლებლად ქრისტეს სახელს, ის ქრისტიანი არ არის

მოუკლებელი იესუს ლოცვის წყალობით მუდამ გვახსოვს ქრისტე. ეს ლოცვა ხომ ჩვენმა ღმერთშემოსილმა მამებმა დაგვიტოვეს. სულ რამდენიმე სიტყვაა: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. ჩვენთვის ქრისტიანებისთვის ამ ლოცვაში ღვაწლი მაცხოვნებელია! ის, ვინც მოუკლებელი გულისმიერი ლოცვის ნიჭი მოიხვეჭა, სიკვდილის შემდეგ დაუბრკოლებლად მიეახლება ქრისტეს. ასეთ ადამიანს ვერაფერი დააბრკოლებს, რადგან ქრისტეს სახელს უდიდესი ძალა აქვს.

არ უნდა გვეშინოდეს და ვფიქრობდეთ, თუ რა გლობალური კატასტროფები მოხდება მომავალში. როდესაც ჩვენს გულს მოუკლებელი იესუს ლოცვით ქრისტეთი აღვავსებთ, ჩვენი რწმენა უფრო და უფრო ცოცხალი და მტკიცე ხდება. ასე ჩვენ ყველანაირი განსაცდელის გადალახვის ძალა გვეძლევა!


ამონარიდში გამოყენებული მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

Share