სახარებაში ნათქვამია, რომ მოციქულები „იყვნენ შეკრებილნი იუდეველთა შიშის გამო“. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მათი შეკრების ერთადერთი მოტივაცია შიში არ ყოფილა. იქნებ, გაფანტულად რომ დარჩენილიყვნენ, ნაკლებად დაუცველნი ყოფილიყვნენ. ალბათ იმიტომ შეიკრიბნენ, რომ მათი გულები იწვოდა მასწავლებლისადმი საერთო სიყვარულით, რომელმაც მათი ერთობის კატალიზატორის ფუნქია შეასრულა. ისინი უფლის სიკვდილის მოწმენი გახდნენ, მაგრამ ღმერთის სიყვარულმა მათში ქრისტეს სიცოცხლე შეინარჩუნა. უფალმა მოისმინა მოშიში სიყვარულის კვნესა და თავისი სიყვარული განუმტკიცა. გამოეცხადა მათ და მიმადლა მშვიდობა.
აღდგომის შემდეგ უფლის თითოეულ გამოჩენაში შეგვიძლია დავინახოთ, რომ თითოეული მათგანი მხოლოდ მაშინ მოხდა, როდესაც უფალმა თავისი მოწაფეების გულში მწუხარე სიყვარულის ცოცხალი გრძნობა დაინახა.
მარიამ მაგდალინელი ქრისტესთან წავიდა „ვიდრე ბნელღა იყო“, რათა თავისი მწუხარე სიყვარულის ნელსაცხებელი მიერთმია და უფლისთვის გარდაცვლილთათვის შესაფერისი პატივი მიეგო. მან არ იცოდა უფლის აღდგომის შესახებ, მაგრამ თავისი კეთილისმყოფელის მიმართ, რომელმაც იგი შვიდი დემონის ტირანიისგან გაათავისუფლა, მხურვალე სიყვარულის გამო ქრისტე ცოცხალი დარჩა მის გულში. მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა, რომელმაც „იცნის გულნი ყოველთანი“, განამტკიცა თავისი სული მაგდალინელის სულთან და გამოეცხადა მას, რათა „მოეწმინდა ყოველივე ცრემლი თვალთაგან“.
უფლის ვნების შემაძრწუნებელ მოვლენებამდე, მოწაფეები ცხოვრობდნენ მუდმივი აღტკინების, გაკვირვებისა და სიხარულით აღსავსე აღფრთოვანების წმინდა გარემოში. მათ შეძლეს, ხანდახან ნაკლებად და ზოგჯერ უფრო ნათლად, ეხილათ “დიდება მისი, დიდება, როგორც მხოლოდშობილისა მამის მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით”. ისინი გახდნენ ზებუნებრივი ნიშნებისა და უფლის მიერ მოხდენილი სასწაულების მუდმივი მოწმენი. მან თვით მოწაფეებსაც კი მიანიჭა „ხელმწიფება არაწმინდა სულებზე, რათა განედევნათ ისინი და განეკურნათ ყველა სენი და ყველა უძლურება“. ამ დიდებული სიხარულისგან ისინი მწუხრის უფსკრულში ჩაიძირნენ. ვიდრე სიძე მათთან იყო მოუკლებელი სიხარული და მისი ყოფნის უბიწო ნუგეში ავსებდა მათ გულებს, თუმცა ისეთივე ძლიერი იყო უძირო მწუხარება ახლა, როდესაც უფალი მოკვდა. თუმცა, განსაცდელის ენერგია გადააქციეს ლოცვისთვის ენერგიად და მწუხარება, რომელმაც მათი გულები წალეკა, ლოცვის ნიაღვრად დაიღვარა ღვთის წინაშე. ნუგეშისმცემელმა უფალმა „გაიგონა მათი კვნესა“ და ლოცვას უპასუხა თავისი მყოფობით. ის მოვიდა მათ შორის, რათა მიენიჭებინა მშვიდობა „რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება“ და გადააქცია მათი მწუხარება სიხარულად, რადგან ღვთაებრივთან ყოველი შეხება ფუნდამენტურად ცვლის ადამიანს. ანათებს მის გონებას და ამშვიდებს გულს. ამის საპირისპიროდ, ბოროტ სულთან შეხება, თუნდაც ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი იყოს, ყოველთვის იწვევს უბედურებას.
სულიერი კანონი, რომელიც მოქმედებდა მოწაფეებისთვის, დღემდე გრძელდება მორწმუნეთა ცხოვრებაში. შეუძლებელია ვინმემ იხილოს უფალი და გულში დაიტიოს აღდგომის სიხარული, ვიდრე თავისი არსების სიღრმეში არ იგრძნობს უფლის ჯვარცმის ტანჯვასა და მწუხარებას. მორწმუნე კაცისთვის ჯვარცმის ერთ-ერთი სახეა თავისი სიღატაკის გაცნობიერება. თუ მორწმუნე კაცი გულში ატარებს მწუხარებით სავსე სიყვარულს თავისი ნაკლოვანების გამო და ყველაზე მეტად თავისი უძლურების გამო, გამოხატოს ღირსეული მადლიერება ქრისტეს დარი ღმერთისა და მხსნელის მიმართ, მაშინ უფალი აუცილებლად არ დატოვებს უგულისყუროდ მის მწუხარებას. ის თავის მსახურს გამოუვლენს აღდგომის ძალას სულიერი გზით. გამოავლენს თავს უხილავად, მაგრამ შეიგრძნობა ადამიანის გულში.
მოწაფეებმა „გაიხარეს, იხილეს რა უფალი“. თუმცა მათი სიხარული იყო არა ფსიქოლოგიური, არამედ სულიერი და მათი სულები სამოთხეში აამაღლა. უფალმა ისინი აავსო სიმშვიდით, ხალისით, უფრო მეტიც, მათ თავისი სიცოცხლე შთაბერა, როგორც „შეჰბერა მათ და უთხრა: მიიღეთ სულიწმიდა“. უფლის ეს საქციელი გვახსენებს ადამიანის შექმნის გასაოცარ მომენტს, როდესაც „გამოსახა უფალმა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად“. თავისი სუნთქვით ღმერთმა სიცოცხლე მიანიჭა თავის ქმნილებას „ხატად და მსგავსად“, ისევე როგორც ახლა ქრისტე შთაბერავს სუნთქვას მოწაფეებს, გარდაქმნის მათ და ანიჭებს მარადიული სიცოცხლის სულს.
სიტყვით, „მიიღეთ სულიწმიდა“, უფალმა საზეიმოდ აკურთხა ახალი ქმნილება. თავისი სუნთქვით, გადასცა სულიწმიდის პირველი დარიგება, რომელიც განკურნავდა და გააძლიერებდა მათ ბუნებას, რათა სულთმოფენობის დღეს შეძლებოდათ ნუგეშისმცემლის მადლის, ღვთაებრივი სიყვარულის სისრულის დატევა. თუ ადამიანის ბუნება არ განმტკიცდა, ის ვერაფერ ზეციურს ვერ დაიტევს. „მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის“. მოციქულები მკვდრეთით აღმდგარი უფლის გამოცხადებების დროს ცხებულნი იქმნენ მადლით. მათი გულები მოციქულთა გულებად უნდა გადაქცეულიყო სულის წინდის მიერ, რამაც „მთელი სამყარო მათ ბადეში მიიზიდა“. „პატარა სამწყსო“, რომელიც „იუდეველთა შიშის გამო“ იყო შეკრებილი, გარდაიქმნა ფარულ საფუარად, რომელიც მალე ააფუებდა მთელ გუნდას, ანუ მთელ სამყაროს უკუნითი უკუნისამდე.
მოციქული თომა განსაცდელში ჩავარდა ძმებთან განშორებისას და საუკუნო დაღუპვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ეჭვისა და ურწმუნოების სიტყვებს გამოთქვამდა. თუმცა ღმერთი არ ბრაზდება ადამიანზე, თუ ის აღიარებს ურწმუნოებას, დარჩება გულღია და პატიოსანი. უფლის სურვილია, რომ ადამიანმა ნებაყოფლობით ჩაატაროს ექსპერიმენტი და თავისუფალი არჩევანით დანებდეს მას, მისი ნება მიიღოს, როგორც თავისი არსების ერთადერთი კანონი, თუნდაც ეწინააღმდეგებოდეს მის ფსიქოლოგიას.
ყოველი ქრისტიანის ცხოვრებაში დადგება მომენტი, როდესაც ის ღმერთს შეეჭიდება. თუმცა არსებობს ღირსეული ბრძოლა და სიამაყეზე დაფუძნებული ბრძოლა, ცოდნის სისრულით მიღების სურვილი და ავადმყოფური ეჭვი. ღირსეული ბრძოლა იწვევს უფლისადმი ურყევ რწმენასა და მისდამი ცეცხლოვან სიყვარულში დარწმუნებას. ამ მიზეზით, ის ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე ნელთბილი რწმენა. ადამიანს სურს ისწავლოს და იბრძვის, რათა გულში მიიღოს ცოდნა სიმართლის შესახებ. ღმერთთან ღირსეულ და არაჯანსაღ ბრძოლას შორის განმსაზღვრელი სხვაობა ადამიანის წინასწარგანწყობაშია. ეს ვლინდება სიმართლის გაცხადების შემდეგ გამოჩენილ დამოკიდებულებაში და თუ თომას მსგავსად რამდენად დაემორჩილება მთელი გულით ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემას, შეწყვეტს საკუთარი თავისთვის ცხოვრებას და იცხოვრებს მისთვის „ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“. ღმერთთან შერკინებულ ყველა წმინდანს უხაროდა დამარცხება და იაზრებდა თავიანთ უსამართლობას მისი უნაკლო სიყვარულის წინაშე.
სხვა მოციქულთა მიერ პირდაპირი დამოწმება უფლის აღდგომის შესახებ არ იყო საკმარისი თომასთვის, რომელმაც მოითხოვა დაედო თითი „სამსჭვალთა ადგილს და …ხელი მის გვერდს“. უფალი გამოეცხადა თომას მისივე ხსნისთვის და აჩვენა ლურსმნების კვალი და თავისი გვერდი და დაასრულა შეგონება: „ნუ იქნები ურწმუნო, არამედ იყავი მორწმუნე“. ამ დროს თომას გული გაცოცხლდა და გამტკიცდა. მან აღიარა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. მადლის აღქმა, რომელიც აახალგაზრდავებს ჩვენს გულს, აძლიერებს ჩვენს რწმენას და გადავყავართ „სიბნელიდან თავის საკვირველ სინათლისკენ“, არის აღდგომის გამოცდილებით განცდა. რწმენა სხვა არაფერია, თუ არა სულიერი ხედვა, რომელიც განუწყვეტლივ აღიქვამს მკვდრეთით აღმდგარ უფალს და აქვს მისი მუდმივი ხსოვნა. ამგვარად, რწმენა ჰიპოსტასს ანიჭებს იმას, რაც არ ჩანს, ღვთის სასუფევლის მოსალოდნელ სიკეთეებს. ამრიგად, უფლის პასუხი თომას აღსარებაზე იყო: „ნეტარ არიან, რომელთაც არ იხილეს და ირწმუნეს“.
უეჭველად კურთხეულია ის, რომელიც უფალს იხილავს წმიდა სილუანის მსგავსად, მაგრამ, ალბათ, კიდევ უფრო დიდი წყალობაა, როცა ადამიანი გამუდმებით მის მყოფობაში აღმოჩნდება და რწმენის თვალით დაინახავს გაცოცხლებულს თავის გულში. ამგვარი ხილვა არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ღმერთი მკვიდრობს ადამიანში და პეტრე მოციქულის თქმით, ამგვარი რწმენის საბოლოო დასასრული არის „სულთა ხსნა“. უფლის აღდგომის დიდი მოწმე დარწმუნებით საუბრობს „გამოუთქმელ და დიდ სიხარულზე“, რომლითაც ყველა, ვისაც უყვარს უფალი, გაიხარებს, თუნდაც ხორციელად არ იცნობდეს და ფიზიკურად არ ენახოს, მაგრამ სწამდეს მისი.
როდესაც ეკლესია გალობს: „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანი ვცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესუს, მხოლოსა უცოდუელსა ღმერთსა ჩუენსა“, ეს, რა თქმა უნდა, არ არის სიცრუე, არამედ გამოხატავს ეკლესიის განწმენდილ და სრულყოფილ წევრთა გამოცდილებას. მის წიაღში ერთმანეთს ემთხვევა წმინდანების მიერ უფლის ონტოლოგიური ცოდნა და არასრულყოფილი, მაგრამ კურთხეული, აღმდგარი უფლის რწმენისმიერი ცოდნა, რომელსაც ფლობენ დანარჩენი წევრები. ვისაც სწამს მისი, ცდილობს აღასრულოს მისი მცნებები. ესენია, წმიდა სოფრონის მიხედვით: „უქმნელი ნათელი, რომელშიც ის განსაკუთრებულად ავლენს თავს „ისეთს, როგორც არის“. ამრიგად, ვინც ცდილობს მცნებების დაცვას, თანდათან უფრო და უფრო ნათლად ხედავს მას.
უფალი თავის შემოქმედებაში არ ვლინდება თვალსაჩინოდ, არამედ მხოლოდ ბუნდოვნად. ბუნების მშვენიერება და ის ფაქტი, რომ ყველაფერი ასეთი სრულყოფილებით მოქმედებს, მოწმობს, რომ ეს მისი ხელების ნამუშევარია, რომ ის არის შემოქმედი და შემოქმედების დამცველი. თუმცა, სახარებაში უფალი გვპირდება, რომ სხვაგვარად გამოავლენს თავს, პიროვნულად და შინაგანად. თომამ მოითხოვა მტკიცებულება, რათა ერწმუნა აღდგომა. თუმცა, როდესაც სულიწმიდის ძალამ დაჩრდილა იგი, ნებისმიერი შეხების გარეშეც იცოდა, რომ უფალი სრულად ცოცხალი იყო მის გულში.
პავლე მოციქული მოუწოდებს თავის მოწაფე ტიმოთეს, გაიხსენოს იესო ქრისტე „სიკვდილის შემდეგ აღმდგარი“, რათა არ დაკარგოს მკვდრეთით აღმდგარი უფლის ცოცხალი შეგრძნება გულში. მწველი სიყვარული ადამიანის გულის ყველაზე ფარულ ნაწილში აღდგომის უტყუარი მტკიცებულებაა. „ნეტარ არიან, რომელთაც არ იხილეს და ირწმუნეს“.
წყარო: http://Pemptousia.com
სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©
სტატია თარგმნა ლიზა ბატიაშვილმა