ის, ვინც სიმდაბლითა და თავგანწირვით შრომობს იესუს ლოცვაში, საღმრთო ლიტურგიაზე გაფაქიზებული გულით მიდის. ისეთი გულით, რომელიც აღვსებულია წმინდა ზრახვებითა და ღმრთისადმი მადლიერებით. ასეთი ადამიანი მადლობს ქრისტეს მის მიერ მონიჭებული ხილული და უხილავი სიკეთეებისთვის, თითოეული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისთვისაც კი. ხედავს, განიცდის საკუთარ დაცემულობასა და უმადურობას, ლოცულობს თავისი სამრევლოსთვისა და მთელი კაცობრიობისთვის და აქვს ღმერთზე მინდობის ცოცხალი განცდა.
ასეთი ადამიანი, თავის გულს ძღვნად მიართმევს უფალს იმ საზომით, რა საზომითაც ის დაკავებულია იესუ ქრისტეს წმინდა სახელის მოხმობით. ის, ვინც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას მოუხმობს ქრისტეს სახელს, მოუკლებლად ეხება საღმრთო მადლს და მთელი მისი ცხოვრება იკურთხება.
ასე რომ, იესუს ლოცვით, ქრისტეს სისხლისა და ხორცის ხშირი ზიარებით, სახარებაში ჩაღრმავებითა და მისი გათავისებით, გვეძლევა შესაძლებლობა ვიქცეთ ”ცოცხალ ქვებად”(1.პეტრ.2:5), რომლითაც შენდება ქრისტეს ეკლესია.
(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)