ლოცვა სკვნილი

შანხაისა და სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსი იოანე მაქსიმოვიჩი ლოცვის შესახებ

I თავი

იმისთვის, რომ ქრისტიანმა საღვთო მადლი მოიხვეჭოს, მას უწყვეტი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ღმერთთან. ამისათვის კი საჭიროა ლოცვა. ლოცვა ეს არის ადამიანის სულის საუბარი ღმერთთან.

ლოცვა ორი სახისაა: გარეგანი და შინაგანი. გარეგანი ლოცვის გამოხატულება სიტყვები და სხეულის გარკვეული მოძრაობებია, შინაგანი ლოცვა კი ადამიანის გულში აღესრულება.

გარეგან ლოცვას შინაგანი ლოცვის გარეშე არანაირი ფასი არ აქვს და მეტიც, ასეთი ლოცვა კვებავს ჩვენში ფარისევლობას, შინაგან ლოცვას კი ღმერთი ყოველგვარი გარეგანი გამოხატულებების გარეშეც ისმენს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, შინაგანი ლოცვა გარეგნულ გამოხატულებას ჰპოვებს და სულის ყველა მოძრაობა ადვილად აისახება სხეულზე. ადამიანს მაშინვე ეტყობა სიხარულიც და მწუხარებაც, რადგან სულის მდგომარეობა პირდაპირ აღიბეჭდება სხეულზეც. შეიძლება ითქვას, რომ ყველა გარეგნული მოძრაობა, როგორიცაა მეტანია, ჯვრის გამოსახვა და ა.შ, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, სულის საჭიროებებით არის განპირობებული. ამიტომ, ცდებიან ისინი, ვინც ამბობენ ,რომ საკმარისია მხოლოდ შინაგანი ლოცვა. ხშირად, ასეთი ადამიანების უმრავლესობა საერთოდ არ ლოცულობს. ჩვენ შეგვიძლია და აუცილებელიცაა, რომ ვისწავლოთ შინაგანი გონიერი ლოცვა, მაგრამ დროდადრო საჭიროა გარეგანი ლოცვაც, რომელიც გვეხმარება ლოცვისთვის საჭირო განწყობების მოპოვებაში.

 

II თავი

საზოგადო ღვთისმსახურებაც ლოცვის სახეა,რომელიც ტაძარში აღესრულება. კერძო ღვთისმსახურება კი არის ლოცვის ის ფორმა, სადაც ერთი ან რამდენიმე ადამიანი ლოცულობს მღვდელმსახურთა გარეშე. კერძო ღვთისმსახურების აღსრულება ყველას შეუძლია.

საზოგადო ლოცვა განსაკუთრებული და კერძო მსახურებაზე აღმატებულია. ქრისტეს სიტყვებისამებრ: “რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა” (მთ 18:20).

ქრისტემ ყველას გადასარჩენად დააარსა თავისი ეკლესია. ეკლესია იმ ადამიანთა ერთობაა, რომლებსაც აქვთ სწორი სარწმუნოება და რომელთა თავიც  ქრისტეა. ჩვენი მიზანი მეორედ შობა, ქრისტესმიერი სრულყოფილების მიღწევა და ზეციური სასუფევლის დამკვიდრებაა.  ამ ერთობის თითოეული წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ეკლესიის ცხოვრებაში. ამისათვის კი საჭიროა, რომ ეკლესიის წევრები ერთად იკრიბებოდნენ ღვთისმსახურებაზე.

ტაძარში შეკრებისას შედარებით მარტივია მიწიერი საზრუნავებისგან თავის დაღწევა და მთლიანად ლოცვისთვის მობილიზება.

ერთობლივი ლოცვით  ჩვენ გამოვხატავთ ღვთისადმი და ერთმანეთისადმი სიყვარულს და  ამიტომაც, საზოგადო მსახურებისას არ უნდა დავკავდეთ პირადი ლოცვებით, არამედ საჭიროებისამებრ მივყვეთ ღვთისმსახურებას.

საეკლესიო კანონიკაში არის წესი, რომლის მიხედვითაც ეკლესიიდან განაყენებდნენ იმ ადამიანს, რომელიც სამი კვირის განმავლობაში არ მიიღებდა მონაწილეობას ევქარისტიაში. ხოლო  სასულიერო პირის  შემთხვევაში, სამღვდელო დასიდან განკვეთდნენ. ეს წესი იმ ადამიანებზე არ ვრცელდებოდა, რომლებიც უდაბნოში, სრულად განმარტოებით მოღვაწეობდნენ, მაგრამ თუ ახლომახლო არეალში რამდენიმე მეუდაბნოე იყო, ისინი აუცილებლად იკრიბებოდნენ საერთო მსახურებისთვის.

ევქარისტიაში მონაწილეობა არის მოწმობა იმისა, რომ ჩვენ ვართ ეკლესიის ერთობის წევრები და როდესაც ამაზე უარს ვამბობთ, ჩვენ ვაკლდებით ამ ერთობას. ევქარისტიაში მონაწილეობა საჭიროა არა მხოლოდ კვირას, ან  სადღესასწაული დღეებში, არამედ თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს, ყოველდღიურადაც კი. 

დეტალები 36

III თავი

საზოგადო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ, ამ მიზეზით არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევწყვიტოთ შინაგან ლოცვაში ვარჯიში. ლოცვის ეს ორი სახე აუცილებლია და მხოლოდ ევქარისტიაში მონაწილეობით არ უნდა დავკმაყოფილდეთ.

ამასთან ერთად, გონიერი ლოცვა გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. როდესაც ადამიანი მარტოა, მას ვერავინ ხედავს გარდა ”ხესთან მყოფი ნათანაელის” მხილველი ქრისტესი, ამ დროს იგი სრულიად ეფლობა ლოცვაში და ბოლომდე უხსნის ღმერთს გულს. ამიტომაც, ქრისტიანულ პრაქტიკაში, ეკლესიის წევრები დროის მნიშვნელოვან ნაწილს არა მხოლოდ საზოგადო მსახურებას უთმობდნენ, არამედ განმარტოებით გონიერ ლოცვას.

როგორც ისიქასტი მამები ამბობენ, ლოცვისადმი ადამიანის დამოკიდებულება მისი სულიერი მდგომარეობის განმსაზღვრელია. აქედან გამომდინარე, რაც მეტია ლოცვის მცდელობა, მით უფრო ჯანსაღია სულიერი მდგომარეობა. ხოლო ლოცვისადმი გულგრილობა კი სულიერი ძილისა და სიკვდილის ნიშანია.

 

თავი IV

ლოცვა შეიძლება იყოს ღვთის დიდების, მადლიერების, ანდაც – სინანულის გამომხატველი.

მათ შორის, უპირატესი ღვთის სადიდებელი ლოცვაა, როდესაც ანგელოზების მსგავსად ვადიდებთ ღმერთს მისი სრულყოფილებიდან გამომდინარე. ამ დროს, ადამიანი საერთოდ არ ფიქრობს საკუთარ საჭიროებებზე, არამედ, სულიერი მზერა ღვთისკენ აქვს მიპყრობილი.

მადლიერების ლოცვა იმ ადამიანის სულის მოთხოვნილებაა, რომელიც გრძნობს ღვთის მზრუნველობას. ქრისტემ შეაქო ის განკურნებული სამარიტელი, რომელიც მასთან მადლობის სათქმელად დაბრუნდა, მაგრამ საყვედურობს დანარჩენებს, რომლებმაც არ გამოხატეს მადლიერება. როგორც პავლე მოციქული ამბობს: “ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაჲღმრთისაჲ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენდა მიმართ” (1თეს 5:18).

 სავედრებელი ლოცვა პირველი ორისგან იმით განსხვავდება, რომ ამ დროს ადამიანი  ღმერთს დახმარებას სთხოვს.  

ხშირად ლოცვა განპირობებულია არა ღვთის უანგარო სიყვარულით, არამედ გარკვეული საჭიროებებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, რომლის მოგვარებაც გვსურს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ღმერთთან უანგარო დამოკიდებულება გვმართებს, სულიერი ცხოვრების დასაწყისში ამგვარი დამოკიდებულება არ არის დასაძრახი. უანგარო ლოცვისას ადამიანი გრძნობს, რომ მისი სიცოცხლეც და საჭიროებებიც სრულიად ღმერთზეა დამოკიდებული და ეს გრძნობა მას ღვთისადმი იმედს უძლიერებს. ამით ადამიანი ყოვლისშემძლე ღვთისგან დახმარების თხოვნას სწავლობს. როგორც ქრისტე ამბობს: “აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს” (ინ 16:24).

ღმერთს არ სჭირდება ჩვენი პრობლემების შეხსენება, მან თავად ყველაფერი კარგად იცის. ჩვენთვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ გვქონდეს ღვთის ხსოვნა და ვიაზრებდეთ იმას, რომ თუკი რაიმე კარგი ხდება ჩვენს თავს, ეს მისი წყალობაა. ამიტომაც, ჩვენი მხურვალე ლოცვიდან გამომდინარე, ღმერთი ხშირად გვაძლევს თავის მადლს. საკუთარი გულიდან ბოროტების განდევნის საშუალებას  ქრისტე გვასწავლის: .”ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა” (მთ. 17.21).

ლოცვისას ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მთელი ჩვენი სულიერი თუ სხეულებრივი შესაძლებლობა და ძალისხმევა. თითოეული ქრისტიანი, პირველ რიგში, საკუთარი თავისა და ახლობლების ხსნისთვის უნდა ლოცულობდეს. ახლობლების სიყვარული კი უნდა გადაიზარდოს მთელი სამყაროს სიყვარულში. ეს ყველაფერი განსაკუთრებით სასულიერო პირების საქმეა, რომელთაც ადამიანთა სულები აბარიათ. როგორც პავლე მოციქული სწერს ტიმოთეს: „ამრიგად შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის“ (1 ტიმ, 2:1).

მოძღვარი განსაკუთრებით უნდა ლოცულობდეს თავისი სამწყსოსთვის, რათა ღმერთი შეეწიოს მათ ქრისტესკენ სავალ გზაზე. ღვთისთვის მეტად სათნოა მსგავსი ლოცვა. როდესაც სოლომონი ევედრებოდა ღმერთს, რათა მისთვის ერის წინამძღოლობისთვის საჭირო სიბრძნე მიეცა, უფალმა მას სიბრძნესთან ერთად მიწიერი დიდება და სიმდიდრეც მიანიჭა.

ქრისტიანი მოწოდებულია, რომ მიწიერზეც იზრუნოს, მაგრამ სახარებაში ვკითხულობთ: “ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ” (მთ. 6:33).

ამიტომაც, პირველ რიგში, ლოცვა სულიერი საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა იყოს განპირობებული. როდესაც მოძღვარი ევედრება უფალს, რომ დაეხმაროს თავის სამოძღვრო საქმეში, ქრისტე, რომელიც თავად ზეციური მწყემსია, ძალიან მალე შეისმენს მის ლოცვას. მაგრამ აუცილებელია, რომ ეს ლოცვა რწმენითა და სიყვარულით სავსე გულიდან ამოდიოდეს.

 

V თავი

ხშირად ჩვენ არ ვიცით რა არის ჩვენთვს საჭირო და რა – არა. შესაბამისად, ლოცვისას არასწორად ვითხოვთ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვერ ვიღებთ ხოლმე ღვთისგან იმას, რასაც ვითხოვთ. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთს არ ესმის ჩვენი. ის ისმენს ჩვენსას და გვაძლევს ჩვენს თხოვნაზე უფრო მეტად საჭიროს და აუცილებელს. ამ დროს ჩვენი შინაგანი სამყარო ივსება, რასაც აშკარად განიცდის ჩვენი გული.

დიდ წმიდანებთანაც ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა ღმერთმა მათ არ აღუსრულა თავიანთი სათხოვარი, რაც ძალიან კარგად ჩანს, თუნდაც პავლე მოციქულთან, როდესაც ის ამბობს: “და მრქუა: კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების, უმჯობესღა უკუე და უფროჲს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაჲთა დაიმკჳდროს ჩემთანა ძალმან ქრისტესმან” (2კორ. 12:9). ხანდახან უფალი ჩვენი სასოებისა და სარწმუნოების გამოსაწრთობად, აგვიანებს ჩვენი სათხოვარის აღსრულებას.

ლოცვა არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ. მაშინაც კი, როდესაც გვგონია, რომ ღმერთმა ჩვენგან პირი იბრუნა და თითქოს არ ისმენს ჩვენსას. არ უნდა დავკარგოთ იმის იმედი, რომ ის გვისმენს და უნდა ვითხოვოთ მუდმივად მანამ, სანამ არ მივიღებთ სათხოვარს ან არ მივხვდებით იმას, რომ ჩვენი ლოცვა არ არის ღვთის ნებასთან თანხვედრაში.

 

VI თავი

ლოცვა მთელი ჩვენი ცხოვრების საქმეა და მხოლოდ მაშინ არ უნდა მივმართოთ მას, როდესაც რაიმე გვჭირდება, არამედ, როგორც პავლე მოციქული ამბობს: „მოუკლებლივ ილოცევდით“ (1 თეს. 5:17). თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ლოცვის გარდა სხვა არაფერი აკეთოს. ეს ნიშნავს: ადამიანი მუდამ ლოცვით მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს და ყოველ წამს აცნობიერებდეს, რომ ის ღვთის წინაშე დგას, თავის გულში მუდმივად ჰქონდეს მისი ხსოვნა, რაც სწორედ შინაგანი ლოცვით მიიღწევა. ეს მდგომარეობა ერთბაშად არ გვეძლევა. შეცდომაა ის აზრიც, რომ შინაგანი ლოცვის გარდა სხვა არაფერია საჭირო.

  

VII  თავი

ლოცვას  გარკვეული საფეხურები გააჩნია. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ, ყოველდღიურად ლოვცისთვის გამოყოფილი დროის მონაკვეთში, არ გვაქვს ლოცვის სურვილი. ამ დროს საჭიროა ვაიძულოთ საკუთარ თავს და მაინც ვილოცოთ, ყურადღებით გამოვთქვათ და გავიაზროთ თითოეული სიტყვა. დასაწყისში ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მექანიკური და გარეგნულია, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ეს ფარისევლური მდგომარეობა ან თვალთმაქცობაა, რადგან ფარისევლები ღმერთთან დაახლოებას კი არ ცდილობდნენ, არამედ მათ სხვა ადამიანების წინაშე დიდ მლოცველებად სურდათ საკუთარი თავების წარმოჩენა. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში კი ადამიანი ლოცულობს არა იმიტომ, რომ ვინმემ შეაქოს, არ ეძებს ადამიანთაგან დიდებას, არამედ იმიტომ ლოცულობს მხოლოდ გარეგნულად, რომ მისი სული ჯერ კიდევ არ არის მზად უფრო აღმატებული ლოცვისთვის. სწორი მოტივაციით აღსრულებული გარეგნული ლოცვით ადამიანს მეტად წრფელი, შინაგანი ლოცვის სურვილი უჩნდება. ამ დროს არ უნდა ვაიძულოთ საკუთარ თავს, რომ რამე ვიგრძნოთ, არამედ ყურადღებით წარმოვთქვათ სიტყვები და ასე ნელ-ნელა მოვემზადებით ლოცვისთვის. ნელ-ნელა გაიზრდება ჩვენში ლოცვის წყურვილი განსაკუთრებული ძალდატანების გარეშე.

შემდეგ ჩვენ სრულად ვეფლობით ლოცვაში, გვავიწყდება ყველაფერი მიწიერი და ჩვენი აზრებით ვუკავშირდებით ღმერთს. საბოლოოდ, ვაღწევთ ლოცვის იმ საფეხურს, რომლის მეშვეობითაც ჩვენი გონება მუდამ ზეცისკენაა მიმართული და ჩვენი გული უწყვეტად ურთიერთობს ქრისტესთან. ამ დროს ადამიანი ყველაფერს აცნობიერებს, საქმიანობს, ფიქრობს კიდეც, თუმცა, ამავდროულად, მისი შინაგანი სამყარო მოუკლებელი ლოცვითაა დაკავებული. სწორედ ეს არის მოუკლებელი ლოცვა, რომლისკენაც ქრისტეს ყველა მოწაფე უნდა ისწრაფვოდეს.

არის შემთხვევები, როდესაც ასეთი ადამიანები გარეგნული ლოცვის დროსაც ეფლობიან ნეტარებაში, ავიწყდებათ ყველაფერი წარმავალი და იღებენ ცოცხალ ღმერთთან მყოფობის გამოცდილებას. თუმცა მსგავსი მდგომარეობა დიდხანს არ გრძელდება, რადგან, როგორც  გერონდა იოსებ ისიქასტი ამბობს, ეს ადამიანისთვის რთულად დასატევნელია: „შეამცირე შენი მადლის სიჭარბე უფალო, რომ არ მოვკდე შენი სისავსისაგან მიღებული ნეტარებით”.

მსგავსი მოღვაწეების სულიერი მდგომარეობა იმდენად დიდებულია, რომ ვერანაირი ამქვეყნიური სირთულე ვერ დააკლებს ვერაფერს იმ სიმშვიდესა და სიხარულს, რომელიც მათ გულებშია დამკვიდრებული. ისინი ქრისტეს სახელით ნებისმიერ სირთულეს უმკლავდებიან. მათი რწმენა ყველაზე მყარი საყრდენია. მათ აქვთ მუდმივი ურთიერთობა თაბორისეულ ნათელთან.

ერთხელ, როდესაც ღირს სერაფიმე საროველს მნახველები ესტუმრნენ, ჰკითხეს, თუ რისი გადაცემა სურდა მას თავისი ნათესავებისთვის. ღირსმა სერაფიმემ ხატებს შეხედა და თქვა: „ესენი არიან ჩემი ნათესავები”. ეს უბრალო სიტყვები არ გეგონოთ. წმინდანებთან მუდმივი ურთიერთობა იყო მიზეზი იმისა, რომ წმ. სერაფიმესთვის ისინი ჭეშმარიტად ყველაზე ახლო ადამიანები გახდნენ.

აქედან ჩანს, რომ ქრისტეს ყველა მოწაფე უნდა შრომობდეს მსგავსი მდგომარეობის მისაღწევად.

 

VIII თავი

სწორი ლოცვის ნაყოფებია: რწმენის სიმტკიცე, სულიერი სიმშვიდე, სულიერი შესაძლებლობების განვითარება და ღმერთთან უშუალო სიახლოვის განცდა.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხანდახან ლოცვის სიტყვების დასრულებასაც კი ვერ ვასწრებთ, იმდენად სწრაფად ასრულებს ღმერთი ჩვენს სათხოვარს. მსგავსი შემთხვევები კი გვარწმუნებს იმაში, რომ ღმერთი ყოველთვის ზრუნავს ჩვენზე და თუკი რაღაც შემთხვევაში  არ მოქმედებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაგვივიწყა.

ლოცვის საშუალებით ღმერთი იმასაც კი გვაძლევს, რაც არც გვითხოვია. სულიწმინდა გვეხმარება მაშინ, როდესაც არ ვიცით თუ როგორ ვილოცოთ. როგორც მოციქული ამბობს: “ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა, რამეთუ რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა” (რომ. 8:26).IMG 5163 e1590075868251

ლოცვა ასევე იძლევა საშუალებას, რომ განმტკიცდეს ჩვენში ერთმანეთისადმი სიყვარული და სიმშვიდე ჩვენსა და ჩვენს მტრებს შორის. როდესაც სხვისთვის ვლოცულობთ, გარკვეული თბილი გული გვექმნება ამ ადამიანის მიმართ, ხოლო, მეორეს მხრივ, ისიც გრძნობს ჩვენი მხრიდან სიყვარულს და მისი გულიც თბება. ამიტომაც, აუცილებელია რომ ყველასთვის ვილოცოთ, როგორც ცოცხალთა, ისე გარდაცვლილთათვის.

განსაკუთრებით მოძღვარს მართებს თავისი სამწყოსთვის ლოცვა. ეს მისი ერთერთი უმთავრესი საქმიანობა უნდა იყოს. თუკი იგი არ გაითვალისწინებს ამ აუცილებლობას და არ იზრუნებს ზემოთ თქმულზე, მაშინ ვერც სხვა საქმეში წარემატება. მხოლოდ ლოცვისას შეუძლია მოძღვარს მოიპოვოს ის სულიერი ძალები, რაც მას მსახურებისთვის სჭირდება.

 

IX თავი

დღის განმავლობაში უნდა გვქონდეს განსაზღვრული დრო, რომელიც ლოცვისთვის გვექნება გამოყოფილი. აუცილებელია, რომ ამას ინტენსიური ხასიათი ჰქონდეს და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ჩავარდნების გარეშე აღსრულდეს.

გაღვიძებისთანავე პირველი ქრისტე უნდა გაგვახსენდეს. სასურველია, რომ ვიყოთ მდუმარედ მანამ, სანამ ამის საშუალებას გარემოება მოგვცემს.

თუკი ქრისტიანს სურს განსაზღვრული დროის გარდა სხვა დროსაც ილოცოს, რა თქმა უნდა,  არ უნდა შეიკავოს თავი და დაე, ილოცოს შინაგანი ლოცვით. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „თუკი შუაღამით გაიღვიძებ და შენში ლოცვის სურვილს გრძნობ, დადექი მუხლმოდრეკილი და ილოცე შენს მფარველ ანგელოზთან ერთად”.

როგორც მამები გვასწავლიან, თუკი ლოცვის ტექსტის კითხვისას რომელიმე სიტყვა განსაკუთრებით ახლოს მოვა გულთან, უნდა შევჩერდეთ მანამ, სანამ ეს განცდა ჩვენთან იქნება და მხოლოდ შემდეგ გავაგრძელოთ კითხვა. უმჯობესია ცოტა წავიკითხოთ, მაგრამ განცდით, ვიდრე ბევრი და განცდის გარეშე.

ლოცვის დაწყებისას უნდა ვიყოთ მყუდროდ, ვეცადოთ ყურადღება ლოცვის სიტყვებზე გავამახვილოთ და შემდეგ მივცეთ ჩვენს სულს საშუალება ცოტა ხნით მაინც დარჩეს ლოცვით მდგომარეობაში და მხოლოდ მას შემდეგ შევუდგეთ ჩვენს ყოველდღურ საქმიანობებს. ამინ!

წყარო: https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Maksimovich/o-molitve/

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.