ქრისტე 2

გულის შემუსვრილება და ცრემლი სულის საკვებია – არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ (ნაწილი 1)

ღმერთმა ერთადერთი მიზნით შეგვქმნა-რათა მას შეუწყვეტლივ ვადიდებდეთ და ღირსეულ თაყვანისცემას აღუვლენდეთ. მაგრამ ურჩობისა და მისი ნების მიმართ გულღვარძლიანი წინააღმდეგობის გამოვლნის შემდეგ დიდებისა და მადლიერების ღირსეულად გამოხატვის უნარი დავკარგეთ.

frZacharias e1606411056803
არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ

რომაელთა მიმართ ეპისტოლეს პირველ თავში ვკითხულობთ: „რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული“ (რომ. 1,21). ასე მაშინ გვემართება, როცა იმ თავდაპირველ მოწოდებასა და დანიშნულებას არ ვასრულებთ, რისთვისაც ვართ შექმნილი. ხომ ყველას გვახსოვს-ეშმაკიც ამავე მიზეზით იქნა შეკრული წყვდიადის ბორკილებით.

ადამი, სანამ სამოთხეში ღმერთს განშორდებოდა, ევას საკუთარ სიცოცხლესთან აიგივებდა-იყვნენ ერთმანეთის ხორცი ხორცთაგანნი და ძვალნი ძვალთაგანნი (იხ. დაბ. 2,23), მაგრამ შესცოდა-რა, ამით დაკარგა ღმერთი, რომელმაც ადამი კი არ ამხილა, არამედ მშვიდად დაელაპარაკა. ადამმა-კი ცოდვის მორჩილად აღიარების ნაცვლად, ევა დაადანაშაულა: „შენ რომ დედაკაცი მომიყვანე მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე“ (დაბ. 3, 12). ე.ი. მან ევას უცხოს თვალით შეხედა.

ჩვენც იგივე გვჭირს: როცა ღირსეულად ვერ ვდიდებისმეტყველებთ და ვერ ვმადლობთ, ერთმანეთსაც გავემიჯნებით-ხოლმე. ურთიერთსიყვარულის ნაცვლად მოძმეებს გავუუცხოვდებით, განვსჯით, მათგანაც მოველით საპასუხო მუქარას. ურთიეთგანკითხვის გულისსიტყვები ღმერთისგან განდგონმის ნიშანია. თუ ახლობელს განიკითხავ, ღვთის სიყვარულისგან ერთი ნამცეციც აღარ გერგება.
მოკლედ, ჩვენს თავდაპირველ დანიშნულებას ძალიან დავშორდით და უკანდასაბრუნებელი გზის პოვნაა საჭირო; ჩვენს არსებაში ღმერთის სიყვარული უნდა ავაღორძინოთ, იმ კაცთმოყვარე და მოწყალე ღმერთისა, რომელმაც, გრიგოლ ღვთისმეტყველის ცოტაარიყოს მოულოდნელი გამოთქმის მიხედვით „ჩვენი გულისთვის ხორცით მოიხადა ვალი“. მიუხედავდ იმისა, რომ თვითონ სულია, ჩვენს გამო შეიმოსა ხორცი, ანუ მან მიიღო ადამიანური სხეულის მატერიალურობა (ხორცი შეისხა), რათა გვეხილა, შევხებოდით, მოგვესმინა და ასე გვეპოვა ის გზა, რომელიც მასთან დასაბამისეულ, ანუ თავდაპირველად არსებულ ურთიერთობამდე მიგვიყვანს.

მონანიება გულისხმობს, რომ ჯვარს ვეცვათ წუთისოფლისთვის

წმინდა წერილი მუდამ განსაკუთრებულ სინანულზე გვესაუბრება: ჯერ-გაძევების, განდევნის ბოროტებაზე, შემდეგ კი-სიკეთის ქმნაზე (ფს. 33,15). გალატელთა მიმართ ეპისტოლეში მოციქული პავლე ამბობს: „მე კი, თუ დავიკვეხო, მხოლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რომლითაც წუთისოფელი ჯვარცმულია ჩემთვის და მე წუთისოფლისთვის“(გალ. 6, 14). ესე იგი მონანიება იმას გულისხმობს, რომ ჯვარს ვეცვათ წუთისოფლისთვის. ამ ფრაზაში-„წუთისოფელი“- იგულისხმება მხოლოდ ვნებები, ამაოება, ანუ ყოველივე წარმავალი და არ იგულისხმება მისი სასარგებლო (დადებითი) აზრი, ანუ „ყოველივე, რაც შექმნა უფალმა“. წმინდა წერილში მიწიერი სიცოცხლე კარგი გაგებით ბევრგანაა ნახსენები. მაგალითად: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“(ინ. 3,16). სინანულში ყოფნა ნიშნავს ამ სოფლისთვის ჯვარცმას, რომ მოვკვდეთ სააქაო ცხოვრებისთვის, განვეშოროთ უაზრო ფუსფუსს, ბოროტებას, პატივმოყვარეობას. ღმერთის წინააღმდეგ ამბოხებული ბოროტების მთავარი სწორედ ამ თვისებებს იყენებს და მათი მიზეზითვე იქნა ციდან ჩამოგდებული.

ოღონდ, საჭიროა, რომ წუთისოფელიც მოკვდეს ჩვენთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჩვენც აღარ უნდა მივტიროდეთ, ანუ ცხოვრებისეული საქმეებისთვის თავი აღარ უნდა გამოვიდოთ. სიამაყის სულმა ვერ უნდა მოგვხიბლოს. უნდა ვცადოთ ქრისტეს მცნებების მიხედვით ცხოვრება. მოვკვდეთ ამასოფლისთვის. ეს სინანულის მეორე და ყველაზე ძნელი გზაა.პ

გამოგიტყდებით, მამა სოფრონმა მონასტერში მისვლისთანავე მითხრა: „თუ გსურს ვნებებს მოერიო, ტირილი ისწავლე“. ესე იგი, თუ გინდა, რომ სოფლისთვის მოკვდე, ვერ დაგიმონოს და ვერ გიმსხვერპლოს, ტირილი უნდა ისწავლო. ჩვენს სენაკებში ტირილს ასე გულმოდგინედ იმიტომ შეგვაგონებდა, რომ იცოდა ცრემლი მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ყურადღების მოკრებით, გონების გაბნევის გარეშე, მონდომებით ვლოცულობთ; ამ დროს ჩვენს სულებში საოცარი სამყარო იშლება.
ღვთის წინაშე სინანულის ცრემლებით ტირილს სიხარული მოაქვს. გულს ეძლევა ღვთის სიტყვაში ჩაღრმავების უნარი. „სათნოებათმოყვარებაში“ წმ. იოანე კარპათელი გვეუბნება: „უხვცრემლიანი ლოცვის თანხლებით ღვთის სიტყვის გამოკვლევას და მასში ჩაღრმავებას ჩვენში ფესვგადგმული ძველი ცოდვების გაცამტვერებაც კი შეუძლია; აგრეთვე შეუძლია თანდათანობით გააქროს სულისა და სხეულის დამღუპველ ცოდვილ ქმედებათა შედეგები; ოღონდ, არ უნდა ვიზარმაცოთ, არამედ ღვთის მიმართ დაჟინებით შეუპოვრად და სასოებით ვილოცოთ“.

იესოს ლოცვით ისევ აელვარდება და გამრავლდება პირვანდელი ღვთაებრვი, გადამრჩენელი მადლი.

ყველა წმინდანმა იცოდა, რომ ისიქასტური ცხოვრების მოსაპოვებლად ღვთის წინაშე ტირილი უნდა ესწავლათ. ეს იმიტომაა სასარგებლო, რომ ცრემლების მერე ვმშვიდდებით. ქრება მღელვარება, შიში, წუხილი, შფოთვა და გვრჩება მხოლოდ უფალზე ფიქრი. სწორედ ამ მდგომარეობაში, ანუ უფალთან თანამყოფობისკენ სწრაფვაზე ზრუნვით შევძლებთ ღვთის სიტყვაში ჩაღრმავებას და გამოკვლევას.
უფლის ძმა, წმინდა იაკობი ამბობს: „ამიტომ, მოიშორეთ ყოველგვარი უწმინდურება და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია“(იაკ.1, 21). ჩვენში ჩანერგილი ეს სიტყვა, ღვთის მიერ ბოძებული ის თავდაპირველი მადლია, რომლითაც მის ხატად და მსგავსად უნდა ვიქცეთ; რომლითაც საღმრთო გამოცხადების მიღებისა და ადამიანში ჩანერგილი ღვთაებრივი მსგავსების აღორძინების შანსი გვეძლევა, ოღონდ ამისთვის ამასოფლის მრავალფეროვანი ბოროტებისა და ღვარძლის უარყოფაა საჭირო.

სინანული და ლოცვა, განსაკუთრებით-კი ქრისტეს სახელის უწყვეტად მოწოდება, ანუ იესოს ლოცვა, ჩენში დალექილი ცოდვის ჟანგისა თუ ობის მოშორების უებარი საშუალებაა. იესოს ლოცვით ისევ აელვარდება და გამრავლდება პირვანდელი ღვთაებრვი, გადამრჩენელი მადლი.

კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში ნათქვამია: „თქვენ მაში წინადაცეთილებიც ხართ, ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილი სხეულის წაძრობით-ქრისტესეული წინადაცვეთით“ (კოლ. 2, 11). მოციქული იგავური ენით შეგვაგონებს, რომ წინადაცვეთილობის ჭრილობას გულით ვატარებთ და ის რიგითი ადამიანის ხელმა კი არა, არამედ-ღვთის სიტყვამა და სახარებისეულმა ცოდნამ მოგვაყენა. წმინდა გრიგოლ პალამაც ხომ ამბობს: „სახარების სიტყვები მსჭვალავს გულს და მუდამ იმაზე ფიქრისთვის გვაქეზებს და გვაგულიანებს-ვინც დაგვჭრა“. მოკლედ, სინანული ნიშნავს ქრისტესეული წინადაცვეთილობის მარად გულით ტარებას, მის ხსომებას.

კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში წმინდა პავლე ისევ სინანულის ორ საფეხურზე საუბრობს: „ვინაიდან მართლაც ვოხრავთ და ვნატრობთ ჩვენი ზეციური სახლით შემოსვას, თუ შემოსილნიც შიშვლები არ აღმოვჩნდით. ვინაიდან, მართლაც, ამ კარავში ტვირთქვეშ ვოხრავთ, რადგან გახდა კი არა გვსურს. არამედ შმოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქას სიცოცხლით“(2კორ. 5:2-4).

სინანულში ყოფნა იმას ნიშნავს, რომ მუდამ გვწვავდეს საღმრთო წყურვილი და შეუწყვეტელი ტირილით შევძლოთ ჩვენს ციურ სავანეში ანუ ქრისტეში გაზრდა, რათა სიცოცხლით შთაინთქას სიკვდილი. კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: „ნუ ატყუებთ ერთმანეთს, განიძარცვეთ ძველი იგი კაცი საქმით მისითურთ. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლებულია შემეცნებით მისი შემოქმედის ხატისამებრ“(კოლ. 3:9-10). ძველი კაცის განძარცვა ხდება ნათლობის საიდუმლოთი და სინანულის პირველ საფეხურად ითვლება. მეორე საფეხურზე-კი იმ ზეციური კაცის შემოსვა გვევალება, რომლის ხატადაც ვიყავით შექმნილნი.

წმინდა წერილში, სინანულის ეს ორი საფეხური კიდევ ბევრგან არის ნახსენები, თანაც, მუდამ ახლავს მოწოდება: უარყავ ბოროტება და ჰქმენ სიკეთე, ღვთისმოშიშებით აღასრულე სათნო სქმეები.
სინანულში გატარებული ცხოვრება დინამიური უნდა იყოს. დღევანდელ გულმხურვალებას რამდენიმედღიანი დაუდევრობა და სულიერი გულგრილობა თუ მოჰყვება, შემდეგ კი-ისევ გულმხურვალება, ასე ღვაწლს ვერ მოვიხვეჭთ. წმინდა მამები გვირჩევენ: როცა რკინას აწრთობ, მუდამ გავარვარებული უნდა იყოს, სხვაგვარად მას ფორმას ვერ მისცემ. ადამიანის გულიც მუდამ ღვთის მადლითა და აღთქმით უნდა იყოს გამსჭვალული. მაშინ, ის თბება და ადილად ჩაიბეჭდავს ქრისტეს სახეს, მსგავსად იმ თბილი და რბილი სანთლისა, რომელზეც ძალიან ადვილია ნებისმიერი ნიშნის დადება.

რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: „ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთისწყალობებით, რომ შესწიროთ თქვენ სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად თქვენი სულიერი მსახურება. და ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ რა არის ღვთის ნება-კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“(რომ. 12:1-2). რა ოსტატურად ამბობს მოციქული-ის არ გვარიგბს, როგორც ვინმე მამათმთავარი ან დიდი მოძღვარი, არამედ თავმდაბლად გვანუგეშებს, როგორც დიდ განსაცდელთა და საპყრობილის ბორკილთა ჭირთათმენით გადამტანი და თავადვე ხარობს ჩვენი ნუგეშისცემით!

მოციქულის დარიგების თანახმად, სულისა და სხეულის წმინდად დაცვაც სინანულის მდგომარეობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სხეულები წმინდად ღვთისსათნოდ ანუ ცოცხალ მსხვერპლად მივიტანოთ უფალთან; ხოლო, ჭრილობა, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი უზრუნველყოფს გულის მგრძნობელობას, გულთბილობას; მაშინ შესაძლებელი იქნება რომ ჩვენს მოკვდვ სხეულზეც აღიბეჭდოს ღმერთის სახება. ამ ჭრილობას ყოველ მიზეზგარეშე უნდა ვატარებდეთ. უამისოდ გული გაგვიცივდება, გაგვიქვავდება. გულქვა და უგრძნობელნი მიწიერი საცდურებით ადვილად ვცდუნდებით, ამაოება და წარმავალი დიდება მოგვხიბლავს და იქნებ ისე გავკადნიერდეთ, რომ ღმერთისა და ამასოფლის სიყვარულის შეთავსებაც-კი მოვინდომოთ. უფლის ხსოვნით გამსჭვალული გული სრულყოფილსა და წმინდას ადვილად შეიცნობს. როცა ეს ხსოვნა მუდამ თან გვდევს, ადვილად ჩავწვდებით ღმერთის წმინდა, ცხოველმყოფელ და სრულყოფილ ნებას. მაშინ მისი გამოცნობა და შესრულება კი აღარ დაგვჭირდება, არამედ თავისთავად მოგვეცემა ჭეშმარიტი, მისი წმინდა ნებისთვის სათნო ცხოვრება.

მამა სოფრონი საუბრობს წმინდა ლოცვასა და ღვთის ნების ამოცნობას შორის არსებულ მჭიდრო კავშირზე. მორჩილება უფლის მიერ ნაჩუქარი ის ძღვენია, რომელიც ამაში დაგვეხმარება. როცა ამასოფლის საზრუნავებს ზურგს შევაქცევთ, გგვიადვილდება საღმრთო განგებულების ამოცნობა, შესრულება და სულიერად გავიზრდებით.

გულშემუსვრილება სულს ანათლებს. გარდასულ ეპოქებში მოღვაწე ღმერთშემოსილებმა და განდობილებმა გულშემუსვრილების წყალობით საოცარი სიტყვიერი განძი დაგვიტოვეს; ამაში გვარწმუნებს წმინდა წერილიცა და წმინდა მამათა ნაწერებიც. მისი შენარჩუნების რამდენიმე გზა არსებობს.

ერთ-ერთი მათგანია-საკუთარი არარაობისა და უმაქნისობის განცდა. საკუთარი თავის გასამართლების, ქცევებისა და საუბრის აწონ-დაწონვის, მსჯავრის დადების, თვითგაკიცხვისა და თვითგმობისთვის მუდმივი მზადყოფნა. წმინდა გრიგოლ პალამა გვასწავლის, რომ საკუთარი ქცევების მიმართ ასეთი დაკვირვებული და ფხიზელი დამოკიდებულება არის „ის ჭეშმარიტი ღვინო, რომელიც ახარებს და ამაგრებს გულსა კაცისასა“(იხ. ფსალ.103:15). გულშემუსვრილება ბადებს ცრემლს, წმენდს სულს, ააშკარავებს და ანადგურებს მტრის ხრიკებს და ადამიანს უფლის ნების გამოკვლევისა და აღსრულებისთვის აგულიანებს და ეხმარება.

წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ცრემლები და შემუსვრილი გული სულს აღავსებს. ამაში რა თქმა უნდა ფიზიკური ასპექტი არ იგულისხმება. ქრისტემ იმ მიზნით შეისხა ხორცი, ანუ განხორციელდა, რათა დაგვენახა, შევხებოდით. ხოლო ჩვენ (ხორცში მყოფი ადამიანები) ღვაწლით, მოთქმა-გოდებითა და ცრემლით სულიერად განვემტკიცებინეთ, შეუწყვეტელი მადლი მიგვეღო. სული მდიდრდება, მაღლდება და ამგვარად შემოსილი ადვილი შესამჩნევია ღმერთისთვისაც და ანგელოზებისთვისაც.

სული რომ განმტკიცდეს, ის ცრემლითა და სინანულით უნდა გამოვკვებოთ

თუკი ლოცვის დროს სინანულის ცრემლს დავღვრით, მაშინ სულიწმინდა ჩვენს სულს თავის ბეჭედს დაასვამს; როცა ამ ბეჭედს განუწყვეტლივ ვიღებთ, სულით ვივსებით, ანუ ჩვენს გულში დიდი ოდენობით გროვდება სულიწმინდის საღმრთო ენერგია და ის ღვთის სავანე, ანუ სულიწმინდის ტაძარი ხდება. ასეთი ადამიანი ღვთის შვილს ემსგავსება და ამაშია ადამიანის გადარჩენის საიდუმლო.
ჩვენს გადასარჩენად ღვთის სიტყვა განხორციელდა და ღვთაებრივი ენერგიით ჩვენი სულიერი სისავსის შანსი მოგვცა, მაგრამ სული რომ განმტკიცდეს, ის ცრემლითა და სინანულით უნდა გამოვკვებოთ. სულის ლმობიერებისა და გულშემუსვრილების გარეშე ღმერთთან მიახლებასა და საუკუნო თანამყოფობას ვერ მივაღწევთ.

განგმირული გული და ცრემლები გონებას განწმენდს და განღმრთობის მდგომარეობაში მოჰყავს; მაშინ მასაც ყველას გადარჩენა სურს და კეთილგანწყობითა და მოწყალებით ღმერთს ემსგავსება. აქედან იწყება კაცის ჭეშმარიტი ღვაწლი. მეფსალმუნის თანახმად: „გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომასა თვისსა მიმწუხრამდე“(ფს.103:23). ეს შრომა და ეს საქმე არის მთელი სამყაროს გადასარჩენად ღვთის მიმართ შუამდგომლობითი, ანუ საშუამავლო ლოცვა. მლოცველს უნდა სურდეს, რომ თავისი ლოცვით, ყველა ქმნილება ღმერთთან მიიყვანოს.

სინანულის ყველაზე სრულყოფილი ფორმაა იპოსტასური ლოცვა, როდესაც ლოცვის დროს ღმერთი ჩემს გულში ჩემთან ერთად მთელ სამყაროს ჭვრეტს. ამაზე გვესაუბრება წმინდა სილუანიც და ბევრი სხვა მამაც. „იპისტასური ლოცვის“ ცნება არქიმანდრიტ სოფრონ სახაროვს ეკუთვნის, რომელსაც მისი მოწაფე რაფაელ ნოიკა ასე განმარტავს: „ესაა ლოცვა მთელი სამყაროსათვის, ანუ, როგორც მამა სოფრონს მოსწონდა თქმა-„სრული ადამისათვის“. ამგვარი ლოცვის დროს, ადამიანი აღწევს ქრისტესადამი – როგორც კაცისადმი მსგავსების მწვერვალს და „ინდივიდის“ დონიდან „პიროვნულობის“(იპოსტასის) დონემდე ადის, ანუ ჯერ თვითონ ხდება თავის ლოცვაში ადამი და შემდეგ შეუძლია ამავე ლოცვაში მთელი კაცობრიობა ანუ სრული ადამი ჩაატიოს. მამა სოფრონი, თავისი სიცოცხლის მიწურულს, ამას „იპოსტასურ ლოცვად“ მოიხსენიებს.

გულშემუსვრილობის მოპოვებისა და შენარჩუნების კიდევ ერთი საშუალებაა სევდა იმის შესახებ, რომ უნარი არ შეგვწევს უფალს მისი საკადრისი დიდება და მადლიერება აღვუვლინოთ. ეს აგრეთვე სინანულის ღვაწლის დაცვა-მოფრთხილების საშუალებაც არის. რიდითა და მოკრძალებით დაღვრილი ცრემლი კვებავს და განამტკიცებს სულს, რითიც ის სათნოეყოფა ანგელოზებს. ხოლო როცა სამყაროს აღსასრული დადგება, ანგელოზები დედამიწის ყოველი კუთხიდან შეკრებენ ღვთის რჩეულებს-ყველას, ვის გულსა და სახეზეც სულიწმინდის ბეჭდს ნახავენ. ამ ბეჭდის მიმღებნი, რომელთაც ის ცრემლითა და გულშემუსვრილებით დაიმსახურეს, მთელი არსებით შეიყვარებენ უფალს და პავლე მოციქულთან ერთად გაიმეორებენ: „ქრისტე იესუ მოვიდა სოფლად ცოდვილთათვის ცხორებად, რომელთაი პირველი მე ვარ“(1 ტიმ. 1:15).

თვითბრალობა, ცოდვილობისა და დანაშაულის აღიარება ღვთის სიყვარულის ნიშანია. ეს თვისებები მიგვახვედრებს, რომ ღმერთმა ადამიანზე, მის შინაგან კაცზე ზემოქმედება დაიწყო. წმინდა პავლე იმიტომ იყო უპირველესი ცოდვილთა შორის, რომ მან პირველმა შეიყვარა ღმერთი. ღვთისადმი სიყვარული სულის სინათლედ ტრანსფორმირდება და მაშინ, ადამიანი თავს მისებრ მოკვდავებს კი აღარ უტოლებს, არამედ, ღვთაებრივი სიყვარულის მოხვეჭისაკენ ისწრაფვის.

თვითბრალობა, ცოდვილობისა და დანაშაულის აღიარება ღვთის სიყვარულის ნიშანია

სინანული, როგორც ღვაწლი- მხოლოდ მონაზვნებს არ ევალებათ, არამედ ყოველი ქრისტიანის ვალდებულებაა. წმინდა იოანე კიბისაღმწრელი ამბობს, რომ უცრემლოდ ჩავლილი დღე მარადისობისთვის დაკარგულია. ხოლო წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი გვეუბნება: ვინც ყოველდღე არ ტირის, ის აღდგომა დღეს ზიარებას არ იმსახურებს. თუ ყოველდღე ტირი-შეგიძლია ყოველდღე ეზიარო.

ყოველთვის, როცა ღმერთი მოწყალებას მოიღებს და საკუთარი ცოდვების დატირებას ვახერხებთ, ვგრძნობთ როგორ გვეხება მარადისობა, მადლის შეხებას ვგრძნობთ. ამის წყალობით თანამოძმეთა მიმართ ჩვენი დამოკიდებულებაც იცვლება. ადამივით აღარ შევცდებით: „შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მაცდუნა და დაღუპვისკენ მიბიძგა, იმიტომ, რომ შენ არ ხარ კაცთმოყვარე“-ო. ჩვენ გვახსოვს, ცოდვით დაცემამდე ადამი ევას აღიქვამდა, როგორც საკუთარ ხორცს, თავის სიცოცხლესთან აიგივებდა და ღმერთს მადლობდა.

ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ საკუთარი ცოდვების გამო ყოველდღე არ ვიტირებთ, ვეღარც სულიერ ძმებს გავაიგივებთ ჩვენსავე სიცოცხლესთან (როგორც ამას წმინდა სილუანი გვასწავლის); თუ არ შევწყვეტთ ჩხუბს, კინკლაობას, ჯიბრში ჩადგომას, მოკლედ-ერთმანეთის ჭამას, ამით ერთმანეთს გავანადგურებთ; ამის შესახებ ხომ მოციქული პავლეც გვაფრთხილებს. ხოლო, თუ სინანულით ცხოვრებას შევძლებთ, მოწყალენი და შემწყნარებელნი ვიქნებით (იხ. კოლ. 3:12) განივრცობა გული და აღივსება თანამოძმეთა სიყვარულით. მაშ ვიღვაწოთ გულშემუსვრილების მოსაპოვებლად, რაც სულის ნათელი და ჭეშმარიტი სიყვარულის დასაბამია.

გულშემუსვრილების გარეშე სახარებაც გაუგებარი დარჩება ჩვენთვის და წინასწარმეტყველთა წიგნებიც. როცა აბრაამმა ღმერთი დაინახა, საკუთარი თავი დაიტირა: „მტვერი და ნაცარი ვარ“ (დაბ. 18:27). ასევე მოიქცა ესაია, რომელსაც წმინდა მამები „მეხუთე მახარებელს“ უწოდებენ, იმიტომ, რომ მან ნათლად განჭვრიტა ქრისტეს ცხოვრების არსი. დიდი ხუთშაბათის მსახურების საკითხავები ძირითადად მისი წინასწარმეტყველებით არის შთაგონებული. წმინდა ლიტურგიაც ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით იწყება: „კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე“ (ეს. 53:7).

მამა სოფრონი ამბობს, რომ ესაიამ სულით განჭვრიტა ლიტურგიის არსი, ქრისტეს არსი, ხასიათი და ინდივიდუალობა. ღვთის სიდიადის შემცნობელმა ამ მეხუთე მახარებელმა თქვა: „ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმინდური კაცი ვარ…“ (ეს. 6:5)0. მას არ უცდია თავის გამართლება ღვთისა და ადამიანთა წინაშე (როგორც ამას ცდილობდნენ ებრაელები), არამედ აბუჩად აიგდო ადამიანური სიმართლე და ღაღადებისას თავისი საქმეები გასარეცხ სამოსელს შეადარა.

ხოლო, როცა ღმერთმა პეტრე მოციქულის ნავი თევზით აავსო, ამ სასწაულით შეძრულ და ღვთის სიდიადის შემცნობელ პეტრეს გული აევსო აღტაცებით: „შეუვრდა მუხლთა იესუისთა და ჰრქუა მას: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“ (ლკ.5:8).

იგივე აღტყინება ჰქონდა უფლის დიდების შემცნობელ ყველა წმინდანს. შესაბამისად, ჩვენც, თუკი გულშემუსვრილების უწყვეტად შენარჩუნებას შევძლებთ, მაშინ მივხვდებით და გავაცნობიერებთ რაოდენ უგუნურნი ვართ, უსამართლონი, ბრმებივით ვიქცევით; ჩვენი ცხოვრება მოკლებულია მადლსა და სიწმინდეს, ღვთაებრივი სიყვარულის უნარს, მაშინ აღარ გვეტკინება გული, არც თავმოყვარეობა შეგველახება როცა გაგვლანძღავენ, შეურაცგვყოფენ; რატომ?-იმიტომ, რომ გულშემუსვრილების წყალობით თვითონვე ჩავთვლით თავს უღირსებად.

წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ ჩვენ თავადვე უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის მხილება, ანუ ღვთაებრივ სამსჯავროზე თვითგაკიცხვისა და უღირსების გრძნობით უნდა წარვდგეთ. თუ იქ, ღვთის წინაშე, ჩვენი პირველი სიტყვა საკუთარი უღირსების აღიარება იქნება, მაშინ განკითხვის დღეს ცხონებას მივიღებთ (წმ. ბასილი დიდი. ფსალმუნთა შესახებ 7, 19). სხვაგან ის ამბობს „ხალისითა და ნებაყოფლობით აკეთეთ ის, რასაც ეხლა იძულებით აკეთებთ. ნუ დაინანებთ ამქვეყნიურ ყოფას, რომელიც მალე წაგერთმევათ“(წმ. ბასილი დიდი. საუბ. 18, 8). ანუ, სიკვდილზე გასამარჯვებლად საჭიროა ის ნებაყოფლობით (ჩვენივე ნებით) ვიტვირთოთ, ვაღიაროთ, რადგან სიკვდილი წინ გვხვდება მთელი სიცოცხლის მანძილზე; ათასნაირი სახითა და მეთოდით იჩენს თავს და კაცის ცხოვრების თანმხლებია თვით სიკვდილამდე.

როცა წმინდა სილუანი განგვიმარტავს მის მიერ ღვთისაგან მიღებულ სწავლებას: „ამყოფე გონება ჯოჯოხეთში, მაგრამ სასო არ წარიკვეთო“, -ამბობს, რომ ეს დიადი ცოდნაა. ამ დიადი გაკვეთილის შემეცნებასა და ათვისებას გაგვიადვილებს წმინდა ბასილი დიდის ზემოთ ნახსენები შეგონება (რჩევა-დარიგება). მწარე გამოცდილებით ვიცით, თუ როგორ იძირება ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთში, როცა გონებას გულში ვერ ვაკავებთ, სულიწმინდასთნ კავშირს ვერ ვახერხებთ და მუდამ თან არ გვახლავს უფლის ხსოვნა. ჩვენ ხომ დროის უმეტეს ნაწილს ცოდვებთან იმგვარ ბრძოლაში ვატარებთ, როცა ღმერთი მიგვავიწყდება-ხოლმე, ვვარდებით სულიერ უძლურებაში, სულით მთვლემარენი, გულდარდიანნი, სასოწარკვეთილნი. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამგვარ მდგომარეობას ღმერთთან თანამყოფობა არ ჰქვია; მაშასადამე, ამ დროს ჯოჯოხეთში ვართ, რადგან, სწორედ ჯოჯოხეთში არ არის ღმერთი. გამოდის, რომ ამ მდგომარეობას შეეფარდება და საქმეში გამოვლნდება წმინდა სილუანის მიერ ნათქვამი ფრაზა და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, ვაღიაროთ: „უფალო, მე ვიმსახურებ ამ უსაშინლეს სულიერ გაჩენაგებას, რადგან განვეშორე შენს მაცხოვარებას და სიკვდილის სამეფოა ეხლა ჩემი სახლი“.

წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს: თუ საკუთარ თავს ჩვენ თვითონვე მივუსჯით ჯოჯოხეთს, მაშინ აღარ გავბრაზდებით, როცა გვსაყვედურობენ, განგვიკითხავენ-ეს ხომ ადვილი მოსათმენია, რადგან დროებითია და ხანმოკლე.

ხოლო, შეუძლებელია სხვათა საყვედურებმა და შეურაცყოფამ დაანაღვლიანოს ის, ვინც ჭეშმარიტად განიცდის ღმერთისგან განაშორებას და ამის გამო წრფელ თვითგმობასა და თვითგანკითხვაშია. პირიქით, სიმდაბლითა და მორჩილებით მოითმენს და ამ გზით სულიერ და ხორციელ კურნებასაც მიიღებს. პირველი ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ, ყველა დიდი მამა, როგორც ღმერთთან, ისე ადამიანებთან დამოკიდებულებაში, მხოლოდ ამგვარ ცხოვრებისეულ პოზიციას მიიჩნევს გამართლებულად და საცხოვნებელად. ეს იმიტომ, რომ დაუშვებელია სახარებისეული ორი დიდი მცნების გათიშვა. ჩვენ მთელი არსებით გვიყვარს ღმერთი და საკუთარი თავივით გვიყვარს მოყვასი. ღმერთის გულის მოგება ერთადერთი საქციელით არის შესაძლებელი-თავი უღირსად მივიჩნიო ღვთის წინაშეც და თანამოძმეთა წინაშეც. ესაა დასაბამი ღვთის სიყვარულისაც და ახლობლის სიყვარულისაც. მაშინ ჩემი ბაგე აღარ განიკითხავს თანამოძმეს, არც არაფერში დასდებს ბრალს, იმიტომ, რომ ჩემს მიერ დაღვრილი ცრემლი და თვითგაკიცხვით მოპოვებული გულშემუსვრილება იმგვარი ღვთაებრივი ენერგიით ჯილდოვდება, რომელიც ჩემი ბაგიდან არცერთ საკიცხავ სიტყვას აღარ ამოუშვებს.
უფალმა ინებოს, რომ მუდამ გვქონდეს გულშემუსვრილება. ასე მოვიპოვებთ უცოდველობას, რადგან მხოლოდ იმ წამს არ ვცოდავთ, როცა-საკუთარ თავს ვიდანაშაულებთ. ამავეს ბრძანებს იოანე მახარებელიც: „უკეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაი არა გვაქუს, თავთა თვისთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაი არა არს ჩუენ თანა. უკეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩვენნი, სარწმუნო არს მართალ, რაითა მოგვიტევნეს ჩვენ ცოდვანი ჩვენნი და განწმინდნეს ყოვლისაგან სიცრუვისა“ (1 ინ. 1:8-9).
წმინდა მამებიც საღვთო წერილს ეყრდნობიან და რაოდენ სამწუხაროა რომ ზოგი ჩვენგანი, პროტესტანტების მსგავსად, მხოლოდ წმინდა წერილს კითხულობს და დიდ მამებს პატივს არ მიაგებს. ამას დიდი სულიერი სიღატაკე მოჰყვება, რადგან ვერ შეიცნობენ ცათა სასუფევლის სიკეთეებს, ყოველთა წმიდათა მადლის თანაზიარნი ვერ გახდებიან.

შეუძლებელია სხვათა საყვედურებმა და შეურაცყოფამ დაანაღვლიანოს ის, ვინც ჭეშმარიტად განიცდის ღმერთისგან განაშორებას და ამის გამო წრფელ თვითგმობასა და თვითგანკითხვაშია

ეკლესიაში მრჩობლად (ორმაგად) ვეზიარებით: პირველყოვლისა-ქრისტეს ხორცსა და სისხლს (რა თქმა უნდა მაშინ, როცა ჩვენის მხრივ, მისდამი მსხვერპლად მიგვაქვს საკუთარი ცხოვრება), მაგრამ, ქრისტესთან ხომ მარად თანამყოფობს მისნი ანგელოზნი და ყველა წმინდანი, ამიტომ, თავისთავად-მათ ნიჭებსაც ვეზიარებით. როცა წმინდა ლიტურგიას პატივს მივაგებთ, ცრემლითა და საეკლესიო მსახურებაში გულშემუსვრილებისაგან წარმოშობილი კეთილკრძალულებით ვმონაწილეობთ, მაშინ უფლის წმინდა ნაწილების, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ყოველთა წმინდათა ძღვენის თანაზიარნი ვხდებით. დიახ, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს ჩვენი გულიდან გაღებული მსხვერპლი, მაინც გავხდებით უდიდესი სიწმინდის თანაზიარნი! მათე მახარებლის თანახმად: შევალთ საუნჯესა და ჩვენსა და ვილოცებთ მამისა ჩვენისა მიმართ, ფარულად (მთ.6.6). სინანულით აღვლენილი ლოცვა მსხვერპლად მიტანილი ნაყოფივით შეიწირება, რაც წმინდა ნაწილების ღირსეულად ზიარებას გვანიჭბს.

ზემოთ ჩვენ ვახსენეთ ორმაგი ზიარება. რა თქმა უნდა, ორივე მათგანი არის ზიარება ქრისტესთან-როგორც ეკლესიის თავთან და გულისხმობს ეკლესიის საიდუმლოებაში სრულყოფილ თანამონაწილეობას იმიტომ, რომ ღმერთი თავისი სასუფევლის წმინდა ანგელოზთა და ყველა ეპოქის წმინდათა ღვთაებრივ ერთობაზე დამყარებული სრულყოფილი სამეფოს თავია.

ჩვენ გულშემუსვრილების აუცილებლობაზეც ვსაუბრობდით. ზოგი წმინდა მამა თავის ლოცვებში სიცოცხლის გახანგრძლივებას ითხოვდა, რათა სინანულით სავსე ვედრების დრო ჰქონოდათ. მათ იცოდნენ თუნდაც ერთსაათიანი ცრემლიანი ლოცვის სარგებელი; იმედოვნებდნენ, რომ ეს დაეხმარებოდათ მადლის ძღვენთან სრულყოფილ ზიარებასა და ქრისტეში დამკვიდრებაში. სასუფეველი ფუფუნებაა, ის უფლის დიდებით ნეტარებს და ჩვენს მონდომებაზეა დამოკიდებული შევძლებთ თუ ვერა მის დაგემოვნებასა და დასაკუთრებას.

შენდობას ვითხოვ იმ კადნიერებისათვის, რითიც ამ წმინდა თემებზე საუბარს ვბედავ, მაგრამ, მაშ რა ფორმით გადმოგცეთ მამა სოფრონის ის მგზნებარე ლოცვა, რომლითაც, თავისი სიცოცხლის დასარულს, ცდილობდა გაეკვალა ჩვენთვის ამ სანუკვარი ერთიანობისკენ მიმავალი გზა.

გულშემუსვრილება სულიწმინდის ზემოქმედებით გვეძლევა. ის შეეხება კაცის გულს, შეაკრთობს, შეათრთოლებს და ამგვარად მოაშორებს ჩვენს მიერ დაგროვილ ჟანგსა და ლექს. იგივე სული გვმოძღვრავს, უფლის იგავებს და სწავლებას განგვიმარტავს. ვმადლობდეთ მას ამ წყალობისათვის! აგრეთვე იმისთვის, რომ სასუფევლის კარი გაგვიღო და იქ დამკვიდრების შესაძლებლობა მოგვცა. ვმადლობდეთ იმისთვისაც, რომ ჩვენთვის ლოცულობენ სულიერი მამები და გარდასულ დროში მოღვაწე წმინდანები-დიდნიც და მცირენიც. ვიმედოვნებთ, რომ მათი ლოცვების წყალობით შევძლებთ ჩვენი მოწოდების შესრულებას და გავამართლებთ ამ ქვეყნად მოსვლის დანიშნულებას.

წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ მჭმუნვარებაში მყოფ, გულშემუსვრილ და ცრემლმდინარ ადამიანს ჩვილი ბავშვისთვის თვალის გასწორების კადნიერებაც კი არ ექნება. მისი მზერა დაბლაა მიპყრობილი, გონება კი კიდევ უფრო დაბლა -ო. ასეთია ეთოსი, ანუ იმ ადამიანის პიროვნული ხასიათის მტკიცე თვისებათა ერთობლიობა, ვინც სულიწმინდის მადლით იკვებება. მცირე აიაზმის ერთი-ერთი ლოცვა ღაღადებს, რომ უფალი ჩვენი არის ღმერთი, რომელიც მდუღერე ცრემლს შეიწირავს.

ისე ძლიერ ვერაფერი შეგვაცნობინებს ღმერთს, ვერც შეგვაერთებს მასთან და ვერც ისიხიის იდუმალებას გვარძნობინებს, როგორც წრფელი სინანული და ჩვენი დაწყევლილი, უბადრუკი მდგომარეობის ცხარე ცრემლით აღიარება მის ფერხთა წინაშე. საეკლესიო მსახურების ლოცვები ღმერთის არსის შეცნობაში გვეხმარება და გვაგრძნობინებს, რომ ყოვლადწმინდა სამებასთან უხვი ცრემლითა და უაღრესი სიმდაბლით მიახლება გვმართებს.

ღმერთი ნუგეშინისმცემელია. ერთარსი სამება-მამა, ძე და სულიწმინდაა ჩვენი ნუგეშისმცემელი ღმერთი და მასთან შეერთებას ცრემლი და სიმდაბლე შეეფერება. როცა სინანულის ცრემლს ვღვრით, მაშინ სულიწმინდა ჩვენს სულს ეხება, უხილავად შემოდის და თავისი ბეჭდით ადებს ნიშანს, რომელიც ხორციელი თვალით არ ჩანს, მაგრამ ანგელოზებისთვის -აშკარაა და დაგება დრო, როცა ისინი შემოკრებენ დედამიწაზე გაბნეულ სულიწმიდის ბეჭდით დანიშნულებს-ღვთისნიერებს, რომელთაც ეს ბეჭედი სინანულითა და ცრემლით მოიპოვეს. ამის გამო წმინდა მამები აღმაფრენით საუბრობენ ცრემლზე. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ თუკი არ შეგვიძლია წინასწარმეტყველება და ვერც ვდიდებისმეტყველებთ, ამის გამო იმ ქვეყნად მსჯავრს არ დაგვადებენ, მაგრამ, მოგვეკითხება, თუკი ცოდვებს ცრემლით არ გამოვისყიდით.

ამრიგად, ზოგადად ქრისტიანული ცხოვრების წესი, განსაკუთრებით კი-მონაზვნობა არის იმისკენ მოწოდება, რომ სინანულის ცრემლით განვაახლოთ სულიწმინდის ძალით ცხებული მირონი. დავით მეფსალმუნეს ცრემლების საიდუმლომ ათქმევინა: „იქმნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე“ (ფს. 41:3). მან განჭვრიტა, რომ რაც პურია სხეულისათვის, ის ცრემლია სულისათვის-იგი კვებავს და აღავსებს მას.

მამა სოფრონი ერთ-ერთ ჩანაწერში გაგვენდო: ერთხელ, ღრმა და უხვცრემლიანი სინანულის შემდეგ, როგორ აუწვა კანი სულიწმინდის შეხებამ. სულის აღმავსებელი წრფელი ცრემლი უდიდესი საიდუმლოა. მას შეუძლია აღხოცოს ჩვენს შორის არსებული ყოველგვარი გაუგებრობა, მტრობა, ბოროტგანზრახვანი; ძმური სიყვარული შთაგვბეროს. სწორედ ამის შესახებ ამბობს მოციქული: „ღვთის სიმართლე ვერ შეიცნეს და ცდილობდნენ საკუთარი სიმართლის დადგენას და ღვთის სიმართლეს არ დაემოჩილნენ“ (რომ.10:3). აღთქმული მარადიული სიცოცხლის მოსაპოვებლად ვერაფერს გვარგებს გარეგნული საქმეების და თანდაყოლილი ნიჭების იმედად ყოფნა, რადგან ისინი ღვთის სიყვარულს ვერ გვაპოვნინებს. მისი შეძენა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ცოდვილობის შეგნებით გულგამსჭვალულნი ღმერთს მადლობას ვწირავთ, ცოდვებს ვაღიარებთ და შენდობას ვითხოვთ.
წმინდა სილუანი ამბობს: ცოდვის პროცესში მყოფი მცოდველი ადამიანის სიყვარულს თუ შეძლებ-ამაზე დიდი სასწაული არ არსებობსო; იმიტომ, რომ ამით ჩვენც ღმერთს ვემსგავსებით. მან ისე შეგვიყვარა, რომ სულის გადასარჩენად მხოლოდშობილი შვილი გაიმეტა. წმინდა სილუანმა გვიანდრეძა, რომ ქრისტეს მივბაძოთ ჩვენი თანამოძმეებისა და თანატანჯულების სიყვარულში.
მამა სოფრონის ნაშრომებიდანაც იგივე სულიერი სითბო ანათებს. ქრისტეს სულთან ადამიანური გონების შერწყმა (შეერთება) მას ყველაზე დიდ საოცრებად მიაჩნია; ეს კი მაშინ ხდება, როცა ადამიანი სინანულში წარემატება და საკუთარ გონებას ზეცაში აზიდულსა და ქრისტესთან შერწყმულს იხილავს.

წყარო: https://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©