Elder Ephraim Headline 1

ბერის საქმე იკურთხა – თავი მეშვიდე: ვატოპედის მონასტერში; წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი”

ამასობაში საძმოს რიცხვი იზრდებოდა. თუ 1990 წელს ოცდასამი კაცისგან შედგებოდა საძმო, ბერის გარდაცვალების დროს უკვე ასზე მეტი იყო. 1990-93 წლებში მონასტერს წელიწადში საშუალოდ ორი ათასი მომლოცველი სტუმრობდა, ახლა კი მათი რიცხვი ორმოციდან ორმოცდაათ ათასამდე მერყეობს.

ბერის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით მონასტერმა საგამომცემლო საქმიანობა დაიწყო: წიგნები იწერება არა მარტო სულიერ თემებზე, არამედ კულტურისა და მეცნიერების შესახებაც. კულტურულ-სამეცნიერო გამოცემებს შორის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ვატოპედის შესახებ გამოცემულ ორტომეულს, რომელიც ათენის აკადემიამ დააჯილდოვა.

ბერ იოსების განათლება ორი კლასით შემოიფარგლებოდა, მაგრამ თავისი სულიერი ნიჭების, ლოცვისა და დიდი საღმრთო წადილის წყალობით მრავალი წიგნი დაწერა. მისი თქმით, ზოგჯერ მის გონებაში იმდენი საღმრთო აზრი ცვიოდა, რომ ჩაწერას ვერ ასწრებდა. თექვსმეტი წიგნის ავტორი გახდა. მათგან რამდენიმე წმინდა ადამიანების ცხოვრებასაც ეძღვნება. ესენია: „ბერი იოსებ ისიქასტი“. ამ წიგნში მ. იოსები არა მარტო თავისი მოძღვრის ბიოგრაფიასა და მასთან გატარებული წლების შესახებ წერს, არამედ ყველაფერს ღმრთისმეტყველურ განმარტებასაც აძლევს. „წმინდა ნეოფიტე მარტოდმცხოვრები“. როგორც უკვე ითქვა, ჩვენი მოძღვრის საძმო ამ ღირს მამას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მინთის მონასტერში ცხოვრობდა და წმინდა ნეშტის მოწესრიგებაში მიიღო მონაწილეობა.

„მოგონებები ღირსი მამების შესახებ“. ამ წიგნში ბერი მოკლედ გვიამბობს იმ მოღვაწეებზე, რომლებსაც პირადად იცნობდა სტავროვუნის მონასტრიდან და ნეა სკიტიდან.

„ბერი ეფრემ კატუნაკელი, მადლმოსილი მორჩილი“, წიგნში მ. იოსები თავისი სულიერი ძმის ცხოვრებას თავისი გადმოსახედიდან აღწერს.

„იოაკიმ პაპულაკისი“. ამ წიგნში ღირს იოაკიმე ითაკელის ბიოგრაფიაა აღწერილი. მონასტრის არქივში ინახება ზოგიერთი ძველი წიგნი, რომელშიც ამ ვატოპედელი მონაზვნის მშობლიურ ითაკის კუნძულზე მოღვაწეობაა აღწერილი. ამიტომ გადავწყვიტეთ კუნძული მოგველოცა. იქ ყოფნისას დავრწმუნდით, რომ ერის ცნობიერებაში ბერი იოაკიმე წმინდანი იყო. თითქმის ყველა ტაძრის კანკელზე მისი ხატი ან სურათი იყო დაბრძანებული. ჩვენი ინიციატივით და ადგილობრივი მიტროპოლიტის ნიკიფორესა და მსოფლიო საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით, 1992 წლის 23 მაისს მოხდა ღირსი იოაკიმეს წმინდა ნაწილების აღმოყვანება. ამის შემდეგ ბერმა იოსებმა მისი ცხოვრება დაწერა. 1998 წლის 19 მაისს ბერი იოაკიმე წმინდანად შერაცხეს.

„საღმრთო მადლის გამოცდილება, ბერი იოსებ ისიქასტი“. ხსენებული წმინდანის პირველი ეპისტოლარული ბიოგრაფია, რომელიც ჩვენმა მოძღვარმა ამერიკაში მცხოვრებ მ. პანტელეიმონს დაუწერა. წიგნის მეორე ნაწილში წმინდა იოსების მანამდე უცნობი წერილები და ლექსებია მოთავსებული. ამ წიგნების გარდა, ბერმა მრავალი სხვა წიგნი დაწერა, სადაც ის სულის კურნებაზე, სათნოებების შეძენაზე. სუ ლიწმიდის ნიჭებზე და კიდევ სხვა მრავალ ისეთ თემაზე საუბ აობს, რომლებიც მართლმადიდებლურ გადმოცემას შეად გენს, შესავალი საქმიანობიდან დაწყებული, ღმრთის ჭვრე ტამდე. ასეთებია: „ათონური მოწმობა“, „ასკეზა – სიწმინდის დედა“, – ათონური საუბრები“. წიგნი „სიკვდილიდან ცხოვრებაში“ უფლის გამოცხადების შთაგონებით დაწერა.

„ნუგეშის სიტყვები“ – ძირითადად იმ ქადაგებების კრებულია, რომლებიც ბერმა კვიპროსზე წარ მოთქვა. „ათონური სწავლება“ — ნეა სკიტში ყოფნის დროს კრებებზე წარმოთქმული სიტყვებია, ხოლო „ვატოპედური საუბრები“ ვატოპედში წარმოთქმული ქადაგებების კრებულია.

ბერს ზოგიერთი წმინდანისადმი განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა, ზოგიერთისგან კი რაღაც გამოცხადება მიეღო, ზოგიერთის სრული საღმრთისმსახურო ტექსტი ან პარაკლისი არ იყო დაწერილი. ეს ყველაფერი გახდა მიზეზი, რომ მამა იოსებმა რამდენიმე საღმრთისმსახურო ტექსტიც დაწერა. ასეთებია, მაგალითად: ღირსი იოსებ ისიქასტის სრული მსახურება და პარაკლისი; პანტანასას სრული მსახურება, დაუჯდომელი და პარაკლისი; წმინდა ნიფონის, კონსტანტიანის ეპისკოპოსის (ალექსანდრია) სრული მსახურება; წმინდა მაქსიმე „გრეკის“ სრული მსახურება; ღირსი სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის სრული მსახურება; ყველა ვატოპედელი წმინდანის საერთო ხსენების სადღესასწაულო მსახურება; წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ნაწილების აღმოყვანების მსახურება; ღირსი ქსენოფონტესა და მისი თანამოღვაწეების მსახურება; წმინდა მღვდელმოწამე ირაკლიდეს[1] ტროპარი და ა.შ.

სულიერ ბრძოლაში გასამხნევებლად და თავისი მამობრივი დარიგებების აღსრულებაში დასახმარებლად ბერი ამას გვეუბნებოდა: „ჩვენი მიზანია, წმინდა მამების სულიერ გადმოცემას პრაქტიკულად მივდიოთ. ეს ტრადიცია ყველაფერს ზედმიწევნითა და დაწვრილებით გვიხსნის. თანაც, ჩვენ ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია. უამრავია ისეთი ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირიც, რომელთაც ისეთი სულივრი მოღვაწეები, რომლების შესახებაც წიგნებში კითხულობენ, არასდროს უნახავთ, ჩვენ კი წმინდა ადამიანებმა გაგვზარდეს და გვასწავლეს! ჩვენ მათ ვუსმენდით, ვუყურებდით ხელით ვეხებოდით, მათ თანამყოფობას მუდამ ვგრძნობთ. არასდროს მითქვამს, მაგრამ ახლა გამოგიტყდებით: როდესაც „ათონურ მოწმობას“ ვწერდი, ბევრჯერ ვიგრძენი, რომ ბერი ჩემ გვერდით იდგა. ეს წიგნი ჩემი დაწერილი არაა, არაა ადამიანური გონების ნაყოფი. არ უნდა მეთქვა, მაგრამ „საიდუმლო მეფისა კეთილ არს დამალვად, ხოლო საქმენი უფლისა ღმრთისანი – მითხრობად პატიოსნად”.

ჩემო კარგო მამებო, ვხარობ თქვენით და ვამაყობ. მე რომ მონაზვნობა გადავწყვიტე, დამრიგებელი არ მყავდა. ძალიან გავწვალდი. ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვამი და გამეორება უკვე მრცხვენია. ახალგაზრდობაში მოუსვენარი სული მქონდა. მეგონა, რომ მხოლოდ ბევრი მუშაობითა და შრომით მივაღწევდი სასურველს. მრავალი წელი დავხარჯე და ვერაფერს მივაღწიე. თურმე ჯერ იმის აზრი უნდა გამეგო, რისთვის მომიწოდა ღმერთმა. ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ ისტორიული ძეგლები აღვადგინოთ, არქეოლოგიური რელიკვიების რესტავრაცია მოვახდინოთ, ხალხი დავაპუროთ და სტუმრებს მოვემსახუროთ. კი, ეს ყველაფერიც უნდა გავაკეთოთ და ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ…

ჩვენი მთავარი მიზანია საკუთარ სინდისზე ვიზრუნოთ, რაც გულის სიწმინდესთან მიგვიყვანს. ამისთვის მოგვიწო და აქ ღმერთმა. „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ეს საკუთარი ნების მოკვეთით, გონების, სიფხიზლით, ასკეზით, განუწყვეტელი ლოცვით, მოწესრიგებული ცხოვრებით, მონასტრის ტიპიკონის დაცვით, სენაკის დროის სწორი განაწილებით მიიღწევა. იქ, სენაკში, რაც ღმერთთან ურთიერთობის განსაკუთრებული ადგილია, ღმერთს გულისტკივილითა და შემუსვრილი სულით გამოვთხოვოთ წყალობა, რათა ის მოვიდეს ჩვენში და თავისი აღთქმული სიკეთეები არ დაგვაკლოს. მოვიდეს და დაემკვიდროს არა დროებით, არამედ მუდმივად, რათა სიწმინდე და განღმრთობა ჩვენთვის ამ ცხოვრებაშივე საგრძნობი გახდეს“[2].

2006 წელს, პატრიარქის ათონზე ვიზიტის დროს, ბერს სურდა უკანასკნელად აეღო მისი ლოცვა-კურთხევა, მაგრამ ვერ შეძლო, ჯანმრთელობამ ამის საშუალება არ მისცა. საბოლოოდ, მის უწმიდესობას ბერის სურვილი მე გადავეცი და პატრიარქმაც მაშინვე მცირე, მაგრამ ძალიან თბილი წერილით უპასუხა. მოძღვარი ამ წერილმა ძალიან გაახარა, რადგან ეს ღმერთის კეთილნებელობის ნიშნად მიიჩნია.

2007 წლის აპრილში ბერი დიდი ძალისხმევით უკანასკნელად გავიდა ერში სულიერ შვილებთან გამოსამშვიდობებლად. რამდენიმე დღე მონასტრის მეტოქში, პორტო ლა გოსში დარჩა, სადაც თავის დროზე, როგორც უკვე ითქვა, სამი წელი იცხოვრა. მაშინ დიდი შრომა გასწია იმისთვის, რომ მორწმუნეები ენუგეშებინა და ათონური გამოცდილება გადაეცა. არა მარტო ნაგებობები განაახლა, არამედ იქაური სულების მიზიდვისა და მათი სარწმუნოებაზე მოქცევის პოლუსად აქცია. ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მრავალი ადამიანი მოვიდა მასთან გამოსამშვიდობებლად. ლმობიერებითა და ცრემლებით უკანასკნელად იღებდნენ მის ლოცვა-კურთხევას, ხედავდნენ მის მადლიან სახეს, ისმენდნენ მის სიტყვას, როგორც ქრისტესმიერი ცხოვრების გზაზე მათთვის მიცემულ ანდერძს.

ამასობაში ბერის ჯანმრთელობა უფრო და უფრო ურესდებოდა. ჯოხის გარეშე სენაკში გადაადგილება აღარ შეეძლო. როდესაც ვეკითხებოდით, როგორ ბრძანდებით ამბობდა: „წელს ქვემოთ სხეულს ვეღარ ვგრძნობ. თითქოს ნახევარი სხეული აღარ მქონდეს. სიარული ჯოხი აუცილებლად მჭირდება, სხვაგვარად წავიქცევი“, სენაკიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად ვინმე უნდა მიხმარებოდა.

მიუხედავად ამისა, ცდილობდა საძმოს კრებებზე იშვიათად მაინც მოსულიყო, ძალიან კი უჭირდა ამის კეთება. სიმდაბლით ამბოდა: „საძმოსთვის ტვირთი გავხდი. არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია. მხოლოდ ვლოცულობ თქვენთვის ი,. სადაც ვცხოვრობ. სიარული და აქ მოსვლა ძალიან მიჭირს, მაგრამ ვხედავ რა თქვენს მოწიწებას ჩემ უღირსის მიმართ, ვალდებული ვარ მოვიდე. ღმრთის სასწაულია, რომ მოსვლას ვახერხებ, რამეთუ ყოველ ჯერზე ჩემს თავს ვეუბნები, დღეს ვეღარ შეძლებ წასვლას-მეთქი, მაგრამ როგორც კი წასვლის დრო დგება, ძალა მომდის და მოვდივარ. კრების დასასრულამდე ამ ძალას ვგრძნობ, შემდეგ კი ისევ გვამივით ვხდები“[3]. „უზომოდ მიყვარხართ და ამიტომაც მინდა მოვიდე და რამდენიმე სიტყვა გითხრათ და ერთმანეთი ვანუგეშოთ“[4].

ბერის უკანასკნელი საუბრები მთელი მისი სწავლების გამეორება და შეჯამება იყო. ლაპარაკობდა ადამიანის წარმოშობაზე, მის დანიშნულებაზე, იმაზე, რომ ის ღმერთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი, პირველმშობლების დაცემაზე, ზეციერი მამისადმი მობრუნებისა და სინანულის აუცილებლობაზე, სრულყოფილ სინანულზე, რაც გულწრფელი მონანიებიდან და აღსარებიდან იწყება. და საღმრთო აღთქმების აღსრულებით, ადამიანის გაწმენდით და განღმრთობით მთავრდება. მისი სიტყვა ყოველთვის გვაფხიზლებდა, საღმრთო მოშურნეობასა და ღმრთის სიყვარულს გვინერგავდა უმეტესი ჭირთათმენისა და სინდისის ზედმიწევნით დაცვისთვის განგვაწყობდა.

ავადმყოფობაზე არასდროს დაუჩივლია. ერთხელ გვითხრა:  „დღეს საერთოდ ვერ დავიძინე. ისეთი ტკივილები მქონდა, მეგონა მოვკვდებოდი“. ვუთხარით: „მამაო, რატომ არ გვეუბნები, რომ მოვიდეთ და მდგომარეობა შეგიმბუქოთ?“ გვიპასუხა: „არ მინდა გაწვალოთ. რაც ღმერთს უნდა, ის მოხდება”.

ბოლო პერიოდში ბევრი რამ აწუხებდა, განსაკუთრებით კი, ოცდაათი წლის წინ დაწყებული გულის უკმარისობა. 2 წელს გადატანილი მიოკარდის ინფარქტის შედეგად გულის მხოლოდ 15% ფუნქციონირებდა, ამას პროსტატის კიბოც დაერთო, ხერხემლის ქვემო ნაწილში სტენოზის პრობლემა ჰქონდა, ერთ-ერთი ნერვი ეჭყლიტებოდა, სხეულის მთელ ქვემო ნაწილზე კონტროლს კარგავდა და წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა. მაგრამ სულიერად ან ფსიქოლოგიურად ამას არასდროს შეუწუხებია. პირიქით, ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს სულმოუთქმელად ელოდა; ერთი მხრივ, როგორც უამრავი ტანჯვა-წამებისგან ხსნას, ხოლო მეორე მხრივ, როგორც მარადიული ცხოვრებისა და ქრისტესთან პირისპირ შეხვედრის დასაწყისს. ძალიან მშვიდი იყო და მისი სიმშვიდე გარშემო მყოფთაც გადაეცემოდა. როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეკითხებოდნენ ვითარებას წყნარად, ყოველგვარი წუხილის გარეშე აღწერდა და იმედს გამოთქვამდა, რომ ყველაფერი დასასრულის მოახლოების, და შესაბამისად კი, ქრისტესთან პირისპირ შეხვედრის ნიშანი იყო. საღი გონება ცხოვრების უკანასკნელ დღემდე შეინარჩუნა. ძმებსაც და მომლოცველებსაც გამუდმებულად არიგებდა, მოუწოდებდა, განსაცდელებსა და ცხოვრების სირთულეებს რწმენით გამკლავებოდნენ. ხშირად მუერებდა ახალი აღთქმის სიტყვებს: „იგი იღუწის თქუენთჳს“ და „არასადა დაგიტევნე თქუენ ობლად“.

მისი სახე მადლით სავსე, მომღიმარი და სასიამოვნო მოსაუბრეს იმედს, ძალასა და მოღვაწეობისთვის მოშურნეობას შთააგონებდა. თვითონ კი, მიუხედავად სავალალო ფიზიკური მდგომარეობისა, მუდმივად სულიერი განახლებას განიცდიდა და სხვების დახმარებაც შეეძლო, ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდა. ამბობდა: „საჭირო რომ გახდეს თქვენთვის წამებაზე წავიდე, წავალ“, სიკვდილს მოუთმენლად ელოდა. ეს იშვიათი რამაა, განსაკუთრებით, დღეს ადამიანს სიკუდილი სწყუროდეს არა სასოწარკვეთილების გამო, ან სხვა რამე ადამიანური მიზეზით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის სიყვარულის გამო. ვეკითხებოდი ხოლმე: „მამაო, როგორ ბრძანდებით?” თითქოს ჩივილით მპასუხობდა: „შვილო, აი, მატარებელს ველოდები და არ მოდის. ქრისტესთან ჩემი წასვლის დრო მოვიდა. განუწყვეტლივ შევიგრძნობ მას, როგორც საკუთარ მამას. ისე ძლიერად ვგრძნობ მის სიახლოვეს, რომ მინდა მალე წავიდე. დასრულდა ჩემი ცხოვრება. რაც შემეძლო, გავაკეთე. ახლა ის დროა, წავიდე”.

ბერს ძალიან ფაქიზი სული ჰქონდა. არ უნდოდა საძმო რამენაირად დაემძიმებინა. ამბობდა: „ვთხოვ და ვემუდარე ბი ღმერთს, საძმოსთვის ტვირთი არ გავხდე. სიკვდილამდე შემეძლოს თავს მოვემსახურო. საწოლს ნუ მიმაჯაჭვებს. ეს მე ძალიან დამღლის. არაფერს არ მოვითხოვ ღმერთისგან, უბრალოდ, ჩემი სულის სურვილს გამოვხატავ. და მაინც… როგორც მას ენებოს, ისე მოხდეს“.

უფალმა მისი თხოვნა შეისმინა და ცხოვრების ბოლომდე შეძლო თავის თავს მომსახურებოდა. ერთი დღეც არ ჩავარდნილა ლოგინად. სანამ ძალა შესწევდა, სხვებს ემსახურებოდა. ეს მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იყო. არასდროს დათანხმებულა ვინმე მომსახურებოდა, გარდა იმ ძმისა, რომელიც მონასტერმა ცხოვრების უკანასკნელ წლებში დამხმარედ განუწესა. ეს ძმა ორ ეკვდერსა და ბაღს უვლიდა, შეშას აგროვებდა, ღუმელს ანთებდა, სისუფთავეზე ზრუნავდა და სხვა ამგვარი საქმეებით იყო დაკავებული. მაგრამ ბერი მაშინაც კი, როგორც შეეძლო, ორი კაცისთვის უბრალო საჭმელს სწორედ თვითონ ამზადებდა, უკანასკნელი სამი-ოთხი დღის გარდა, როდესაც სრულიად უძლური შეიქნა.


[1] პავლესა და ბარნაბა მოციქულების მოწაფე. ამ უკანასკნელის მოწამეობის შემდეგ – კვიპროსის მთავარეპისკოპოსი.

[2] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 2003 წლის 9/22 ნოემბერი.

[3] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 2005 წლის 18 თებერვალი/3 მარტი.

[4] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 2008 წლის 25 ივლისი/7 აგვისტო.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

Share