წმინდა მამები ამბობენ, რომ ეკლესია განღმრთობის ადგილია. განღრთობა კი – ღმრთის საჩუქარია. ეს არ არის ის, რასაც საკუთარი ძალისხმევით მივაღწევთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გვსურდეს, ვიშრომოთ, ვიღვაწოთ და მოვემზადოთ, რათა ამ დიდებული საჩუქრის მიმღებნი და დამტევნელნი გავხდეთ, რადგან ღმერთს არ სურს არაფერი ჩვენი სურვილისა და თავისუფალი ნების გარეშე.
ჩვენ ვიცით, რომ განღმრთობისაკენ სავალ გზაზე გარკვეული აუცილებელი წინაპირობები არსებობს.
სიმდაბლე
წმ. მამათა თანახმად, განღმრთობის უპირველესი წინაპირობა სიმდაბლეა. ამ კურთხეული სათნოების გარეშე ადამიანი მტკიცედ ვერ ივლის ამ გზაზე, მისი გული იქნება უუნარო ღმრთის მადლის მიღებისა და ვერ შეუერთდება ქრისტეს. იმის აღიარებისთვისაც კი სიმდაბლეა საჭირო, რომ ჩვენი ცხოვრების საზრისი განღმრთობაა. რადგან სიმდაბლის გარეშე როგორ აღიარებ, რომ შენი ცხოვრების საზრისი შენში კი არა, არამედ ქრისტეშია?
რაც უფრო ეგოცენტრულად ცხოვრობს ადამიანი, მით მეტად ფიქრობს, რომ თავადაა ცხოვრების საზრისი. მას სჯერა, რომ თავად შეიძლება გახდეს სრულყოფილი. ჩვენ ვცდილობთ, რომ სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ, მაგრამ იმდენად ავტონომიურად ვაქციოთ, რომ ამ სამყაროს ცენტრში ადამიანი დავაყენოთ და არა ქრისტე, რომელიც ყოველგვარი სიკეთის წყაროა. სწორედ ეს შეცდომა დაუშვა ადამმა, როდესაც დაიჯერა ის, რომ საკუთარი ძალებით შეეძლო ღმერთივით სრულყოფილი გამხდარიყო. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვთვლით, რომ სრულყოფილების მისაღწევად ქრისტესთან ურთიერთობაა საჭირო.
მართლმადიდებლობა თეოცენტრულია, მისი ცენტრი კი – ღმერთკაცი იესუ ქრისტეა. სწორედ ამიტომაა რთული მართლმადიდებლობა. რადგან იმისათვის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო, უნდა აღიარო ის, რომ სამყაროს ცენტრი შენ კი არ ხარ, არამედ ქრისტეა.
განღმრთობისკენ მიმავალი გზის დასაწყისი სიმდაბლეა. სიმდაბლეა საჭირო იმისათვის, რომ დავინახოთ საკუთარი სნეულება, დაცემულობა, ვნებითა და უძლურებებით აღვსებულობა.
ამიტომაც, იმისათვის, რომ ადამიანი ამ გზას არ გადაცდეს, საჭიროა ყოველისმომცველი სიმდაბლე. თუკი ის მიიღებს იმ აზრს, რომ ყველაფერი საკუთარი ძალების წყალობით არც თუ ისე ცუდად გამოსდის და სულიერად იზრდება, მაშინ მასში თანდათანობით სიამაყე ფესვს იდგამს. ის იმ წამიდან კარგავს ყველაფერს და ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. უნდა დაიმდაბლოს საკუთარი თავი, დაინახოს საკუთარი უძლურება და აღარ დაეყრდნოს საკუთარ თავს. მისი ერთადერთი საყრდენი ღმრთის მადლი უნდა გახდეს, რათა მუდამ იმ გზაზე იდგეს, რომელიც განღმრთობისკენ მიდის.
სწორედ ამიტომ ახდენს უდიდეს შთაბეჭდილებას წმინდანების სიმდაბლე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქრისტესთან ახლოს იყვნენ, მათში ქრისტეს ნათელი ბრწყინავდა და სასწაულებსაც აღასრულებდნენ, მაინც ფიქრობდნენ, რომ ყველა ადამიანზე უარესები იყვნენ. სწორედ ამ სიმდაბლემ აქცია ისინი მადლით ღმერთებად.
ასკეზა
წმინდა მამები იმასაც ამბობენ, რომ განღმრთობას სხვადასხვა საფეხური აქვს. ის იწყება ქვედა საფეხურით და უმაღლეს მწვერვალებამდე აღწევს. ჩვენ სიმდაბლით, სინანულითა და დიდი მოთმინებით ვიწყებთ ქრისტესკენ მიმავალ ყოველდღიურ ღვაწლს. ეს არის ღვაწლი ქრისტეს მცნებებში ვარჯიშისა, რომელიც ვნებებისაგან განწმენდის მდგომარეობაში მოგვიყვანს. წმ. მამები ამბობენ, რომ ქრისტე თავის მცნებებშია დაფარული და როდესაც ქრისტიანი ცდილობს, რომ მცნებების აღსრულებით ქრისტეს უერთგულოს, ის მას აუცილებლად შეხვდება და შეუერთდება.
მამების თანახმად, სწორედ ეს არის განღმრთობის პირველი საფეხური, რომლის დროსაც გვმართებს დიდი შრომა და ღვაწლი. ასე რომ, ქრისტეს მცნებების აღსრულების პრაქტიკა განღმრთობისაკენ მიმავალი გზის დასაწყისია
ეს ადვილი ნამდვილად არ არის, რადგანაც ძალიან დიდი ბრძოლა მოგვიწევს ვნებების აღმოსაფხვრელად. საჭიროა დიდი შრომა, რათა ჩვენი დაუმუშავებელი შინაგანი ნიადაგი თანდათანობით განვწმინდოთ სარეველებისა და ვნებების ქვებისაგან. შემდეგ კი სულიერად დავამუშავოთ, რათა მასში ჩანერგილმა ღმრთის სიტყვის თესლმა ნაყოფი გამოიღოს. სასიცოცხლოდ აუცილებელია საკუთარი თავის დიდი და მოუკლებელი იძულება ამ საქმეში. სწორედ ამიტომ თქვა უფალმა: ,, სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი’’(მთ.11:12). კვლავ მამები გვასწავლიან: ,,გაიღე სისხლი და მიიღე სული’’. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ვერ მიიღებ სულიწმიდას, თუკი ვნებებისაგან განწმენდის, ჭეშმარიტი სინანულისა და სათნოებათა მოხვეჭის ღვაწლში საკუთარი გულის სისხლს არ გაიღებ.
ყველა სათნოება ერთი დიდი სათნოების – სიყვარულის სხვადასხვა მხარეებია. მან, ვინც სიყვარული მოიხვეჭა, სხვა ყველა სათნოების მატარებელია. სიყვარულია ის, რაც ადამიანის გულიდან ყოველგვარი ბოროტებისა და ვნების მიზეზს – ეგოიზმს განდევნის. ჩვენში არსებული ყველა ბოროტების წყარო ეგოიზმი, ანუ საკუთარი თავის არაჯანსაღი სიყვარულია. სწორედ ამისთვის არსებობს ეკლესიაში ასკეზა. ასკეზის გარეშე არ არსებობს სულიერი ცხოვრება, არ არსებობს ღვაწლი და სულიერი ზრდაც შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ იმისთვის ვვარჯიშობთ მორჩილებაში, ვმარხულობთ, ღამეებს ვტეხავთ, ვშრომობთ მუხლდრეკებში, ფეხზე დგომაში, რათა ვნებებისგან განვიწმინდოთ. თუკი მართლმადიდებლური ეკლესია დაკარგავს ასკეტურ სულს, ის აღარ იქნება მართლმადიდებელი, რადგან ის ვეღარ დაეხმარება ადამიანს ვნებებისაგან განკურნებასა და განღრთობის მიღწევაში.
ეკლესიის მამებმა ძალიან დიდი და სიღრმისეული სწავლება ჩამოაყალიბეს ადამიანის სულისა და ვნებების შესახებ. ისინი ამბობენ, რომ სულს აქვს გონიერი და ვნებითი ნაწილი. ვნებითი ნაწილი შედგება გულისთქმითი და გულისწყრომითი ნაწილებისგან, ხოლო გონიერში კონცენტრირებულია სულის გონიერი მოქმედებები, ანუ გულისსიტყვები. გულისწყრომითი(მრისხანებითი) ნაწილი მოიცავს ისეთ დადებით და უარყოფით შეგრძნებებს, როგორებიცაა სიყვარული და სიძულვილი. გულისთქმითი(გულის სურვილები) ნაწილი კი სათნოებებისკენ მიმართულ კეთილ სურვილებსა და სიამეთმოყვარეობის ბოროტ ზრახვებს მოიცავს, როგორებიცა: ვერცხლისმოყვარეობა, გემოთმოყვარეობა, კუჭის მონობა, ხორცის მსახურება და სხვადასხვა ხორციელი ვნებები. თუკი ადამიანის სულის ეს სამი ნაწილი: გონიერი, გულისწყრომითი და გულისთქმითი ნაწილები არ განიწმინდება, ადამიანი ვერ მიიღებს საკუთარ თავში ღმრთის მადლს და შესაბამისად, ვერც განღმრთობას მიაღწევს. სულის გონიერი ნაწილი სიფხიზლითა და მღვიძარებით განიწმინდება. ეს არის გულისსიტყვათაგან გონების დაცვის მოუკლებელი მცდელობა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ შევინარჩუნოთ კეთილი გულისსიტყვები, ხოლო ბოროტნი განვდევნოთ. სულის გულისწყრომითი ნაწილი სიყვარულით განიწმინდება. და ბოლოს, გულისთქმითი ნაწილი თავშეკავებით განიკურნება. სულის სამივე ნაწილი იკურნება და განიწმინდება გონიერი ლოცვით.
ეკლესიის წმინდა საიდუმლოებები და ლოცვა
ადამიანის გულში ქრისტე ეკლესიის წმინდა საიდუმლოებების მიერ: ნათლისღების, მირონცხების, სინანულისა და ევქარისტიის მიერ დამკვიდრდება. იმ ქრისტიანს, რომელსაც ქრისტესთან ცოცხალი ურთიერთობა აქვს, მას საკუთარი გულით ატარებს.
ჩვენს გულში ნათლისღებითა და მირონცხებით დამკვიდრებულ საღმრთო მადლს ვნებები ფარავენ, ისევე როგორც ფერფლი ნახშირს. ასკეზისა და ლოცვის მეშვეობით ადამიანის გული ვნებებისგან განიწმინდება, მასში საღმრთო მადლის ნაპერწკალი აღენთება და მლოცველი საკუთარ გულში ქრისტეს შეიგრძნობს, რომელიც მისი არსებობის ცენტრი ხდება.
ნებისმიერი საეკლესიო ლოცვა გვეხმარება გულის განწმენდის საქმეში, მაგრამ განსაკუთრებულად ეგრეთწოდებული გონიერი იესუს ლოცვა: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. ეს ლოცვა ოდითგანვე დანერგილია ათონურ სულიერ პრაქტიკაში და შემდეგი უპირატესობები გააჩნია: ის მოკლეა, სულ რამდენიმე სიტყვისაგან შედგება და გონების კონცენტრირებაში გვეხმარება. შემდეგ, კონცენტრირებული გონების ყურადღებას გულში ვაკავებთ და იქ ქრისტეს მოვუხმობთ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ არ დავკავდეთ ამაო ფიქრებით, არც კეთილი და არც ბოროტი გულისსიტყვებით და მხოლოდ ქრისტე ვეძებოთ.
დროთა განმავლობაში, როცა უფალი ინებებს, ეს ლოცვა შეიძლება მოუკლებელი გახდეს. ეს არის მთელი მეცნიერება და წმინდა ხელოვნება, რომლის შესახებაც ჩვენი წმინდა მამები ტომებს უძღვნიდნენ, როგორიცაა მაგალითა წმინდა მამათა ტექსტთა კრებული ,,სათნოებათმოყვარეობა’’.
იესუს ლოცვა ეხმარება ადამიანს და არამიწიერ სიხარულს აძლევს მას. როდესაც ქრისტიანი ამ ლოცვაში წარემატება, მისი ცხოვრება ქრისტეს მცნებებთან თანხვედრაში მოდის და საღმრთო მადლის გულისმიერ გამოცდილებას იღებს. ის იწყებს ქრისტესთან ურთიერთობის სიტკოების გემოსხილვას და საკუთარი გამოცდილებით შეიცნობს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას: ,, განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი’’(ფს.33:9). ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ღმერთი რაღაც განყენებული იდეა კი არ არის, რომლის შესახებაც ვფიქრობთ, ვსაუბრობთ ან ვკითხულობთ, არამედ ცოცხალი პიროვნება, რომელთანაც შეგვიძლია ცოცხალი, პიროვნული ურთიერთობის დამყარება, რომელსაც საკუთარი გამოცდილებით შევიგრძნობთ.
შემდეგ ვნახავთ, თუ როგორი დიდებული, გამოუთქმელი და განუზომელი ბედნიერებაა საკუთარ გულში ქრისტეს შეგრძნება და ის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ.
ერში მცხოვრები ქრისტიანებს, რომლებიც მრავალ საზრუნავებსა და საქმიანობებში ცხოვრებენ, ძალიან დაეხმარებათ, თუკი ისინი დღის განმავლობაში მყუდროდ განმარტოებისა და იესუს ლოცვაში ვარჯიშისთვის გარკვეულ დროს მაინც გამოყოფენ.
რა თქმა უნდა, თუკი ისინი თავიანთ საქმეებს ღმრთის სადიდებლად, სიმდაბლითა და სიყვარულით აღასრულებენ, უფალი აუცილებლად შეეწევა მათ, მაგრამ იესუს ლოცვა მაინც აუცილებელია. კარგი იქნება, თუ სულიერი საკითხავის შემდეგ მყუდრო ოთახში განვმარტოვდებით, საკმვეველს დავანთებთ და ხმაურისა და ქაოსისაგან რაც შეიძლება შორს მყოფნი, საკუთარ გონებას გულში მოვაქცევთ და იქ ქრისტეს მოვუხმობთ: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. როგორ სიმშვიდეს, როგორ ძალას გრძნობს სული ამ წმინდა მყუდროებისას! როგორ ეხმარება ადამიანს ეს ღვაწლი იმაში, რომ მთელი დღე სიმშვიდეში გაატაროს ნერვიულობის, დაძაბულობისა და სტრესის გარეშე!
ზოგიერთი ადამიანი ხელოვნური საშუალებებით ცდილობენ, რომ სულიერი სიმშვიდე ეგრეთწოდებულ აღმოსავლური რელიგიებში მოიპოვოს, რომელიც აღსავსეა ხიბლითა და დემონური სულით. ისინი ცდილობენ, რომ ფსიქო-სომატური ვარჯიშებით, მედიტაციითა და სხვა საშუალებებით სიმშვიდე მოიპოვონ, რათა სულიერი და ფიზიკური ძალების ბალანსს მიაღწიონ. შეცდომა აქ იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ადამიანი განეშორება სხვადასხვა აზრებს, ფიქრებს და მატერიალურ სამყაროს, ის ღმერთთან კი არ ურთიერთობს, არამედ საკუთარ თავთან.
წყარო: https://azbyka.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©