მართლაც, 2009 წლის 18 ივნისს/1 ივლისს, როდესაც ერში წმინდა უვეცხლოების – კოზმასა და დამიანეს დღესასწაულია და ის მონასტერი, სადაც ბერი დაიბადა, სადაც მან პირველად სასწაულებრივად იხილა ამქვეყნიური ნათელი, თავის უმთავრეს დღესასწაულს ზეიმობს – მოვიდნენ უვრეცხლოები და ქრისტესთან წაიყვანეს. წინა დღეს, 30 ივნისს, დილით ბერს მოუთმენლობა შეეტყო. ძმას, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა, ეუბნებოდა: „ალბათ, დღეს წავალ, რადგან სიკვდილს ვგრძნობ“. მთელი დღის განმავლობაში საღგონებაზე იყო და განუწყვეტელი დიალოგი ჰქონდა მ. ათანასესთან. წინდაწინ მწუხრიც კი წაიკითხა. შუადღის მერე მდგომარეობამ გაუარესება დაიწყო. სუნთქვა გაუჭირდა, წნევა დაუვარდა და არითმია დაეწყო. მამა ათანასემ სასწრაფოდ დამირეკა. მივედი და ლოცვა წავუკითხე, მანაც დამლოცა და უკანასკნელად მითხრა: „ვერ ვარ კარგად. მივდივარ“. ამის შემდეგ, თუმცა ყველაფერი ესმოდა, ლაპარაკი აღარ უნდოდა. მხოლოდ დაბალ ხმაზე განუწყვეტლივ იმეორებდა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, ზოგჯერ კი: „ყოვლადწმინდაო ღმრთისმშობელო, მაცხოვნე მე“ სხვა უფროსი ძმებიც მივიდნენ და ლოცვა-კურთხევა აიღეს, უმეტესობამ კი იგი ვერ ნახა, რადგან ბერს ძალა აღარ ჰქონდა. უკანასკნელი ადამიანი, ვისაც ელაპარაკა, იყო მ. ათანასეს და – მარიამი, რომელიც ძალიან იშვიათად რეკავდა. თანაც, მან შემთხვევით დარეკა, ანუ არ იცოდა, რომ ბერი ცუდად იყო. ეს დაახლოებით 14:30 საათზე მოხდა. საღამოს რვა საათისთვის ბერი მ. ათანასეს მშვიდად შეეკითხა: „ამ ეშმაკებს აქ რა უნდათ?“ ცოტა ხანში კი სხვა კითხვა დაუსვა: „ეს წმინდანები რომ მოვიდნენ, ჩვენთან ერთად დარჩებიან და დაგვეხმარებიან?“ მამა ათანასემაც, დიახ, ჩვენთან დარჩებიან და დაგვეხმარებიანო. ამის შემდეგ მოძღვარი სრულიად დამშვიდდა. ცხრის ნახევარზე ათონის სამედიცინო ცენტრის ექიმი მოვიდა კარიესიდან, რომელმაც გასინჯა და თქვა, რომ ხუთიოდე საათის განმავლობაში ამ ქვეყანას დატოვებდა. რაც შეეძლო გააკეთა, მაგრამ მდგომარეობა უკვე გამოუვალი იყო. ბერი იწვა. იესოს ლოცვას შეუჩერებლად ამბობდა და პირჯვარს იწერდა. ზოგჯერ წამოჯდებოდა ხოლმე, რადგან სუნთქვა უჭირდა. მალევე იღლებოდა და ისევ წვებოდა. ასე რამდენიმე ხანს გაგრძელდა. შუაღამეს ისევ წამოჯდა და იკითხა: „როგორ გრძელდება ის ტროპარი, ახლა რომ ვამბობ?“. ძმებმა, რა თქმა უნდა, ვერაფერი უთხრეს. თურმე, ბერი ბოლო სამი თვის განმავლობაში ძილშიც კი სხვადასხვა წმინდანების მსახურებებს კითხულობდა. ლოცვა და ღმრთისმსახურება მისი ბუნების განუყოფელი ნაწილი იყო როგორც ნათქვამია: „მე მძინავს, და გული ჩემი მღვძარე არს“, პირველი ივლისის ღამეს, მიახლოვებით 2:30 საათზე, ოთხშაბათ დღეს, ბერმა იოსებმა უკანასკნელად გადაიწერა პირჯვარი და სული თავის საყვარელ შემოქმედს მიაბარა შემდეგი სიტყვებით: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. განეშორა ამ წუთისოფელს და იმ წმინდა მამათა მწყობრს შეუერთდა, ვისაც მთელი ცხოვრება ჰბაძავდა შრომითა და ჯაფით, თავგანწირვით, მორჩილებით, სიმდაბლითა და სიყვარულით.
ხსენებული ექიმი წერს: „დიდ პატივად და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ლოცვა-კურთხევად მივიჩნევ იმას, რომ ბერ იოსებ ვატოპედელის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ წუთებში, როგორც ექიმი, მის გვერდით აღმოვჩნდი. 2009 წლის 30 ივნისს, მიახლოვებით საღამოს 21:00 საათზე, სასწრაფოდ გამომიძახეს, რადგან მისი ჯანმრთელობის ძლიერი გაუარესება შეიმჩნეოდა. მართლაც, სრულიად ძალგამოცლილი დამხვდა: დაბალი წნევა, გულის უკმარისობისა და ფილტვების შეშუპების სიმპტომები ჰქონდა. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თუნდაც რამდენიმე საათით გამეხანგრძლივებინა მისი სიცოცხლე. ბერ იოსებს კარგად ვიცნობდი, ძალიან მიყვარდა და დიდ პატივს ვცემდი. რამაც განსაკუთრებით გამაკვირვა, იყო ის, რომ არ უთხოვია, ექიმო, გადამარჩინეო, რასაც მომაკვდავების უმრავლესობა ითხოვს, არამედ პირჯვარს იწერდა და განუწყვეტლივ ჩურჩულებდა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და „ყოვლადწმინდაო ღმრთისმშობელო, მაცხოვნე მე“. სახეზე არაამქვეყნიური სიმშვიდე ჰქონდა აღბეჭდილი და ჩანდა, რომ გონებით წუთისოფელს უკვე მოშორებოდა. დროთა განმავლობაში პირჯვრის წერასა და ლოცვას მოუკლო, რადგან ძალები უკვე საბოლოოდ ტოვებდა. უკანასკნელ წუთებში თითქოს ზეციურ ძალებს ელაპარაკებოდა. სული სრული მშვიდობით განუტევა. იმწუთას შევიგრძენი, რომ კიდევ ერთი წმინდა მონაზონი სამოთხეში გადავიდა. როგორც ადამიანს კი, რა თქმა უნდა, მეწყინა და ცრემლებიც წამომცვივდა.
სიკვდილის შემდეგ ყველა საჭირო პროცედურა ჩატარდა, ხოლო ბერის სახეზე მშვიდი ღიმილი გამოისახა, რაც პირადად ჩემთვის მისი წმინდა აღსასრულის კიდევ ერთი ნიშანი გახდა. ოცდაათი წელია ექიმი ვარ და მრავალი ადამიანის. აღსასრული მინახავს. მინდა ვაღიარო, რომ ბერ იოსების გარდაცვალება წარუშლელად დარჩება ჩემს მეხსიერებაში, რადგან ზებუნებრივი მშვიდობა და ზეციური ღიმილი ეფინა სახეზე, როგორც ნიშანი იმისა, რომ ამქვეყნიური წმინდა ცხოვრებით ადამიანი სამოთხეში ადგილს იმკვიდრებს. მწამს, რომ ბერი ზეცაში ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანზე მარადიულად ილოცებს, განსაკუთრებით კი, ათასობით თავის სულიერ შვილზე და რა თქმა უნდა, ათონის მთასა და ვატოპედის სავანეზე“.
ბერის მიცვალების ამბავი მალე გავრცელდა და მიუხედავად იმისა, რომ წესის აგებამდე, რაც იმავე დღის 18:00 საათზე დაინიშნა, ძალიან მცირე დრო იყო, გასვენებაზე უამრავი ხალხი შეიკრიბა, კვიპროსიდანაც კი ჩამოვიდნენ ქრისტესმიერი ძმები. მსახურებას ჩვენი ძმა და ბერის სულიერი შვილი, ლიმასოლელი მიტროპოლიტი ათანასე აღასრულებდა. ესწრებოდნენ: კასტორიელი მიტროპოლიტი სერაფიმე, ეპისკოპოსები: ლიდრელი ეპიფანე, კვიპროსის მახერას მონასტრის წინამძღვარი, და პოლონეთის ეკლესიის წარმომადგენელი გრიგოლი. გასვენებაზე აგრეთვე მობრძანდნენ ათონელი წინამძღვრები: დიონისიელი პეტრე პანტოკრატორელი გაბრიელი, ზოგრაფელი ამბროსი, კარა კალელი ფილოთე, ფილოთეველი ნიკოდიმე, სიმონპეტრელი ელისე და ქსენოფონტელი ალექსი. ესწრებოდნენ აგრეთვე ათონის პროტოეპისტატი და ეპისტასიის წევრები; აფერთა, ქილანდარის, კუტლუმუშის, ქსროპოტამის, წმინდა პავლეს, გრიგორიუს, ქაფიგმენის, წმინდა პანტელეიმონისა და კონსტამონიტუს მონასტრის წარმომადგენლები; მთაწმინდის კიდევ სხვა მცირე სავანების და მის გარეთ არსებული სხვა მრავალი სავანის წინამძღვრები, ასევე მრავალი ერისკაცი. დამსწრეთა უმეტესობა ვიყავით ისინი, ვინც ბერმა ქრისტეს მიერ სულიერად გვშვა და მარადიული ცხოვრების სიტყვებით აღგვზარდა. მსახურების ბოლოს მეუფე ათანასემ შემდეგი სიტყვა წარმოთქვა:
„ყოვლადსამღვდელონო მღვდელთმთავარნო და ღირსნო მამანო! მითხრეს, რამდენიმე სიტყვა მეთქვა ჩემი ცხოვრებისა და სავანის ისტორიისთვის ამ მნიშვნელოვან წუთებში. არ არის ადვილი შენს მოძღვარზე ილაპარაკო. მითუმეტეს, არაა ადვილი ილაპარაკო ისეთ მოძღვარზე, როგორიც ბერი იოსებია, რომელიც 72 წელი ქრისტეს მონაზვნური ცხოვრებით ემსახურა, თანაც მონაზვნური გადმოცემის განუხრელად დამცველთა რიგებში. ვუყურებ ახლა მის პატიოსანი ნეშტსა და ამდენ ხალხს და ვფიქრობ თუმცა კი არ ვფიქრობ, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ბერი. პირველადაა ასეთი პატივის ცენტრში, რადგან მთელი ცხოვრება ადამიანურ დიდებასა და პატივს გულმოდგინედ გაურბოდა. ამქვეყნად სურდა პავლე მოციქულის ის სიტყვები განეხორციელებინა, რომლებსაც ჩვენც ხშირად გვიმეორებდა: „ჩუენ მოგვემადლა ქრისტესთვის არა მხოლოდ სარწმუნოება, არამედ ვნებაც“. ბერს ბავშვობიდან დავემოწაფეთ იგი და რამდენადაც შევძელით, მის მოწამეობრივ ცხოვრებით მივდიეთ. ამ წუთებში მინდა მისდამი უღრმესი და უზომო მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ თავისი სიტყვით, უმთავრესად კი საკუთარი მაგალითი გვიჩვენა, თუ რას ნიშნავს, გიყვარდეს ქრისტე. ამასთანავე, მინდა გამოვხატო სინანული და ბოდიშიც მოვუხადო იმისთვის, რომ ამ მრავალი წლის მანძილზე, როდესაც გვზრდიდა, გვითმენდა, გვარიგებდა, უამრავჯერ ვაწყენინეთ, დავღალეთ, გული ვატკინეთ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მამობრივი გული ასეთ რამეებს ყურადღებას არ აქცევდა, ყველას იტევდა, რადგან გულში თავად ქრისტე ჰყავდა.
თვალწინ სულ ის მიდგას, რაც პირველად თვრამეტი წლისამ ვნახე – როგორ ეზიარებოდა არა უბრალო ცრემლებით, არამედ ცრემლების მდინარით. რამდენი წელიც ვაზიარებდით, მე და სხვა მამები, არასდროს გვინახავს ამ ცრემლების გარეშე ზიარებულიყო. მხოლოდ ესაა საკმარისი მისი სულიერების დასამტკიცებლად; იმისა, რაც ამსოფელმა არ უწყის, მაგრამ ღმერთს მოეხსენება. ამ სულიერების ნაყოფი კი მისი უამრავი სულიერი შვილია. დარწმუნებულები ვართ, რომ ბერი ახლა „სავანესა მართალთასა“ განისვენებს. მის ლოცვა-კურთხევასა და მფარველობას ვითხოვთ. ვთხოვთ მას, რომ ილოცოს ჩვენთვის, რათა ღმერთმა თავისი ნათელი მოგვანიჭოს და ისე წარმარნმართოს ჩვენი ცხოვრება, რომ მის მაგალითს მივბაძოთ. ვთხოვთ ილოცოს თავისი სულიერი შვილებისთვის, რომ ჩვენ, ყველანი, მის გზას გავყვეთ, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ეს გზა. ახლა, როდესაც მან გზა დაასრულა, მისი ცხოვრებისა და მისი პატიოსანი ნეშტის შემხედვარენი ვხვდებით, რომ საწადელს მიაღწია, გვირგვინი მიიღო და ღმერთის ხელში განისვენებს ბერი ყოველთვის ამბობდა: „მნიშვნელოვანი ისაა შვილო, უკანასკნელ დღეს რას იტყვის ღმერთი, თორემ ადამიანების შეფასება ამაოა“. იმაშიც დარწმუნებულები ვართ, რომ მისდამი ქრისტეს სიტყვა ის იქნებოდა, რასაც ხშირად იმეორებდა ხოლმე: „კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო!.. შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“. ამბობდა, უკანასკნელ დღეს ქრისტე შეხედავს ადამიანის სულს და თუ კაცი მას ამქვეყნიურ ცხოვრებაში მისდევდა, ამ სიტყვებს ეტყვისო. დაე მისი ლოცვა გვფარავდეს, შეგვინდოს და გვაკურთხოს. მისი ცხოვრება, როგორც ნამდვილი მონაზონისა, მუდამ თვალწინ გვქონდეს. ყოველთვის წინ წაგვიძღვეს, შთაგვაგონოს, გაგვანათლოს და დაგვმოძღვროს. ამინ”.
ეს კი ჩვენი სიტყვაა:
„ყოვლადსამღვდელონო მღვდელთმთავარნო, ღირსნო მამანო!
ამ წუთებში სულიერი ნოსტალგიით ვიხსენებთ იმ ყველაფერს, რაც ამ სულიერ ადამიანთან გვაკავშირებს, რომელმაც ღმერთი ასე ძლიერად შეიყვარა. რაც არ უნდა შემთხვეოდა, ჭირი იქნებოდა ეს, მწუხარება, თუ განსაცდელი, იგი ყოველთვის გრძნობდა ღმერთის მამობრივ მზრუნველობას და მადლის თანამყოფობას. ბერ იოსებს ვიცნობდით, როგორც მეუფე ათანასემ აღნიშნა, არა ამქვეყნიური დიდებითა და პატივით გარემოცულს, რადგან ამას ყოველთვის გაურბოდა: „მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას“. მთელი ცხოვრება ადამიანთა თვალს მიფარებით გაატარა და ამ უცნობელობაში წარმოაჩინა თავისი სათნოებისა და სიწმინდის სიდიდე.
სამწუხაროდ, ბერზე საკმაო აუგიც ითქვა, რადგან მას იშვიათი თავისუფლება ახასიათებდა და ხშირად მისი არასწორად ესმოდათ. ვხედავდით, რომ ყოველთვის უდრტვინველად ითმენდა სხვადასხვა ბრალდებასა და ცილისწამებას. ხშირად ვეკითხებოდით: „რას გრძნობთ იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ბრალს გდებენ და თანაც იცით, რომ ეს ბრალდებები უსამართლოა?“ ბერი გეპასუხა „ცუდს არაფერს ვგრძნობ, არც ძნელი მეჩვენება ამის ატანა, რადგან მე იმათზე მეტად განვიკითხავ საკუთარ თავს”. ვხედავდით, რომ მხრებზე ჯვარი ეტვირთა და გვიკვირდა, როგორ ეზიდებოდა ამ მძიმე ჯვარს. ყოველთვის ისეთ განწყობაზე იყო, თითქოს ეს განსაცდელი მას კი არა, სხვას შეემთხვა. ქრისტესადმი ჰქონდა მზერა მიპყრობილი და მისი სიყვარულით იკვებებოდა და ძლიერდებოდა. ამბობდა: „ქრისტე ჩვენთვის ყველაფერია“.
გვასწავლიდა, უფლისადმი სიყვარული გვქონოდა, არაფერს დაეპყრო ჩვენი გული ქრისტეს გარდა. და აი, თავისი მოძღვრის გარდაცვალების ორმოცდაათი წლის თავზე თავის სულიერ მამას, ბერ იოსებ ისიქისტს ღმერთის წიაღში მიჰყავს. მახსოვს, გვეუბნებოდა, რომ ყველაზე დიდი წყალობა, რაც ღმერთმა მასზე მოღო, იყო ის, რომ ათონზე მოვიდა და თავის მოძღვარს დაემოწაფა, რომელიც ჩვეულებრივი კა არა, არამედ განწმენდილი ბერი იყო. ამბობდა: „მწყუროდა ათონზე ჩამოვსულიყავი და ის მეპოვა და მენახა, რასაც წიგნებში ვკითხულობდი. და მართლაც ვიპოვე ეს ადამიანი. მისი დარიგებით, მისი მფარველობით, მისი ლოცვა-კურთხევით მივიღე ის, რაც მსურდა. ზოგჯერ გონება ისე მეხსნება, რომ სულთმოფენობას ვგრძნობ. ასე შევძელი მე, უწიგნურმა ორკლასდამთავრებულმა ასეთი საღმრთისმეტყველო წიგნები დამეწერა“. ღმრთისმეტველება იყო ჩვენი ბერის განსაკუთრებული ნიჭი. მწამს, რომ იგი ახლა ზეცაში განისვენებს. გულისშემძვრელია ის წუთი, როდესაც ადამიანი სულიერ მოძღვარს შორდება. წმინდა მამები ამბობენ, რომ სულიერი ნათესაობა ხორციელ ნათესაობაზე უფრო მჭიდროა. იმ ადამიანს ვშორდებით. ვინც უზარმაზარი მამობრივი სიყვარული და მზრუნველობა გვიჩვენა: ვინც დიდი მოთმინებით ჩვენი უძლურებები და ნაკლი აიტანა. ხშირად, თუ სწორად ვერ მოვიქცეოდით ხოლმე, შეიძლება უკმაყოფილება გამოეხატა, მაგრამ როდესაც პირადად შევხვდებოდით, მის უზომო მამობრივ სიყვარულსა და მზრუნველობას ვხედავდით. ძალიან ბევრს ლოცულობდა, რომ ღმერთს ჩვენთვის სულიერი თვალები აეხილა და ცხოვრების ნამდვილი აზრი გაგვეგო.
მეც, ჩემი მხრივ, მეუფე ათანასეს შემდეგ, და მთელი საძმოს სახელით, მინდა შენდობა ვთხოვო ყველაფრისთვის, რითაც დავამწუხრეთ. ოცდარვა წლის განმავლობაში აუცილებლად გავაკეთებდით ბევრ ისეთ რამეს, რაც ღმერთს არ უნდოდა და არ იყო სწორი. ახლა ხორციელად ვშორდებით ერთმანეთს, მაგრამ მისი ძლიერი და მარადიული ლოცვების იმედი გვაქვს, რომელიც სამოთხიდან შეგვეწევა და არ მოგვაკლებს მის მამობრივ მზრუნველობასა და მფარველობას. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი“.
რამდენიმე ხანში არიზონადან მისი სულიერი ძმის, ბერ ეფრემის წერილი მოვიდა.
წმინდა ანტონის მონასტერი 7-9-2009
ჩემო პატივცემულო მამა ეფრემ,
ქრისტეს მიერ გამხნევდით.
მესმის თქვენი სამართლიანი სევდა და წუხილი.
ისიც მართალია, რომ, როდესაც ჩვენი მოძღვარი იოსები გარდაიცვალა, ჩვენც დავნაღვლიანდით. მაგრამ უმეტესად მშვიდობასა და ნეტარებას, აღდგომის სიხარულს ვგრძნობდით. [ეს განწყობა] თავისით მოვიდა, არ გვითხოვია. კი, დავკარგეთ დიდი საყრდენი, მასწავლებელი, მამა, ღმერთის მერე პირველი მფარველი, რომელიც ჩვენს ცხოვრებას მკაცრად ადევნებდა თვალს. მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ როდესაც ღმერთის ასეთი მონა ისტორიის ასეთ რთულ პერიოდში ამდენი შრომის შემდეგ ღმერთთან მიდის, ეს ჩვენთვის მხოლოდ პატივი და დიდებაა. იმავეს ვიტყოდი ჩემს უსაყვარლეს სულიერ ძმაზე, იოსებზე, რომელიც იმქვეყნად გაემგზავრა. ამ ღვთივკურთხეულ ადამიანზე საუკეთესო მოგონებები დამრჩა. ყველანი საბოლოოდ ამ მგზავრობისთვის უნდა გავემზადოთ, რათა ჩვენს მამასა და ღმერთთან ვიყოთ. ქრისტეს უყვარხართ და ზრუნავს თქვენზე. მხნედ იყავით, გისურვებთ, რომ უფალი იყოს თქვენთვის ყველაფერი, ახლაც და ყოველთვის. ძმურ სიყვარულსა და ლოცვა-კურთხევას გიგზავნით.
ყველაზე უკანასკნელი,
ბ. ეფრემი.
„ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით“
ჩვენი მამების თქმით, რომლებმაც ბერის ნეშტი დასამარხად მოამზადეს, ბერს გარდაცვალების შემდეგ სახეზე ტკივილებისგან გატანჯული ადამიანის გამომეტყველება ჰქონდა. ეს ბუნებრივია მათთვის, ვინც მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვლება. მიუხედავად ყოველგვარი მცდელობისა, მისი ოდნავ ღიად დარჩენილი ბაგეების დახურვა შეუძლებელი გახდა. რამდენიმე საათის შემდეგ მამებს ვუთხარი, რომ მისი გატანჯული გამომეტყველების მიუხედავად, მისთვის სახე ღიად დაეტოვებინათ (ჩვეულებრივ, სხეული მანტიით სრულად იფარება). მამებმა სწორედ მაშინ იხილეს, რომ ბერს პირი დახურული ჰქონდა და იღიმებოდა.
ერთ-ერთ სამონაზვნო კონფერენციაზე ბერის გარდაცვალებაზე ვისაუბრე: „ჩვენი ნეტარი ბერი 2009 წლის ივლისს გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ გაიღიმა, რითაც საყოველთაო აღდგომის ჭეშმარიტება დაამტკიცა.
ბერმა ცილისწამებულთა და დევნილთა სიხარული განიცადა, თანახმად უფლის სიტყვებისა: „ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“. ბერმა იმიტომ გაიღიმა, რომ მთელი ამქვეყნიური ცხოვრება თავის სულს სინანულის სულიერი ცრემლებით განასპეტაკებდა. „ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით“ – ეს სიტყვები იმ ღმერთკაცის უტყუარმა ბაგეებმა წარმოთქვა, რომელიც ბერმა ამ ცხოვრებაში ასე შეიყვარა. როდის გაუცინია მკვდარს? მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ბერი არ მომკვდარა, არამედ გარდაიცვალა. როგორც უფალი ბრძანებს: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ“. მიიცვალა და მწუხარების წილ საძმოს თავისი აღდგომის სიხარული მიანიჭა. მაშინ ძალიან საგრძნობი იყო უფლის თანამყოფობა და ის სიხარული, რაც იმ დროს ზეცამ განიცადა. საგრძნობი იყო, რომ ბერი სრულად ტკბებოდა ღმერთის შვილობის ნეტარებით და იმ კადნიერებით, რაც მან ქრისტესადმი იმ ზომით შეიძინა, რომ საკუთარი სხეულის მდგომარეობის შეცვლაც კი შეძლო. იგი ვატოპედის მონასტრის სულიერი განმაახლებელი გახდა, როგორც ეს ბერებმა – ეფრემ კატუნაკელმა და პორფირი კავსოკალიველმა იწინასწარმეტყველეს.
წუთისოფელში ბერი ნებსით ირჩევდა ყოფილიყო შეუმჩნეველი, უსიტყვოდ მოეთმინა ცილისწამებები, უპატიოება და ამიტომაც უფალმა იგი განადიდა. ბერს ყვედრება კიდეც უხაროდა და ამბობდა: „ესენი, შვილო, ჩვენი კეთილისმყოფლები არიან. იქნებ მათი მეშვეობით ცოტა შვება ვპოვო ცაში“. თავისი ღიმილით ბერმა თვალსაჩინოდ დაამოწმა, რომ ღმერთის, როგორც თავისი მამის მიმართ ნამდვილი და ერთგული შვილის კადნიერება შეიძინა. ის ღმერთის მამობას ამქვეყნადაც გრძნობდა. პირად შეხვედრებში უთქვამს: „მის მამობრივ წიაღს ვეყრდნობი და განუწყვეტლივ ვგრძნობ მის სიყვარულს“.
წესის აგების შემდეგ მისი ნეშტი მონასტრის საკრებულო ტაძრის ჩრდილო- აღმოსავლეთით დაიკრძალა. ეს ადგილი ამ მიზნით დიდი ხნის წინ იყო შერჩეული. მოძღვრისთვის არასდროს გაგვიმხელია. თუმცა, როგორც ჩანს, მას ეს ღმერთმა აუწყა: გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ერთი ნაცნობი ექიმი ესტუმრა, რომლის დედაც ბერის სულიერი შვილი გახლდათ“. საუბრის დროს იმ ადგილას მივიდნენ, სადაც დღეს მისი საფლავია. „ელეფთერ, ეს ადგილი როგორ მოგწონს? საფლავისთვის გამოდგება?“ – ჰკითხა მას ბერმა მოულოდნელად, მაგრამ სანამ მოსაუბრე პასუხს გასცემდა, თვითონვე დაასწრო და დაამატა „მგონია, შესაფერისი ადგილია: საკურთხეველთანაც ახლოა და მამებთანაც ახლოს ვიქნები“. საფლავზე ჯვარი აღიმართა შემდეგი წარწერით: „აქ განისვენებს მონა ღმრთისა ბერი იოსებ მონაზონი. დაიბადა 1-7 1921 წელს. გარდაიცვალა 88 წლისა 18-6/1-7-2009 წელს“. ერთ-ერთი ბოლო დარიგება, რასაც მანამდეც ხშირად გვიმეორებდა და რასაც ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, იყო შემდეგი: „გიყვარდეთ ერთმანეთი. თუ სიყვარულით გაერთიანდებით, ვერავინ ვერასდროს ვერაფერს დაგიშავებთ. სიყვარული ღმერთის თვისება კი არ არის, არამედ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. სიყვარული მარტოოდენ სათნოება არ არის, ის ჩვენი პიროვნების სრულყოფილების საზომს გამოხატავს. სიყვარული თვით ქრისტეს პიროვნებაა. პიროვნება სიყვარულის გარეშე არ არსებობს. ვინც სიყვარულით ცხოვრობს, ის სხვას არასდროს აყვედრის, არ განიკითხავს, არ ურჩობს, არ იბუტება. სიყვარული ჩვენი მოვალეობაა, ჩვენი ონტოლოგიური ელემენტია. მტრების სიყვარული და მოყვასისთვის თავის დადება გვევალება. ეს თავად უფალმა გვიჩვენა თავისი ცხოვრებით და არა მხოლოდ თეორიული დარიგებით“.
ბევრია შემთხვევა, როცა ბერი ადამიანებს ეცხადება, ანუგეშებს, ეხმარება, მაგრამ ამაზე ჩვენ შემდგომში დავწერთ. ის ზებუნებრივ მოვლენებს არასდროს აქცევდა ყურადღებას. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანს შინაგანი ცხოვრებით ეცხოვრა და საღმრთო მადლისმიერი, ბუნებაზე აღმატებული სულიერი ცხოვრება გაეთავისებინა. ღმერთმა ინებოს, რომ მისი მამობრივი სიყვარული და ლოცვა-კურთხევა მუდამ ჩვენთან იყოს, რათა არა მარტო მისი ანდეძის აღსრულება შევძლოთ, არამედ ყველა მისი სიტყვისა, რომელიც ამოდენა სულიერი ძალის მქონე პირადი ცხოვრების მაგალითით გვასწავლა. თითოეულმა ჩვენგანმა თავისი საზომისაებრ იღვაწოს იმ ზეციურ მხედრობაში, სადაც სულიწმიდამ მოგვიწოდა და მიგვიზიდა. ბერი ყოველთვის უფლის სიტყვებს გვახსენებდა: „ვერვის ხელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა“; რათა არა მხოლოდ ზეციური სიმდიდრე მოგვანიჭოს, არამედ თვით ღმერთის შვილები გაგვხადოს. ამ შვილობას, შესვლას ჭეშმარიტ ღმერთკაცობრივ ოჯახში, სიყვარულში, სიხარულში, ნათელსა და საღმრთო ნეტარებაში, ბერის ლოცვებით ვუსურვებთ ამ წიგნის ყველა მკითხველს, ყველას ვინც მას იცნობდა და ვინც მას არ იცნობდა. ამინ.
წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020
მთავარი ფოტო: ბერი იოსებ ვატოპედელი, წყარო https://asceticexperience.com