გზა თავისუფლებისკენ – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი

სულისთვის აუცილებელია საკუთარი განდევნილობის, ოთხ კედელს შორის ჩაკეტილობის, ქრისტესგან განშორებულობის, სიშიშვლისა და ცოდვილობის დანახვა. შემდეგ დგება გადაწყვეტილების მიღების კრიტიკული მომენტი – ლეღვის ფოთლები შეიმოსო და ღმერთს დაემალო, თუ წარსდგე მის წინაშე და უთხრა: ,,აქ ვარ, ღმერთო ჩემო, განშიშვლებული სული’’.

საკუთარი სიშიშვლისა და ცოდვილობის აღიარებით, სული სინანულისკენ მიიდრიკება. თუმცა, შინაგანი გარდაქმნის დრო ჯერ არ დამდგარა. სინანულის ჟამს სული თითქოს ერთგვარ წრიულ მოძრაობას ასრულებს, ხდება ისეთი, როგორიც ღმერთმა ჩაიფიქრა და ამასთან ერთად, იწყებს ქრისტეს ძიებას. პოვნამდე ჯერ კიდევ შორია…

ჩვენი სული ჯერ ასკეტურ ღვაწლშია. ეს არის ცოცხალი ღმერთის მიღებისა და მისი მადლის მოხვეჭისთვის მზადება. შედეგად სული შემდგომ საფეხურზე ადის და იწყებს განცდას საღმრთო მადლისა, რომელიც მას ნათელს ანიჭებს და უქმნელ საღმრთო ენერგიებთან აზიარებს. სულიერი ცხოვრების ამ სტადიაზე ღმერთთან ურთიერთობის ნამდვილი და გამოცდილებისეულად შესაგრძნობი ნიშნები შეიმჩნევა.

ღმერთის გაცნობით სული საკუთარი თავის შემეცნებას იწყებს. ის თავის ქვეცნობიერ სამალავებს ხნის და თვალნათლივ იწყებს ხედვას, თუ რა ხდება იქ. ეს აღმოჩენა მას ურთულესი არჩევანის წინაშე აყენებს: ან დაეცეს, ან წამოდგეს. დაცემაში იგულისხმება საკუთარი შინაგანი და ქვეცნობიერი ჭუჭყის დამალვა და მისი უყურადღებოდ დატოვება.

თუ სული ამ წინაღობას გადალახავს, იგი ქრისტესკენ სავალ გზაზე დადგება და აუცილებლად დაიწყებს საკუთარი შინაგანი სამყაროს ღრმა კუნჭულების განწმენდის მცდელობას მოუკლებელი ლოცვით, შრომითა და ცრემლით. ამ დროს სული უმძაფრესად შეიგრძნობს ქრისტესთან ყოფნის სურვილს…

ამ ეტაპზე სულს უკვე შეუძლია მიიღოს ცოცხალი გამოცდილება სინანულისა, რომელიც არამხოლოდ საკუთარი გულის ბნელი კუნჭულების გახსნას გულისხმობს,(რაც თავის მხრივ, მადლმა აღასრულა), არამედ თავად ზეციური კარიბჭის გახსნას, რომლის მიერაც ჩვენში ღმერთი შემოდის.

შემოდის ღმერთი და იგლიჯება გულის ძველი შესამოსელი. რახან ქრისტეს ჩვენი გულის განათლება სურს, გვაძლევს პირველ საჩუქარს – თავისუფლებას. რას ნიშნავს თავისუფლება? ქვეცნობიერის ბორკილებისგან, ვნებებისგან, დაცემული სურვილებისგან, უკეთური ნებისა და ყოველგვარი სიცრუისგან გათავისუფლებას, რის შემდეგაც პირდაპირ ქრისტეს სიყვარულის სწავლის გზაზე ვდგებით. რახან გავთავისუფლდი, ესე იგი შემიძლია გავფრინდე! მონას არ შეუძლია ფრენა, მხოლოდ თავისუფალს! გზა ხსნილია და უკვე შემიძლია ქრისტეს სიყვარულის კიბეზე ავიდე.

სიყვარული ღმერთის შემეცნებაში გვეხმარება. იქამდე გამოცდილებით არ ვიცოდოთ, თუ რა არის სიყვარული. მასზე მხოლოდ თეორიული, ზედაპირული და შემოსაზღვრული წარმოდგენა გვქონდა. მთავარია შინაგანი გამოცდილება.

ახლა უკვე, ჩემი გონება და გული ქრისტეს ეზიარება და შესაბამისად, მისი შემეცნებაც იზრდება. ჩემი გონება ქრისტეში იძირება და მის ,,კვლევას’’ იწყებს. სწორედ ასეთ ცოდნას ეწოდება ღმრთისმეტყველება. ჩემი გული და გონება მხოლოდ ქრისტეთია დაკავებული. ისინი(ჩემი გული და გონება) ერთგვარი საიდუმლოებრივი გზით ღმერთის მიუწვდომლობაში შეჭრას, მასში ჩაღრმავებას და ჩემთვის იქამდე შეუცნობლის შეცნობას იწყებენ.

ასე აღესრულება ღმერთში ,,შეჭრის’’ პროცესი და ცნობიერება მისი ,,დევნისკენ’’ მიემართება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიწყებ ღმერთზე ,,ნადირობას’’, ვცდილობ ყველგან და ყოველთვის ხელთ ვიპყრა, დავიჭირო, მოუკლებლად, ღამეები და დღეები მის ძიებაში გავატარო. ჩემი ,,ნადირობა’’ ღმერთის საპასუხო რეაქციას იწვევს. თუმცა, მოდით ჯერ იმას დავუბრუნდეთ, რაზეც ვსაუბრობდით და საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ. სულიერი ცხოვრება ერთი მთლიანობაა და ანალიზი ანგრევს მას. აგიხსნით რას ვგულისხმობ. თუ ანატომიის შესწავლისას ადამიანს შუაზე გაჭრი, ეგრევე მოკლავ. ასევეა ახლაც. ჩვენ გარკვეუწილად ვარღვევთ სულიერ ცხოვრებას, რომელიც სხვა არაფერია თუ არა სულიწმიდასთან გამოცდილებისეული თანაზიარება. როგორც კი მას მიკროსკოპის ქვეშ ვაქცევთ, მყისვე ვღუპავთ.

როგორც არ უნდა იყოს, ღმერთმა შემინდოს, რასაც ვსაუბრობ. იქნებ ამ ყველაფრიდან რაღაც სარგებლის მიღება მაინც შეძლოთ. სულიერ ცხოვრებაში აუცილებელია სულიერი ინტუიცია.

რა ვგრძნობ ღმერთზე ,,ნადირობისას’’, მასთან ზიარებისას და მის გამოუკვლეველ სიღრმეებში წვდომისას? გამოუთქმელ სიხარულთან ერთად ტკივილსაც.

პირველქმნილმა ადამიანმა ტკბობით დაიწყო და ტკივილით დაასრულა. ჩვენ კი ახლა ჩვენს გზას ტკივილით ვიწყებთ და ღმერთი გამოუთქმელ სიტკბოებას გვიბოძებს.

ახლა ჩვენ ერთდროულად სიხარულსაც ვგრძნობთ და ტკივილსაც. ამას მოჰყვება ის, რასაც გულისმიერი ტკივილი და წყურვილი ეწოდება. როცა ძალიან გწყურია ცუდად ხდები და გამოფიტული ხარ. წყალს თუ არ მოგიტანენ, ალბათ გონებასაც დაკარგავ. ასე ემართება სულსაც. ქრისტეს გარეშე მის ცხოვრებას არათუ აზრი არ აქვს, არამედ აუცილებლად კვდება. ამიტომაც, როგორც კი ღმერთის შემეცნებას დაიწყებს, ან მოკვდება, ან ქრისტეში სიცოცხლეს დაიწყებს. შუალედური გზა უბრალოდ არ არსებობს.

ქრისტესთან ყოფნის ასეთ უსაზღვრო სურვილს ლამის სიკვდლის ნატვრამდეც კი მივყავართ. რატომ? იმიტომ, რომ სანამ ხორცშია, ღმერთის მხოლოდ ანარეკლს ხედავს(1.კორ.13:12). სად არის ღმერთი? სად? რამდენადაც ჩემს არსებას მისი ხილვა და მის კალთაზე ჩაჭიდება არ შეუძლია, მაშინ ბოლოს და ბოლოს იქამდე მივდივარ, რომ არამხოლოდ საკუთარი სულის ძველი სამოსელის გაგლეჯა მინდება, არამედ სხეულისაც, რათა გავთავისუფლდე და ღმერთთან ერთი ერთზე დავრჩე.

რასაც ჩვენ სიკვდილის ნატვრა ვუწოდეთ, შეიძლება შობისას პატარა ყრმის განცდებს შევადაროთ. მას აღარ შეუძლია ჩაკეტილობაში ჯდომა და რადაც არ უნდა დაუჯდეს, როგორმე გარეთ უნდა გამოაღწიოს. ასე ისწრაფვის სულიც ახალი სიცოცხლის დაწყებისკენ.

ეს განცდა გვათავისუფლებს ხრწნილებისგან, დროისგან, სივრცისგან, სიღარიბისგან, უბედურებისა და მონობისგან. ამქვეყნიურ ცხოვრებაში შენ გლახაკი და უმწეო ხარ. გრძნობ რა ამას, გინდა გაანგრიო შენს ირგვლივ აღმართული კედელი და ერთი ერთზე დარჩე ქრისტესთან – სიყვარულის, ბედნიერებისა და სიტკბოების ამ უსაზღვრო ოკეანესთან.

ამ სტადიაზე მყოფობისას, როგორც უკვე ვთქვი, მე ,,ვნადირობ’’ ღმერთზე. მწყურია საკუთარი დაცემული ბუნების სიკვდილი, სულიერი სიღარიბისგან, უღმერთობისა და ხრწნილებისაგან გათავისუფლება. მთელი არსებით მივისწრაფვი, რომ დროისა და სივრცის საზღვრები გავარღვიო და უხრწნელებით სიკვდილი დავამარცხო.

მიაქციეთ ყურადღება, თუ როგორ გზას გადის სული, როგორ შეიგრძნობს და რას განიცდის მასზე სვლისას. სული საკუთარი საზღვრებიდან, ანუ საკითარი სიცოცხლიდან ქრისტეში ,,გადასახლდება’’. ის მთელი არსებით მიისწრაფვის ღმერთისკენ, აღასრულებს ერთგვარ გარღვევას და ზეაღიწევა ადამიანური ბუნებიდან საღმრთო ჰიპოსტასამდე. ადამიანი ტოვებს თავის საზღვრებს და ქრისტეს წინაშე წარსდგება. ახლა ისღა დაგვრჩენია მის პასუხს დაველოდოთ. ის საპასუხოდ ქედს გვიხრის და საკუთარ თავს გვაძლევს. ამიერიდან, ჩვენ უკვე ქრისტეს კენოზისისა(საკუთარი თავის წარმოცალიერების) და ჩვენს გულში მისი შობის პირად გამოცდილებას ვიღებთ. გახსოვდეთ, რომ ის, რაც კაცობრიობის ისტორიაში საღმრთო განგებულებით მამის, ძისა და სულიწმიდის მიერ აღესრულა, ჩვენს გულშიც უნდა აღესრულოს. სწორედ ამას ნიშნავს ღმერთთან თანამშრომლობა.

ამ წამებში, ჭეშმარიტად შევიგრძნობ იმას, რასაც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი განიცდიდა, როცა ანგელოზს ეუბნებოდა: ,,მეყავნ მე სიტყვისაბრ შენისა’’. მანამდე უკვირდა:  ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?’’. ანგელოზმა უპასუხა: ,,სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ’’(ლკ.1:35). რადგანაც ამ ყველაფრის გაცნობიერება შეუძლებელი იყო, მანაც უბრალოდ უპასუხა: ,,აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა!’’

ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე საღმრთო მადლით აღივსო. ასე ხდება ჩვენს შემთხვევაშიც. ღმერთი მოგვიხილავს და მის საღმრთო ბუნებასთან ზიარების გამოცდილებას ვიღებთ. მთელი ჩემი არსება იწყნარებს საღმრთო მადლის სხივებს, მათ მიერ განვიღმრთობი და ქრისტეს ვუერთდები.

რას ჰგავს ეს განცდა? ერთგვარ ,,გადასახლებას’’. ჩვენი ცხოვრება ქრისტეში გადასახლება უნდა იყოს. რა ხდება ამ დროს? საკუთარი ბუნებიდან ზებუნებრივად გადავსახლდები ღმერთში.

ასე აღესრულება ღმერთის მიერ ჩვენი განღმრთობის პროცესი და ცოცხალი ღმერთის ჭვრეტის ნიჭს ვიხვეჭთ. ამ დროს ჩვენი სული გასროლილ ისარს ემსგავსება. გაიხსენეთ, რითი დავიწყეთ: ჩვენი სული გადაგდებული ნივთივით იყო, ახლა კი სულიწმიდითაა განსჭვალული და გადასახლებულია იქ, სადაც ქრისტეა.

როცა ღმერთის შემეცნების გამოცდილებას ვიღებთ, ვერ ვხვდებით სხეულში ვიმყოფებით თუ სხეულს გარეთ. განა შეყვარებულ ადამიანი აგიხსნის რა ხდება მის თავს? ვერასდროს. ასე ემართება ,,გადასახლების’’ მდგომარეობაში მყოფ ადამიანსაც.

იმისათვის, რომ ქრისტე შევიცნოთ, ჯერ უნდა შევიყვაროთ იგი. კი ვამბობთ, რომ გვიყვარს, მაგრამ საკითხავია, თუ რითია აღსავსე ჩვენი გული. ჩვენ მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებზე ვსაუბრობთ.

ასე რომ, ჩვენი სული ზეცისკენაა გატყორცნილი. ისარივით ჯერ ძუაში ჩადეს, შემდეგ მოქაჩეს და ქრისტესკენ გაისროლეს. ეს განგვაცდევინებს მდგომარეობას, როცა ჩვენი გული ღმერთითაა მოცული. ასეთ დროს უკვე ეჭვიც აღარ მეპარება მიყვარს, თუ არა ღმერთი. ჩემი გული უკვე ქრისტეს ეკუთვნის და მასშია ჩაძირული.

გონება გრძნობს, რომ აღტაცებულია. როგორც წმინდა წერილში ვკითხულობთ: ,,აღიტაცა ესევითარი კაცი ვიდრე მესამედ ცადმდე’’(2.კორ.12:2). ვაცნობიერებ, რომ ჩემი ჭეშმარიტი არსი არ არის ხორცი, რომელიც სულის გარეშე მკვდარია, არამედ გონება. აი, სწორედ ეს გონებაა სრულად აღტაცებული. ჩემი სულიერი სუბსტანცია ქრისტეს საკუთრებაში გადავიდა.

ხედავთ, როგორ აღესრულება ჩვენი განწმენდა და ამასოფლისგან განშორება? სული ისარივითაა, თუ ერთ ადგილას დატოვე, იქ დარჩება, თუ ,,მშვილდით’’ გატყორცნი – შორს გაფრინდება. სწორედ ეს არის განღმრთობა. ამიტომაც, ვისაც სურს, რომ სულიერი გახდეს, აუცილებლად ღმერთს უნდა მიენდოს და ისიც აღიტაცებს მას და ზეცაში გადაასახლებს. საღმრთო მადლი იქცევა იმ ეტლად, რომელიც მას სასუფეველში აიყვანს.

ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ყველაფრისგან განშორების განცდა უჩნდება. მისთვის აღარაფერი აღარ არსებობს და ქრისტეს გარდა, სხვა აღარაფერია ფასეული. ყველაფერს უცხოდ აღიქვამს. მისთვის სიყვარულის მიწიერი გაგება დაუშვებელია. ვისაც ქრისტე უყვარს, ყველა და ყველაფერი უყვარს. თუმცა ერთია ქრისტესმიერი სიყვარული და მეორე – ვნება და უძლურება.

განღმრთობილ ადამიანს უჩნდება უსაფრთხოების განცდა. გახსოვთ, რაზე ვსაუბრობდით? აწინდელი და მომავალი ცხოვრება ერთმანეთისგან გასხვავდება იმდენად, რამდენადაც ნამდვილი მზე მზის სურათისგან, ნამდვილი ცა – ცის სურათისგან; შენი საყვარელი ადამიანი – მისი სურათისგან. აი, ასეთია სხვაობა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სწორედ ამას ჰქვია ,,გადასახლება’’. ამ დროს თან გრძნობ, თან ვერა. რატომ? იმიტომ, რომ მთელი არსება მოცულია ღმერთით. თან ცოცხალი ხარ, თან არა. ცოცხალი იმიტომ, რომ მე აქ აწმყოში ქრისტესთან ვიმყოფები. თან არც ვარ ცოცხალი იმიტომ, რომ თავისუფლების გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე. ვინც არ არის თავისუფალი – მკვდარია და არც არის ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ ახლა უკვე ,,ტყვე’’ ვარ, რადგან ჩემზე ქრისტე ბატონობს. ჩემი თავისუფლება უკვე მას ეკუთვნის და საჩუქრად ისევ მე მიბრუნებს მას(თავისუფლებას).


წიგნიდან: Слово о трезвении, Архимандрит Эмилиан Вафидис. часть 1. 2020г.

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©    

X