მამა იოსები

ნუ ეძებ ნუგეშს ადამიანებისგან, რათა მიიღო იგი ღმერთისგან – ღირსი იოსებ ისიქასტი

„ხიდი, რომელზეც საბოლოოდ ყველას მოგვიწევს გავლა, დამნაშავეთა შენდობით არის აშენებული და თუ მათი პატიება არ შეგიძლია, ანგრევ ხიდს, რომელიც მიტევებით შენდება“-იოსებ ისიქასტი.

მაშ ასე, ჩემი ნათქვამი შეისმინე!

ჩაყარე მტკიცე საძირკველი მშვენიერი ზეციური კოშკის ასაშენებლად.

უფლის სწავლებას მიჰყევი და სასმისი შიგნიდან გაწმინდე, რომ  გარედანაც გასუფთავდეს. სხეულისმიერი ყოველი მოქმედება ის ფოთლებია, ადამიანის გარეგნობას რომ ამკობს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ შინაგანი განწმენდა მხოლოდ იმ მეთოდით ხდება, ადრე რომ გწერდი; ის გაგიხსნის სულიერ თვალს, გულს გაგიწმენდს და ერთ მშვენიერ დღეს ღმერთს დაგანახვებს-ვგულისხმობ გონიერ ლოცვას, რომლის გარეშე, მარტო გარეგნული საქმეებით მიღებული სარგებელი ძალიან მცირეა.

ღმერთის გახსენებაზე ცრემლი თუ არ გადგება, ავად ყოფილხარ და შენს სნეულებას უვიცობა ჰქვია, მისგან-კი სიამაყე და გულის უგრძნობელობა იბადება.

დაე, ყოველი შენი მოქმედება სიმდაბლითა და თვინიერებით იყოს შემოსილი. ღრუბელივით შეიწოვე საძმოსგან მიღებული ძაგება, გაწბილება, დამცირება. პატივისა და ქების ნაცვლად ბრალდებებით დაპურდი, თან დარჩი უდანაშაულო, არ გაბოროტდე. საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება თავში არ გაივლო იმიტომ, რომ სწორედ ეგ იქნება დანაშაული. ისწავლე ღმერთის მიერ დაშვებული ცდუნებების მამაცურად დათმენა. თავის მართლების ნაცვლად შენდობა ითხოვე და უცოდველიც რომ იყო, ცოდვილივით შეინანე, მაგრამ, შენი მხრიდან ეს უნდა იყოს წრფელი სულიერი განცდა და არა ქების მოლოდინით აღვსილი მოჩვენებითი სინანული, თან გულის სიღრმეში მაჭირვებელსაც რომ განიკითხავ.

როცა მწუხარებ, ნუ ეძებ ნუგეშს ადამიანებისგან, რათა ღმერთისგან მიიღო იგი. დამნაშავეთა შენდობაა ის ხიდი, რომელზეც აუცილებლად ყველამ უნდა გავიაროთ და თუ ვერ შეუნდობ – ხიდი ჩაგიტყდება. მაშ აღასრულე კეთილი, ღვთივსათნო საქმეები; სცადე, ამ მხრივ მისაბაძი მაგალითი გახდე. ნუ ცდილობ, ყველას აჯობო სიტყვამრავლობით.

როცა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას დააპირებ, ამ საქციელისგან შვებას ნუ მოელი. მნიშვნელობა არა აქვს უდანაშაულო ხარ, თუ დამნაშავე. ჭეშმარიტად მართალი მაშინ იქნები, როცა მოახლოებულ ცდუნებას მამაცურად დაითმენ. თუ დაიჩივლებ:“კი მაგრამ-რატომ მე?“ ეს ღმრთისმბრძოლობაში ჩაგეთვლება, რადგან განსაცდელი მაშინ მოდის, როცა ვნებებს ემორჩილები. ღმერთის სასჯელი მათგან განკურნებისა და უვნებობის მოპოვების მიზნით გვეძლევა, და თუ არ მოითმენ, მაშინ ღმრთისმბრძოლი გამოდიხარ.

შემომჩივლე, რომ შენს გულში ხშირად ბობოქრობს მრისხანება. იგი ბუნებრივი გრძნობაა. სხეულს ნერვები აქვს, სულის ნერვები კი მრისხანებაა. ყველა ვალდებულნი ვართ ის დემონების, ერეტეკოსი ადამიანებისა და ყოველივე იმის წინააღმდეგ გამოვიყენოთ, რაც ღმერთისკენ სავალ გზაზე გვაბრკოლებს. მაგრამ, როცა საძმოს წევრებაზე მრისხანებ, ცოფებს ყრი და თავს ვერ ერევი, იცოდე იმას ანგრევ, რაც მანამდე სულის გადარჩენისთვის გიშრომია; ამპარტავანი ხარ, სულის ნერვებს ბოროტად იყენებ. ამისგან მხოლოდ მაშინ განიკურნები, როცა ყველას შეიყვარებ და ჭეშმარიტ მორჩილებას ისწავლი.

ამიტომ, როცა მრისხანება მოგაკითხავს, დახვდი მჭიდროდ ბაგედახშული. არ შეეპასუხო იმას, ვინც გლანძღავს, შეგარცხვენს, გამხილებს, ხშირად და უმიზეზოდ ცდილობს შენს ცდუნებას.

მაშინ, ეს გველი (ანუ მრისხანების ვნება) შეკრთება, გულს აგიფართხალებს და შენი ყელისკენ დაიძვრება, მაგამ რადგან ჩუმად ხარ, გამოსასვლელს ვერ იპოვის, გაიგუდება და გასკდება. ეს ბევრჯერ განმეორდება, მრისხანება თანდათან მოიკლებს და სულაც გაქრება.

რამდენადაც ადამიანი გონიერ და მშვიდ არსებად არის შექმნილი, მისი ხასიათის გამოსწორება სიყვარულითა და თვინიერებით უფრო ადვილია, ვიდერე უხეშობითა და მრისხანებით.

მე ამას ხანგრძლივი და მრავალჯერადი გამოცდილებით მივხვდი. სიკეთითა და სიყვარულით ბევრი ადამიანის მოთვინიერება  შეიძლება. ეს განსაკუთრებით მაშინ იოლდება, როცა მათ კეთილი განზრახვები აქვთ; მაშინ უფრო მალე გამოსწორდებიან-იქნებ, ღვთის ანგელოზადაც-კი იქცნენ.

მაშ ასე, ამას მარტო შენთვის კი არა, ყველას გასაგებად ვამბობ. მრისხანებით ნუ შეეცდებით ერთმანეთის გამოსწორებას, ვერც ცდუნებას აღმოფხვრით ცდუნებით. წრფელი სიყვარულითა და ურთიერთმორჩილებით მოახერხეთ ეს. იგრძნობ თუ არა, რომ მრისხანება დაგეუფლა და ვერ უმკლავდები, შენი ძმის გამოსწორებისგან დროებით თავი შეიკავე. როცა მიხვდები, რომ ვნებამ გაგიარა, თავის შეკავება შეგიძლია და სწორი განსჯის უნარი დაგიბრუნდა, მაშინ ის უთხარი, რაც ორივესთვის სასარგებლო იქნება.

ჯერ არ მინახავს მრისხანების საშუალებით გამოსწორებული ადამიანი, სიყვარული კი მუდამ აღწევს მიზანს. როცა ადამიანი ასე იქცევა, თავს მსხვერპლად სწირავს ამიტომ, შენც ასევე მოიქეცი. საკუთარ თავს დააკვირდი: როდის ხდები დამჯერი? როცა გლანძღავენ, თუ როცა სიყვარულით გექცევიან? მართლაც საოცარია წმინდანის ის სიტყვები, რომლებიც „პატერიკებშია“: „მრისხანე და მძვინარე ხასიათის კაცმა მკვდარიც რომ გააცოცხლოს, სასუფეველს მაინც ვერ დაიმკვიდრებს“.

შენ ამბობ, რომ ჩემს რჩევებს აფასებ. მაშ მოსინჯე, ცხოვრებისეულად შეამოწმე მართალი ვარ თუ არა. როცა გეწვევა და შენს მოგუდვას შეეცდება, დაასწარი და თავად მოახრჩე ვნება. გამოკეტე ერთხელ, ორჯერ, ბევრჯერ…და გამოჩნდება გზა სიხარულისა და გამარჯვებისაკენ. როცა შენ ბრძოლის ნებას გამოიჩენ, მაშინ ჩემს მიერ შენთვის აღვლენილი ლოცვაც გამოაჩენს ძალას. დედას რომ დაამარცხებ, იმ ქალიშვილთა ჯოგიც განადგურდება, რომელთაც მრისხანება შობს.

მრისხანება და ავხორცობა არის ის ძირითადი, რომელთაგანაც დანარჩენი ვნებები წარმოიშობა.

რჩევას გაგიმეორებ: როგორც-კი იგრძნობ, რომ მრისხანება გეწყება, მოიკრიბე ძალა და მოგუდე; მომდევნო ჯერზე იგრძნობ, რომ შესუსტდა. ყოველთვის დაასწარი და მოკვეთე თავი. ამ მრავალჯერადი მოთმინების ნაყოფი თავდაჭერილობა და აღუშფოთველობაა. ისინი თავის მხრივ ბადებენ მშვიდობას და მადლს. რასაც ყოველგვარი სიკეთე მოსდევს.

ავხორცობაა მრავალი ცოდვის წარმომშობი კიდევ ერთი დედა, რომელსაც მხედრის გადმოგდება შეუძლია, თუ მეომარი ყოველმხრივ თავშეკავებას გამოიჩენს, თუ მოითმენს, მაშინ ზედმეტ სისხლისღვრას აიცილებს; თუმც ავხორცობა თავგამეტებით ებრძვის, მებრძოლი სულის დამარცხება არ შეუძლია. წინ აღუდექი მოწინააღმდეგეს. ლოცვით ებრძოლე ავხორც გულისთქმებს. თუ დუნედ და უხალისოდ კი არა, ვაჟკაცურად იბრძოლებ, ისინი სწრაფად შესუსტდებიან. ასე მოიქეცი და ამ უბიწობის წყალობით შენი სული ენითუთქმელ სიხარულს იგრძნობს. ბრძოლით განაიარაღე ეს ვნება თავის ბოროტ ქალიშვილებთან ერთად.


წყარო: „მოზავნური გამოცდილების გადმოცემა“

Share