Gemini Generated Image ff4huxff4huxff4h

ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან და ქრისტესმიერი ცხოვრების გამოცდილება – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი

სამწუხაროდ, დღეს ადამიანები ყველას ეკონტაქტებიან, ყველას სწერენ, ყველასგან იღებენ შეტყობინებებს. მაგრამ ის, რაც ნამდვილად დავივიწყეთ, საკუთარ თავთან ურთიერთობაა — ანუ არ გაგვაჩნია ისეთი თვითშემეცნება, როგორიც გმართებს. ხოლო რაკი დღევანდელ ადამიანს აკლია თვითშემეცნება, მას ვერც ღვთისშემეცნება ექნება. რადგან საკუთარ თავთან ჯანსაღი ურთიერთობა არ გააჩნიათ, ღმერთთანაც აღარ აქვთ კავშირი.

ნახეთ, დღეს ადამიანებს ყველასთან ურთიერთობა გვაქვს და წარმატებას ველტვით. ერთხელ ჩემთან ერთი კეთილი, მაგრამ ცოტა გულუბრყვილო კაცი მოვიდა. მითხრა, ცოლს ვკითხე და ჩემს ანგელოზის დღეობას 200-მა კაცმა დარეკაო. ვუთხარი: „გილოცავ, მაგრამ მე, როცა ჩემი ანგელოზის დღეა, ტელეფონს ვთიშავ-მეთქი“. გაოცდა: „კი მაგრამ, ეს ხომ ის დღეა, როცა ხალხი პატივს მიგაგებსო?“. ვუპასუხე: „ჩვენ, მონაზვნებს, არ გვაინტერესებს, ხალხი პატივს მოგვაგებს თუ არა“. საწყალს უხაროდა, ცოლისგან რომ შეიტყო 200 ზარის შესახებ. ვუთხარი: „კეთილი, დარეკა 200-მა კაცმა, მაგრამ ამით რა? 300-საც რომ დაერეკა, რას შემატებდა ეს შენს სულს?“.

მინდა ვთქვა, რომ დღეს ადამიანები ამგვარ ხიბლში არიან ჩავარდნილნი — კაცთმოთნეობა, გადაჭარბებული სოციალიზაცია, აღიარების ძიება. ამას წინათ ათენში, ერთ-ერთ უწყებაში ადვოკატთან შეხვედრა დამჭირდა. მისი კაბინეტის კედელი სავსე იყო ლამაზ ჩარჩოებში ჩასმული სერტიფიკატებით: აი, იქ ისწავლა, სადღაც კონფერენციას დაესწრო, ათი დღე დაყო და ესეც კი გამოეკიდებინა საჩვენებლად. ვკითხე, ესენი რა არის-მეთქი და ოდნავ ირონიით მოვიხსენიე ეს „ტიტულები“. მანაც დაიწყო თხრობა: „იცით, იქ წავედი, სამი დღე დავყავი და ეს მოწმობაც მივიღე…“. რასაკვირველია, ერის კაცს არ ვამტყუნებ — მას სურს, კარგი სახელი ჰქონდეს. დღეს ადამიანები თავს ევლებიან კარგ რეპუტაციას, ხოლო როცა მას კარგავენ, შესაძლოა სასოწარკვეთილებაშიც ჩავარდნენ.

როდის თავისუფლდება ადამიანი კაცობრივი აღიარების საჭიროებისგან? მაშინ, როდესაც მასში საღვთო მადლის გამოცდილებაა. თუ ეს გამოცდილება არ არის, ადამიანი იტანჯება და შეიძლება ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღებაც დასჭირდეს, რადგან ვერ იძინებს, ვერ მშვიდდება და ვერ პოულობს სულიერ სიმშვიდეს. ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ იტანჯებიან და ვერ უძლებენ ამას; ამბობენ: „ხომ არაფერი დამიშავებია?“. შეიძლება კონკრეტულად ის არ დაგიშავებია, მაგრამ სხვა რამ ხომ შეგვეშალა, სხვა რამით ხომ შევცოდეთ და ვისჯებით?

ამიტომ, დიდებულია, როცა ადამიანი დაფიქრდება და მართლმადიდებლურ სულიერებას ჩაუღრმავდება. ვფიქრობ, ის, რაც ადამიანის სულს ჭეშმარიტად სწყურია, წმინდა სულის მადლია. იტალიაში ყოფნისას, სადაც ჩვენი მონასტრის ერთ-ერთ ბერს ვესტუმრე მისი საქმიანობის სანახავად, რომაულ-კათოლიკურ მონასტრებსაც ვეწვიე. ამას, როგორც აღსარებას, ისე გეუბნებით: კეთილგანწყობა და სიკეთე კი დავინახე, მაგრამ მადლი ვერ ვიგრძენი. უდიდესი წყალობაა, როდესაც ადამიანი იმყოფება ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში. ეს უდიდესი რამ არის.

თქვენ, ვინც ათონის მთაზე ჩამოდიხართ (ჩვენ კი, ღვთის იმედით, აქ სიკვდილამდე ვრჩებით), ყველამ სერიოზულად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ცხოვრების პირველი და მთავარი მიზანი ღვთის სასუფეველია.

ჩვენი უფალი, იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთია. ამას წინათ, როდესაც აქ კომუნისტური პარტიის განსვენებული ლიდერი ფლორაკისი იმყოფებოდა, მითხრა: „ძალიან კარგი იდეოლოგები ხართო“. ვუთხარი: „შენდობას ვითხოვ, მაგრამ ჩვენ იდეოლოგები არ ვართ. ჩვენ იმ კონკრეტული, პიროვნული ღვთის თაყვანისმცემლები ვართ, რომელიც განკაცდა. ის კაცია, მას ვცემთ თაყვანს, მისგან ველოდებით ხსნას და მას ვუძღვნით თავს“. მან მიპასუხა: „დიახ, მართლაც არ ყოფილხართ იდეოლოგებიო“. დიახ, ქრისტე არ არის იდეა ან თეორია — ის კონკრეტული პიროვნებაა, რომელიც ამ ქვეყნად მოვიდა და ჩვენც მას გავყევით.

ამ სამყაროში მოსულმა ქრისტემ მცნებები მოგვცა. თუმცა ეს მცნებები უბრალოდ კანონების დასაწესებლად კი არ მოუცია, არამედ მათით საკუთარი თავი მოგვანიჭა — ეს კი ისეთი რამ იყო, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა. როდესაც ქრისტემ მოწაფეებს უთხრა (და მოგიწოდებთ, ხშირად იკითხოთ სახარება): „ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი… სვით, ეს არის ჩემი სისხლი“, ბევრმა ეს რომ მოისმინა, იფიქრა, კანიბალიზმს გვთავაზობსო და განშორდა მას. ქრისტემ თორმეტ მოციქულს ჰკითხა: „ნუთუ თქვენც გსურთ წასვლა?“. ანუ მას არ შეურბილებია თვისი სწავლება, არ ჩამოსულა ადამიანურ საზომებამდე მათ სასიამოვნებლად. ქრისტემ მოგვაწოდა ის, რაც ჭეშმარიტად გვჭირდებოდა: მოვიდა ამ ქვეყნად და მოგვცა თვისი ხორცი და სისხლი.

ქრისტიანის და, კერძოდ, მონაზვნის მთელი სულიერი ღვაწლი იმაში მდგომარეობს, რომ ჰქონდეს ჯეროვანი შინაგანი განწყობა ქრისტეს ხორცისა და სისხლის ღირსეულად ზიარებისთვის. ჩვენ, მღვდელმსახურნი, ამის მრავალ სასწაულებრივ ნიშანს ვხედავთ. ამას წინათ ერთმა ბერმა მითხრა: „წმინდა ზიარების მიღებისას ქრისტეს ხორცი ისე მეგრძნო, რომ ვერ ვღეჭავდიო“. ან კიდევ, მღვდელი ბარძიმის განწმენდისას ხედავს რეალურ სისხლს და ხორცს, რომელსაც კოვზითაც კი ვერ ყოფს. ხშირად წმინდა ბარძიმიდან გამოუთქმელი სურნელებაც იფრქვევა. ერთხელ მღვდელი წირავდა, პური აკურთხა და ის მყისიერად, ყოველგვარი გარეგანი ჩარევის გარეშე, სისხლისფრად შეიღება. ეს ყოველივე განკაცებული ღვთის, ქრისტეს რეალური თანამყოფობის ნიშნებია.

თუ ადამიანი ფინანსურ წარმატებას მიაღწევს ან საზოგადოებრივ კიბეზე დაწინაურდება, ეს მას სრულყოფილს არ ხდის. ეს მხოლოდ დროებითი წარმატებებია და მეტი არაფერი. ბავშვობაში ჩემს სოფელში მდიდარი მეზობლები გყვავდა, რომლებიც ყოველ დასვენების დღეებში სამოგზაუროდ მიდიოდნენ. ვფიქრობდი, რა ბედნიერები არიან, ჩვენ კი ღარიბები ვართ და არსად დავდივართ-მეთქი. როდესაც გავიზარდე, ათონის მთაზე მოვედი და ჩემი მორჩილების გამო ამგვარ მდიდარ ადამიანებთანაც მომიწია ურთიერთობა, დავინახე, რომ ისინი სულაც არ არიან ბედნიერნი — მათ უამრავი საზრუნავი და დარდი აქვთ. ხოლო როცა ოჯახის უფროსი კვდება, შვილებს შორის ისეთი დავა იწყება, ენით აღუწერელი.

ამას იმისთვის გეუბნებით, რომ ადამიანის ჭეშმარიტი წარმატება ის არის, რასაც ქრისტე ამბობს: „ღვთის სასუფეველი თქვენს შიგნით არის“. ეს უდიდესი ჭეშმარიტებაა. რა არის ღვთის სასუფეველი? ეს არის თვით მეუფის თანამყოფობა ადამიანის გულში. ადამიანს შეუძლია საკუთარ გულში გამოცადოს მიუწვდომელი, გამოუთქმელი და უთქმელი ღმერთი. სწორედ ამიტომ წერია იოანეს სახარების პირველ თავში: „ხოლო მათ, რომელთაც მიიღეს იგი, მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა“.

ვინც ღვთის სასუფეველს იხილავს, ის მარადიულ ცხოვრებას ეხება. მარადიული ცხოვრება ხელშესახები რეალობაა. მახსენდება წმინდა პაისი, რომელმაც შეხვედრისას მითხრა: „შვილო ჩემო, ეკლესიაში ჩვენ ვცხოვრობთ ღვთის სასუფევლით, განვიცდით წმინდა სულის გამოცდილებას“. ეს ხომ არ არის ექიმის დანიშნულება, რომელიც გეუბნება: „მიიღე ეს წამლები და როცა მოკვდები, გახდები კარგადო“? ანუ ისე კი არ არის, რომ იცხოვრე როგორც გინდა და სიკვდილის შემდეგ მოხვდები სამოთხეში, არა! ღვთის სასუფეველი ამ ცხოვრებიდანვე იწყება.

ჩვენ, ვისაც წმინდა ბერებთან — მაგალითად, ბერ იოსებთან — ცხოვრების წყალობა გვქონდა, გვახსოვს, როგორ ეწადა მას სიკვდილი. მას სიკვდილი სასოწარკვეთილების, სულიერი ავადმყოფობის ან თვითმკვლელობის სურვილის გამო კი არ ეწადა, არამედ ღვთიური სიყვარულით (სულერებით) აღვსილს. მას სიკვდილი იმიტომ სურდა, რომ მარადიულ ცხოვრებას უკვე თვის გულში ატარებდა და ზუსტად იცოდა, სადაც მიდიოდა.

როგორც უფალი ბრძანებს მღვდელმთავრულ ლოცვაში: „ხოლო ეს არის საუკუნო ცხოვრება, რათა იცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“. მაშასადამე, ეკლესიაში — რომელიც ქრისტეს სხეულია — ჩვენ ვცნობთ ქრისტეს. ხოლო როდესაც ქრისტე ჭეშმარიტების შემეცნებაზე საუბრობს, ეს ჭეშმარიტება, რა თქმა უნდა, ფილოსოფიური თეორია კი არ არის, არამედ პიროვნებაა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.

ამრიგად, ჭეშმარიტების შემეცნება გამოცდილებითი ცოდნაა. როდესაც წმინდა მამები ცოდნაზე საუბრობენ, ეს არ უკავშირდება ინტელექტუალიზმს; ეს არის ქრისტეს გამოცდილებითი შეცნობა. სწორედ ამიტომ ამბობდა წმინდა სილუანი: „შევიცნოთ ქრისტე წმინდა სულით“.

გულთბილად გმასპინძლობთ ჩვენს მონასტერში, სადაც ასეთი სულიერი ლტოლვით მოხვედით, და გისურვებთ, აქედან დაფიქრებულნი წახვიდეთ — უფრო სერიოზულად მოეკიდოთ თქვენი უკვდავი სულის ცხონებას. ხედავთ, რა ადვილად მიდის ადამიანი ამ ქვეყნიდან? ცხოვრება თვალის დახამხამებაში გადის. მე უკვე 62 წლისა ვარ. როცა ვატოპედის წინამძღვრად დავდექი, 34 წლის გახლდით — ახლა ეს დრო გაორმაგდა. ჩემი ცხოვრება მიდის და ვფიქრობ: „ღმერთო ჩემო, როდის გავიდა ეს წლები?“. თითქოს გუშინ იყო. აბა, დავფიქრდეთ, ამ განვლილ დღეებში რა შევიძინეთ? სინამდვილეში, ჩვენი მიწიერი ცხოვრება კიდევ ერთი დღით შემცირდა. ხშირად ველოდებით ხოლმე რაღაც მოვლენას ათი დღის შემდეგ და უაზროდ ვხარობთ, დღეები კი გადის — სინამდვილეში კი ჩვენი მიწიერი ჟამი იწურება. მაგრამ ვინც მარადისობით ცოცხლობს, მას არ ადარდებს ამ წუთისოფლიდან წასვლა.

როგორც წმინდა პორფირი ამბობდა, ადამიანის სიცოცხლე არ მთავრდება, არამედ ხდება გარდაცვალება — სხვა მდგომარეობაში გადასვლა. წმინდა პორფირის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევა გვახსოვს: ავსტრალიიდან მისმა სულიერმა შვილმა, რომელმაც არ იცოდა ბერის გარდაცვალების შესახებ, ტელეფონზე დარეკა. ყურმილი თვითონ წმინდა პორფირმა აიღო და უთხრა: „შვილო ჩემო, აღარ დარეკო, რადგან მე უკვე დავტოვე ეს სამყაროო“. იმ კაცს ეგონა, ბერი ეხუმრებოდა, მაგრამ ნაცნობთან გადამოწმებისას შეიტყო, რომ ბერი პორფირი ერთი კვირის დაკრძალული იყო.

მინდა გითხრათ, რომ ადამიანი არასოდეს კვდება, არასოდეს ქრება. როდესაც მშობლები შვილებს კარგავენ, ვეუბნებით ხოლმე: „თქვენი ვაჟი არსებობს, ის ცოცხალია“. უკვდავი სული არ კვდება! ამიტომაა ნეტარი ის ადამიანი, ვინც მარადისობას ეხება.

მახსენდება განსვენებული ბერი გაბრიელ კატუნაკიელი. მან მიამბო, რომ ყოველთვის იხსენიებდა თავის დაწყებითი სკოლის მასწავლებელს, როგორც განსვენებულს. ერთ დღესაც ლოცვისას მისი მოხსენიება დაავიწყდა. ლოცვის დროს ეს მასწავლებელი გამოეცხადა და უთხრა: „დღეს ნუგეში არ მოგიცია ჩემთვისო“. ნახეთ, როგორ ეკონტაქტებიან ადამიანები ღვთის ადამიანებს! ისეთებიც არიან, ჯოჯოხეთში მყოფნი რომ სთხოვენ ბერებს ლოცვით შეწევნას.

მაშასადამე, ჩვენ სულიერ რეალობაში ვცხოვრობთ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ სულის ცხონებას და ვიღვაწოთ კეთილი ღვაწლით. ადამიანი მხოლოდ ის არ არის, რაც გარეგნულად ჩანს — ეს სხეული ხვალ მიწად იქცევა. ადამიანი, არსებითად, ის არის, რაც უხილავია. ნახეთ, ადამიანის შინაგან სამყაროს მისი სახის გამომეტყველებით ვცნობთ — თვალებით, გამოხედვით. მხიარული გული სახესაც აბრწყინებს. როდის ბრწყინავს სახე? როცა გული ხარობს. ხოლო გული მაშინ ხარობს, როდესაც მასში ქრისტე მკვიდრობს. ამინ!

 


წყარო: www.pemptousia.gr

Share