ქრისტე კურნავს განრღვეულს ბეთეზდის ავაზანთან – ბარტოლომე ესტებან მურილიო

ნებავს თუ არა ღმერთს, რომ ადამიანები ავადმყოფობდნენ ან კვდებოდნენ? – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

ვიფიქრე, ორიოდე სიტყვა მეთქვა თქვენთვის ავადმყოფობის შესახებ. ფაქტია, რომ როდესაც ადამიანი ავადმყოფობას გადაიტანს, ესეც თავისებური გამოცდილებაა — თანაც ძალიან დიდი გამოცდილება. საავადმყოფოში წოლა, კლინიკები, ოპერაციები — ეს ყველაფერი ის რეალობაა, რასაც ყოველდღე ვხედავთ და გვესმის. რადგან ავადმყოფობის, ზოგადად კი ხრწნილებისა და სიკვდილის თემა, მუდამ ჩვენ წინაშეა, გამუდმებით თვალწინ გვიდგას. ჩვენ გარშემო სულ მიდიან ამ ქვეყნიდან ნაცნობები, მეგობრები; ჩვენ, ვინც უფროსი თაობისანი ვართ, თანაკლასელები გვეცლებიან ხელიდან.

ერთი თვის წინ ჩემი თანაკლასელების შეხვედრაზე ვიყავი: ნახევარი უკვე გარდაცვლილი იყო, მხოლოდ მეორე ნახევარიღა დავრჩით. და ვინ იცის, მომავალ შეხვედრამდე რამდენი ვიქნებით ცოცხალი — თუკი მეც მივედი, რა თქმა უნდა. ასეთია ცხოვრება. ეს რეალობა მუდამ ჩვენ წინაშეა და ჩვენში უამრავ კითხვას ბადებს.

ნებავს თუ არა ღმერთს, რომ ვავადმყოფობდეთ? ნებავს ღმერთს, რომ ვიტანჯებოდეთ? ნებავს, რომ ვკვდებოდეთ? და საერთოდ, რატომ კვდება ჩვენ გარშემო ამდენი ადამიანი ყოველდღე, ყოველდღიურად? ერთ კვლევაში წავიკითხე, რამდენი ადამიანი კვდება მთელ მსოფლიოში ყოველ წამს — რამდენი ბავშვი და რამდენი სხვადასხვა ასაკის ადამიანი. მაშასადამე, სიკვდილი ის არის, რაც წინ გველოდება. დანამდვილებით ვიცით, რომ ახალგაზრდობაში თუ მოწიფულ ასაკში, ოდესმე ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლე აუცილებლად დასრულდება. არ არსებობს ადამიანი, ვისაც უცხოვრია და არ მომკვდარა — ისეთი, რომ გვეთქვა: „რაკი თუნდაც ერთი გადაურჩა სიკვდილს, მეორე მე ვიქნებიო“. ყველა მოკვდა და თავის დროზე ჩვენც ყველანი მოვკვდებით. ეს გარდაუვალი მოცემულობაა. მაგრამ როგორ გაჩნდა სიკვდილი, რატომ კვდება ადამიანი და რატომ იღუპება ჩვენ გარშემო ამდენი ხალხი — აი, ეს არის მთავარი კითხვა.

რა თქმა უნდა, შვილებო, ეკლესია წმინდა წერილის, საკუთარი გამოცდილებისა და წმინდანთათვის მიცემული გამოცხადების მეშვეობით განგვიმარტავს სიკვდილის ამ მოვლენას. სიკვდილთან კი ყველაფერი დანარჩენიც არის დაკავშირებული: სნეულება, ასაკის მატება, სიბერე. სიბერეც ხომ ერთგვარი სნეულება და ხრწნილებაა. ყოველი გასული დღე, ყოველი საათი, ყოველი წუთი ჩემს სიცოცხლეს აკლდება — ესე იგი, ესეც სიკვდილის ერთი ნაწილაკია. როგორ ხდება ეს, როცა ვიცით, რომ ღმერთმა ადამიანი უკვდავებისთვის შექმნა? ღმერთმა ჩვენ უკვდავებად შეგვქმნა და მოგვცა შესაძლებლობა, მარადიულად გვეცოცხლა. მაშ, რატომღა ვკვდებით? რატომ ვავადმყოფობთ? და რატომ არსებობს მთელი ეს უსამართლობა ჩვენს ბუნებასა და ადამიანური ცხოვრების პირობებში?

შვილებო, წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი და დაასახლა სამოთხეში. იქ ადამიანი ღვთისგან იმისთვის იყო მოწოდებული, რომ მარადიულად ეცოცხლა სამოთხის სასუფეველში, დიდ ნეტარებასა და სიხარულში. თუმცა, ღმერთმა მას მისცა ერთი მცნება. ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ მცნების ქონა, რათა შეენარჩუნებინა სასიცოცხლო კავშირი და დამოკიდებულება სიცოცხლის წყაროზე — თავად ღმერთზე. ღმერთმა უთხრა მას, რომ თუკი დაარღვევდა ამ მცნებას, მოწყვეტდა იმ ნაყოფს და შეჭამდა, მოკვდებოდა.

ეს იყო ადამიანის ღვთისგან განშორების ბუნებრივი შედეგი. ეს არ ყოფილა სასჯელი, არც ცოდვის იურიდიული შედეგი და არც რაიმე სამართლებრივი კანონის დარღვევა — ეს იყო მხოლოდ შედეგი. ისევე, როგორც ვინმეს რომ უთხრა: „თუ ცხვირზე ხელს მოიჭერ და არ ისუნთქებ, მოკვდებიო“ — ეს უჰაერობის შედეგია და არა შენი მხრიდან დასჯა. ღმერთმაც იმიტომ გააფრთხილა ადამიანი, რომ ეს არ გაეკეთებინა — არა იმიტომ, რომ გაეკეთებინა, არამედ პირიქით, რომ მორიდებოდა და არ გადაედგა ის ნაბიჯი, რომელიც მას სამოთხისეულ სიცოცხლეს დააკარგვინებდა. მიუხედავად ამისა, ადამიანი მოტყუვდა, განვარდა ღვთის მადლისგან და მოკვდა.

პირველად მისი სული მოკვდა. იგი განეშორა ღმერთს, დაარღვია ღვთის მცნება, ამ დარღვევამ კი მასში მყოფი ღვთის მადლი შეწყვიტა და სული მოკვდა. მაშასადამე, პირველად სულიერი სიკვდილი დადგა. ამის შემდეგ კი, რამდენიმე ასეული წლის მერე, მოვიდა ბიოლოგიური სიკვდილიც — მოკვდა მისი სხეულიც. სწორედ ამიტომ ვკვდებით მას შემდეგ ყველა ადამიანი. ჩვენ იმიტომ კი არ ვკვდებით, რომ პირადად მიგვიძღვის ბრალი იმაში, რაც პირველქმნილმა ადამიანმა ჩაიდინა — ეს არ არის ჩვენი პირადი დანაშაული ან იურიდიული ბრალდება, ჩვენ არ ვართ დამნაშავენი იმაში, რაც მაშინ მოხდა. უბრალოდ, ჩვენ მემკვიდრეობით ვიღებთ სიკვდილსა და სნეულებას. პირველქმნილთა შვილები ვართ და მათგან მემკვიდრეობით გვერგო ხრწნილება და სიკვდილი. ეს დაცემის შედეგია, ეს ჩვენი მემკვიდრეობაა.

შემდეგ კი მოდის ჩვენი ქრისტე — ახალი ადამი, ახალი კაცი — და გვაძლევს შესაძლებლობას, მარადიულად ვიცოცხლოთ მასთან ერთად. ის გვეუბნება, რომ აღდგებიან მკვდრები, რომ იგი გააუქმებს სიკვდილს და ბოლოს მოუღებს იმას, რაც ეშმაკის ზეიმი იყო, როცა მან ადამიანი დასცა — სატანის იმ წარმატებას, რითაც მას სურდა დაემარცხებინა ღმერთი და მისი ქმნილება. მოვა ღმერთი თავისი მეორედ მოსვლით, აღადგენს მკვდრებს და გააცამტვერებს ეშმაკის მთელ ამ გამარჯვებას. მაგრამ მანამდე ჩვენს რეალობაში კვლავ არსებობს ეს ბუნებრივი მოცემულობები: სიკვდილი, ხრწნილება და ავადმყოფობა.

ქრისტე პირველად ჩვენს სულს კურნავს. ჩვენი ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებით — წმინდა ნათლისღებით, მირონცხებით, წმინდა ზიარებით, სინანულითა და საეკლესიო ღვაწლით — იგი კურნავს ჩვენს სულს. ადამიანი ხელახლა იბადება. ნათლისღება ადამიანის ხელახლა შობაა: იგი თავიდან იბადება და ჩვენი სული ცოცხლდება. ცოდვა ჯერ სულს კლავს, შემდეგ კი — სხეულს. როგორც უკვე გითხარით, დაცემამ ჯერ სული მოკლა და მერე სხეული. ზუსტად ასევე, ქრისტეც ჯერ ჩვენს სულს აღადგენს, რადგან თავად მოდის და მკვიდრდება ჩვენში — ქრისტეა სიცოცხლე სოფლისა. ხოლო შემდეგ, თავისი მეორედ მოსვლისას, იგი ჩვენს სხეულსაც აღადგენს.

სწორედ ეს სხეული აღდგება, რომელიც ახლა გვაქვს. სხვა სხეული კი არ იქნება — სწორედ ეს ჩვენი სხეული აღდგება, ოღონდ იქნება უხრწნელი. იგი აღარ იქნება ხრწნადი, აღარც ბებერი, აღარც დასახიჩრებული, აღარც ავადმყოფი, აღარც ჩვილი და აღარც მოხუცებული, რადგან ეს ყველაფერი დაცემის ნიშნებია. ეს იქნება უხრწნელი სხეული, ისეთივე, როგორიც ქრისტეს სხეული იყო მისი აღდგომის შემდეგ. ჩვენც ამ სხეულს მივიღებთ — ჩვენსავე სხეულს — და მასთან ერთად ვიცხოვრებთ მარადიულად: ან ქრისტეს მადლში გაერთიანებულნი, მისი სიყვარულითა და მარადიული ნათლით მოხარულნი, ან, თუკი არ შევიყვარეთ იგი, სამწუხაროდ, მარადიულად განშორებულნი მისგან, რაც მარადიული ტანჯვა და ჯოჯოხეთია.

ახლა კი, სანამ ამ წუთისოფელში ვცხოვრობთ, ამ მოცემულობების პირისპირ ვდგავართ: ჩვენ წინაშეა სიკვდილი, სნეულება, გაჭირვება, მწუხარება, ტკივილი და მძიმე წუთები. რა დანიშნულება აქვს ამ ყველაფერს? ღმერთი უშვებს, რომ ეს ყოველივე არსებობდეს, რათა მათი მეშვეობით საკუთარი თავის სულიერად დამუშავებისა და გაკეთილშობილების შესაძლებლობა მოგვცეს. რადგან, სამწუხაროდ, ცოდვამ სიამოვნებისმოყვარეობით მოგვწამლა და ჩვენი სული, სხეული და მთელი არსება ცოდვაში ჩავარდა, ახლა საჭიროა ღვაწლი, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ. საჭიროა განწმენდის ღვაწლი, რათა გავისუფთაოთ თავი ვნებებისა და ცოდვებისგან, ვნებათა ტყვეობისგან — იმისგან, რაც გვატყვევებს და ღვთის წინაშე დამნაშავედ გვხდის.

ამგვარად, ღმერთი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სიკვდილი და ავადმყოფობა — რომლებიც თავისთავად ცუდი მოვლენებია, რომლებიც ღმერთს არ სურს და არ აკურთხებს, მაგრამ მაინც არსებობს — სულიერად გამოვიყენოთ. ასე ვაქცევთ სიკვდილის მწარე სასმისს უკვდავების ტკბილ წამლად. სიკვდილის სიმწარეს სიტკბოდ ვაქცევთ; იმას, რაც შხამია — წამლად, ხოლო იმას, რაც მარცხი და სირთულეა — სიადვილედ და კურთხევად. მაშასადამე, როდესაც ადამიანი იტანს უსამართლობას, ტანჯვას, ავადმყოფობს, უძლურდება, კვდება, საფრთხეში ვარდება და ნაწილ-ნაწილ იშლება, მოთმინების, სიყვარულის, ლოცვისა და ღვთის დიდების მეშვეობით, მთელი ეს სირთულე მართლაც შეიძლება სულიერ ღვაწლად გარდაიქმნას და ადამიანი სულიერად გაიზარდოს.

ფაქტია, შვილებო, რომ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ტკივილი არ განუცდია, სულიერად დაუმუშავებელი და მოუმწიფებელია. მას არ შეუძლია გაიგოს კაცობრიობის საერთო ტკივილი. თუ თავად არ გეტკინა, ვერასოდეს გაუგებ შენი ძმის ტკივილს. ძალიან ტრაგიკულია ისე ცხოვრება, რომ ვერ გრძნობდე მოყვასის ტკივილს და არ თანაუგრძნობდე მას. ბერძნულად „თანაგრძნობა“ (συμπαθώ) შედგება სიტყვებისგან „ერთად“ (συν) და „ტანჯვა“ (πάσχω) — ანუ ერთად ტანჯვას ნიშნავს. საშინელებაა, როცა ძმასთან ერთად არ იტანჯები და არ გესმის, რა ხდება შენ გარშემო. სწორედ ეს ტკივილი გვამუშავებს სულიერად, გვამწიფებს და გვამზადებს იმისთვის, რომ გავხდეთ ტკბილი და თავმდაბალი ადამიანები, რომლებსაც ესმით, რა ხდება ირგვლივ.

მართლაც, ეს და სხვა განსაცდელები დიდი გამოცდაა, ერთგვარი ალი და ხანძარი, რომელიც გვწვავს, მაგრამ იმავდროულად გვამწიფებს. ღუმელი ხომ გინახავთ? წარმოიდგინეთ საჭმელი, თუნდაც ტაფა, რომელსაც ღუმელში დგამთ. ახლა ისეთი ღუმელებია, გარედან მინა აქვს და ხედავ, შიგნით რა ხდება. ვთქვათ, ქათმის შეწვა გინდათ. შედგამთ ღუმელში და ჩართავთ, ვთქვათ, ას გრადუსზე. ქათამი იწვება, თქვენ კი გარედან უყურებთ. იმ ქათამს რომ ხმა ჰქონდეს, გეტყოდათ: „მიშველე, გამომიყვანე აქედან, ვიწვი, ვიწვიო!“ მაგრამ თქვენ, ვისაც გინდათ, რომ კარგად შეიწვას, გემრიელი, ლამაზი და დაბრაწული გამოვიდეს, რათა შეჭამოთ და ისიამოვნოთ, ტოვებთ ღუმელში მანამ, სანამ ბოლომდე არ მომზადდება და სრულყოფილი არ გახდება. მის თხოვნას რომ დაუჯეროთ და უმი გამოიღოთ, გადასაგდები გახდება — საჭმელად აღარ ივარგებს.

ადამიანიც ზუსტად ასეა. თუკი არ გამოიცადა, თუკი განსაცდელთა ამ ქურაში არ გაიარა, იგი უგემური დარჩება — დარჩება არსისა და შინაარსის გარეშე. ადამიანი ვერასოდეს მომწიფდება სულიერად. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, შვილებო: ადამიანი ვერ მწიფდება, თუკი სირთულეები და მწუხარება არ გამოიარა. ღმერთს არ სურს, რომ ვიტანჯებოდეთ და არც აკურთხებს ტანჯვას. მაგრამ რაკი ტანჯვა არსებობს, როგორც დაცემის შემდგომი ბუნებრივი მოვლენა, ღმერთი მოდის და მასთან ერთად გვაძლევს ძალას, სიბრძნესა და გონიერებას, რათა მთელი ეს სირთულე სულიერად სასიკეთოდ გამოვიყენოთ.

და თუკი ვინმე იჩაგრება ამ ცხოვრებაში — ისე, როგორც იჩაგრებიან პატარა ბავშვები, რომლებიც კვდებიან… იღუპებიან პატარები, თითქოს ყვავილებივით ჭკნებიან და უცებ მიდიან ამ ქვეყნიდან; იღუპებიან ადამიანები წყალდიდობებში, იმ უბედურებებსა და ბოროტებაში, რაც ჩვენ გარშემო ხდება — მთელ ამ უსამართლობას სახიერი ღმერთი, რომელიც სამართლიანია, მარადიულობაში აანაზღაურებს. ამგვარად, ამ ქვეყნად გატარებული 70-80 წლის მცირე უსამართლობა მარადიულ სამართლიანობად იქცევა. და საბოლოოდ, ბედნიერია ის, ვინც ამ წუთისოფელში უსამართლობას ითმენს, რადგან იგი მარადიულ სამართლიანობას დაიმკვიდრებს.

ღმერთი სხვა საზომით სჯის. იგი მოვლენებს მარადიულობის გადასახედიდან უყურებს და არა იმ კუთხიდან, საიდანაც ჩვენ ვხედავთ. ჩვენ მხოლოდ ჩვენს ამქვეყნიურ ცხოვრებას და იმ 70-80 წელს ვუყურებთ, რასაც აქ ვცხოვრობთ, ღმერთი კი ყველაფერს მარადიულობის ჭრილში ხედავს. ამიტომაც ღმერთი გვაძლევს შესაძლებლობას, მცირე უსამართლობა მარადიულ სამართლიანობად ვაქციოთ. როგორ ხდება ეს? სულიერი ღვაწლით, ლოცვით, მოთმინებით, მადლიერებითა და ღვთის დიდებით. თუკი სირთულეებში მოთმინებას გამოვიჩენთ, ვილოცებთ და ვეცდებით, ღმერთს ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ, მაშინ ჩვენი გული თანდათანობით მოლბება, გაკეთილშობილდება და თანაუგრძნობს კაცობრიობის მარადიულ ტკივილს.

და ჩვენ, შვილებო, მადლობა ღმერთს, კიდევ რაღაც კომფორტი გვაქვს. როცა ავად ვხდებით, გვყავს ექიმი, ვისთანაც მივალთ; გვაქვს წამალი, რომელსაც დავლევთ, გამაყუჩებელი; გვაქვს საწოლი, სადაც დავწვებით და გვყავს ადამიანი, რომელიც დაგვეხმარება. ჩვენ გარშემო კი არიან ადამიანები, რომლებიც სრულიად უმწეოდ კვდებიან: ერთი ასპირინიც არ აქვთ, რომ დალიონ, არ აქვთ უბრალო წამალი ტკივილის გასაყუჩებლად, არ ჰყავთ გვერდით ადამიანი, ვინც მოუვლის. ეს ძალიან მძიმეა, მართლაც მძიმეა. სწორედ ამიტომ თქვა ქრისტემ: „სნეულ ვიყავ და მოხვედით ჩემდა“ (ავად ვიყავი და მომინახულეთ). ძალიან მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ავადმყოფებს, შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, დავასვენოთ, არ მივატოვოთ გაჭირვებაში და მივცეთ მათაც შესაძლებლობა, სულიერად გაიზარდონ.

სიმართლე გითხრათ, ახლა რომ ავად ვიყავი, მაინცდამაინც არ გამჭირვებია — სულ ერთი თვე ვიწვალე. მაგრამ გონებაში მომდიოდა ჩემი დროინდელი ათონის მთის სურათები. მაშინ ათონის მთა ჯერ კიდევ პირველყოფილი იყო, სანამ იქ მანქანები, ტელეფონები, ელექტროენერგია და ეს ყველაფერი შევიდოდა. მახსენდება წმინდა პაისი, რომელიც ავად იყო და არ ჰყავდა ადამიანი, ვინც ერთ ჭიქა ჩაის გაუკეთებდა. გაცივდა, ავად გახდა, ლოგინად ჩავარდა და არავინ ჰყავდა, რომ ჩაი მოედუღებინა. სიზმარში ხედავდა, თითქოს ვიღაცამ ჩაი გაუკეთა და მიუტანა. სიცხისგან იწვოდა. გაჭირვებით წამოდგა, რომ თავად მოედუღებინა ჩაი, დაელია და გამთბარიყო. მაგრამ სენაკში წყალი ჩამოსდიოდა, ასანთი დაუსველდა და ცეცხლის დანთებაც ვერ შეძლო. ასე იწვა ათი დღე საწოლში — გათბობისა და ყოველგვარი დახმარების გარეშე. აი, ასეთი გაჭირვება იყო.

ჩვენს სკიტში ერთი მოხუცი ბერი ცხოვრობდა, მამა სვიმეონი, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა. მივედი მის სანახავად. უდაბნოში სრულიად მარტო იწვა ლოგინად ჩავარდნილი. ვკითხე: „გერონდა, რა გინდა, რომ მოგიტანო?“ მან კი მიპასუხა: „რა უნდა მომიტანო, მამაო, ერთ მაწონს შევჭამდი სიამოვნებითო“. სად უნდა გვეშოვა მაწონი უდაბნოში?! იქ მაწონი არ არსებობდა, უდაბნო იყო. არც მაწონი იყო, არც ფორთოხალი, არც წვენი, რომ დაელია. ათონის მთაზე წვენები პირველად ჩემი იქ წასვლიდან ათი წლის შემდეგ ვნახეთ.

სხვათა შორის, წმინდა პაისისთან დაკავშირებით ერთი ასეთი ამბავიც მახსენდება: როცა ვუთხარით, ქიმიოთერაპია (ბერძნ. χημειοθεραπεία) უნდა გაიკეთოო, მან ეს სიტყვა გაიგო როგორც „წვენოთერაპია“ (χυμοθεραπεία — წვენებით მკურნალობა). ეგონა, უბრალოდ წვენები უნდა ესვა და გვეკითხებოდა: „რა წვენებია, ფორთოხლის წვენიო?“ საწყალს ეგონა, წვენებს დაალევინებდნენ, არადა ქიმიოთერაპია ქიმიური პრეპარატებით მკურნალობაა.

და ეს ადამიანები ითმენდნენ. მათ დიდი კურთხევა ჰქონდათ, რადგან ღმერთი მომთმენ ადამიანს უხვად აძლევს მადლს — ძალიან დიდ მადლს. ეს მადლი კი ავსებს ყოველგვარ ნაკლულევანებას და აღავსებს ადამიანს დიდი კურთხევით, დიდი სიხარულითა და ღრმა სულიერი შინაარსით.

Share