გლოვა
კითხვა: შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონასტერში ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ღმერთი წარმართავს ადამიანთა გულებს?
პასუხი: „ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად“ (რომ. 8:28), მათ, ვისაც სურთ, შეინანონ და იგლოვონ ღვთის წინაშე, ყველაფერი ხსნისათვის წარემართებათ. თუ ჩვენ გულწრფელად გვსურს, სათნოვეყოთ ღმერთს, ყველაფერი, რასაც ვხედავთ, გვესმის და ვფიქრობთ, დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. მაგალითად, თუ ჩვენში გლოვის საკვირველი ძალა მოქმედებს, ჩიტების გალობა იმგვარად ზემოქმედებს, რომ ტირილს ვიწყებთ. შევავლებთ თვალს თაროზე წიგნებს, დავინახავთ სათაურს „სახელითა მამისათა“ (სახელითა მისითა) და ჩვენი გულები ლღვება, ვტირით. ყველაფერი, რაც გვესმის და რასაც ვფიქრობთ, ჩვენს სასიკეთოდ ხდება, რადგან ღმერთი გვიყვარს. არაფერია ღვთისათვის ისეთი სათნო და ძვირფასი, როგორც სულიერი გლოვა. გლოვისასაა ადამიანი ყველაზე გულწრფელი და შეურყვნელი.
კითხვა: შესაძლოა, ღვთისმეტყველება ჩვენი სულის მდგომარეობა იყოს, თუ უვნებობისათვის არ მიგვიღწევია?
პასუხი: გარკვეული საზომით, შესაძლებელია. თუ გულმოდგინედ ვიღვაწებთ ლოცვასა და სულიერ გლოვაში, ჩვენი გული ღუმელს დაემსგავსევბა, ისეთი სიტყვების გამოთქმას დავიწყებთ, თავადაც გავოცდებით. ვიგრძნობთ, თუ როგორ დაიბადება ღვთის სიტყვა ჩვენს გულში; ეს არის საძირკველი ჭეშმარიტი ღვთისმეტყველებისა. ხანდახან ჩვენი გულის გლოვას ცრემლი არ ახლავს თან, თუმცა ესეც სასიკეთოა. ცრემლები მონაზონთა პურია, რომელიც მათ სულებს ანოყიერებს. ძე ღვთისა იყო სული და იგი „განოყიერდა“ (იგულისხმება, რომ ხელშესახები გახდა) ღვთისმშობლისაგან ადამიანური ბუნების მიღებით. მსგავსად ამისა, ადამიანის სულიც „ნოყიერდება“ მადლით (ანუ ისეთ მდგომარეობაში მოდის, რომ ეძლევა შესაძლებლობა ღვთის წინაშე წარდგომისა), ცრემლების მეშვეობით ცხებული ხდება სული წმიდისაგან. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ქრისტეშობის დღესასწაულზე წარმოთქმულ ქადაგებაში ბრძანებს, რომ თუმცა ღვთის სიტყვა სული იყო, იგი „განოყიერდა“, როცა ადამიანიც გახდა, ხელშესახები, ხორციელი და ხილვადი. ადამიანი ხორციელია, თუმცა ხდება სულიერიც, როდესაც ხდება ცხებული სული წმინდის მიერ, ანუ „ნოყიერდება“. ეს „განოყიერება“ უმეტესად შედეგია სულიერი გლოვისა, რომელითაც ჩვენში „ქრისტე გამოიხატება“ (გალ. 4:19). ამ ყოველივეს ჩვენს გულებში სულიერი მდგომარეობის შენებას ვუწოდებთ.
ხანდახან ცოტაოდენ ცრემლს დავღვრით და ჩვენი გული იცვლება. რამდენიმე ცრემლი და გულში ჩნდება ნაპრალი, ჭრილობა, რომელშიც გონება მიიზიდება და ლოცვა ძალდაუტანებლად გადმოედინება. მონაზონი, რომელიც თავს უძღვნის სულიერ გლოვას, მადლით ივსება, რადგანაც ადამიანი მხოლოდ მაშინაა ბუნებრივად რელიგიურ მდგომარეობაში და მხოლოდ მაშინ ცხოვრობს ქრისტეს მცნებების შესაბამისად, როდესაც ცრემლებით ლოცულობს. როდესაც ვტირით, ღვთისკენ მივიდრიკებით ჩვენი ფიქრით, რომელშიც მთელი ჩვენი არსებაა ჩართული. სულიერი გლოვა მაკურნებელი თვისებისაა, რადგან ის გონებას, სულიერ ძალებსა და შეგრძნებებს გულში აბრუნებს. უძღები ძის იგავიდან ფრაზა „მოეგო თავსსა თვისსა“ (ლუკა 15:17), ისიქასტი მამების განმარტებით, აღნიშნავს მომენტს, როდესაც გული იმსჭვალება (იჭრება) სინანულის გრძნობით. წმინდა გრიგოლ პალამა აღნიშნავს, რომ ადამიანის მთელი არსება კონცენტრირდება გულში, არა მხოლოდ მისი გონება და გრძნობები, არამედ სხეულიც და შედეგად, გული გარდაიქმნება „სხეულის სხეულად“. საოცარია, როდესაც თავის ყვედრებისას ან სულიწმინდის მოქმედების შედეგად, ანდაც სახარების მუხლის გახსენებისას, ჩვენში თავმდაბლური აზრის გაჩენა ტირილს იწვევს. მცირეოდენი ცრემლის დაღვრის შემდეგ გრძნობ, რომ გული გარდაიქმნება, მასში ჭრილობა ჩნდება. ხოლო დიდი ხნით გლოვისა და ტირილისას გული უფრო მგრძნობიარე, მსუბუქი და ნათელი ხდება. შემდეგ უკვე შეგვიძლია სათანადოდ ვილოცოთ, გონებისმიერადაც კი.
არაფერი აშიშვლებს გულს ისე, როგორც ცრემლები და სირცხვილის გრძნობა აღსარებისას, როდესაც ჩვენს სულიერ სიღატაკეს ვავლენთ. სირცხვილის გრძნობა აღსარებისას და ცრემლები ერთი და იმავე გავლენის მქონეა, ისინი აცოცხლებენ გულს და ორივე მათგანი გარდაიქმნება ძალად. მორჩილება კი მცველია, რომელსაც იმავე მიზნისკენ მივყავართ. ვფიქრობ, ღმერთმა შეგვინარჩუნა ეს სულიერი ტრადიცია და მის სამსახურში ჩაგვაყენა. არაფერი გვაშორებს სამოთხეს, გარდა იმ სულიერი მეცნიერებისა, რომლის დაუფლებასაც პრაქტიკულად უნდა ვეცადოთ, ესენია: საკუთარი ნების მოკვეთა, მორჩილება, მადლისა და სულიერი ცრემლების მოხვეჭა. ყველაფერი ეს ძალიან ძვირფასია და თუ ადამიანი გულწრფელად ბოლომდე დაიხარჯება მათი მოპოვებისთვის, უფლის თვალში ბრძენი და დიდებული შეიქნება.
მორჩილების მეშვეობით ჩვენს გულებს განვწმენდთ, რათა სულიწმინდა დაევანოს მათში. სულიწმინდა კი სიყვარულის სულია, რომელსაც ყველას გადარჩენა სურს. შემიმჩნევია, რომ როდესაც მონაზვნები მორჩილებას ავლენენ, მათში ბუნებრივად იწყებს სიცოცხლის წყარო მოქმედებას, რადგან ღმერთს უყვარს ასეთ ადამიანებში დამკვიდრება. მათი ლოცვა მდიდრდება, ხდებიან ბრძენნი ყველა საკითხში, სხვათათვის კი – დიდი ნუგეში. ისინი ყველაფერში წარემატებიან. ადამიანის გონებას მორჩილება, „პირუტყვივით“ ყოფნა (ფს. 72:22), სისულელედ ეჩვენება, თითქოს თავისუფლებას, პიროვნულობას კარგავ. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა, როდესაც შენთვის ყოველივე ძვირფასს ქრისტეს ფერხთით დაუწყობ, საკუთარ პიროვნებას, ჰიპოსტასს აღმოაჩენ, უფალი კი სიამოვნებით გიბოძებს თავის კუთვნილ სიბრძნესა და ძალას. მონაზვნური ცხოვრების არსი მდგომარეობს ადამიანური სიბრნისაგან განდგომასა და უფლისთვის სულელად გახდომაში, რათა ჭეშმარითად ბრძენნი შევიქნათ.
სულის სიმსუბუქე
ყველა, ვინც სულისაგან იშვა, სულიწმინდის სიმსუბუქეს ატარებს. როგორც უფალი ეუბნება ნიკოდიმოსს, ასეთი ადამიანის სული ქარს ემსგავსება: „ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც“ (იოანე 3:8). ასეთი ადამიანის გაკონტროლება შეუძლებელია, მისი გონება ელვასავითაა. სულთმოფენობისას სულიწმინდა გარდამოვიდა, როგორც მგვრგვინავი გრიგალი და შესაბამისად, ისინი, ვინც სულიწმინდით მოქმედებენ, არ არიან პასიურნი: მათი გონება მოქმედებს, როგორც ელვა, და არათუ გონება, მათი სხეულიც კი მსუბუქად მოძრაობს, რადგან სული ამსუბუქებს სხეულსაც. სწორედ ამიტომ, წმინდანები საკუთარ სხეულშიც უდიდეს სიმსუბუქეს გრძნობენ. ალბათ გახსოვთ შემთხვევა, როდესაც ერთი მონაზონი, რომელიც ალექსანდრიაში ხელნაკეთი ნივთების გასაყიდად გაემგზავრა, საცდურის წინაშე აღმოჩნდა, მან კი უმალ მოძღვრის ლოცვას მოუხმო, რის შემდეგაც საკუთარი სკიტის წინ ამოჰყო თავი. როგორც ჩანს, მონაზვნის მიერ მიღებული მადლი იმხელა აღმოჩნდა, რომ მის სხეულს წონა წაერთვა, გონება კი გულში ჩაიძირა. მამა სოფრონიც დაიკარგა ერთხელ პარიზში, რადგანაც ლოცვაში იყო ჩაძირეული. ვინაიდან მასაც ჰქონდა მსგავსი გამოცდილება, მაშინვე მოუძებნა ახსნა ალექსანდრიაში ამ მონაზონის შემთხვევას და შეძლო, ჩემთვისაც განემარტა. მან მითხრა, რომ არც ანგელოზს და არც ღრუბელს არ მიუყვანია იგი სკიტამდე. მან, ვისაც წმინდა ლოცვა აქვს, არ იცის სხეულში იმყოფება თუ მის გარეთ. ეს ის სრულყოფილი სიცოცხლეა, რომელიც ადამიანს ანგელოზად აქცევს და ანგელოზივით გადაადგილების უნარს ანიჭებს.
კითხვა: ერთვის თუ არა თან ამ სიმსუბუქეს სიზუსტე აზროვნებაში, სიტყვებსა და ქმედებაში?
პასუხი: დიახ. წმინდა სილუანი ბრძანებს, რომ სრულქმნილნი აღარ საუბრობენ ადამიანურის შესახებ, არამედ იმას, რასაც სულიწმინდა უკარნახებს. აქედან გამომდინარე, სრულყოფილებას მიღწეული ადამიანის საუბარიც სრულყოფილი იქნება. სრულყოფილი ადამიანი წინასწარმეტყველია, ანუ ის, ვისი სიტყვაც მარადიულ ჭეშმარიტებასა და ღირებულებას ატარებს. წმინდა ირინეოს ლიონელი ამბობს, რომ ნამდვილი ტრადიციის მატარებლებს ჭეშმარიტების საკუთარი კანონი აქვთ: ისინი გადმოსცემენ ღვთისმეტყველებას, რომელიც უცდომელი ჭეშმარიტების ნიმუშია. გასული საუკუნის მრავალ წმინდანს სკოლაშიც კი არ უვლია, თუმცა ისინი გასაოცარი ცოდნით, სიღრმისეულად საუბრობენ. შევხედოთ სტარეცებს, წმინდა სილუანმა წერა-კითხვა თითქმის არ იცოდა, წმინდა იოსებმა უფრო ნაკლებადაც კი, მაგრამ როგორი სიბრძნე და სიზუსტე ჰქონდათ როდესაც ღვთისმეტყველებდნენ, ტრადიციის, ჭეშმარიტების ოქროს შუალედს არ სცდებოდნენ. წმინდა მამები უდაბნოში ასკეტურ ცხოვრებასა და მორჩილებას მიიჩნევდნენ ჭეშმარიტ უმაღლეს განათლებად
დღეს უდაბნოში აღარ ვმოღვაწეობთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ასკეტურად ცხოვრობდა კონსტანტინოპოლის შუაგულში, წმინდა იოანე კრონშტადტელი კი ხალხით გარშემოტყმული მოუკლებლად ლოცულობდა. ღვთივსათნო ცხოვრების მქონე ადამიანები ყოველთვის პოულობენ გამოსავალს იქ, სადაც ისინი იმყოფებიან. წმინდა სოფრონი ამბობდა, რომ უფლის მცნებები აბსოლუტურია. ისინი ჭეშმარიტად ქმედითია და სიწმინდის ნაყოფის გამოღება ნებისმიერ გარემოში შეუძლია. თავს ვერ გავიმართლებთ იმით, რომ პირობები არ გვიწყობს ხელს განვითარებაში. წმინდანები გამუდმებით მუშაობდნენ თავიანთ გულზე, ღმერთსა და ნებისმიერ ამქვეყნიურ რეალობას გულისმიერად აღიქვამდნენ. როდესაც გულში ეს ღვთაებრივი ვნება აღინთება, სიტყვები ადვილად იბადება, რათა შემოსოს ის სიცოცხლე, რომელიც მათ გულში დამკვიდრდა. თუ ადამიანს ეს ენერგია, ეს სიცოცხლე აქვს, სიტყვებს აუცილებლად იპოვის მის გადმოსაცემად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის წერა-კითხვის უცოდინარია. წმინდა სილუანს ისეთი შინაგანი ცხოვრება ჰქონდა, რომ ძალიან მარტივი სიტყვებით გადმოსცემდა სრულყოფილ სულიერ სწავლებას. ხშირად იგი ძალიან მახვილგონივრულად, თუმცა უბრალო ენით საუბრობს ისეთ ჭეშმარიტებაზე, რომლის გადმოცემასაც განათლებული ღვთისმეტყველი ვერ შეძლებდა.
წყარო: http://Pemptousia.com
სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©