shimonah iosif vatopedskiy

გონების დაცვა – თავი მეშვიდე: ვატოპედის მონასტერში; წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი”

ადამიანის სულის უმაღლესი საქმიანობა არის ლოცვა. ბერი დღე-ღამის უმეტეს ნაწილს ყურადღებიან და გონიერ ლოცვას უთმობდა. სწორედ ასეთ ლოცვას მოაქვს საღმრთო ნიჭები. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ადამიანის ღმერთისადმი სიყვარულის მაჩვენებელი ის არის, თუ რამდენ დროს უთმობს ლოცვას. მხოლოდ ლოცვის მეშვეობით ახორციელებს ადამიანი სიყვარულის უმაღლეს მცნებას „გიყუარდედ მტერნი თქუენნი“. რამდენადაც მეტს ლოცულობს კაცი, მით უფრო იზრდება მასში ღმერთის სიყვარული და ღმერთის გამოცდილებისეული ცოდნა. ლოცვაში ქმნილება თავის შემოქმედს შეიცნობს. განსაკუთრებით მონაზვნისთვის, ღმერთის ამგვარი შემეცნება მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. მონაზონი სულიწმიდის მადლით ცხოვრობს. მისთვის ერთადერთი და სრული ნუგეში საღმრთო მადლის მოქმედების შეგრძნებაა, რასაც კაცი ლოცვისა და გონების სიფხიზლის დროს გამოსცდის.

ჩვენი მოძღვარი მუდამ ლოცვისა და გონების დაცვის მნიშვნელობაზე გველაპარაკებოდა. მონაზონს ჭვრეტითი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, ანუ საკუთარ გულში ღმერთს უნდა ჭვრეტდეს. ბერი ხაზს უსვამდა, რომ ნამდვილი მონაზონი ისაა, ვინც გონებას იცავს. სწორი პრაქტიკული ცხოვრება, ანუ მონაზვნის გულწრფელი მორჩილება, სწორ ჭვრეტით (თეორიულ) ცხოვრებას, გონების ყურადღებასა და განუწყვეტელ ლოცვას მოგვიტანს, გონების დაცვას კი მცნებების უფრო ზედმიწევნითი დაცვა მოსდევს, რაც, თავის მხრივ, სულის განკურნებისა და ვნებებისგან თავისუფლების საწინდარია. ბერი იოსები გონების სიფხიზლის ნამდვილი მუშაკი გახლდათ. ეს ურთულესი ხელოვნება მან თავისი წმინდა მოძღვრისგან ისწავლა და სწყუროდა, თავისი მოწაფეებისთვისაც გადაეცა. ეს მისი უკანასკნელი საუბრებიდანაც ჩანს.

„ამრიგად, სწორედ რომ ყურადღება გვჭირდება, ჩემო ძმებო. მოდით, ამჯერად გონების დაცვაზე შევჩერდეთ. გონება ჩვენი არსების, ჩვენი არსებობის, ჩვენი უკვდავების, ჩვენი მარადიულობის, ჩვენი მარადმყოფობის თავია. გონებაა ის, რაც აზრებს იღებს ან არ იღებს; ის, რაც გარე სამყაროს, საკუთარ თავს, თავის მიზანსა და მიმართულებას ზედამხედველობს. ამ ყველაფერს გონება აკეთებს. თუ ჩვენი საწყალობელი მდგომარეობის მიზეზს გამოვიძიებთ, მას სწორედ გონებაში მივაგნებთ. გონება იყო ის, რამაც უყურადღებობა და გაუფრთხილებლობა გამოიჩინა და არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო. და რამდენჯერაც ხრწნის კანონმა, რაც პირველქმნილთა დაცემის შედეგია, შეუტია, არასწორი რეაგირება მოახდინა. მაგალითად, მოუვიდა არასწორი აზრი. იმის მაგივრად, რომ ეთქვა ამ აზრისთვის: „არ გაგივა! მომშორდი, სატანა. მონაზონი ვარ, ქრისტიანი ვარ, ღმერთს ვეკუთვნი. ასეთ აზრს თავში როგორ გავივლებ?!“, აზრს აჰყვა. ანუ ან წარსული გაახსენდა – რაც ნახა, რაც მოისმინა, ან რაც მოგვიანებით შეემთხვა, ან რამე ცუდი ჩვევა ან ვნება.

ასეთი ბრძოლა განუწყვეტლივ გვექნება. რადგან, როგორც ვთქვით, დაცემის შემდეგ ადამიანი დაზიანდა, გაიხრწნა. და ამჟამადაც ეს ხრწნის კანონი ჩვენში განუწყვეტლივ მოქმედებს. მას სათავეში ეშმაკი უდგას, რომელსაც ჩვენი დაღუპვა სურს. განკურნების სხვა გზა არ არსებობს: გონება თავის ადგილას უნდა დავაბრუნოთ. რამდენჯერაც რაიმე სახის ბრძოლა აღიძვრება ჩვენში, იქნება ეს გრძნობადი თუ გულისსიტყვების შემოტევა, გონება თავის ჯანსაღ პოზიციაზე უნდა დადგეს და ვითარება აკონტროლოს: „ჩუენი ხარ ანუ მტერთა ჩუენთა?“ ე.ი. გონებაში რაღაც აზრი მოდის. შენ კი ეუბნები: „აბა, მოიცადე! რა აზრია ეს? ღმერთისმიერია თუ ვნებიანი?“ როდესაც აზრს ასეთი კითხვის წინაშე აყენებ, თავის თავს იმწუთას ამხელს. არანაირი ძალა არ აქვს. რამეთუ როდესაც გონება თავის ადგილზეა, არასწორ აზრს გამოააშკარავებს და ამით ძალას ართმევს. მაშინ გონება გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალია და შეუძლია ღმერთისკენ სვლა დაუბრკოლებლად განაგრძოს“.

ბერი დაჟინებით მოითხოვდა ჩვენგან შინაგან ცხოვრებას, გონებრივ საქმიანობას, შინაგან ღვაწლს, რადგან თვლიდა, რომ ეს არის კანონიერი მოღვაწეობა, აქ არის სულიერი ნაყოფი. ამ სურვილით მონაზონი შეძლებს ეზიაროს ღმრთის მადლს, შეიძენს ღმრთის თანამყოფობის უცვლელ და მარადიულ შეგრძნებას. მოძღვარი გვასწავლი და: „განსაკუთრებით ჩვენ, მონაზვნები, ვიცავთ გონებას ჭირთათმენის, თავის უარყოფის, ღმრთის ნებისადმი ჩვენი ნების აბსოლუტური დაქვემდებარების გზით. და ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ეს წარმოადგენს, როგორც მამები უწოდებენ, შინაგან ღვაწლს. როცა გონება შინაგანი ღვაწლით ცდილობს თავის დაცვას, სწორედ მაშინ იწყება შინაგანი ბრძოლა, რათა მოვისმინოთ: „კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო!“. გულისსიტყვა როცა გვაწუხებს, მაშინვე გონება თავის სიმაღლეზე უნდა დავაყენოთ და ჩვენი მიზანი გავიხსენოთ. გონების ეკრანზე რაიმე სურათი როცა – ჩნდება, რომელიც გვაღიზიანებს, არასწორისკენ გვიბიძგებს, გონება თავის სწორ საფუძველზე უნდა დავაყენოთ. რა არის სწორი საფუძველი? ეს არის გახსენება იმისა, რომ ღმრთის ხატება და მსგავსება ვართ, მან შეგვქმნა და ახლა არც იმას იუკადრისებს, რომ ჩვენს მამად იწოდებოდეს. როცა ეს ვიცით, და ეს ცოდნა გვიპყრია ვითარცა საყდარი, მაშინ ნებისმიერ აზრს, როცა შემოგვიტევს, ვტაცებთ ხელს და ვეკითხებით: „ვინ ხარ?! ჩვენიანი ხარ თუ ჩვენი მტრებისა? მომცილდი, დაიკარგე! მონაზონი ვარ! შენი შემოთავაზებული არც ერთი მჭირდება, არც მეორე და არც მესამე – არაფერი“. ესაა კანონიერი მოღვაწეობა“.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020