დედა მაკრინე 1

დარიგებები – დედა მაკრინა ვასოპულო

როდესაც ვიგრძნობთ, რომ რომელიღაც ვნება გვამარცხებს, – მრისხანება იქნება ეს, სიზარმაცე თუ გულგრილობა, – მთელი გულით ვევედროთ ქრისტეს! ყველას გვაქვს ვნებები და მანკიერებები და როგორ განვიწმინდოთ გონება და გული? მოუკლებლად მოვუხმოთ: ‘’უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’! განა ქრისტე არ შეისმენს ჩვენს ლოცვას?! ის გვეტყვის: ‘’შვილო, ილოცე, მევედრე! განსაცდელი გაქვს? იბრძოლე! რადგან ასე მომიხმობ, მე მოვალ და დაგეხმარები’’… ჩვენ კი ვიხრჩობით გულისსიტყვებში და არ მოვუხმობთ მას. შედეგად კი ჩვენზე ვნებები ბატონდებიან და ჩვენი გული ბნელდება. ამ ყველაფერს ვხედავთ კიდეც, მაგრამ მაინც გულგრილნი ვრჩებით. უგრძნობელობა მოდის მაშინ, როდესაც უგულებელვყოფთ მორჩილებას და ყურადღებას. თუკი ადამიანი საკუთარ თავს აკვირდება, თავისი სულის წიგნს გახსნის, რათა ნახოს, რით დაამწუხრა უფალი და მოყვასი; თუკი ილოცებს, დამდაბლდება, საკუთარ თავს გაკიცხავს, მოვალეობებს ზედმიწევნით აღასრულებს, მაშინ სინდისის წიგნში საკუთარ თავს დაინახავს და იტყვის: “მოდი, მუხლს მოვიდრეკ და ვილოცებ, რადგან არ ვიცი, კიდევ რამდენი ხანი ვიცოცხლებ”.

* * *
თითოეული ადამიანი საიდუმლოებაა, საიდუმლოება, რომელსაც ვერ გამოთქვამ და ვერ აღწერ, – საიდუმლოთა საიდუმლო… ვევედროთ ქრისტეს, რომ სიფხიზლე მოგვანიჭოს, რათა სულიერი თვალი აგვეხილოს! ვევედროთ მას, რომ საკუთარი თავი დაგვანახოს! ყოველ საღამოს გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი: ‘’აბა, მოდი აქ, როგორ იქცეოდი დღეს? როგორ ლოცულობდი, რა თქვი, როგორ მოძრაობდი, აღასრულებდი თუ არა ღვთის ნებას, აკეთებდი თუ არა იმას,რაც ქრისტეს მოსწონს?’’- ასე დავინახავთ, თუ სად წავბორძიკდით.


* * *

მას, ვისაც ქრისტეს გულმოწყალება უგრძვნია, არ შუეძლია, რომ სხვაზე ცუდად ისაუბროს, ან მოყვასს უდიერად მოექცეს. მხოლოდ საკუთარ თავზე ამბობს: ‘’მე ვარ ზარმაცი და გულგრილი’’. წმინდანები თავიანთ შეურაცხმყოფელთ ყოველთვის ამართლებდნენ. ვისაც ქრისტეს გულმოწყალება განუცდია, ყოველთვის ცდილობს, საკუთარ ნათქვამზე იფიქროს, რათა სხვას ბრალი არ დასდოს. როდესაც ადამიანი სინდისს ყურადღებას აქცევს, მაშინ ის სხვას აღარ დაადანაშაულებს. ასეთი კაცის გულში მუდამ სიხარულია და ქრისტესაც მოსწონს მისი ცხოვრება. როგორი მშვენიერია ერთობა! როგორი მშვენიერია სიყვარული და კეთილშობილება!

* * *

როდესაც ტაძარში შედიხარ, ეცადე, ძალიან ჩუმად გააღო კარი, ჩუმად შეხვიდე და ჩუმად იარო, რადგან ამ დროს სხვა ადამიანი ცდილობს, შეძლებისდაგვარად ყურადღება მოიკრიბოს, რათა ქრისტეს დაუახლოვდეს. შენ არ უნდა გინდოდეს, რომ მას ხელი შეუშალო! ნებისმიერი ზედმეტი მოძრაობა მლოცველისთვის დამაბრკოლებელია და გონებას უფანტავს, ეშმაკს კი იმის საშუალებას აძლევს, რომ შფოთი შემოიტანოს და ადამიანის გონება ქრისტეს ვერ დაუკავშირდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ დროს ფრთხილად უნდა იყოთ! ის, ვინც ყურადღებითაა, შეიგრძნობს ლოცვას და უფრთხილდება კიდეც მას. როდესაც საავადმყოფოში მივდივართ, ვცდილობთ, რომ არ ვიხმაუროთ, რათა მძიმედ დაავადებულები არ გავაღვიძოთ. ასევე უნდა ვიყოთ ტაძარშიც! აქ ხომ სულიერი საავადმყოფოა და ყურადღება გვმართებს!


* * *

მოდით, არ ვეძებოთ გარეგნული, არამედ ჩვენი სულის თვალები ზეცას მივაპყროთ! როდესაც ადამიანი ნამდვილად ლოცულობს, მას არ შეუძლია, რომ იყვიროს, იჭორაოს და ამაოდ ისაუბროს. ღვთის მადლი სიმშვიდესა და სიმდაბლეს ანიჭებს და ქრისტე მის გულს აუცილებლად აფაქიზებს. როგორ სიტკბოებას განიცდის ადამიანი, როდესაც ლოცულობს! ამაოდმეტყველებას, წუწუნს გულში შფოთი შემოაქვს და ხელს გვიშლის ქრისტესთან ურთიერთობაში. როდესაც სიტყვებს არ ვუფიქრდებით და ზედმეტი საუბრით სხვას ვამძიმებთ, ის ჩვენ მიერ მიგვრილი სიმძიმის თესვას აგრძელებს, ასე ვრცელდება ბოროტება. შედეგად ადამიანი ვეღარ ლოცულობს და ვერც თავის მოვალეობებს აღასრულებს. მას აღარც თავისი ოთახი მოსწონს, არც არაფერი და ვეღარსად პოულობს სიმშვიდეს. ამიტომაც სიმდაბლეა საჭირო! სიმდაბლით გადავრჩებით.

* * *

ჩვენი ვნებები იმდენად სასტიკია, რომ შეიძლება მყისიერად წყობიდან გამოვიდეთ. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ლოცვაზე არ ‘’ვნადირობთ’’. ლოცვის მოსაპოვებლად რომ ვნადირობდეთ და ვიბრძოდეთ, ჩვენი ბაგეები ცივ და უხეშ სიტყვებს ვერ წარმოთქვამდა. წმ. ნექტარიოსი ამბობს: ‘’ დაე, თქვენი სიტყვა თაფლივით იყოს’’! ღვთის მადლი, რომელიც ქრისტეს უტკბეს სახელს მოაქვს, სულს აფაქიზებს და ატკბობს. ასე რომ, მას, ვინც იესუს ლოცვით მუდამ მოუხმობს ქრისტეს სახელს, გულში სიმშვიდე, თავშეკავება, მყუდროება და გამოუთქმელი სიტკბოება ეღვრება. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ თვითონ არაფერს წარმოადგენს და მისი ვნებები კი უზარმაზარია, ქრისტე მას სწორედ მაშინ უახლოვდება. მაგრამ, როდესაც ის სხვებს აკვირდება და განიკითხავს, უფალი შორდება.

* * *

როდესაც ჩვენი გონება ქრისტეთი არ არის დაკავებული და მუდმივად ვსვამთ კითხვას ‘’რატომ’’, მაშინ ირგვლივ ყველა დამნაშავედ მოგვეჩვენება. სინამდვილეში კი მიზეზი მხოლოდ ჩვენშია. არ გვაქვს კარგი სულიერი მდგომარეობა და ყველაფერი ამის ბრალია. ის, ვინც იესუს ლოცვაზე ‘’ნადირობს’’, იბრძვის მისით და მის მოსაპოვებლად ყოველ წამს იყენებს, ყველაფერს გადალახავს, ყველაფერს იღებს და ყველაფერს ითმენს. უფალი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მფარველობენ მას. ის გაურბის განკითხვას, ურჩობას და ყოველივეს, რაც ქრისტეს არ მოსწონს. საჭიროა სიმდაბლე! როდესაც ადამიანი საკუთარ შინაგან სამყაროს ხედავს, მაშინ ირგვლივ ყველაფერს კეთილად აღიქვამს. როდესაც ადამიანს გულში ქრისტე ჰყავს, ის ბოროტად არ მეტყველებს, გაჭირვებულის დანახვისას მასაც სტკივა, მასთან ერთად ტირის და ღმერთს მის შეწყალებას ევედრება.

* * *

ძალიან დიდი რამაა სულიერი კეთილშობილება. მოდით, არ ვისაუბროთ უხეშად, რადგან ეს ჩვენგან ღვთის მადლს განაშორებს! ჩვენი დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ, თორემ შემდეგ აუცილებლად ტკივილით და დანანებით გავიხსენებთ დაკარგულ და ხელიდან გაშვებულ წამებს! მუდამ მოუკლებლად ვიშრომოთ იესუს ლოცვაში, რათა ღვთის მადლის სიტკბოება ვიგრძნოთ! ამაო საუბრებში დრო არ დავკარგოთ, რათა დღე ფუჭად არ გავატაროთ! ეს ყველაფერი გასათვალისწინებელი განსაკუთრებით მაშინაა, როდესაც ზიარებისთვის ვემზადებით! დიდი ყურადღება გვმართებს! ვევედროთ უფალს: ‘’ჩემო ქრისტე, ხვალ ჩემს გულში მიგიღებ და განა ამის ღირსი ვარ“?! დაე, ზიარებას სიმდაბლითა და გულშემუსვრილობით მივეახლოთ! თუ ვინმეს ვაწყენინეთ, ვინმეს მიმართ ცუდი განცდები გვეუფლება, წინააღმდეგობაში ვართ და სიმდაბლე არ გვაქვს, მაშინ სჯობს, არ ვეზიაროთ!
გულმოდგინედ ვივარჯიშოთ მორჩილების სათნოებაში! ურჩი ეშმაკისგან დაუცველია. მორჩილების გარეშე ვერ გადავრჩებით!

* * *

მამები თავშეკავებასა და ასკეზაზე მეტად მდუმარებაში იღვწოდნენ და აკვირდებოდნენ, თუ როგორ მოქმედებდნენ მათზე ვნებები. აღსარებაზე ამბობდნენ: ‘’ამა და ამ ვნების მოქმედება იზრდება, ესა და ეს ბრძოლები დამეწყო. ჩემში ეგოიზმი ურჩხულივითაა, ვეწინააღმდეგები და ვერ ვამარცხებ. მებრძვის შური, განკითხვა, წუწუნი. რა მოვუხერხო ამ დემონებს? როგორ ვებრძოლო ამ ვნებებს’’? განა ასეთია ჩვენი აღსარებაც?! სწორედ ასეთი უნდა იყოს აღსარება! ჩვენ კი იმ ადამიანს ვემსგავსებით, რომელიც მოძღვართან მივიდა და უთხრა: ‘’მამაო, ამა და ამ კაცმა ესა და ეს დამიშავა’’. მოძღვარმა უთხრა: „დახარე თავი, რომ შენდობის ლოცვა წავიკითხო’’! მაგრამ შენდობის ლოცვის წარმოთქმისას მოძღვარმა აღმსარებლის სახელი კი არ ახსენა, არამედ იმის, ვისზეც ის აღსარებისას ესაუბრებოდა. კაცს გაუკვირდა: ‘’მამაო, ჩემს სახელს რატომ არ ამბობთ“?! მანაც უპასუხა: ‘’შენი ცოდვების შესახებ არაფერი გითქვამს, მხოლოდ მისი ცოდვები მოვისმინე’’.

* * *

საჭიროა მოთმინება! როგორი ცხოვრების წესიც არ უნდა გვქონდეს, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მოთმინება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გადავრჩებით! გეუბნებით თქვენ, ამ მიზეზით ინგრევა ოჯახები. დღეს ერთმანეთს შორდებიან იმის გამო, რომ ცოლი ქმარს ვერ უთმენს, ქმარი კი – ცოლს. ეს ყოველდღიურად ხდება.
ლოცვაში უნდა ვიშრომოთ, ვიშრომოთ, რომ ჩვენს ბაგეებს არ მოსწყდეს იესუს ლოცვა! საკუთარი თავი ლოცვაში ვაიძულოთ! ლოცვის დრო მოვიდა? მაშინვე თავს ძალა დავატანოთ და აღვასრულოთ ის, რაც მოგვეთხოვება! ქედი მოვიდრიკოთ ქრისტეს წინაშე და ვთქვათ: ‘’ჩემო ქრისტე, შენი სიყვარულისთვის ვედრების ორ სიტყვას მაინც წარმოვთქვამ, რათა ლოცვის გარეშე არ დავიძინო’’. შედეგად ნახავთ, თუ როგორ შემოვა თქვენში ღვთის მადლი.
ყველამ თავისი საქმე აკეთოს: დილით ადგეს, ჯვარი გამოისახოს და თქვას: ‘’ჩემო ქრისტე, დღეს შენ უნდა გემსახურო’’! ამ ცხოვრებაში ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან სიცოცხლე ღვთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია!
* * *

ქრისტეს სახელს მოუკლებლად მოვუხმოთ და ვნახავთ, უფალი როგორ დაგვეხმარება და დაგვიცავს. განვეშოროთ ამაოდმეტყველებას! იესუს ლოცვაზე ბრილიანტების მაძიებლის მსგავსად ‘’ვინარიდოთ’’! ის ქრისტეს სიყვარულს გვასწავლის. გავაცნობიეროთ, რომ თითოეული ამაო სიტყვისთვის ღვთის წინაშე პასუხს ვაგებთ. მაშინ დავინახავთ ჩვენს ნაკლოვანებებსა და არასრულყოფილებას. ვთქვათ: ‘’სხვები ანგელოზები არიან, მე კი არავინ ვარ’’. ასე იბადება ღვთის შიში.

* * *

როდესაც ადამიანი ლოცულობს, ხედავს, თუ საიდან მოდის ეშმაკი. ხოლო, როდესაც ის უზრუნველად ცხოვრობს და გულგრილობამდე, გულის გაქვავებამდე მიდის, მაშინ მასში ეშმაკები შედიან, სულს აბნელებენ და ადამიანი საბოლოოდ მათ ემსგავსება. აუცილებელია, რომ ჩვენი გონება მუდამ ფხიზლობდეს და ქრისტეს სახელს მოუკლებლად მოუხმობდეს! ის, ვინც ლოცვასა და სულიერ ღვაწლს მიატოვებს, აუცილებლად პირუტყვს დაემსგავსება. დღეს ყველა ადამიანზე სიამაყე და ეგოიზმი ბატონობს და, თუ ეს ვნებები არ განვიშორეთ, ქრისტეს ვერ ვიხილავთ.


* * *

არ განრისხდეთ, როდესაც ცუდად გექცევიან და ნურც ქება გეყვარებათ! თქვენში მუდამ დამდაბლების სურვილი უნდა იყოს! ჩვენ წინაშე დამნაშავე არავინაა, – მხოლოდ ჩვენ! ეს სიმძიმე საკუთარ თავზე იტვირთეთ და სხვას ნუ აჰკიდებთ, რადგან განკითხვა ეგოიზმისა და სიამაყის ნიშანია! მოერიდეთ თვითნებობას, რადგან ქრისტემ თქვა: ‘’ არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ’’!..

განა ჩვენ მარტონი ვართ?! ნახეთ, რამდენი წმინდანია ჩვენთან! როგორც კი მოვუწოდებთ, მყისვე ჩვენს დასახმარებლად მოდიან. თავს მიტოვებულად სწორედ იმიტომ ვგრძნობთ, რომ მათ არ მოვუხმობთ.

რამდენადაც გულმოდგინედ მოვუხმობთ ქრისტეს, ის იმდენად გვიახლოვდება. თუ ადამიანი იესუს სახელს მოუკლებლად მოუხმობს, ის თავისი სინდისის სულ მცირე გადახვევასაც კი ხედავს, გრძნობს, როდის ამწუხრებს მაცხოვარს. გულმხურვალედ ვევედროთ ქრისტეს, რომ განგვანათლოს, რათა მივხვდეთ, თუ როგორ ვუმადლოდეთ მას! როდესაც ლოცვაში ყურადღებით ვართ, ქრისტე ყველაფერს მოგვცემს.

წყარო: https://azbyka.ru/

სტატიაში გამოყენებულია დედა მაკრინა (ვასოპულო) ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის ტაძარში.

Share