დემონი – პიროვნებაა, ჰიპოსტასი. უპირველეს ყოვლისა, დემონი – უფლის ქმნილებაა. როგორც სულიერ არსებას, მას არ შეუძლია ჩვენთან განუყოფლად და დაუბრკოლებლად დაკავშირება, მას მხოლოდ ჩვენზე ზემოქმედება შეუძლია. რამეთუ, ადამიანი მოწოდებულია სრული სისავსით შეუერთდეს ღმერთს, ღმრთაებრივი ენერგიის მეშვეობით. შეუძლებელია უფლის არსობრივი აღქმა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი ენერგიის მიღება და მისი მეშვეობით უფალთან დაკავშირება. ხელთუქმნელი ენერგიები – უფალია თავად, ბრწყინვალებაა მისი არსებისა. სწორედ ასევეა დემონის ზემოქმედება – ეს თავად დემონია. ეს უნდა გავითავისოთ.
რატომ ვმარცხდებით და ვერ ვაღწევთ წარმატებას? ვინაიდან ერთმანეთისაგან ვასხვავებთ მაცდურ ეშმაკებსა და მათ ზემოქმედებას. მიჩნდებაა მზაკვრული ზრახვა და ვსვამ კითხვას: მე ის ეშმაკმა შთამაგონა, თუ ეშმაკის მოქმედებაა, თუ რომელიმე ვნება?” მაგრამ, საქმე ისაა, რომ მოქმედება და ეშმაკი – ერთი და იგივეა. მოქმედების მიღმა იმალება ეშმაკი, როგორც სხივის მიღმა – სინათლის წყარო. ეშმაკი იმალება ზრახვებისა და სურვილებისა უკანაც და ასევე სხეულსა და სულში მომხდარი მოქმედებების მიღმა.
ადამიანის დაღუპვის გეგმა დემონებმა სრულყოფილებამდე მიიყვანეს. ისინი ადამიანში მოქმედებენ იმგვარად, რომ შედიან მასში და კვლავ გამოდიან მისგან, ვინაიდან, მათ არ შეუძლიათ არც არსობრივად და არც ჰიპოსტასურად ჩვენს სულთან შეერთება. თუმცა, მათ სულის “შესამოსელის”, მისი ქმედებების შეცვლა შეუძლიათ და ამგვარად, შიგნიდან ბატონობენ ჩვენზე. ეს ჩანაფიქრი არა მხოლო იმ ეშმაკებს ეკუთვნით, რომლებიც შედიან და გამოდიან ჩვენგან, არამედ მათ, რომლებიც მოხერხებულ საომარ პოზიციებზე დგანან თვით ზეციურ კარიბჭესთან. ნუ დაგვავიწყდება, რომ მართალია სული სულიერია, თუმცა, მას რაღაც ფიზიკურობა გააჩნია, როგორც დემონებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზეცა, ისევე როგორც ჯოჯოხეთი, მისთვის არა მხოლოდ არსებობის ფორმაა, არამედ ადგილსამყოფელიც. სულს თავის შიგნით მოძრაობა შეუძლია და ის მიიწევს წინ.
ამგვარად, ჩემი ქმედებანი, რომლებსაც, ჩემი აზრით, საკუთარი სურვილითა და დამოუკიდებლად აღვასრულებ, სინამდვილეში – დემონებისაგან გამოსული გამოსხივებაა: ისინი მე საკუთარ თავს მაძლევენ და მეც ვიღებ მათ, თუმცა კი, ამ დროს ვფიქრობ, რომ თავისუფალი ვარ და რასაც მინდა იმას ვაკეთებ. მაშინ, როდესაც თავისუფლად მივიჩნევ თავს, ვერ ვხვდები, რომ ხელ-ფეხ შეკრული ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ვიბრძვი საკუთარი თავის გადასარჩენად, მაინც ფსკერისაკენ მივექანები. ამ დროს კი, ჯალათის კლანჭებში აღმოვჩნდები, ვინაიდან ვერ ვიაზრებ, რომ ერთადერთი, რაც ჭეშმარიტად სურს ჩემს სულს, – ღმერთია, რამეთუ მე მისთვის დავიბადე, მას ეძიებს ჩემი სული და მასში ჰპოვებს განსვენებას.
სხვა ყველაფერი, რაც მე სანატრელად მიმაჩნია, – სიცრუეა, ილუზიაა, სისულელეა, რომლითაც ეშმაკი მაცდუნებს. როდესაც ამგვარად ვიქცევი, მე სულიერ წონასწორობას ვკარგავ და ვფიქრობ, რომ მსურს ბოროტება, ამიტომაც არის ნათქვამი: “მე ბოროტი წინა მიც? (იხ. რომ. 7, 21). ჩემს გვერდით აღმოჩნდება ეშმაკი და სიკვდილი, რომელიც მას მოაქვს, რამეთუ სიკვდილი – ის თავადაა. მაგალითად, როდესაც გაღიზიანებული, გაბოროტებული ან სხვა რომელიმე ვნებას აყოლილი ვარ, სინამდვილეში, ჩემში ეშმაკთა ბოროტი საქმენი აღესრულება.
დემონს ჩვენი არსების პიროვნებაში შეღწევა არ შეუძლია, ისინი თავიანთი მზაკვრული და ბნელი საქმეებით გვიერთდებიან ჩვენ, რომლებიც რაღაც საერთო ხდება ჩვენთვის. ჩვენ გვიერთდებიან როგორც დემონური საცდურები, ასევე მადლი ღმრთისა, რამეთუ “წინა მიც” მე ღმერთიც და სიკეთეც, და მაშინ, ჩვენ ვხდებით ან ბნელნი, ან ნათელნი. თუკი მე ვცოდავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე უბრალოდ რაღაც ცოდვა ჩავიდინე, არამედ ეს ნიშნავს, რომ ჩემში ნამდვილი ბრძოლა წარიმართა, მთელი შერკინება მოხდა – და მე დავმარცხდი. ამიტომაც, ცოდვა არ ნიშნავს იმას, რომ მე რაღაც ავი ჩავიდინე, ვინანიებ ამას და ვიღებ შენდობას, და თუკი კვლავ შევცოდავ, კვლავ მივიღებ შენდობას. ცოდვა ნიშნავს, რომ მე მავიწყდება რისთვის დავიბადე, მავიწყდება, რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ჩემი სულის დამშვიდება და რომ ის ვერასოდეს იქნება შეუბილწველი, თუკი უფალს არ შეუერთდა. მაშ ასე, ცოდვა – მარცხია, შეცდომაა, ტყუილია, აცდენაა, ის ნიშნავს, რომ მე ვერ შევძელი მიზანში მოხვედრა. ცოდვა – ჩემი წარუმატებლობაა.
ჩემი ნების ცოდვისაკენ მიდრეკილება, სინამდვილეში ჩემი საკუთარი სურვილი არ არის, რომ შევცოდო, არამედ ჩემი ნებისა და დემონური ნების შერწყმა, რომელიც ამ გზით ცდილობს ჩემში შემოღწევას, მაშინ, როდესაც მე ვფიქრობ: “ეს ის არის, რასაც ვეძებდი”. რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმეს ვაკეთებ, ვგრძნობ, რომ ვუერთდები იმას, რასაც ვიქმ. ამით აიხსნება სიამოვნება, ცოდვისმიერი მოგონება და მასთან დაბრუნება – ეს ყოველივე, მთელ ჩემს არსებას საფუარივით ერწყმის. საჭიროა, რომ ჩემში ყოველი მოქმედება გაჩერდეს, სულ მცირედიც კი, იმისათვის, რომ შევძლო თქმა: ახლა, მე ვუერთდები ღმერთს.
არსებობს ისეთი მტკივნეული სულიერი მდგომარეობანი, განსაკუთრებით ძილის დროს ან ძილის წინ, როდესაც ადამიანს საერთოდ არ შეუძლია განძრევა. ამ დროს, ის ერთგვარ სულიერ უძლურებას განიცდის და ამასთანავე, არ შეუძლია ამოსუნთქვა, თითქოს ვიღაც ყელზე უჭერს ან გულ-მკერდზე აწვება. ის თავს იმგვარად გრძნობს, რომ თითქოს არა აქვს არც გული, არც ფილტვები, თითქოს მკვდარია. მან ზუსტად იცის, რომ ეს მდგომარეობა რაღაც გრძნობისმიერით, ხელშესახებით არის გამოწვეული, ამიტომაც ცდილობს პირჯვარი გადაიწეროს, მაგრამ არ შეუძლია. ცდილობს წამოთქვას: “უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი”, “მრწამს” ან “მამაო ჩვენო”, რომ განთავისუფლდეს, მაგრამ ესეც არ შეუძლია.
თუკი ასეთ მდგომარეობაში ადამიანი შეძლებს წარმოთქვას “მამაო ჩვენო”, “უფალო იესუ ქრისტე” ან პირჯვარი გადაისახოს, ის მაშინვე გათავისუფლდება ამ, ასე ვთქვათ, ბოროტი სულისაგან და ის თავისუფლდება ამჯერად, ან შესაძლოა სამუდამოდ.
მაგრამ, ხანდახან მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია: არც სიტყვის წარმოთქმა, არც ბაგეების მოძრაობა, არც პირჯვრის გადასახვა. ასეთ შემთხვევაში, ამ ტკივილის, ამ გაშეშების, ამ სიმძიმის დროს, როდესაც ადამიანი ხედავს, თუ როგორ უახლოვდება სიკვდილი, როდესაც ის ფიქრობს, რომ ყველაფერს კარგავს და სულს განუტევებს, რაღაც სინათლე შემოდის შენში და გინათებს გონებას, რათა დანებდე და მიენდო უფალს, მისცე მას საკუთარი თავი. როგორც კი ადამიანი თავის გულს მისცემს უფალს, გულს, რომელიც ტკივილისაგან იკუმშება და იტანჯება, ყველაფერი მაშინვე გაივლის.
თუკი სატანის შეგეშინდება, ის უფრო მეტ საცდურებს მოგიწყობს შენ. მთავარი მიზეზი, რატომაც დემონები თავს გესხმიან, არის მათი სურვილი, რომ გაიგონ, გეშინია თუ არა შენ მათი. რის გამო ატეხავენ ხოლმე ისინი ხმაურს სახურავზე? უბრალოდ რომ შეხედონ, შეგეშინდება თუ არა. შენი შიში – მათი გამარჯვებაა. თუკი შენ პანიკაში ვარდები და ფიქრობ: “ღმერთო, რა იქნება? ოღონდაც არაფერი მოხდეს!”, სატანა ამ დროს გამარჯვებას ზეიმობს. როგორც მგელი აკვირდება, ეშინია თუ არა მისი ძაღლს და თუკი ეშინია, თავს ესხმის მას, და თუკი არა თვითონ გარბის, ზუსტად ასევეა სატანაც.
სატანა მტკივნეულ ადგილას ურტყამს. ეგოისტი ხარ? შენს ეგოიზმზე ურტყამს. დედაშენი გიყვარს? მასზედ მოავლენს საცდურს. შენი ჯანმრთელობა გაშინებს?გაიძულებს იავადმყოფო. სიკვდილის გეშინია? გამუდმებით სასიკვდილო საფრთხეში გაგდებს.
ამქვეყნად სულზე მაცდური ეშმაკი ბატონობს, რომელიც, როგორც ეკლესია გვასწავლის, ღმერთმა დასაჯა და მიწაზე , უფრო სწორად კი, უფსკრულსა და ჰაერში ჩამოაგდო. ადამიანი მთელ ამ დემონურ ძალაუფლებას უნდა შეეჯახოს და სძლიოს მას, რათა თავისი სულიერი ცხოვრების კულმინაციას მიაღწიოს.
არიან დემონებიც და არიან ანგელოზებიც, რომლებიც ადამიანის სიცოცხლესა და სულს იცავენ, სანამ იგი სულიერ სივრცეებს არ მიაღწევს. დემონები იცავენ თავიანთ უფლებებს, ვინაიდან მათ განკარგულებაშია დედამიწა და ყოველივე, რაც მას ავსებს. და იმ საზომით, რამდენადაც ღმერთი მათ რთავს ნებას, ისინი ადამიანებს, სანამ ჯერ კიდევ მიწაზე ცხოვრობენ, თავიანთ საკუთრებად მიიჩნევენ, რომლებიც მათ კანონით ეკუთვნით, თავისად თვლიან ადამიანის სულსაც, მანამ, სანამ უფლის წიაღში არ აღმოჩნდებიან.
ამქვეყნიდან გასვლისას, სული ბნელი ძალებისაგან გასათავისუფლებლად იწყებს ბრძოლას. აქ ვლინდება პიროვნება და დემონის ძალაუფლების ყველა სფერო. დემონები მარტივად მოძრაობენ ადამიანში, თავისუფლად შედიან და გამოდიან, მაგრამ საკუთრივ მის სულს და სულის სიღრმეებს ვერ ეხებიან.
ადამიანის სულის მხოლოდ გარსი, ასე ვთქვათ, სულიერი ატმოსფერო ადამიანური ყოფიერებისა, შესაძლებელია იყოს დემონების ხელში, მასზე ზემოქმედება მათ ხელეწიფებათ. სწორედ მათი მეშვეობით ბადებენ ისინი ადამიანში, სხვადასხვა ხორციელ თუ სულიერ უძლურებებს, ზრახვებს, უშვებენ სულში ღრუბლებს და იწვევენ მოწყენილობასა და სევდიან განწყობას, რათა ადამიანი არ ჭვრეტდეს სახეს ღმრთისას.
ეშმაკი მახეებს იგონებს, გულმოდგინებით აკვირდება დროსა და სივრცეს. ის არის კორომებში, მდინარეებსა და ზღვის უფსკრულებში – ყველგან. არ არსებობს ადგილი: არც საფლავი, არც თავის ქალა, ორმოც კი – რომელიც მას თავის სამყოფელად არ ექციოს. მაგრამ, ასევე არსებობს დემონთა წოდებანი, რომლებიც ფლობენ ჰაერს, მთელ ატმოსფეროს, ბოლო წერტილამდე, სადამდეც ღმერთი მათ აძლევს თავიანთი ძალაუფლების გავრცელების საშუალებას. ეს დემონები, ჩვენთვის ცნობილია მოწამეთა მონათხრობებიდან, რომლებიც ასკეტურ წიგნებშია აღწერილი. ყოველ მათგანს შეხვდება სული და შეიგრძნობს საშინელებას, ვინაიდან ისინი სიკვდილით ემუქრებიან მას.
როდესაც სულის ზეცად აღსვლისას, სატანა დამარცხდება, დაიწყება არამიწიერი ცხოვრება. როგორ მჭიდროდ არის ერთმანეთში გადაწნული მატერია და სული, ზეცა და მიწა, აწმყო და მომავალი ცხოვრება! თითქმის არანაირი განმასხვავებელი ნიშანი, არანაირი მკვეთრი ზღვარი მათ შორის არ არსებობს. და რომელი სძლევს – დამოკიდებულია სულის გამარჯვებასა თუ დამარცხებაზე. ადამიანს წამისყოფაში შეუძლია გახდეს გამარჯვებული ან დამარცხებული, აღმოჩნდეს ხორციელი, ან სულიერი. ანგელოზების სიხარულის ისავსე კი (ეს ხომ ადამიანის სიხარულის სისავსეა) ვლინდება მაშინ, როდესაც სული ეშმაკებს დაამარცხებს.
თუმცაღა, ეშმაკებს ამარცხებს არა თავად ადამიანი, არამედ ის საქმეები, რომლებიც მიწაზე ყოფლისას მან აღასრულა. მისი საქმეები, ღვაწლი, დაღვრილი ოფლი, მუხლდრეკები, ბრძოლა, ნებაყოფლობით დაქანცვა და სიკვდილი, რომლის საფრთხეშიც ამქვეყნად ყოფნისას ის თავს იგდებდა, თან სდევენ მას, ხდებიან მისი მანათობელნი და ფანტავენ ბნელი ძალების წყვდიადს, დემონურ მოქმედებებს.
ბოროტება – ვნებაა, დემონური სულის ენერგია, სატანის ბნელი გამოსხივება. ჩვენ, როგორც წესი, აღვიქვამთ ჩვენი გულის მოძრაობებს, ზრახვებს, სურვილებს, ჩვენი შინაგანი სამყაროს ცოდვისმიერ გამოვლინებებს, ჩვენს სიძულვილს, ვნებებს, ეგოიზმს, ავმეხსიერებას. მაგრამ, ჩვენ არ შეგვიძლია გავიგოთ, რომ ამ ყველაფრის მიღმა იმალება პიროვნება, რომელიც დაკავშირებას ცდილობს ჩვენთან. სიკვდილის ჟამს, როდესაც სული სხეულისაგან გათავისუფლდება, მას დემონის მტაცებელი თათები მიეგებებიან. ასევეა ამ ცხოვრებაშიც, როდესაც სულიერ გაურკვევლობაში ვიმყოფები, როდესაც ვმრისხანებ და ამ რისხვას საკუთარ თავს მივაწერ, სინამდვილეში, ჩემთან შესახვედრად გამოდის იგივე პიროვნება. მაგრამ, როგორც წესი, ჩვენ იმდენად ვართ ძილში ჩაძირულნი, რომ ვერასოდეს ვამჩნევთ ამ შეხვედრას, რომლის მიზანია, გაწყვიტოს ყოველგვარი კავშირი ქრისტესთან და არ დაუშვას ჩვენი შეხვედრა ყოვლადწმინდა სამებასთან. დემონს კი არასოდეს სძინავს, ის გამოდის ჩვენთან შესახვედრად და შიშის მოგვრით გვიწოდებს თავის თათს, რათა შეიპყროს ჩვენი სული.
იმისათვის, რომ ჩვენ ნამდვილი, ჭეშმარიტი სიხარული გვქონდეს, ჩვენ უნდა განვიცდიდეთ, ვაცნობიერებდეთ და ვიაზრებდეთ ამ რეალობას, დემონის მყოფობას, რათა ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ მას.
ადამიანი, რომელიც დემონის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, ადამიანი, რომელზეც ვნებები და გულგრილობა ბატონობს, ადამიანი, რომელსაც არა აქვს ცრემლი, სიმდაბლე, სიყვარული, მდუმარება, ფიქრობს, რომ ის ძალიან ახლოს არის უფალთან. ლოცვისას, რამდენად ხშირად ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენთან არს ღმერთი! თუნდაც პატარა ცრემლის დაღვრისას, რამდენად ხშირად ვამბობთ: “გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო, რომ მომიხილე დღეს!” მაგრამ სად არის ის, ღმერთი? შენ გინახავს ის? ის ჯერ კიდევ შორს არის შენგან. იმისათვის, რომ გავიაზროთ, რამდენად შორს ვართ ჩვენ უფლისაგან, ყველა ეს საფეხური უნდა გავიაროთ. ჩვენ სიცრუეში, საცდურსა და ხიბლში ვცხოვრობთ, ვფიქრობთ რა, რომ უფალი ჩვენთანაა.
მაგრამ, შესაძლოა, დაჯერებულობამ იმაში, რომ შორს ვართ უფლისაგან, სასოწარკვეთისა და უიმედობისაკენ გვიბიძგოს? რა თქმა უნდა, ყველა ამ საფეხურის გავლა, მრავალწლიან შრომას მოითხოვს. მაგრამ, რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ ღვაწლში, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო ნათლად ვაცნობიერებთ, რომ – არაფერი ვართ. ეს განცდა ჰქონდა ყველა წმინდანს. პავლე მოციქული, თავისი მოციქულებრივი ღვაწლის დასაწყისში ამბობდა, რომ ის არის უკანასკნელი, მართალთა შორის, სიკვდილის წინ კი ამბობდა, რომ – პირველი, ცოდვილთა შორის. რაც უფრო მეტად წარვემატებით ღვაწლსა და სიფხიზლეში, მით უფრო ნათელი ხდება ჩვენთვის, რომ შორს ვართ უფლისაგან, მაგრამ ამას იმადგაცრუებამდე, გულგრილობამდე, სიზარმაცემდე და უმოქმედობამდე არ მივყავართ. უმოქმედობა, ბრძოლის შეწყვეტა – ისეთივე უკიდურასად მძიმე დაავადებაა, როგორც გულგრილობა და საშინელი, როგორც უიმედობა.
წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020
სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©