FW3A9349 1

მარხვა – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

მარხვის ტრადიციათა დადგენა ერთბაშად არ მომხდარა. საეკლესიო განწესებით, მოციქულთა კანონებით დაწყებული, თანდათანობით მოხდა მარხვისთვის განსაზღვრული დღეების დაკანონება. ზოგიერთი მითითება მარხვის შესახებ, ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან არსებობდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს კანონები თავიდანვე ამ ფორმით იყო დადგენილი, რა ფორმითაც დღეს არსებობენ. დროთა განმავლობაში დაწესდა ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა (მონოზვნებისთვის ორშაბათი დღეც), დიდმარხვა (იგივე დიდი ორმოცეული) და ღმრთისმშობლის მიძინების მარხვა, რომლებიც სიმკაცრით ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვების მსგავსია და ასევე ნაკლებად მკაცრი მარხვები: პეტრე-პავლობისა და ქრისტეშობის მარხვა. პირველი ქრისტიანები შინაგანად ყოველდღიური მარხვებისთვისაც იყვნენ განწყობილნი. წმინდა ათანასე დიდი ამბობს, ქალწულმა ყოველდღე უნდა იმარხულოს, თუმცა  შეუძლია საკვებში მცირეოდენი ზეთი დაამატოსო.

დიდმარხვა – დრო მხიარული ღვაწლისა, მთელი წლის მეათედი,  ზეციური სამყოფელის გახსენება.

მარხვა უფალთან გვაახლოებს. საკმარისია დავიწყოთ ის და  სიმდაბლითა და ძალთა მოკრებით განვვლოთ, რომ მაშინ აღდგომა თავისთავად დადგება ჩვენთვის. იქნებ გაუცნობიერებლადაც კი, მაგრამ ჩვენ აღვდგებით ქრისტესთან ერთად. დაე დიდმარხვამ ზღვარი გაავლოს ჩვენს ძველსა და ახალ ცხოვრებას შორის, რომელიც შესაძლებელია დაიწყოს ახლა, ღმრთაებრივ ნათელში განახლებით.

ეკლესია მარხვას წარმოგვიდგენს, როგორც უმთავრეს წინაპირობას ადამიანის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობისა. მარხვა და ამავდროულად ფიზიკური დატვირთვა – დაღლილობა, შიმშილი, წყურვილი – ყოველივე ორგანიზმის სიჯანსაღეს განაპირობებს. ადამიანი, რომელიც ჭარბად იკვებება, უდავოდ სნეულებებითაა აღსავსე. შესაძლოა ისინი ამჟამად არ ჩანან, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ გამოავლენენ თავს. ის, ვინც ჭარბად იკვებება, შეუძლებელია იყოს ჯანმრთელი. ამიტომაც, ეკლესიის მამები განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ შიმშილსა და საკვების მიღების განსაზღვრულ დროს. თუ თანამედროვე დიეტოლოგთა შეხედულებებს გაეცნობით, ნახავთ, რომ  ამასვე ამბობენ ექიმებიც: არასოდეს მიირთვათ ისე, რომ დანაყრდეთ და მიირთვით მხოლოდ განსაზღვრულ დროს. რაც ეკლესიის მიერ იყო დადგენილი თავდაპირველად, იქამდე მივიდა ადამიანური სიბრძნეც.

ზოგიერთს ეშინია უზეთო მარხვის, თუმცა სინამდვილეში უზეთო საკვები მხოლოდ იშვიათი დაავადებების შემთხვევაშია საზიანო. ხშირად ის მავნებელია ჩვენთვის, რადგან სული და სინდისი გვაქვს დაზიანებული. მილიონობით ადამიანი იღებს უზეთო საკვებს დიეტისა თუ სხვა მიზეზის გამო, მაგრამ ამით მათ ჯანმრთელობას ზიანი არ ადგება. ჩვენ, ქრისტიანები კი ვშიშობთ ჩვენი ჯანმრთელობის გამო. დიახ, ეს სატანა გვსაყვედურობს ჩვენ. საკვები ზეთის გარეშე არც ისე გემრიელია და ჩვენც გვეჩვენება, რომ სწორედ ამის გამო ვართ ცუდად – გვაქვს გულძმარვა, მუცლის შებერილობა.

ჭარბი კვება დამღუპველია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.  ის ხდება მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და ზოგიერთი მნიშვნელოვანი დაავადების გამოწვევის. საკვების მირთმევა საჭიროა მშვიდად, როგორც ადამიანს შეეფერება და არა ხარბად, თუმცა აი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი: – როდესაც მარხულობ, გიადვილდება ლოცვა. საკვების მიღება, არასოდეს დაგეხმარება ლოცვასა და გონების მოკრებაში. ეს ნიშნავს, რომ ლოცვა ჭამის შემდეგ, უკვე აღარ არის ისეთივე შთამაგონებელი და ძლიერი.

ადამიანი მიდრეკილია მიირთვას ის, რაც მოსწონს, რაც ატკბობს მის საყლაპავსა და მუცელს. ნაყროვანება, მუცლის დანაყრება, მეტადრე ჭარბი საკვების მიღებაში ვლინდება, თუმცა არცთუ იშვითად, ნოყიერი და გემრიელი საკვებისათვის უპირატესობის მინიჭებაშიც გამოიხატება, რომელთა მომზადებასაც განსაკუთრებული უნარები და დიდი სახსრები სჭირდება. ასეთ დროს, ჩვენში ძველ ცოდვებს ვანახლებთ. თვით უვნებელმა ადამიანმაც კი,  ჭარბად კვება და მეტად გემრიელი საკვების რჩევა რომ დაიწყოს, ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება. ეკლესიამ ეს იცის და ამიტომაც ანიჭებს დიდ მნიშვნელობას საკვებში  თავშეკავებასა და  მის უბრალოებას. ამის გარეშე შეუძლებელია ქრისტიანული ცხოვრება. ვფიქრობ ახლა გასაგებია თქვენთვის, თუ რატომ აღიქმება მარხვა, როგორც ხსოვნა უფლისა, როგორც მისი ძიება და მოლოდინი… მარხვა – არის მოლოდინი სულიწმინდისა, მისდამი ჩვენი რწმენის გამოვლინება. მარხვას ზეციურ საუფლოში გადავყავართ და უფლის წინაშე გვაყენებს. არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ მარხვა.

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მარხვას დაავადებებამდე მივყავართ, მაგრამ ეს მცდარია. დაცემული ბუნების მქონე ადამიანი, განსაცდელებით არის შეწუხებული და იტანჯება, რის გამოც დაავადება  აზიანებს მისი სხეულის ნაწილებს. საკუთარი ჯვრის ტვირთვაზე უარის თქმა, შეწინააღმდეგება, უსუსურობა და საკვებზე მიძალება – აი, რა იწვევს ავადმყოფობებს. საეკლესიო მარხვა ჰარმონიაშია ადამიანის ფიზიოლოგიასთან და ის არასოდეს აავადებს სხეულს, არ ვნებს კუჭს. ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, ის ეძებს საბაბს.

ცვალებადი ხასიათის მქონე ადამიანებს მუდამ სურთ საკვების მიღება. ერთ დღეს ზეიმობენ, მეორე დღეს მოწყენილობაში ვარდებიან. არ იცი, რა განწყობაზე მყოფთ შეხვდები მათ: მოწადინებულებს თუ გულგრილებს, კარგ განწყობაზე მყოფებს, თუ შენზე თავდასხმისთვის გამზადებულთ. ასეთი ადამიანები მუდამ იმით ამთავრებენ, რომ არღვევენ ეკლესიის მიერ დადგენილ მარხვებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ისინი, ვინც მოყვასს განიკითხავენ ან ამაოდმეტყველებენ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ძმას განიკითხავს, მრავლისმეტყველებს და ამავდროულად, ფარულად თუ ხილულად, არ არღვევდეს მარხვას. თუკი ის არ არღვევს მარხვას დღეს, ამას იზამს ხვალ. მართლაც და ავად მყოფ ადამიანებს ნაკლებად ახასიათებთ უმარხველობა. ხოლო ისინი, ვისზედაც ახლა ვსაუბრობთ, მძიმე სულიერი სნეულებებით არიან ძლეულნი და მათი ცოდვებიც ნებაყოფლობითია. სწორედ  ამიტომ, ხშირია მათი მხრიდან მარხვის დარღვევაც.

წესად გაიხადე მიირთვა იმდენი, რამდენიც გჭირდება. ნუ ეტყვი თავს: “ამიერიდან თავს შევიკავებ”, ან “ საერთოდ არ შევჭამ”, ან “ცოტას შევჭამ”,  რადგან ამ დროს სატანა მოგგვრის სიხარულსა და გულმხურვალებას, რომ მეტად შეუზღუდო საზრდო საკუთარ თავს. ამგვარად, ძალები გამოგეცლება და დაკარგავ სიფხიზლეს და თუკი შეძლებ მღვიძარებას, დილით რაღაც გაუთვალისწინებელ საქმეზე წასვლას ვეღარ შეძლებ, დაიღლები და იტყვი: “არ შემიძლია” .

თავშეკავების ზომიერება – გონივრული მსჯელობის შედეგია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღება. ჩვენ მიერ საკუთარი სხეულის დამორჩილების სურვილი არ ნიშნავს მის მტრად აღქმას. სხეული ჩვენი საკუთრებაა, ის ჩვენი ნაწილია, თუმცა არ უნდა ბატონობდეს ჩვენს ნებაზე. პირიქით, სხეული უნდა ემორჩილებოდეს ნებას ისე, რომ ჩვენ შევძლოთ ვუბრძანოთ ჩვენ სულს ის რაც გვსურს; მხოლოდ საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობათა გათვალისწინებაა საჭირო. ვიღაცას შეუძლია დღეში ერთხელ იკვებოს, ვიღაცას დღეში ორჯერ კვება ესაჭიროება. მკაცრი ღვაწლის შეუძლებლობა არ ნიშნავს მის სრულ უგულებელყოფას. ამრიგად, სხეულის დამორჩილება ნიშნავს, რომ ჩვენ მას საკუთარ ნებას ვუმორჩილებთ და ვაქცევთ სულიწმინდის იარაღად.

წმინდა მამები გვირჩევენ ვიკვებოთ იმ რაოდენობით, რამდენიც ჩვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად არის საჭირო. ნაყროვანება – უღმერთოდ მყოფი ადამიანის მახასიათებელია, რომელიც პასიურია სულიერ ცხოვრებაში და უუნაროა როგორც სულიერი, ასევე რაიმე სხვა სერიოზული საქმისთვისაც; ის არ ცხოვრობს ბუნებრივად და მშვიდად, ამიტომაც თავისი სიცარიელის შევსებას გადაჭარბებული კვებით ცდილობს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მას ეს საკვები მოსწონს – აქ უკვე ნათლად ჩანს ცოდვა.

როდესაც სხვებთან ერთად მიირთმევ, მხოლოდ იმ საკვებისკენ გაიწვდინე ხელი, რომელიც ახლოს არის შენთან, ხოლო რაც შორსაა, ნუ ეცდები გადაწვდე მას. როცა ამგვარად არ ვიქცევით, დასაცინნი ვხდებით სხვის თვალში, ვააშკარავებთ წესიერი ყოფა-ქცევის უცოდინრობასა და უარყოფით მემკვიდრეობით ჩვევებს; საბაბს ვაძლევთ ადამიანებს, რომ ჩვენს მშობლებზე ცუდი იფიქრონ; თავს ლაფს ვასხამთ ჩვენს წინაპრებს, საკუთარ თავსაც და შემდგომ უკვე ჩვენს სულიერ ოჯახს. ასევე, ნუ ისაუბრებ ფიქრებით: “ ახლა მივირთმევ! “ – რადგან, მაშინვე შეიგრძნობ სიტკბოებას და საჭმლის მომნელებელი ორგანოები დაიწყებენ შესაბამისი წვენების გამოყოფას, ამოქმედდება მთელი შენი ფსიქოსომატური ბუნება, შეიცვლება ორგანიზმი და იგრძნობ სიტკბოს საყლაპავში, მუცელში, გონებასა და გულში – სულიერიდან წამისყოფაში ხდები მიწიერი. თავს რომ უშველო, გაიხსენე შენი ცოდვები.


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share