დიდი მარხვა – გზა მიტევებიდან ქრისტესთან შეერთებამდე – მესოგეისა და ლავრეოტიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი

დიდმარხვის პერიოდი, ეს არის დრო სულიერი ღვაწლისა და სულიერი ნაყოფების გამოღებისა. ეკლესიის ყველა ცოცხალი წევრი ცდილობს, რომ ეს პერიოდი ქრისტესთვის მოსაწონად გაატაროს და განეშოროს იმ მოდუნებულობას, რა მდგომარეობაშიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიმყოფებით და რასაც ხელს უწყობს ჩვენი დაცემული ბუნება. ამ დროს ყველა ცდილობს, რომ მაქსიმალური ძალისხმევა ჩადოს და იწყებს შვიდ კვირიან რთულ მოგზაურობას. 49 დღე არც ისე ბევრია, მაგრამ სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ სულიერი ნაყოფების მოსავალი ავიღოთ. ეს სულიერი ნაყოფები კი ქრისტესმიერი სათნოებებია.

ვიფიქრე, რომ დიდი მარხვის შესახებ საუბარში, უფრო არსობრივად უნდა ჩავუღრმავდეთ სათნოებებს და გარკვეულ კატეგორიებად დავყოთ.

და ლავრეოტიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი
მესოგეისა და ლავრეოტიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი

განვიხილოთ სათნოებათა პირველი ოჯახი. ამ ყველფრის ათვლის წერტილი შეიძლება დიდი მარხვაში შესასვლელი კვირის სახელწოდებაც გამოვიყენოთ – მიტევება. რა მშვენიერი სიტყვაა – მიტევება! სახარებაშიც ხომ აღმოვიკითხეთ, რომ თუკი ჩვენ მივუტევებთ, ჩვენი ზეციური მამაც აუცილებლად მოგვიტევებს ჩვენს შეცოდებებს(მთ. 6:14). ამით ჩვენი წმინდა ეკლესია გვახსენებს და გვასწავლის, რომ სულიერი ღვაწლისა და სათნოებათა მოხვეჭის ასპარეზი სწორედ მიტევებით იწყება. მიტევებით იწყება მარხვა და ვნების შვიდეულის სახით მიტევებითვე იბეჭდება. ეს არის აუცილებელი სათნოება და წინაპირობა იმისათვის, რომ ქრისტეს აღდგომის სიხარული შევიგრძნოთ.

სწორედ მიტევება და სხვა ადამიანისადმი სულგრძელებაა ჩვენი სულიერი ღვაწლის ნაყოფიერების წინაპირობა და სწორედ მისით უნდა იწყებოდეს ყველაფერი. ამ ყველაფერს ხომ წმინდა წერილში ვკითხულობთ. ჩვენი ცოდვების მიტევების წინაპირობა ხომ ისაა, რომ ჯერ ჩვენ მივუტევოთ ჩვენს ძმებს და დებს. ხომ ამას ვითხოვთ ,,მამაო ჩვენო’’-ში. წმინდა ზიარებასთან მიახლების წინაპირობაც ხომ მიტევებაა და ამასაც ხომ წმინდა წერილში ვკითხულობთ. თუ არ შევურიგდით ჩვენს ახლობლებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დავაზიანეთ ან დაგვაზიანეს, ვერ ვეზიარებით. ეს მდგომარეობა ჩვენს გულს აზიანებს და ამიტომაც, სულიერი ცხოვრებისა და დიდ მარხვაში შესვლის უპირველესი წინაპირობაც ამ სათნოებით საკუთარი თავის განწმენდაა. ეს არის ცოდვისგან გამოსასვლელი კარი და დასაწყისი ნამდვილი მადლისმიერი სიცოცხლისა.

დავასახელოთ სხვა სათნოებებიც: მიტევება, დათმობა, მორჩილება, განმარტოება, გონების განათლება, გულის გაფართოება და ბოლოს ქრისტესთან ურთიერთობა, ანუ მასთან საუბარი. განვიხილოთ მათი მნიშვნელობა და ჩავიხედოთ საკუთარ თავში გვაქვს თუ არა ისინი და მათი მოპოვების წყურვილით დავიწყოთ სულიერი ღვაწლი.

მიტევება

პირველი სათნოება გულის გახსნასთან და მისი დამტევნელობის გაზრდასთანაა დაკავშირებული. მასში სხვა ადამიანები და მათი ნაკლოვანებებიც უნდა ეტეოდნენ. ყველაფერი უნდა ეტეოდეს, რაც არ უნდა დაეშავებინათ ჩვენთვის, მათი თავის მართლებაც კი, რაც არ უნდა არამართებულად გვეჩვენოს ისინი. ჩვენს გულში მათი ნებისმიერი სისუსტე და ის სირთულეებიც უნდა ეტეოდეს, რასაც ისინი გვიქმნიან.

ხშირად როგორ გვიჭირს ადამიანების ისეთებად მიღება, როგორებიც არიან! ჩვენ ხომ მუდამ იმას ვითხოვთ, რომ ისეთები იყვნენ, როგორიც ჩვენ გვინდა. მაგრამ ასე არ ხდება ხოლმე. ადამიანები გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად გვაზიანებენ ხოლმე. ზოგს უცნაური ჩვევები აქვს, ან რაღაცნაირი ქცევა და გვაშფოთებს. მაგრამ მსგავსი უძლურებები ჩვენც გვაქვს, ჩვენც დაცემული ბუნების მატარებელნი ვართ. ქრისტე მოგვიწოდებს, რომ გული გავხსნათ, ადამიანები ისეთებად მივიღოთ, როგორებიც არიან და საბოლოდ, შევიყვაროთ ისინი. ადამიანს თავისი და ან ძმა მათი კარგი ადამიანობის გამო ხომ არ უნდა უყვარდეს. ისინი ხომ იმიტომ უყვართ, რომ ერთი სისხლი და ხორცი არიან. ჩვენც ყველანი ხომ ფაქტობრივად ნათესავები ვართ, ყველა პირველმშობელი ადამისგან მოვდივართ და დაცემული ბუნების თვისებებს ვატარებთ. მაგრამ ამასთანავე, ნათლისღების საშუალებით ქრისტეს ეკლესია საღმრთო მადლთან მიახლების საშუალებას გვაძლევს და ამიტომაც, მანამ სანამ ამ საიდუმლოებებს მივეახლებით, სანამ აღდგომის სიხარულს ვიგემებთ ან ნებისემიერ სხვა ღვაწლს დავიწყებთ, ქრისტე მოგვიწოდებს, რომ გავხსნათ გული და იქ ჩვენი ძმები და დები დავიტიოთ. დავივიწყოთ ყოველგვარი წყენა და ჩვენს გულში ნებისემიერი უარყოფითი გამოძახილი ჩავახშოთ.

აქედან გამომდინარე, პირველი ნაბიჯი, როგორც ვთქვით – მიტევების სათნოებაა. ჩვენ უნდა განვიწმინდოთ გული, ადამიანის პიროვნების ცენტრი. ეს ცენტრი, იგივე ჩვენი პიროვნების ადგილი, ქრისტეს სამკვიდრებელი უნდა იყოს, მაგრამ იქ, ეგოიზმის ვნებას დამონებული ჩვენი ,,მე’’ მკვიდრობს. ამიტომაც, გულის განწმენდის პირველი ნაბიჯი, სხვა ადამიანების მიღებაა.

დათმობა, მორჩილება

მეორე ნაბიჯი – დათმობა და მორჩილებაა. უნდა ვისწავლოთ დათმობა, საკუთარი თავის მოთოკვა და დამდაბლება. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი სივრცე, ჩვენი ჩვევები და თვისებები სხვა ადამიანებზე მნიშვნელოვანია. არა, ჩემო საყვარელო ძმებო და დებო! ქრისტიანი არასდროს არ არის ამგვარი განწყობით. ის მუდამ თავს იკავებს, მუდამ თავს იმდაბლებს და ქრისტეს სიტყვების მიხედვით იქცევა: ,, ძმათმოყუარებითა ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით; პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით’’(რომ.12:10). ასეთი ადამიანი ადვილად უთმობს პირველობას სხვა ადამიანს. ის არ ჯიუტობს და არაფერს ითხოვს. ის, ვინც ამ სიჯიუტის ვნებითაა შეპყრობილი, ვერ შეძლებს საკუთარი სულის განახლებასა და ფერისცვალებას.

განმარტოება

როგორც ვთქვით პირველი ნაბიჯია – სხვა ადამიანების მიღება და შინაგანად დატევნა. მეორე – საკუთარი თავის დამდაბლება და დათმობა. მაგრამ არის მესამე მდგომარეობაც – განმარტოება. რას ნიშნავს ეს? ეს არის საკუთარი ეგოიზმის განულება, საკუთარი მიჯაჭვულობების განადგურება, საკუთარი ნების აღსრულების მოკვეთა და ღმრთის ნების ძიება. ეს არის მუდამ საკუთარ უფლებებზე ყურადღების გამახვილების, მუდამ საკუთარი აზრის გატანის, სხვებისგან რაღაცეების დაჟინებული მოთხოვნის შეწყვეტა; ეს არის ამასოფლის სულზე მიჯაჭვულობისა და რაც ჩვენს სულს იმონებს ყველაფრის განადგურება. განმარტოება – ამ ბორკილებისგან გათავისუფლებას ნიშნავს.

გონების გახსნა და გულის გაფართოება

თითქმის ყველა ასკეტური წიგნი, რომელიც დიდი მარხვის პერიოდს ეხება, პირველივე თავში განმარტოებას ეხება. სწორი სულიერი ცხოვრების აუცილებელი წინაპირობა ყველაფერ იმის დატევებაა, რასაც არაჯასაღად მივეჯაჭვეთ, რაც არასწორად ვისწავლეთ, რასაც არასწორად მივეჩვიეთ და რაც ჩვენს სულს იმონებს. ამის შემდეგ, ჩვენ ვაღწევთ მეოთხე მდგომარეობას, როდესაც არამხოლოდ ვიტევთ მოყვასს, არამხოლოდ ვიკვეთთ ეგოიზმს, არამედ ჩვენს სულს თავად ქრისტე სტუმრობს. ამ მდგომარეობის ასაღწერად ჩვეულებრივ ამ გამოხატულებას იყენებენ: გონების გახსნა და გულის გაფართოება. რამდენ რამეს მოიცავს ეს სიტყვები! ისინი ძველ აღთქმაში რამდენიმე ადგილას გვხვდება(ფს. 4:2; 17:20; 117:5; 118:45) და ორჯერ გხვდება კორინთელთა მიმართ ეპისტოლის მეექვსე თავში(2.კორ. 6:11; 13).

ეს ადგილები ასე ჟღერს: ,, ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე, მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისა’’(ფს. 4:2). მეორე ფსალმუნი: ,, და გამომიყვანა მე ფართოდ; მიჴსნეს მე, რამეთუ მინება მე’’(ფს.17:20). პავლე მოციქული კი ამბობს: ,, პირი ჩუენი აღებულ არს თქუენდა მიმართ, კორინთელნო, და გული ჩუენი განვრცომილ არს… მასვე სასყიდლის კუალად-გებასა, ვითარცა შვილთა გეტყჳ: განვრცენით თქუენცა’’ (2.კორ. 6:11; 13). სიტყვა სიფართოვეს ორი სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ძველ აღთქმაში ეს სიმსუბუქეს და ნუგეშს ნიშნავს. ახალ აღთქმაში ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობა აქვს და ქრისტესთვის გულის გახსნას გამოხატავს.

ხშირად როგორი ვიწროები ვართ! ხშირად ვერ ვუგებთ სხვებს და ვერც მიღებთ მათ. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ ჩვენში ეს შეზღუდულობა, ჩაკეტილობა და სივიწროვეა. ხოლო მადლმოსილ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მიტევება და დათმობა, მისთვის ადვილია გონების გახსნა. ის მოიხვეჭს გულისმიერ სიმშვიდეს, ზრახვათა დაყუდებას, სულის თავისუფლებას, სიმდაბლეს და ბოლოს საკუთარ თავში თავად ქრისტეს.

როგორც ვთქვით, მიტევებით ადამიანი სულგრძელად იღებს მოყვასს. თუ დამთმობია, მდაბლდება და აღარავის მიმართ აყენებს არაჯანსაღ პრეტენზიებს. თუ მან განმარტოება და ამასოფლისგან განშორება ისწავლა, მაშინ ის იკვეთს საკუთარ ნებას და არაფერს ეჯაჭვება. თუ ის ახალი აღთქმის სულით, მისი გახსნილობით, უბრალოებით და გულსავსებით ცხოვრობს, მაშინ თავად ქრისტეს იღებს საკუთარ გულში.

ღმერთთან ურთიერთობა, ქრისტეთან საუბარი.

არის კიდევ ერთი სულიერი მდგომარეობა, რომლის განხილვითაც დავასრულებთ მსჯელობას. ეს არის ქრისტეს და ადამიანის ორგანული ერთობა, როდესაც სრული ადამიანი ასე ვთქვათ, შედის, უერთდება ქრისტეს. გულის ამ ,,სიფართოვის’’ წყალობით ადამიანი დაუტევნელ ღმერთს იტევს. ქრისტესთან საუბრით, ანუ ნამდვილი ლოცვით, ქრისტეში ცხოვრებით, ადამიანი ისეთი მდაბალი ხდება, რომ ღმერთს სრულიად უერთდება. ასეთ მდგომარეობაში, ადამიანი არამხოლოდ ზეცას აახლოვებს მიწასთან, არამედ მიწასაც ზეცად გარდაქმნის. ეს არის ზეციური, განღმრთობილი, ქრისტეში მცხოვრები და მადლმოსილი ადამიანის მდგომარეობა. ასეთი ადამიანი უარყოფს საკუთარი ,,ეგოს’’ ცრუ და ხრწნად სამოთხეს და ზეციური სამოთხისკენ მიისწრაფვის.

ეკლესია დიდი მარხვის დასაწყისიდან ვნების შვიდეულამდე მუდამ გვახსენებს სამოთხეს. ყველიერის კვირის ცისკრის მსახურებებიც მუდამ დაცემასა და სამოთხიდან განდევნას შეგვახსენებს. დიდ ხუთშაბათსა და დიდ პარასკევს ეკლესია კვლავ საუბრობს სამოთხის შესახებ და მისი პირველი მკვიდრის, ავაზაკის მოქცევას გვახსენებს. მისი მაგალითი ყველას მოგვიწოდებს, რომ ჩვენი დაცემული სულის სივრცე, სამოთხედ ვაქციოთ. ეს მოწოდება იმაში მდგომარეობს, რომ გავხდეთ ამ ავაზაკის მიმბაძველნი. სწორედ ეს არის ჩვენი ღვაწლის მიზანი, რომ შევიცნოთ მისი საიდუმლოება და ხელოვნება, რომლის დახმარებითაც მან სამოთხე მიიტაცა.

როგორი კურთხეული მდგომარებაა ჯერ კიდევ ამქვეყნად სამოთხისეულ შინაგან მდგომარეობაში მყოფობა! როგორი აუცილებელია ეს ყველა ქრისტიანისთვის! მრავალი მიწიერ სამოთხეს ეძებს, მაგრამ ამაოდ. მაგრამ ამასთანავე, რამდენი ქრისტიანი ცხოვრობს ამ მდგომარეობის გარეშე! როგორი სამწუხაროა პირველთათვის და როგორი ტრადიკული ირონიაა ქრისტიანებისთვის! ჩვენ არ ვართ ქრისტიანები და არ გვესმის დიდი მარხვის მნიშვნელობა, თუკი მიუხედავად ეკლესიაში ყოფნისა, საკუთარ გულში ქრისტესთან შეხვედრის სამოთხისეულ სიტკბოება არ გვიგრძვნია.

შეგვეწიოს უფალი, რომ ამ სათნოებებში ვარჯიში დავიწყოთ და მივუტევოთ ერთმანეთს ყველგან, სახლში, სამსახურში, საზოგადოებრივ ადგილებში, ეკლესიაში და ა.შ რათა ამის შემდეგ, როგორმე დათმობა და მორჩილება ვისწავლოთ. აქედან განმარტოების პრაქტიკაში გადავალთ, ანუ საკუთარი ნების მოკვეთას ვისწავლით, რათა მოვაღწიოთ კურთხეულ მდგომარეობას – ქრისტესთან შეერთებას. ეს არის ერთგვარი ურთიერთშეღწევა, როდესაც ადამიანი შედის ქრისტეში, ხოლო ქრისტე ადამიანის არსების სიღრმეში მკვიდრდება. ასეთი ადამიანი არის განღმრთობილი, ქრისტესთან შეერთებული, ქრისტეშემოსილი, ზეციური, სამოთხისეული და სულიერი.

ჩვენი მარხვის, ღვაწლისა და ღმრთისმსახურების მიზანი ის არის, რომ განღმრთობის მდგომარეობამდე აღვიზარდოთ. ჩვენი აზროვნების ფერისცვალება და ქრისტესმიერი სათნოებების მოხვეჭაში შრომა, ღმრთის მადლით აუცილებლად მიგვიყვანს იმ სულიერ გამოცდილებამდე, რომელსაც ქრისტე ყველას უშურველად მოგვცემს. ამინ.

წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •