1

ეგოიზმთან ბრძოლისა და ყურადღებიანი სულიერი ცხოვრების შესახებ – არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი

წმინდა მამები ამბობენ, რომ ადამიანის გული ვნებების ფესვებითაა ახლართული და თავიანთი საცეცებით მჭიდროდ არიან მასში შერჭობილნი. როგორც კი ადამიანი ღმრთის მადლით საკუთარი გულიდან, თითქოს პინცეტით იწყებს ვნებების ამოძირკვას (რაც სხვა არაფერია, თუ არა მათი გარდაქმნა), გული ჭრილობებისგან სისხლდენას იწყებს და ადამიანი ტკივილს განიცდის. თუკი ამ დროს არ აიძულებს საკუთარ თავს, რომ დაითმინოს ეს ტკივილი და უარს იტყვის ბრძოლაზე, მაშინ კვლავ ვნებისმიერ და ცოდვისმიერ მდგომარეობაში დარჩება. მაგრამ თუკი გადაწყვეტს, რომ ბოლომდე მოითმინოს, ის თანდათანობით ამოძირკვავს გულიდან ვნებებს და თავისუფლებას მოიხვეჭს.

წმინდა მამები სწორედ ამისთვის იღწვოდნენ, მოუკლებლად ლოცულობდნენ, საკუთარ თავს აიძულებდნენ, საკუთარი გულიდან ვნებების ფესვების აღმოფხვრით იყვნენ დაკავებულნი და უვნებობას მიაღწიეს. ამის შემდეგ მათ უკვე აღარ აწუხებდათ არც სიამაყის, არც პატივმოყვარეობის, არც შურის, არც სიძულვილის და არც სიძვის გულისსიტყვები.

ჩვენ ვხედავთ, რომ წმინდა მამები სასწაულებს აღასრულებენ, მაგრამ თავს მაინც არ იმაღლებენ. გვიკვირს და ვკითხულობთ ხოლმე, როგორ არ ვარდებიან ეს ადამიანები სიამაყეში? სულ პატარა საქმის გამოც კი ვიკვეხნით და ვამბობთ, ისეთი დიდებული ვარ, ისეთი საქმე გავაკეთე, რაც სხვას არ შეეძლო! საკუთარი ,,მე’’ თავს წამოყოფს ხოლმე და ცდილობს დაგვაკარგვინოს ყველაფერი, რაც მძიმე შრომის შედეგად მოგვიპოვებია. თუ ადამიანი თავს აიმაღლებს, მაშინ საზღაურს კარგავს და მხოლოდ გარეგნული ქმედებაღა რჩება, მაგრამ თუ შეინანებს – აუცილებლად დაიბრუნებს დაკარგულს.

როგორ დავიბრუნოთ ის, რაც დავკარგეთ? საკუთარი თავის გაკიცხვით და თავის ბრალობით.

ერთხელაც, ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში გაემგზავრა, სადაც ცნობილი მოღვაწეები ცხოვრობდნენ. იქ ერთ დიდად სულიერ ბერს ჰკითხა: ,,მამაო, რა შეიძინე მას შემდეგ, რაც მონაზონი გახდი და ამ მთაზე ცხოვრობ? შენს მიერ მოხვეჭილ სათნოებათა შორის, რომელია ყველაზე აღმატებული?’’

მანაც უპასუხა: ,,მე თავის ბრალობა მოვიხვეჭე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერში მუდამ საკუთარ თავს ადანაშაულებდე და არა სხვებს’’.

წმინდა ანტონი დიდი ამბობს: ,,როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ადანაშაულებს, გულში განსვენებას გრძნობს, ხოლო როცა სხვას ადანაშაულებს – შფოთს’’.

თავად გამოსცადეთ ეს ყველაფერი, როცა განსაცდელი გეწვევათ. აბა თქვით, რომ სხვა არის დამნაშავე და მყისვე შინაგან შფოთსა და მწუხარებას იგრძნობთ. საკმარისია ვთქვათ: ,,დამნაშავე მე ვარ და არა ის; სხვებზე რაღა ვთქვა?’’ იმ წუთასვე იგრძნობ ფეხქვეშ მტკიცე ნიადაგს და დაცემის აღარ შეგეშინდება. იქამდე გეჩვენებოდა, რომ მაღლა იდექი და დაცემის მუდმივ შიშს განიცდიდი. როგორც კი მიწამდე დამდაბლდი და მტკიცე ნიადაგს დაადგი ფეხი, შიშიც უკვალოდ გაქრა.

როგორც კი ვინმესთან უსიამოვნება შემემთხვევა, ეგოიზმიც უცებ წამოყოფს ხოლმე თავს და გულისსიტყვა მეუბნება: ,, ის არის დამნაშავე! მან დაიწყო ყველაფერი, ის გაბრაზდა და შეურაცხყოფა მომაყენა და ამიტომაც მან უნდა დაიმდაბლოს თავი! უფრო ფაქიზად რომ ელაპარაკა, რა თქმა უნდა, მოვითმენდი და არ შევეპასუხებოდი. ასე რომ, მე კი არა, ის არის დამნაშავე!’’. აი ესეც ეგოიზმის ვნება!

უნდა შევეწინააღმდეგოთ მას და საკუთარ თავს ვუთხრათ: ,,არა, არა! ჩემში ეგოიზმი რომ არ ყოფილიყო, არც ამ საცდურს ავყვებოდი. ასე რომ, მე ვარ დამნაშავე და არა ის. სიმდაბლე რომ მქონოდა მივხვდებოდი, რომ ამ ადამიანის საშუალებით ქრისტე ჩემს ვნებას ანადგურებს და ჩემი განკურნება სურს. ამიტომაც, ის ჩემი მოკეთე გამოდის, რადგან ჩემში ვნების დამარცხებას უწყობს ხელს. ის ჩემი კეთილისმყოფელია! უნდა მიყვარდეს, გულში ჩავიკრა და ვლოცულობდე მისთვის, რადგან მან ძალიან დიდი სიკეთე გამიკეთა – ჩემში დაბუდებული ცოცხალი ვნება აღმომაჩენინა! მისგან ეს სიტყვები რომ არ მომესმინა და ეს განსაცდელი არ შემმთხვეოდა, ხომ არ მეცოდინებოდა რამხელა ეგოიზმიცაა ჩემში და არც მის დამარცხებას ვეცდებოდი. აქედან გამომდინარე, ამ განსაცდელის წყალობით, საკუთარი სნეულება დავინახე და ახლა უკვე იმაზე ვიზრუნებ, რომ კურნებისთვის ყველა შესაძლო საშუალება გამოვიყენო!’’

შემდეგ კი, როდესაც ადამიანი საკუთარ ნაკლოვანებას გააცნობიერებს, შინაგანი ბრძოლა უნდა დაიწყოს. ის უნდა შეიჭრას საკუთარ გულში, დაცემის კერა აღმოაჩინოს და ჩაებას გაცხარებულ ბრძოლაში ბოროტებასთან, ვნებებთან, სიმძიმესთან, ეშმაკის მოქმედებებთან, რომელიც ამ კეთილ ცვლილებას აუცილებლად შეეწინააღმდეგება. აქ კი ადამიანს აუცილებლად სჭირდება ქრისტეს მოუკლებელი მოხმობა, რათა მან ძალა მიანიჭოს, მოთოკოს საკუთარი ,,მე’’ და საკუთარ სიამაყეს უთხრას: ,,მოკეტე! იცოდე შენი ადგილი! ახლა ჩემი საქმე უნდა ვაკეთო!’’. უნდა მიხვიდე ძმასთან და შენდობა სთხოვო.

როდესაც ადამიანი ასეთ ნაბიჯს დგამს, ის ძალიან დიდ სიხარულსა და შვებას გრძნობს. რატომ? იმიტომ, რომ უწინდელი მდგომარეობა ამძიმებდა, ეშმაკი ძალადობდა მასზე და ცდილობდა თავისი სიძულვილით, მტრობითა და განხეთქილებით მოეწამლა. ქრისტე – სიყვარული და სიმდაბლეა. ჩვენ ადამიანები კი საკუთარი ეგოიზმით ვიტანჯებით, საკუთარ სიმართლეში ვართ დარწმუნებულნი, გვგონია, რომ კარგები ვართ და მხოლოდ სხვები არიან დამნაშავენი. რას ნიშნავს განკითხვა? ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავი უცოდველები გვგონია. ამიტომაც გვამცნო უფალმა, რომ არ განგვეკითხა. ეს ძალიან სერიოზული რამაა. ჩვენ კი გვგონია, რომ ეს ,,წვრილმანი’’ ცოდვაა, რაგდან მაინც ყველგან და ყოველთვის ჩავდივართ.

მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ჭრილობებით ვართ დაფარულნი და ცოდვით ვართ დაჭრილნი, მაინც განვიკითხავთ სხვებს. საავადმყოფოში ყველა ავადაა, მაგრამ ისინი სნეულების გამო ერთანეთს ხომ არ განიკითხავენ? არც ერთი სნეული ეუბნება მეორეს, შენ ავადმყოფი ხარო, რადგან მან იცის, რომ თავადაც ავადაა. ჩვენც ვიცით, რომ სულით სნეულნი ვართ, მაგრამ მაინც განვიკითხავთ ერთმანეთს. ეს იმას ჰგავს, ვიღაცას თვალი რომ ტკიოდეს და განიკითხვდეს მას, ვისაც ფილტვები აწუხებს. აი, რას ვაკეთებთ და ვერც კი ვამჩნევთ ამას.

რამდენი ადამიანი მიგვაჩნია ცოდვილებად და არარაობებად, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც ისინი სასუფეველში აღმოჩნდებიან, ხოლო ჩვენ, მსაჯულის ადგილი რომ დაგვიკავებია და განაჩენი რომ გამოგვაქვს, შეიძლება მარადიულად დავიღუპოთ! ამიტომაც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, ვიშრომოთ ეგოიზმის ამოძირკვაში, რომელიც საზარელი ურჩხულის მსგავსად შიგნიდან გვჭამს. ჩვენი უზომოდ გაფუყული ,,მე’’ მუდამ გვაიძულებს, რომ გავღიზიანდეთ, ვმრისხანებდეთ, განვიკითხავდეთ, სხვებს ზემოდან ვუყურებდეთ და ვამცირებდეთ.

სიკეთის დასაწყისი – სიმდაბლეა, ხოლო ბოროტების – ეგოიზმი.

როდესაც ადამიანის საქმეს ვაანალიზებ არა განკითხვის, დამცირების მიზნით და სიამაყით, არამედ სიყვარულით, მაგალითად, თუ ვამბობ თანაგრძნობით, რომ აჯობებდა ამ ადამიანს ესა და ეს არ გაეკეთებინა-მეთქი და ვლოცულობ მისთვის, მაშინ ეს აღარ არის განკითხვა. მაგრამ თუ ეგოისტს ვუწოდებ და სხვების წინაშე ვამცირებ, ეს უკვე განკითხვის ცოდვაა.

საერთოდაც, ჩვენს ენას უნდა მივაქციოთ ყურადღება. დავფიქრდეთ სად რა ვთქვათ, რადგან ჩვენ არ ვართ სულიერი ადამიანები და მუდამ ვცდებით. მამებს უთქვამთ, რომ ჯობია თავი გავიტეხოთ, ვიდრე მწარე ენისგან დავზიანდეთ. სხეულის ნაწილი შეიძლება განიკურნოს, მაგრამ ენისგან მიყენებული ჭრილობა?! ერთი სიტყვით შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანო.  განკითხვითა და დამცირებით ის შეიძლება ან სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, ან ცოდვისკენ უბიძგო. შემდეგ თავს ვიმართლებთ, უბრალოდ ისე ვთქვი, მერე რა მოხდაო. აბა შეხედეთ, რა შედეგები მოჰყვა ენის უკონტროლობას!

ეს ხშირად ხდება ხოლმე იმ ქალების შემთხვევაში, რომლებიც აბორტის გაკეთებას ფიქრობენ. მიდიან მეგობართან რჩევის საკითხავად და ისინიც ურჩევენ, ამდენი შვილი გყავს, რაღად გინდა მეტის გაჩენაო! ამ ქალს ლამის ნახევრად ჰქონდა გადაწყვეტილი და მეორე ნახევარი მეგობარმა დაუმატა. ისიც მიდის და აბორტს იკეთებს, ამით კი მკვლელობას სჩადის. უეჭველია, რომ ნახევარი პასუხისმგებლობა ამ მეგობრის კისერზეა.

მოძღვრებთან ხშირად მიდიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან რთულ სიტუაციაში სჭირდებათ რჩევა. როგორ უნდა ავწონ-დავწონოთ ამ დროს თითოეული სიტყვა! ზედმეტს თუ ეტყვი, შენს ნათქვამს სხვანაირად გაიგებენ და მერე რაღას გამოასწორებ. ამიტომაც, ყველას მოგვეთხოვება, რომ ძალიან ყურადღებით ვიყოთ.

ასევე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ დრო სასარგებლოდ გამოვიყენოთ და ქრისტე ვეძებოთ. თუ დროს ტყუილად ვკარგავთ და სულიერი სარგებელისთვის არ ვიყენებთ, მაშინ ამ ცხოვრებიდან ცარიელი ხელებით წავალთ. შენი სულიერი ძმა იღწვის, დროს იყენებს, სულიერად მდიდრდება, შენ კი გულხელდაკრეფილი ზიხარ და ადგილიდან დაძვრაც კი არ გსურს. შენთანაც მოვა სიკვდილი და მასთანაც, მაგრამ ის სავსე ხელებით წავა, შენ კი – ცარიელით. ერთადერთი, რაც დასაკვეხნი გექნება, მხოლოდ ბოროტება და ცოდვები იქნება! ამიტომაც, ვეცადოთ, რომ ქრისტეს მიერ ნაჩუქარი დრო სასარგებლოდ გამოვიყენოთ. მაგალითად, დიდ სულიერ სიკეთეს მივიღებთ, თუკი საკუთარი სულიერი მოძღვრის რჩევებს აღვასრულებთ, რომელიც გვეუბნება: ,, შვილო, დილაობით ილოცე, მეტანიები აკეთე, სახარება წაიკითხე, სადილის შემდეგ კანონი წაიკითხე, საღამოსაც ილოცე და მეტანიები აკეთე. მთელი დღის განმავლობაში ეცადე, რომ მოუკლებლად ილოცო, შენი გონება ქრისტეს არ მოაცილო და ყოველგვარი გულისსიტყვა განდევნო’’. თუკი ამ რჩევას აღასრულებ, ყოველდღურად სარგებელი გექნება. მაგრამ თუ არ აღასრულებ მოძღვრის რჩევას, ამქვეყნიდან გასვლისას სრულიად შიშველი აღმოჩნდები. მოძღვრისადმი მორჩილება ადამიანის ცხოვრებას აღავსებს, მოაქვს სათნოებათა ნაყოფი, რაც შემდგომში ქრისტეს წინაშე კადნიერებით წარგვადგენს, ისევე როგორც დამწიფებული ნაყოფებით დახუნძლული, მიწაზე დახრილი ხე.

ჩვენ, მოძღვრებს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ეს შრომა ძალიან მძიმე, დამღლელი და მწუხარებებით აღსავსეა. წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვების თანახმად: ,,სულთა წინამძღვრობა ყველაზე მძიმე საქმეა’’. ჩვენ, იმ ვაჭრებს ვგავართ, რომლებიც დიდი ქონების მოსაპოვებლად მთელ კონტინენტზე მოგზაურობენ და სახლში დატვირთული გემებით ბრუნდებიან. ხდება ხოლმე რომ ეს ვაჭრები თავად ხდებიან ყაჩაღების მონაპოვარი, რომლებიც მთელ ქონებას ართმევენ და სიცოცხლესაც ასალმებენ მათ. არადა ისინი დიდი მოსავლის იმედად გაემგზავრნენ, შედეგად კი ყველაფერი დაკარგეს და თავად გახდნენ სხვისი მოსვალი. ჩვენც ასე ვცდილობთ, რომ სულები შევიძინოთ, ვისწრაფვით, რომ დავეხმაროთ ადამიანებს და ამ ყველაფრის წყალობით სულიერი სარგებელი მივიღოთ.

ამიტომაც, ილოცეთ ჩვენთვისაც, რომ ქრისტე დაგვეხმაროს და დაგვიფაროს, რათა სიცოცხლის ბოლომდე ვეხმარებოდეთ ადამიანებს. უფალმა  შეგვიწყალოს, გვაცხოვნოს და მოგვიტევოს ჩვენი ცოდვები.

წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

X