კითხვა: გასულ წელს მოსკოვში, სასულიერო პირთა კრება ჩატარდა, სადაც განხილულ იქნა ზიარების წინ ლოცვითი კანონის, აღსარებისა და მარხვის საკითხები. რუსეთის ეკლესიის ტრადიციაში ზიარების წინ სამდღიანი მარხვის, ზიარების წინა ლოცვებთან ერთად სამი კანონის წაკითხვისა და აღსარების თქმის ტრადიცია ჩამოყალიბდა. როგორ ფიქრობთ, ზიარებისთვის მომზადების შემსუბუქება შეიძლება თუ არა?
– ჩვენ ყველა ადგილობრივი ეკლესიის ტრადიცია უნდა გავითვალისწინოთ და ყველაფერი უცბად და ერთბაშად არ უნდა შევცვალოთ. თუმცა, თქვენს მიერ წამოყენებული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენთვის, ვინც დასავლეთში ვცხოვრობთ, სადაც რუსებს და ბერძნებს გვერდიგვერდ ცხოვრება უწევთ და ხშირად ერთ სამრევლოშიც ხვდებიან. ასეა მაგალითად ოქსფორდში. პირადად მე, ხშირი ზიარების მომხრე ვარ. ხშირის, მაგრამ არა მექანიკურის. დიახ, საჭიროა ხშირი ზიარება, მაგრამ ყოველთვის შესაბამისი მომზადებით. მაგრამ რას ნიშნავს შესაბამისი მომზადება?
პირველ რიგში, შევეხოთ აღსარების თემას. ბიზანტიურ და თანამედროვე ბერძნულ ტრადიციაში, რამდენადაც ირკვევა, არასდროს არ მოითხოვებოდა ყოველი ზიარების წინ აღსარება. აღსარება და ზიარება ორი ცალკე მდგომი საიდუმლოებაა. არც მსოფლიო კრებათა დადგენილებებში გვხვდება კანონები ზიარების წინ აღსარების აუცილებლობის შესახებ. ეს ტრადიცია რუმინეთისა და სლავური ქვეყნების ეკლესიებში ჩამოყალიბდა. მე პირადად ბერძნულ ტრადიციას ვემხრობი. რა თქმა უნდა, ყველა ქრისტიანი რეგულარულად უნდა ამბობდეს აღსარებას, მაგრამ ყოველი ზიარების წინ აღსარების თქმა არ არის აუცილებელი. ასეთი პრაქტიკა გვაქვს ჩვენს სამრევლოშიც. ვისურვებდი, რომ აღსარება ცალკე მდგომ საიდუმლოებად განიხილებოდეს და არა უბრალოდ ზიარებისთვის მომზადების ელემენტად. მესმის, რომ არის გარკვეული სირთულეები, როცა ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ზიარება და მღვდლებს არ აქვთ ყველას მოსმენის დრო. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯობია აღსარება ასეთი ხშირიც არ იყოს და აღვიქვათ, როგორც ნამდვილად სერიოზული, ცალკე მდგომი საიდუმლოება, რომლის დროსაც მონანულსაც და მოძღვარს საკმარისი დრო უნდა ჰქონდეს. მონანულს იმისათვის, რათა გახსნას საკუთარი გული, ხოლო მოძღვარს იმისათვის, რათა სიღრმისეულად გამოიკვლიოს ამ ადამიანის მდგომარეობა, რაც შეუძლებელია იმ დროს, როცა ადამიანი ასობით ადამიანთან ერთად აღსარების რიგში დგას.
კითხვა: მაშინ ჩნდება შემდეგი კითხვა: როგორ ვეზიარო, როცა აღსარების შემდეგ რაღაც ცოდვები ჩავიდინე? შეიძლება მძიმე ცოდვები არა, როგორიცაა მკვლელობა და მრუშობა, არამედ, როგორც იტყვიან ყოველდღიური. ეს ხომ მაინც ცოდვაა?
– დიახ, თქვენ აბსოლუტურად მართლები ხართ იმაში, რომ ყველანი ცოდვილნი ვართ და ყოველ წამს ვცოდავთ. მაგრამ აუცილებლად უნდა განვასხვავოთ განსაკუთრებით მძიმე ცოდვები, რომელნიც ყველა შემთხვევაში საჭიროებენ აღსარებას, ნაკლებად მძიმე ცოდვებისგან. რა თქმა უნდა, ამგვარი განყოფა შეიძლება არც მთლად საფუძვლიანია, რადგან ქრისტეს წინაშე ყველა ცოდვა სერიოზულია, მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია ცოდვების ამგვარი დაყოფა. თუ ვინმემ იმრუშა, მან აუცილებლად უნდა თქვას ეს აღსარებაში და შესაბამისი ეპიტიმიაც იტვირთოს, მაგრამ, მეორე მხრივ, თუკი მხოლოდ აზრით შევცოდეთ, ეს არ გვიშლის ხელს იმაში, რომ ვეზიაროთ. თუკი მეგობართან სერიოზული უთანხმოება მოგვივიდა, ჯერ შენდობა უნდა ვთხოვოთ მას და შემდეგ ვეზიაროთ, მაგრამ თუკი ეს უსიამოვნება წამიერი იყო და მალევე შევრიგდით, ვფიქრობ, აღსარების გარეშეც შეგვიძლია ზიარება.
მოდით გავაცნობიეროთ ისიც, რომ სწორედ ცოდვათა მოსატევებელად გვეძლევა ზიარება. ჩვენ ხომ ამ სიტყვებს წარმოვთქვამთ ზიარების წინ. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ზიარება ვერ შეცვლის აღსარებას. გარდა ამისა ზიარების წინა ლოცვებშიც ვითხოვთ ცოდვების მოტევებას.
– მოდით ახლა მარხვის როლი განვიხილოთ ზიარებისთვის მომზადებაში.
– ზიარების წინ სამდღიანი, ან ერთკვირიანი მარხვაც ადგილობრივი, რუსული ტრადიციაა. თუკი საეკლესიო კანონებსა და მსოფლიო კრებათა დადგენილებებს ჩავხედავთ, ამგვარ მოთხოვნებს ვერსად ვნახავთ. კანონებში საუბარია მხოლოდ ოთხშაბათი-პარასკევის, დიდმარხვის, მარიამობის, პეტრე-პავლობისა და შობის მარხვების შესახებ. გარდა ამისა, საღმრთისმსახურო წიგნებში დაწესებულია მარხვის სხვა დღეებიც, როგორიცაა მაგალითად: წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთისა და ჯვართამაღლების დღეები. მაგრამ კანონებში ვერ ვნახავთ მითითებას, რომ ზიარების წინ ერთკვირიანი ან სამდღიანი მარხვაა აუცილებელი. ვფიქრობ, რომ ყოველი ზიარების წინ აღსარებისა და ერთკვირიანი მარხვის ტრადიციები ჩამოყალიბდა მაშინ, როცა დამკვირდა იშვიათი ზიარების ჩვეულება, როდესაც ადამიანები წელიწადში მხოლოდ 3-4-ჯერ ეზიარებოდნენ. ვთვლი, რომ ეს მოვლენა ყველა შემთხვევაში დაცემაზე მეტყველებს. ძველ ეკლესიაში გაცილებით ხშირად ეზიარებოდნენ. ვფიქრობ, რომ იმ ეკლესიებში, სადაც იშვიათად ეზიარებიან, ამ ტრადიციას მყისვე, ერთბაშად ვერ შევცვლით, მაგრამ იმაში მაინც დარწმუნებული ვარ, რომ წელიწადში მხოლოდ ოთხჯერ ზიარება არ არის საკმარისი. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ყოველ კვირას ზიარება ძალიან კარგია. ამიტომაც, ასე ვიტყოდი: იმარხულეთ ოთხშაბათს და პარასკევს, აღსარება თქვით თვეში ერთხელ და ეზიარეთ რაც შეიძლება ხშირად. ასეთ პრაქტიკას ვურჩევ ყველას. თუკი ადამიანი თვეში ერთხელ ეზიარება, ვეუბნები, რომ ეს ზედმეტად იშვიათია. თუკი ძველი ეკლესიის პრაქტიკასა და წმინდა მამათა სწავლებას ვნახავთ, აღმოვაჩენთ, რომ ისინი ხშირი ზიარისკენ მოგვიწოდებდნენ. არამხოლოდ ძველი მამები, არამედ წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველიც და მეთვრამეტე საუკუნეში მცხოვრები, ,,სათნოებათმოყვარეობის’’ შემდგენელი წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელიც. ისინი ხშირი ზიარების სარგებელის შესახებ საუბრობენ. ვთვლი, რომ საბერძნეთის ეკლესიის ხშირი ზიარების ტრადიცია დადებითი მოვლენაა და მგონია, რომ ზიარების წინა აღსარებისა და მარხვის წესები შესაცვლელია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საკითხები თავად ამ ტრადიციის მქონე ადგილობრივი ეკლესიების კომპეტენციაშია.
მახსოვს, როცა დაახლოებით 50 წლის წინ მართლმადიდებლობა მივიღე, ლიტურგიაზე მღვდელი ბარძიმით ხელში რომ გამოდიოდა და ამბობდა: ,,შიშითა ღმრთისათა, სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით’’ – არავინ არ მიდიოდა. არავინ არ ეზიარებოდა. ჯერ კიდევ მაშინ ვიგრძენი, რომ ეს არ შეიძლება სწორი ყოფილიყო. ახლა კი, სადაც ვმსახურობ ყველა ეზიარება და ძალიან მიხარია. რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ სიწმინდეში დარწმუნებულობის განცდით კი არ ვეზიარებით, არამედ ღმრთის მოწყალების იმედად. ბარძიმთან მივდივართ იმიტომ, რომ მოწოდებულნი ვართ. არ შეიძლება ზიარება დაიმსახურო, ის ყოველთვის ღმრთის სიყვარულის თავისუფალი ძღვენია.
– ზიარების წინ მღვდელი ამბობს: ,,წმინდაა – წმიდათა’’. ანუ წმინდა ძღვენი ეძლევა მათ, ვინც წმინდაა, მაგრამ აქვე პასუხობს გუნდი: ,,ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი, იესუ ქრისტე…’’. ჩვენ არ გვაქვს სიწმინდე, მაგრამ მაინც ვბედავთ ზიარებას… მეორეს მხრივ, ვიცით, რომ ახალ აღთქმაშიც და ლიტურგიკულ ტექსტებში ,,წმინდა’’ ეწოდებოდა ყველა ქრისტიანს, ვინც არ არის მოკვეთილი ეკლესიისგან მძიმე ცოდვების გამო. ამ შემთხვევაში როგორ შეესაბამება ერთმანეთს სიწმინდე და ადამიანის პირადი ზნეობრივი სრულყოფილება?
– პირველ რიგში, თუკი ვსაუბრობთ სიტყვა ,,სიწმინდეზე’’, სამი სიტყვა უნდა გამოვიყენოთ: ერთი, ზოგიერთი, ყველა. ერთია წმინდა – იესუ ქრისტე. სიწმინდე ღმერთის თვისებაა და მხოლოდ ისაა ბუნებით წმინდა. ჩვენ მხოლოდ მისი სიწმინდის ზიარებით ვიხვეჭთ სიწმინდეს. ჩვენ ვამბობთ იმასაც, რომ სიწმინდისკენ ყველა ადამიანია მოწოდებული. როდესაც პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებში ვინმეს წმინდას უწოდებდა და ასე მიმართავდა, ის ზოგადად ქრისტიანულ თემს გულისხმობდა. პეტრე მოციქულიც ქრისტიანებს ,,წმინდა ერს’’ უწოდებს. ამ გაგებით წმინდაა ყველა ქრისტიანი. გარდა ამ ყველაფრისა, ჩვენ ვსაუბრობთ იმ წმინდანებზეც, რომლებიც ეკლესიის მიერ არიან განდიდებულნი და კალენდარშიცაა მათი სახელები შეყვანილი. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მღვდლობის შესახებაც. ჩვენ მხოლოდ ერთი მღვდელმთავარი გვაყვს – იესუ ქრისტე, როგორც ამას ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ. თუმცა, ნათლისღების მიერ ყველა ქრისტიანი ხდება სულიერი მღვდელი, როგორც ამას წმინდა პეტრე მოციქული ამბობს და ქრისტიანებს სამეფო სამღდელოებას უწოდებს. ასევე, უშუალოდ მღვდლობის საიდუმლოებით ხდება მღვდელი ის, ვისაც ეკლესია გამოარჩევს და ხელდასხმის მიერ დაადგენს ამ მსახურებაზე. ასე რომ, სიწმინდესაც და მღვდლობასაც სამი გაგება აქვს.
ყველანი სიწმინდისკენ ვართ მოწოდებულნი. ამიტომაც, საზიარებლად იმიტომ კი არ მივდივარ, რომ უკვე წმინდა ვარ, არამედ იმიტომ, რომ ცოდვილი ვარ და ვეძებ ღმრთის შეწევნას და კურნებას, რომელიც წმინდა ზიარების მიერ მეძლევა.
რასაკვირველია, ზოგიერთი მძიმე ცოდვების მქონე ადამიანი არ შეიძლება ეზიარებოდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ზოგადად ზიარება რაღაც ჯილდო კი არ არის შენი სიწმინდისთვის, არამედ ცოდვილის კურნების საშუალებაა. მაგალითად, წმინდა მარიამ ეგვიპტელის ცხოვრებაში იმას ვკითხულობთ, რომ პირველი ზიარების შემდეგ უდაბნოში განმარტოვდა და მხოლოდ გარდაცვალების წინ ეზიარა მეორედ.
– ეს ხომ საერთო წესი ვერ იქნება?
– რა თქმა უნდა, ეს საერთო წესი კი არაა, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა. ჩვენ ხშირად უნდა ვეზიარებოდეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არა იმის გამო, რომ წმინდანები ვართ, არამედ სწორედ იმის გამო, რომ უძლურნი ვართ და მადლისმიერ შეწევნას ვსაჭიროებთ.
აღსარებაზე ზედმეტად ხშირი მისვლა, შეიძლება ერთგვარი ცრუმორწმუნეობის გამომხატველი იყოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ზიარება – მადლის წყაროა და ამიტომაც, ეშმაკს არ სურს, რომ მადლი მივიღოთ. ამის გამო ის ნებისმიერ საშუალებას ეძებს, რომ ზიარება შევწყვიტოთ. როცა ცოდვისმიერი გულისსიტყვა მოდის, თუნდაც ეს ლიტურგიის დროს იყოს, უბრალოდ შინაგანად უნდა შევინანოთ და ისე ვეზიაროთ, რადგანაც ეს დემონური შემოტევა იყო.
თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სინანულის საიდუმლოებაც. ჩვენ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და არ შეიძლება აღსარება ერთი და იგივე ცოდვის მექანიკურ ჩამოთვლად ვაქციოთ. ეს უნდა იყოს შეიძლება ითქვას ერთგვარი მოვლენა, საკუთარი შინაგანი მდგომარეობის ნამვდილი გახსნა და გადაშლა. ყოველ საღამოს ვითხოვთ ცოდვათა მიტევებას და თუკი გულწრფელად ვლოცულობთ, უფალი იმ წამსვე გვპატიობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღსარება საჭირო არ არის. ჩვენი ზოგიერთი საქციელი მართლაც ხელს გვიშლის ზიარებაში მანამ, სანამ არ შევინანებთ. აღსარება არ შეიძლება იყოს ზედმეტად ხშირი. საჭიროა, რომ მას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ნამდვილად გვჭირდება ერთი და იგივე ცოდვების აღსარებაში თქმა. არ შეიძლება გავექცეთ აღსარებას იმ მიზეზით, რომ ეს ცოდვები მეორდება. ერთ ღამეში წმინდანები ვერ გავხდებით. გვჭირდება ბრძოლა და საკუთარ თავზე მოუკლებელი, ასკეტური ძალისხმევა. მხოლოდ ღმრთის მადლი აღასრულებს ჩვენი გულის გარდაქმნას. ყოველდღიური ძალისხმევის, პერიოდული აღსარების, ხშირი ზიარების, სიმდაბლისა, სიმშვიდისა და რა თქმა უნდა, საღმრთო მადლის წყალობით მივიწევთ წინ ქრისტესკენ.
– თუმცა ისიც ხდება, რომ ადამიანები ფარ-ხმალს ყრიან ხოლმე. ამის მიზეზი ისაა, რომ აღსარებაში ერთი და იგივე ცოდვებს ამბობენ, ეზიარებიან, მაგრამ უკეთესობისკენ ცვლილებას ვერ ატყობენ. ეს განსაკუთრებით იგრძნობა დიდ ქალაქებში, სადაც ამქვეყნიურ ქაოსში ადამიანს სულიერი ცხოვრებისთვის პრაქტიკულად დრო არ რჩება. სამსახური, საცობებში ხანგრძლივი, გამომფიტველი დგომა, ოჯახური საზრუნავები და ა.შ. დილა-საღამოს ლოცვისთვისაც კი რთულია ხოლმე დროის გამოყოფა…
– სინამდვილეში ჩვენ, სასულიერო პირებს და მონაზვნებსაც, რომლებსაც არ ჰყავთ ოჯახი, კარგად გვესმის ის პირობები, რომელში ცხოვრებაც დაოჯახებულ ქრისტიანებს უწევთ. ადამიანები იძულებულნი არიან ბევრი იმუშაონ, დიდი დრო გადის სამსახურიდან სახლამდე მისასვლელად და საღამოსაც ბევრი საქმის გაკეთება უწევთ… უნდა გვესმოდეს ეს რთული პირობები, რომლებშიც მრავალ ერის ადამიანს უწევს ცხოვრება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველა ქრისტიანს ლოცვისთვის სულ ცოტა დროის გამოყოფა მაინც შეუძლია. დილა-საღამოს სულ ხუთ წუთსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს წუთები მთელ დღეს აძლევს ერთგვარ ,,მიმართულებას’’ და იმ სიღრმეს, რომლის მიღწევაც სხვაგარად შეუძლებელია. აქვე უნდა ითქვას მოკლე ლოცვის შესახებაც, რომელიც მთელი დღის განმავლობაში შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაშინაც კი, როდესაც აბაზანაში ვართ, ან მეტროთი ვმგზავრობთ, ან მანქანით საცობში ვდგავართ. ჩვენ ამ დროს შეგვიძლია იესუს ლოცვა გამოვიყენოთ: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. ასე შეგვიძლია ყველაზე საქმიან დროსაც ვილოცოთ, მაგალითაც როცა ერთი ადგილიდან მეორისკენ მივდივართ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, რომ გარდა ლოცვისთვის გამოყოფილი სპეციალური დროისა, რაც რა თქმა უნდა, ყველას გვჭირდება, ჩვენ შეგვიძლია მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერ ადგილსა და სიტუაციაში, საკუთარ გულში ვესაუბროთ ქრისტეს. თუ გვინდა, რომ მთელი დღე მოუკლებლად ვილოცოთ, გამოვიყენოთ იესუს ლოცვა, რომელიც ნებისმიერ მდგომარეობაში ხელმისაწვდომია: როცა რაღაცას ველოდებით, როცა ვმგზავრობთ, როცა დავდივართ, როცა საქმესა და საქმეს შორის მცირე დრო გვაქვს და ა.შ. პავლე მოციქული წერს: ,,მოუკლებლად ილოცევდით’’. ის, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულად მისაღწევ მდგომარეობაზე საუბრობს, მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ ძალიან მარტივით უნდა დავიწყოთ: მთელი დღის განმავლობაში ქრისტეს სახელის რაც შეიძლება ხშირი მოხმობით. იესუს ლოცვის საშუალებით შეგვიძლია მთელი დღე ქრისტეს მყოფობის შეგრძებით აღვავსოთ. სწორედ ეს არის გზა ჭეშმარიტი ლოცვისკენ. ეძებეთ ქრისტე ყველგან! იესუს ლოცვა მხოლოდ მონაზვნებისა და სასულიერო პირების საქმე კი არ არის, არამედ ერის ადამიანებისაც, რომლებსაც ჰყავთ ოჯახები და ამქვეყნიური ვალდებულებები აკისრიათ. იშრომეთ იესუს ლოცვაში, არამხოლოდ მაშინ, როცა ყურადღების განსაკუთრებული კონცენტრაციაა საჭირო, არამედ მოუკლებლად, მთელი დღის განმავლობაში. ამით ჩვენ ლოცვისა და სამსახურის შეერთება შეგვიძლია. ჩვენს თანამედროვე ყოფაში ძალიან მნიშვნელობანია იესუს ლოცვის სწავლა. ასევე, ძალიან კარგია, თუ იესუს ლოცვას ბავშვებს ვასწავლით. მათ შეუძლიათ, დროდადრო იმეორონ იესუს ლოცვა, რადგან მოკლე ლოცვაა და არ გაუჭირდებათ დამახსოვრება.
– პავლე მოციქული ამბობს: ,,მარადის გიხაროდენ. მოუკლებელად ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით’’. ძალიან რთულია მუდმივად გიხაროდეს და მადლიერი იყო, როცა ამქვეყნად ამდენ ბოროტებას ხედავ…
– მოდით არ დაგვავიწტდეს, რომ ქრისტეს სიყვარული ჩვენს გულში დაბუდებულ ნებისმიერ ბოროტებაზე ძლიერია. მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ნებისმიერ ბოროტებაზე ძლიერია! გვწამდეს, რომ ქრისტე მუდამ ჩვენთანაა და თავისი მადლით გვეხმარება.
წყარო: http://Pravoslavie.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©