ioseb vatopedeli 4

„თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემთანა განსაცდელთა შინა ჩემთა“ – თავი მეშვიდე: ვატოპედის მონასტერში; წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი”

მოძღვარს სურდა, რომ მის სენაკში წირვა სისტემატურად აღევლინათ, რათა თავადაც ხშირად ზიარებულიყო. 1998 წლის დეკემბერში, ერთ-ერთი ჩვეულებრივი წირვის შემდეგ, ბერი მ. ათანასეს (რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა) მიუბრუნდა და უთხრა: „მამაო ათანასე, ზურგი გაამზადე“. რა ხდებაო, გაიკვირვა მ. ათანასემ. „განსაცდელები გველის“, მიუგო ბერმა და აუხსნა, „სანამ ღმრთისმსახურებაზე ავდგებოდი, რამდენჯერმე ძალიან ტკბილი ხმა ჩამესმა. „თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა შინა ჩემთა“. იმდენად აშკარად და მკაფიოდ მესმოდა ის ტკბილი ხმა, რომ, როდესაც გავიღვიძე, ამ სიტყვებს საკუთარი ბაგეებით ლოცვასავით ვიმეორებდი“.

რამდენიმე დღეში კვიპროსის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, სხვადასხვა არაწმინდა ინტერესით, ბერის წინააღმდეგ ისეთი ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყეს, რომ ეს ნებისმიერ ადამიანს შეაშფოთებდა. მოძღვარმა, როგორც ყოველთვის, უშფოთველი და მშვიდობიანი განწყობით ყველაფერი ღმერთის განგებას მიანდო. განსაცდელის მიზეზი იყო ის, რომ ზოგიერთმა ადამიანმა, სურდა რა მ. ათანასეს ლიმასოლელ მიტროპოლიტად არჩევისთვის ხელი შეეშალა, ჩათვალა, რომ მისი მოძღვრისადმი ცილის წამება ამისთვის ყველაზე შესაფერისი გზა იქნებოდა.

მოგვიანებით ბერმა შემდეგი რამ გვითხრა: „ვატოპედის სახელი და ათანასეს მომავალი რომ არა მაწუხებდეს, მათთან მივიდოდი და ვეტყოდი: „ბოდიში. მართლები ხართ“. თუმცა სინდისი არაფერში მამხელს, რაზეც ცილს მწამებენ, მაგრამ ვინ იცის?! იქნებ როდესმე შევცოდე და დამავიწყდა. მაშასადამე, მართლები არიან. თავს ვიმდაბლებ და ვლოცულობ მათთვის. რამეთუ სიტყვები: „მართალი ვარ“ სულის კანონს არასდროს შეესაბამება, რადგან ღმერთის წინაშე მართლები არასდროს არ ვართ. მაგრამ, საკუთარი სიმართლის მოთხოვნილება ყოველთვის იჩენს თავს და ჩვენ ის არ უნდა გამოგვეპაროს, უნდა შევებრძოლოთ“, ათი წლის შემდეგ მას ჰკითხეს, ახსოვდა თუ არა ის ცილისმწამებლური კამპანია. მან გულგრილად და გონივრულად უპასუხა: „არ მახსოვს. როგორც ჩანს, ჩემო შვილო, მაშინ მე საკუთარ თავს უფრო მეტად ვაყვედრიდი, ვიდრე „ისინი“. ამგვარად ცდილობდა, აბსოლუტური უდანაშაულობის დროსაც კი, თავი დაემდაბლებინა და ეგოიზმისა და თავისმოყვარების მახეს არიდებოდა. მხოლოდ თავის თავს აბრალებდა და არასდროს მიუცია უფლება საკუთარი თავისთვის, არათუ რისხვა გამოეხატა ან ცუდი სიტყვა ეთქვა, არამედ შინაგანად განეკითხა ნებისმიერი ადამიანი. წუთისოფლისთვის მართლაც მკვდარი იყო და მისი თავის ბრალობის უიშვიათესი ღვაწლი მართლაც გასაკვირია. იმ ცილისწამების დროს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ შემდეგი წერილი მისწერა კვიპროსის მაშინდელ მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომე პირველს:

უნეტარესო და უწმიდესო მთავარეპისკოპოსო ახლისა იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსისა, ქრისტეს ღმრთისა მიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო ჩვენი საზომიერებისა, უფალო ქრიზოსტომე…

ჯერ კიდევ ფილადელფიელ მიტროპოლიტად ყოფნის დროს მოგვიწია ჩვენი წვლილი შეგვეტანა ვატოპედის მონასტერში მოღვაწე ბერ იოსების საძმოს შევსების საქმეში. პირადად ვიცნობთ მას და ამიტომ კარგად მოგვეხსენება, რომ შეუბღალავი ზნეობა და ხასიათი აქვს, ხოლო მისი სულიერება ცნობილია როგორც ათონის წმინდა მთაზე, ისე მთელ მართლმადიდებლურ მსოფლიოში. ამიტომაც გვსურს ამ წერილით საჯაროდ ვაღიაროთ ეს ჭეშმარიტება და ხაზი გავუსვათ იმას, რომ სამწყსოს დაბრკოლებაზე ყველანი ვაგებთ პასუხს. განსაკუთრებით მაშინ, როცა წმინდა მართლმადიდებლობა მრავალი შინაგანი და გარეგანი პრობლემის წინაშე დგას და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ხალხი ეკლესიას ჩამოვაშოროთ. თანაც ლაპარაკია ოთხმოცი წლის ბერზე, რომელიც მთაწმინდის რჩეულ მოძღვართა რიცხვში შედის, რომელმაც მონაზვნურ საბიელზე მრავალი წელი იღვაწა, საუკეთესო საძმო შეკრიბა და ბევრი სულიერი წიგნი დაწერა, რომლითაც კიდევ ერთხელ მტკიცდება მისი უბიწო ზნეობა და ცხოვრება.

აქედან გამომდინარე… დარწმუნებულები ვართ, რომ პირადად მიიღებთ ზომებს, რათა ეკლესიის მაკომპრომეტირებელი პროცესები დასრულდეს და ხსენებული ათონელი მონაზვნის, რომელსაც, ვიმეორებთ, პირადად ვიცნობთ, შებღალული ავტორიტეტი აღდგეს…

29-12-1998

თქვენი პატივცემული უნეტარესობის საყვარელი ქრისტესმიერი ძმა

† კონსტანტინეპოლელი ბართლომე.

იმავდროულად ათონის მთის წმინდა კინოტმაც მსგავსი წერილით მიმართა კვიპროსის ეკლესიის საჭეთმპყრობელს:

კარიესი 5/18 დეკემბერი 1998
ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოს უფალ ქრიზოსტომეს

თქვენს ღმრთისგან პატივცემულ უნეტარესობას კრძალულებით უფლის მიერ მივესალმებით. ჩვენ შორის არსებული ძმათმოყვარების გამო ვკადნიერდებით რა მივმართოთ თქვენს უნეტარესობას, არანაირად არ გვსურს ჩავერიოთ თქვენი ეკლესიის შინაურ საქმეებში, არამედ [გვსურს წარმოგიდგინოთ საკითხის ჩვენი, ათონელებისმიერი ხედვა:

  1. დიდი გულისტკივილითა და წუხილით, სიყვარულით და მხურვალე ლოცვით თვალს ვადევნებთ კვიპროსის ეკლესიისა და ხალხის განსაცდელებს… და ჩვენს გულითად მხარდაჭერას გიცხადებთ.
  2. წუხილით ვხედავთ იმასაც, რომ ეკლესიის შინაგანი საქმეები ქვეყნდება და ერის ხალხის განსასჯელი ხდება, იმის ნაცვლად, რომ ეკლესიურად და სინოდალურად გარჩეულიყო. წარმოიშობა შფოთი, ბრკოლდება და იყოფა ხალხი, თანაც, იმ დროს, როდესაც აუცილებელია ერთობა და ერთსულოვნება არსებობდეს, ხოლო ამის სულისჩამდგმელი ეკლესია იყოს.
  3. აგრეთვე მწუხარებასა და დიდ გაკვირვებას იწვევს თქვენი უწმიდესი ეკლესიის ერთ- ერთი მიტროპოლიტის საჯარო გამოსვლები საჩინო მონაზვნების, მათ შორის, ათონელებისა და განსაკუთრებით, ბერ იოსების საძმოს და… მახერას მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ათანასეს წინააღმდეგ. ასეთ მოქმედებას არ მოაქვს სარგებელი ეკლესიისა და იმ მორწმუნე ერისთვის, რომელიც მონაზვნებს, განსაკუთრებით კი ათონელებს, გზისმკვლევ მნათობებად მიიჩნევს.
  4. თავის ნებსით თუ უნებლიე შეცდომებზე თითოეული პასუხს აგებს არა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წინაშე, არამედ ამქვეყნად – ეკლესიის, ხოლო მომავალ საუკუნეში – პირუთვნელი მსაჯულის წინაშე.
  5. როგორც ათონის წმინდა მთის უზენაესი ინსტანცია, თავს ვალდებულად ვთვლით გაუწყოთ, რომ მრავალწლიანი მონაზვნური გამოცდილების მქონე ბერის, მამა იოსების საძმო, რომელიც ამჟამად ვატოპედის მონასტერში მოღვაწეობს, წარმოადგენს ათონური მონაზვნობის მშვედებას. ხსენებული მონასტრის აღსადგენად წმინდა კინოტის და საპატრიარქოს მიერ ერთსულოვნად შემთხვევით არ შერჩეულა სწორედ ეს საძმო. ასეთივე ქებით მოიხსენიებთ მღვდელმონაზონ ათანასეს, როგორც ამ საძმოს. ერთ-ერთ უფროს წევრსა და ათონის მთის ყოფილ პროტოეპისტატს. მთაწმინდა დიდ დანაკარგად მიიჩნევს მის წასვლას წმინდა მთიდან. მხოლოდ ის ანუგეშებს ჩვენს გულება, რომ გვესმის იმ დიდი საქმის შესახებ, რასაც კვიპროსის ეკლესიისა და ახალგაზრდობისთვის აკეთებს.

დიდი გულისტკივილით გიწერთ ამ სიტყვებს იმ იმედით რომ წვლილი შეგვაქვს… ეკლესიის თავზე მოგროვილი ღრუბლების განქარვებაში. ვლოცულობთ, რომ უფალმა მშვიდობა და ერთობა მოსცეს მორწმუნე ერს, და ვითხოვთ თქვენს ღმრთივსათნო ლოცვებს.
პატივისცემით
,
ათონის წმინდა მთის ოცი მონასტრის წარმომადგენლების საკრებულოს ყველა წევრი.

1998 წელს ბერ იოსების საქმე კვიპროსის ეკლესიის სინოდის მიერ იქნა განხილული, ხოლო დოსიე შესაბამის საეკლესიო სასამართლოს გადაეგზავნა მსოფლიო საპატრიარქოში, რომელმაც 1999 წლის 6 ივნისს გამოიტანა განაჩენი: „სინოდის წინაშე წაკითხულ იქნა კვიპროსის მთავარეპის კოპოსის უფალ ქრიზოსტომეს ეპისტოლე ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტერში მოღვაწე ბერ იოსების შესახებ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბერ იოსების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქეს და ამიტომაც საქმეს გაგრძელება აღარ ექნება, არამედ შესაბამის დოსიეში დაიხურება და შეინახება“. მას შემდეგ, რაც საქმე კომპეტენტურმა ინსტანციამ განიხილა, ცილისმწამებლური პროცესებიც დასრულდა.

უცნაური დახმარება ავადმყოფის მიმართ

1999 წლის ივლისში ბერს უცნაური სატელეფონო ზარი შემოუვდა. ვინმე 30 წლის ქალბატონ ელენეს, რომელიც იოაწმინადან(1) იყო, კიბო ჰქონდა და გერმანიაში მკურნალობდა. ძალიან სჭირდებოდა სულიერი დახმარება. ის ათონზე არავის იცნობდა. დიდი მწუხარების გამო ტელეფონი აიღო და სრულიად გაუაზრებლად გაურკვეველი ნომერი აკრიფა. ორი ბერ იოსების სენაკში გავიდა. რამდენიმე დღით ადირე კი ელენეს უცნაური ჩვენება ჰქონდა ოჯახთან ერთად ერთ ბნელ, ძნელად სავალ და ორმოებით სავსე ადგილას იმყოფებოდა. გაჩერდა, არ იცოდა რა ექნა. ამ დროს ვიღაც მონაზონი გამოჩნდა, ხელი მოჰკიდა და ნელ-ნელა ნათელ და კეთილსურნელოვან ადგილას გაიყვანა. ბერმა ელენეს ყურადღებით მოუსმინა ლოცვითა და რჩევებით გაამხნევა და ისიც და მთელი მისი ოჯახიც ქრისტესთან მიიყვანა. ხოლო როდესაც გოგონა აღსარებითა და წმინდა ზიარებით სრულყოფილად მოემზადა, მადლიერებითა და ღმერთის დიდებით გარდაიცვალა. ამგვარად შეიცნო მან ბერის მეშვეობით ქრისტეს ჯვარიცა და აღდგომაც.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

Share