mama emiliane 1122

იესუს ლოცვა და დაფარული შინაგანი ღვაწლი – არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი

წმინდა ისიქი იერუსალიმელი ამბობს: ,,იესუს სახელის მოუკლებელი მოხმობით, გული თანდათანობით შეიწყნარებს ქრისტეს – ერთადერთ გულთამხილველს. ასეთი ადამიანი ყველანაირად ეცდება, რომ თავისი შინაგანი სიტკბოება და ღვაწლი სხვათაგან დაფაროს’’.

ამრიგად, რა ყოფილა ჩემი საქმე? პირველ რიგში, იმის გაცნობიერება, რომ დემონურ სამყაროსთან ბრძოლა არც ერთი წამით არ წყდება. მეორე – განვიცადო საკუთარი ცოდვილობა, რადგან სიფხიზლის ღვაწლისას ძალიან საშიშია იმ აზრის შეწყნარება, რომ რაღაცას წარმოვადგენ და რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებ. არაფერსაც არ წარმოვადგენ და არაფერიც არ შემიძლია. მთლიანად ცოდვაში ვარ დანთქმული! თუ ამას დავივიწყებ და მეგონება, რომ რაღაცას მივაღწიე, მაშინ აუცილებლად მწარედ დავეცემი.

მესამე – ჩემმა გულმა მოუკლებლად უნდა შეიწყნაროს ქრისტე. ქრისტეს მხოლოდ ის ჩაუხუტებს გულში, მხოლოდ ის მიირქვავს და შეიწყნარებს, ვინც მას მოუხმობს ლოცვით: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. ჯერ თავდაპირველად მცირე დროს გამოვყოფთ, შემდეგ ნელ-ნელა ვუმატებთ და ვთქვათ მივედით იქამდე, რომ ერთი საათს ვუთმობთ იესუს ლოცვას. განა რამე განსაკუთრებულია ამაში? არაფერი. განა რამე განსაკუთრებულია იმაში, რომ ვცდილობ ერთი საათის განმავლობაში ქრისტე ვეძებო და მას ვუმზირო? თუმცა, მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ იესუს ლოცვა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საკუთარ გულში ქრისტე შევიწყნაროთ.

იმისათვის, რომ ქრისტეს მოუკლებლად მოვუხმობდეთ, საჭიროა საკუთარი გონების სადარაჯოზე დგომა და გულისმიერი მყუდროების დაცვა. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია ქრისტესადმი სიყვარულის გამოხატვა და არა მრავალსიტყვაობითა და ტკბილი სიტყვებით: ,,ჩემო უტკბესო უფალო, ჩემო ქრისტე, როგორ მიყვარხარ! მთელ ჩემ ცხოვრებას შენ გიძღვნი, შენს გამო ყველაფერი მივატოვე!’’. ეს ყველაფერი ერთი დიდი სიყალბეა. არაფერიც არ მიგვიტოვებია. ეს მან დატოვა ზეცა ისე, რომ არ განშორებულა მისგან და ჩვენთან მოვიდა. ეს საიდუმლოებაა. არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება და ეს არის – მისი სიყვარული ჩვენს მიმართ. ჩემი სიყვარული და მასთან ურთიერთობის სურვილი კი ვლინდება მისი ტკბილი სახელის მოუკლებელ მოხმობაში.

როცა ჩვენი პირადი საჭიროებებისთვის ვლოცულობთ, შორს ვართ იმ მდგომარეობისგან, რომელსაც ჩვენს გულში ქრისტეს მოუკლებელი მყოფობა ჰქვია. რატომ? იმიტომ, რომ ამგვარი ლოცვა მხოლოდ ჩვენი აზროვნების, სურვილების, შიშებისა და მოთხოვნილებების გამოხატულებაა. ამ ყველაფრის ცენტრში კი საკუთარი ,,მე’’ დგას და ყველაფერი მას მიემართება. ჩვენი სურვილები, საჭიროებები, განცდები – სულ ეს არის ჩვენი ლოცვა. ამ დროს ქრისტეს არ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ჩვენს გულში განცხადდეს.

მხოლოდ ქრისტე ხედავს ჩვენს გულს. იგი ჩვენს შრომასა და ღვაწლს იმდენად არ უყურებს, რამდენადაც გულს. ქრისტეს მიზიდვა შეუძლია მხოლოდ იმ გულს, რომელიც მის სახელს მოუხმობს. ამიტომაც, მოდით თავი არ მოვიტყუოთ. ქრისტესადმი ჭეშმარიტი სიყვარული სულიერ თემებზე საუბრებითა და სიყვარულის სიტყვით გამოხატვაში კი არ ვლინდება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ – მისი სახელის მოუკლებელ მოხმობაში.

ამრიგად, წმინდა ისიქიმ მოგვიწოდა, რომ თავი არ მოვიტყუოთ და არ გვეგონოს, რომ გარეგნული საშუალებებით ღმერთთან ურთიერთობას შევძლებთ. ის კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას: ,,ასეთი ადამიანი ყველანაირად ეცდება, რომ თავისი შინაგანი სიტკბოება და ღვაწლი სხვათაგან დაფაროს’’. ნახეთ, ხაზმასმით ამბობს, რომ ეს ყველაფერი დაფარული უნდა იყოს. ყოველთვის ყველანაირად ეცადე, რომ გარშემომყოფებმა შენი სულიერ ღვაწლი ვერ დაინახონ და არც შენი გამარჯვებები იცოდნენ და არც დამარცხებები. არ იფიქრო, რომ შეგიძლია ყოველ შემხვედრს გული გაუხსნა და შენი განცდების შესახებ ესაუბრო. ისე იცხოვრე, რომ ვერც გამჩნევდნენ, თორემ ყველაფერს დაკარგავ. ამგვარად შეუმჩნეველი ადამიანი სულიერად წარემატება.

ასე რომ, დაე ჩვენი ცხოვრება, შინაგანი სიტკბოება, ღვაწლი, ბრძოლა და ტკივილები ყველასთვის, მათ შორის საკუთარი თავისთვისაც კი დაფარული და შეუმჩნეველი იყოს. დაფარე შენი შინაგანი ღვაწლი, რადგან როგორც კი მის შესახებ ვინმე გაიგებს, განსაკუთრებით კი ჩვენი სულის მტერი, ის აუცილებლად შენს ცდუნებას ეცდება. ამიტომაც, დაფარე შენი სულიერი განცდები და ის სიხარულიც, რომელიც შენს გულს აღავსებს. ამ ყველაფრის შესახებ მხოლოდ შენს მოძღვარს ესაუბრე. იცხოვრე მყუდროდ, მშვიდად, ჩუმად…

უხილავი ბრძოლა მოიცავს: შინაგან ღვაწლს, საკუთარ თავზე ყურადღებას და ქრისტეს მოხმობას: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. თუ არ ეცდები, რომ შენი შინაგანი შრომა დაფარული იყოს, მაშინ ჩათვალე ყველაფერი ამაოა.

როცა ვინმე გეუხეშება, შენც ღიზიანდები და პასუხს მოითხოვ: ,,ასე რატომ მელაპარაკები?’’, ან თუ რამეს გთხოვენ და შენც აღშფოთდები, ან უარს ეუბნები დახმარებაზე, რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? იმაზე, რომ შინაგან ბრძოლას არ აწარმოებ. ორიდან ერთი გზა გვაქვს: ან შინაგანი ღვაწლი გვაქვს, ან მხოლოდ გარეგნულად, ზედაპირულად ვცხოვრობთ და ადამიანებს ვებრძვით. შეუძლებელია შინაგანი სულიერი ცხოვრება გქონდეს და ამავდროულად ასე აფრქვევდე შენს ვნებიან მდგომარეობას. ასე არ ხდება. დაურღვეველი მშვიდობა ყველასთან, აუღელველობა და მყუდროება – აი, სულიერი ღვაწლის ნაყოფები. თუ გარეგნულ გამოხატულებებში მშვიდი არ ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ შინაგანად ცარიელი და შიშველი ხარ. ვინც შინაგანი საქმიანობითაა დაკავებული, ის მოყვასს არ საყვედურობს, პასუხს არ სთხოვს, არ ღიზიანდება, არ მლიქვნელობს და არც პირფერობს. მისი ერთადერთი საზრუნავი ის არის, რომ არავის ატკინოს, არავის ხელი არ შეუშალოს, ყველა უყვარდეს, სიტყვით არავინ დაამწუხროს, მიიღოს მოყვასი და მისი უძლურებანი სიყვარულით იტვირთოს. თუ შენს ძაღლს არ ექცევი ცუდად და როცა ყეფს ძვალს უგდებ, განა ადამიანთან ურთიერთობის დალაგება არ შეგიძლია? ჩვენ თვითინვე ვაქცევთ ადამიანებს საკუთარ მტრებად და ასევე ჩვენვე შეგვიძლია ისინი მეგობრებად ვაქციოთ.

წმინდა ისიქი აგრძელებს: ,,ასეთი ადამიანი ყველანაირად ეცდება, რომ თავისი შინაგანი სიტკბოება და ღვაწლი სხვათაგან დაფაროს, რათა მზაკვარმა დემონმა მის გულში ბოროტებას გზა არ გაუხსნას და მისი უკეთილშობილესი საქმიანობა არ გაანადგუროს’’.

წმინდა ისიქის სიტყვების თანახმად, შენი ღვაწლი დაფარული უნდა იყოს და კეთილკრძალული შიშით იგემო ღმრთისაგან მონიჭებული საღმრთო სიტკბოება. ღმერთი შენ მოგაწერს ამ ღვაწლს, თუმცა სინამდვილეში ყველაფერს თავად აღასრულებს. თუ არ ფარავ შენს ღვაწლს და არც კრძალვა გაგაჩნია, მაშინ ნებისმიერ წამს შეიძლება მტერი თავს დაგესხას. რას იზამს? შეუჩნევლად გაუხსნის შენს სულში ბოროტებას კარს და შენს ,,უკეთილშობილეს საქმიანობას გაანადგურებს’’. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ შენს შრომას ყველას წინაშე წარმოაჩენ, სულიერ სიტკბოებას ეძებ და დაძაბული აკვირდები –  გრძნობ თუ არა ლოცვაში ცვლილებებს, რამდენი ხანი მოქმედებს ლოცვა მოუკლებლად და დარდობ, თუ რატომ გაქრა ლოცვითი სიტკბოება, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ქრისტესთან ურთიერთობით კი არ ხარ დაკავებული და მის წინაშე კი არ წარსდგები, არამედ საკუთარი განცდებითა და შეგრძნებებით ხარ დაკავებული. ამ დროს მოდის მზაკვარი დემონი და შენს გულში ბოროტებას უხსნის კარს ისე, რომ ვერც ამჩნევ. ჩვენი მტერი ხომ უხილავია და ამიტომაც მის მოახლოებას ვერ ვგრძნობთ ხოლმე.

ბოროტებისთვის კარის გაღება ნიშნავს იმას, რომ იგი სწრაფად და მარტივად შემოდის ჩვენში. გულისსიტყვების, გონების, ენისა და სმენის მიერ ბოროტება პირდაპირ გულში იჭრება. მისთვის ადვილია შენი მოყვასის გულის აღშფოთება, მასში მტრული გულისსიტყვის, სიძულვილისა და წინააღმდეგობის ჩანერგვა, რათა ამ გზით განსაცდელი შეგიქმნას და სიმშვიდე დაგაკარგვინოს. მაგრამ ამ დროს დამნაშავე მოყვასი კი არა, შენ ხარ. ყოველთვის ჩვენ ვართ დამნაშავენი. რატომ? იმიტომ, რომ არ დავფარეთ შინაგანი ღვაწლი და ქრისტესგან მონიჭებული სიტკბოება.

თუ გვსურს, რომ სიფხიზლის სულიერ საქმიანობაში წარვემატოთ, მაშინ ჩვენი პრობლემების მიზეზები მოყვასში არ უნდა ვეძებოთ, მათ ცხოვრებაში არ უნდა ჩავერიოთ და მივიღოთ ისეთებად, როგორებიც არიან. ზოგი დაგვამცირებს, ზოგი შეურაცხგვყოფს, ზოგიც უარგვყოფს და ხელს გვკრავს – ეს ყველაფერი დიდი სულიერი სარგებლის წყაროა. როცა უბრალოებას გამოვიმუშავებთ და მოყვასისგან ყველაფერს მივიღებთ, მაშინ ქრისტე მადლს მოგვანიჭებს და დემონი ვეღარ შეძლებს ჩვენს ცდუნებას.

არ შევაფასოთ სხვა ადამიანები,  არც საკუთარი ღვაწლი და არც ჩვენი სულიერი განცდები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ყველაფერზე ფიქრთან ერთად ჩვენში შემოვუშვებთ დემონს, რომელიც ყველაფერს გაანადგურებს, თუკი რამე მოგვიხვეჭია. ზოგიერთი ზედმიწევნით აკვირდება თავის სულიერ მიღწევებს და საკუთარ თავს აფასებს ,,აი, აქ წარვემატე, აი, ეს არ გამომივიდა’’. რაც უფრო მეტად ფიქრობს ამ ყველაფერზე, მით უფრო შორდება ქრისტეს, რადგან არ იცის, რომ ეშმაკი მუდამ ჩასაფრებულია.

ჩვენ კი მოდით, ყველაზე მთავარზე ვიფიქროთ. გვახსოვდეს, რომ ქრისტე ყოველთვის ჩვენს წინ მიდის და მიგვიძღვის. ის იბრძვის ჩვენს მაგივრად, ჩვენ კი არაფერი შეგვიძლია. ყველაფერი მისით და მის მიერ აღესრულება. ჩვენს ყოველ წამოწყებას ღმერთი განასრულებს. ერთადერთი რამ, რაც მოგვეთხოვება არის ის, რომ შევიყვაროთ სიფხიზლის ღვაწლი. ეს არის ჩვენი სულიერი ხელსაქმე, რაც თავის თავში ყველაფერს მოიცავს. სიფხიზლე ნიშნავს მუდამ მღვიძარედ, ყურადღებით და ფხიზლად ყოფნას, შინაგანი მყუდროების დაცვას და საკუთარი დაცემული ნების უარყოფას. ჩვენ მხოლოდ მოვუხმობთ: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’ და ამით ვიცავთ ჩვენი გონების კარს, რათა საცდურებს არ ავყვეთ. სწორედ საცდურებს უნდა ვუფრთხილდეთ. უფალი ხომ გვამხნევებს, ნუ გეშინიათ მათი, ვისაც თქვენი ხორცის მოკვდინება სურსო. დაე რაც უნდათ ის გვიქნან, – ჩვენ არაფრის გვეშინია. ჩვენი საკეთებელი ვაკეთოთ, სიფხიზლეში ვიშრომოთ, რომელიც მთელ ჩვენ არსებას იცავს. ვიყოთ მღვიძარენი, მდუმარენი გარეგნულადაც და შინაგანადაც, მივატოვოთ ამაო ცნობისმოყვარეობის ჩვევა და სულგრძელად მივიღოთ ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება.


წიგნიდან: Слово о трезвении, Архимандрит Эмилиан Вафидис. часть 1. 2020г.

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©