არიზონელი

იესუს ლოცვა და შეპყრობილი ახალგაზრდა – არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი

როდესაც ნეა სკიტში ვცხოვრობდით, ჩვენთან ერთი შეპყრობილი ახალგაზრდა მოვიდა. პერიოდულად ეშმაკი შეიპყრობდა ხოლმე მას და ისიც მეძავის ხმაზე ისეთი რაღაცეების ლაპარაკს იწყებდა, რომელიც მოციქულის სიტყვების თანახმად, ,,საძაგელ არს სიტყუადცა’’(ეფ.5:12). ჩვენს საძმოში საკმაოდ დიდი ხნით დარჩა და რითიც შეეძლო საქმეში გვეხმარებოდა.

მაშინ მე სახელოსნოში ვმუშაობდი და სეფისკვერის ბეჭდებს ვამზადებდი. ის კი ეზოში კასრებს აკეთებდა. მესამე დღეს შემოვიდა ჩემთან და მეუბნება:

– მამაო, ბეჭდების კეთებას არ მასწავლი? ეს კასრების კეთება მძიმე საქმეა. ჩემში კი ეს ზის( არ უნდოდა სიტყვა ,,ეშმაკის’’ გამოყენება) და სულ მარცხვენს.

– გასწავლი, ძმაო! აი, უყურე, აი ასე და ასე უნდა გააკეთო. აი, ინსტრუმენტები, ნიმუში და იმუშავე აქ. ოღონდ გაითვალისწინე, რომ აქ, ჩვენს საძმოში, როგორც ხედავ მამები ერთმანეთში არ საუბრობენ და მუდამ იესუს ლოცვით არიან დაკავებულნი.

როდესაც ამას ვამბობდი, მინდოდა რომ ამაოდმეტყველება ამერიდებინა და რამდენადაც შესაძლებელი იყო, გონება იესუს ლოცვას არ მოშორებოდა. იმ წუთას გამეფიქრა: ,, ნეტავ შეპყრობილებს შეუძლიათ იესუს ლოცვის წარმოთქმა?’’. აი ასე, დავიწყეთ ხელსაქმე და იესუს ლოცვა.

რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ მასში  მყოფი ეშმაკი გამძვინვარდა. ეს ბიჭი უეცრად გაწითლდა, სახე შეეჭმუხნა და უეცრად – ბრახ! ფეხი მაგიდას დაარტყა და ბეჭდები ერთ მხარეს გადაცვივდა, ინსტრუმენტები – მეორე. იმ წუთასვე ხელი ჩავბღუჯე რომ არ დავარდნილიყო და თავი არ დაერტყა! მისი ხმა შეიცვალა, დაიწყო ყვირილი, ბილწსიტყვაობა, მუქარა და ლანძღვა-გინება.

– მოკეტე შე ნაძირალა! მოკეტე! მორჩი ამ ბოდვას! რა ჩაიხვიე ეს ერთი და იგივე! თავი მომაბეზრე ამ სიტყვებით და ნუღარ იმეორებ! შენთან კარგად ვარ, რა გინდა, რატომ მაწუხებ? შეგჭამ იცოდე! ნაწილებად დაგგლეჯ!

კარგად მეჭირა რომ არ დავარდნილიყო. ეშმაკი კი აწამდებდა. ბოლოს, როგორც იქნა მოეშვა და ეს ბიჭიც დამშვიდდა.

– ხედავ, რას მიშვება? – მითხრა საბრალომ – აი სულ ასეთ წამებაში ვარ.

– მოთმინება, ძმაო, მოთმინება. არ მიაქციო ყურადღება. ეს შენ არ ხარ. შენ იესუს ლოცვას მიხედე.

დავასრულეთ ხელსაქმე და მამა იოსებისკენ გავემართეთ. გზაში მკითხა:

– ღამე როგორ ლოცულობთ?

– ახლა ზაფხულია და ეზოში სკვნილზე საათობით ვლოცულობთ იესუს ლოცვას და მეტანიებსაც ვაკეთებთ

– აწი მეც ვილოცებ სკვნილზე იესუს ლოცვას. აღარ ვიგალობებ, მხოლოდ ამ ლოცვით დავკავდები.

გზაზე მე წინ მივდიოდი, ის კი უკან მომყვებოდა. აი, როგორი აზრი მოუვიდა თავში:

– მამაო! – დამიძახა

– რა იყო, ალექსი?

– შეიძლება ვილოცო მისთვის ვინც ჩემში ზის რომ ისიც შეიწყალოს უფალმა?

რამ უბიძგა რომ ეს ეთქვა? მყისიერად ეშმაკმა შეიპყრო, ჰაერში აიტაცა და მიწაზე ძლიერად დაახეთქა! მისი ზურგჩანთა და სკუფია აქეთ-იქით გადაცვივდა. ისევ მყარად დავიჭირე, რომ თავი რამეზე არ მიერტყა და არ მომკვდარიყო. ხმა შეეცვალა და დაიწყო:

– მოკეტე-თქო, შე ნაძირალა! მოკეტე! რას ლაპარაკობ? რა წყალობა? არანაირი წყალობა! არ მინდა! არა! რა დავაშავე, რომ წყალობა ვითხოვო? ღმერთი უსამართლოა! პატარა ცოდვის გამო, ჩემი დიდება წამართვა. ჩვენ არაფერ შუაში ვართ! ისაა დამნაშავე! მან შეინანოს თუ კარგია!

ეშმაკმა ძლიერად შეაჯანჯღარა და ბოლოს ჩვარივით მიაგდო. ვკანკალებდი, როდესაც ეშმაკის ლაპარაკი მესმოდა. რამდენიმე წუთში გამოცდილებით გავიგე ის, რასაც ათასი წიგნიც ვერ გამაგებინებდა. ცოტა ხანში ალექსი გონს მოეგო, სკუფია დაიფარა და გზა განვაგრძეთ.

მამა იოსები მას მუდამ დიდი სიყვარულით იღებდა და ესაუბრებოდა. საუბრისას მუდამ მშვიდი იყო. ის ძალიან ბევრს ლოცულობდა ასეთი ადამიანებისთვის, რადგან იცოდა, თუ როგორ იტანჯებოდნენ ისინი ეშმაკებისაგან. ჩვენც გვიხსნიდა:

– თუკი ჩვენ ისინი გარედან გვესხმიან თავს და ასე ვიტანჯებით ვნებებითა და გულისსიტყვებით, წარმოგიდგენიათ, როგორ ტანჯვაში არიან ეს საბრალონი დღე და ღამ მათში რომ ზის ეშმაკი?

ეს ჩვენი ძმა მსახურებებზე არ ესწრებოდა ხოლმე. სკვნილით ხელში კლდეებში დაეხეტებოდა და მოუკლებლად, ხმამაღლა ლოცულობდა: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე! უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე! უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!’’ მთელ არემარეს ედებოდა მისი ექო. მან გამოცდილებით შეიცნო, თუ როგორი ძლიერი იარაღია იესუს ლოცვა ეშმაკის წინააღმდეგ.

როდესაც ასე დაეხეტებოდა და იესუს ლოცვას ამბობდა, უეცრად მისი ხმა იცვლებოდა და მასში მყოფი ეშმაკი ყვიროდა:

– მოკეტე! მოკეტე-მეთქი! რას დაეხეტები ამ კლდეებში და ბოდავ რაღაცეებს? წადი ტაძარში და მიატოვე ეს ბოდვა! წადი და მოძღვარს დაეხმარე! ის ხომ მარტო კითხულობს! მთელ მსახურებას მარტო ხომ ვერ წაიკითხავს. შენ კიდევ აგიღია სკვნილი და ბოდავ! რას ამბობ და ამბობ დღე და ღამ ამ ერთი და იგივეს და წამითაც არ მაძლევ მოსვენების საშუალებას? ტვინი შემიჭამე, გამაწამე და მწვავ!

როდესაც ეს თავსახმა წყდებოდა, ის კვლავ აგრძელებდა სკვნილზე:

– უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!

როდესაც ვხედავდით თუ როგორ იტანჯებოდა, როგორ იბრძოდა და როგორ ითმენდა, სულში ტკვილს ვგრძნობდით, მაგრამ იმავდროულად იმედიც გვქონდა. მან საკმაო ხანი დაჰყო ჩვენთან და გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, როდესაც წავიდა. მას შემდეგ აღარ გვინახავს და მხოლოდ ღმერთმა იცის მისი ამბავი.

წყარო: ამონარიდი წიგნიდან “ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან” – არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •