Untitled Artwork 1

ისიქაზმი – ცხოვრების წესი – ნიკოლაი ნოვიკოვი

მოიხვეჭე მშვიდობის სული – წმინდა მამები თავიანთ დარიგებებში მოგვიწოდებენ. მაგრამ მშვიდი და მდუმარე ცხოვრება, ის შინაგანი სამყარო, რაზეც ჩვენ ვლოცულობთ – ღვთისმსახურებაზე არ იბადება, იგი მოიპოვება უხილავ ბრძოლაში. ყოველი დაბადებულის წინაშე იხსნება ორი გზა: სიცოცხლე და სიკვდილი. უფალი სთავაზობს თავის ქმნილებას კურთხევას ან სასჯელს. მიანიჭა რა ადამიანს არჩევანის სრული თავისუფლება, და ამასთანავე ბრძანა აგვერჩია სიცოცხლე. არჩევანი ყოველთვის ჩვენზეა დამოკიდებული, ან ვემორჩილებოდეთ ჩვენს შემოქმედს, ან სასჯელში მოქცეული ჩავვარდეთ საუკუნო სიკვდილის წყვდიადში. 

რაზეა დაფუძნებული კურთხეული ცხოვრების გზა? 

უფალი ასე განმარტავს: აუცილებელია რომ ადამიანი მუდმივად სთხოვდეს უფალს შეწევნას, ისმენდეს მის ხმას და გადაეჯაჭვოს მას, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ მუდმივად ჰქონდეს ლოცვითი კავშირი თავის შემოქმედთან. ცოდნა, რომელიც მიეცა ძველი აღთქმის კაცობრიობას, განკაცებული მხსნელის მიერ სიღრმისეულად იხსნება; „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.

თვით ქრისტე, რომელიც თავად ხდება გზა სიცოცხლისაკენ – გვასწავლის: ,,არავინ მოვა მამასთან, ცათა სასუფეველში თუ არა ჩემ მიერ. რამე თუ მე ვარ კარი ვინც შემოვალს ჩემ მიერ ის ცხონდება.“

ეს არის გზა ჯვარცმისა და ლოცვისა – მისი წმინდა სახელის მოხმობით.

ახლადმონათლული ქრისტიანები, რომლებმაც აირჩიეს სიცოცხლე, უკვე ყოველ ნაბიჯზე დგებიან ახალი არჩევანის წინაშე – სიკეთესა და ბოროტებას შორის. და აი ასე, ამ ცხოვრებისეულ მოგზაურობაში ბოლომდე გამოიცდება ადამიანი, რომელიც მუდმივად დგას გზაჯვარედინზე, ორ ბილიკს შორის.

სული წმინდის ნიჭი, ჩვენზე საიდუმლოდ მოღებული, როგორც გრიგოლ სინაიტი ამბობს, მიითვისება – „ორი გზით“. ორივე შესაძლებლობა მიმართულია ერთი უმაღლესი მიზნისკენ – მამის მარადიულ სასუფეველში  სულის გადარჩენისაკენ, მაგრამ ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ ჩვენ რომელ გზას მივანიჭებთ უპირატესობას. 

პირველი არის მცნებების აღსრულება. დიდი და ხანგრძლივი შრომის შედეგად, ადამიანი სრულყოფილების საზომით, გარეგან სათნოებებში ემსგავსება მაცხოვარს.

მეორე გზა არის შეცნობა და მუდმივი მოხმობა იესო ქრისტესი, რაც გულისხმობს „ღმერთის ხსოვნას“ რომელიც მოიხვეჭება შინაგანი გულისმიერი, გონიერი ლოცვის მეშვეობით. 

თუმცა ერთი ქმედება არ გამორიცხავს მეორეს. როგორც ითქმის „ესე ჯერ – იყოს საქმედ და იგი არა დატევებად“. 

თუმცა მეორე გზას, წმინდა მამების ტრადიციულ, ისიქასტურ მიმართულებას ენიჭება უპირობო უპირატესობა. რაც არც არის საკვირველი.  რამეთუ პირველი გადამრჩენელი გზა მიიღწევა უფრო ძნელად და ნელა, მეორეს შემთხვევაში კი უფრო სწრაფად და მყარად იგრძნობა.

და თუ ჩვენ ხეტიალის გარეშე გვსურს ვპოვოთ და შევიცნოთ ჭეშმარიტება, მაშინ ვისწრაფოთ, რომ ვიქონიოთ მხოლოდ გულისმიერი ლოცვა. ამიტომ წმინდა მამების მიერ მოწოდებულნი ვართ, გარეგანი სათნოებების დამარხვით, ვზრუნავდეთ მხოლოდ ერთზე – გულში აღესრულებოდეს ლოცვა, რომელიც ათბობს და ახარებს გონებას, ღმრთისა და ადამიანების მიმართ გამოუთქმელი სიყვარულით აღაგზნებს სულს.

 სული, რომელიც მიისწრაფის სრულყოფილებისაკენ, თვისობრივად უპირატესობას ყველასთვის ფუძედმდებელ ღმრთის ხსოვნას ანიჭებს – მხმობელი – მუდამ გახსოვდეს ღმერთი შენი. იმ მცნებას რომლის დარღვევის გამო დაიღუპა ხალხი. 

ზუსტად, რომ ღმერთის დავიწყება განდევნის სამოთხიდან და ადამიანს ბოროტი ძალების წინაშე სულიერად შიშველს ტოვებს. 

 „თუ შენ დაივიწყებ უფალსა და ღმერთსა შენსა, გიმოწმებ, რომ დაიღუპები“.

ამასთანავე ადამიანებს მხოლოდ ამ მცნების მეშვეობით შეუძლიათ გადარჩნენ. ამიტომ სწორედ ის ხდება ისიქასტური ცხოვრების დაწყების მთავარი ღერძი. 

სწავლებისა, რომელიც ეფუძნება მადლის მოხვეჭას და მის შენარჩუნებას ღმერთში, რათა ადამიანი დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რომელიც დაკარგა ცოდვით დაცემის შემდეგ.

ღმერთთან ნეტარი ერთობა ხორციელდება მხოლოდ მისივე მადლის თანამოქმედებით. არ არის სხვა სახელი ცის ქვეშ გარდა სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ვის მიერაც ჩვენ ვცხონდებით. მის მიერვე ნაჩვენები გზით, მისი წმინდა სახელის მოხმობით, მცნებების დამარხვით, ასკეტური ღვაწლი და წმინდა საიდუმლოება ადამიანებს ამკვიდრებს ღვთის წიაღში. 

 ისიქაზმის მისტიური ტრადიციულობის ღერძს წარმოადგენს მდუმარება ან გონიერი ლოცვა – გონების და გულის გაერთიანებას იესოს ლოცვაში. ისიქაზმი სულიერი ცხოვრების ფორმაა, რომელიც საკუთარ თავში გულისხმობს ადამიანის სულიერ გამოვლინებას.  ეს არის სწავლება მიზანმიმართული ღვაწლის შესახებ. 

დასაბამიდან შობილი ევანგელური სულით, ქრისტიანული სწავლება თანდათანობით ჩამოყალიბდა ერთ სისტემად და ხან ცხადად, ხან დაფარულად ახდენდა გავლენას არა მარტო რელიგიურ ცხოვრებაზე, არამედ ყველა ქმედით სფეროზე, რომელიც ერის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია: პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, კულტურაზე.

 სწავლება  ისიქაზმის შესახებ როგორც უმთავრესი გზა ქრისტიანული ასკეზისა, თანმიმდევრულად და დანამდვილებით წარმოაჩენს მართლმადიდებლობის არსს და რომის ოფიციალური იდეოლოგიის – თომიზმის საპირისპიროა.

 თავიდან  ისიქაზმში მოიაზრებოდა განმარტოვებული ცხოვრების წესი, გონიერ ლოცვის პრქტიკაში გაერთიანებული, ღვაწლი, რომელიც ჯერ კიდევ მონაზვნობის გარირაჟზე მესამე საუკუნიდან იყო გაღებული ეგვიპტის, პალესტინის და მცირე აზიის ანაქორეტების მიერ. შემდგომში  ისიქაზმში იგულისხმება ცხონების და სრულყოფილების არსი ქრისტიანული სწავლებისა, რომელიც მიიღწევა შინაგანი ღვაწლის გზით, კონკრეტულად რომ ვთქვათ  ისიქაზმი არის სულიერი ცხოვრების მამოძრავებელი ღერძი აღმოსავლური მონაზვნობის მჭვრეტელობისა და ამასთან ერთად უნიკალური ასკეტური მეთოდი მდუმარებისა და გონიერი ღვაწლისა, რომელიც ქრისტიანობაში წარმოიშვა და შენარჩუნებულია მართმადიდებლურ ტრადიციაში.

 ისიქაზმის მეთოდი გვაძლევს საშუალებას, რომ გონებისა და გულის გაერთიანების გზით მივაღწიოთ ისიქიამდე. ეს არის გონიერი ლოცვა ან შინაგანი მდუმარება, რომელიც ხსნის წვდომას გულის სიფხიზლის პრაქტიკაში. მთლიანობაში ეს მეთოდი გვაძლევს საშუალებას მაქსიმალურად განწმინდოს სული ცოდვიანი ვნებებისგან და მიაღწიოს უვნებელობამდე. მოიხვეჭოს მჭვრეტელი ლოცვის მადლი და შეიძინოს უმაღლესი საღმრთო ნიჭი განღმრთობისა.

 ისიქაზმი ასევე ქრისტიანობის მისტიური ღვთისმეტყველებაა, გამომუშავებული ღმერთთან პირადი ურთიერთობის გამოცდილების საფუძველზე: წმინდა დიონისე არეოპაგელის, მაქსიმე აღმსარებელის, იოანე დამასკელის, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მიერ, ფართოდ განხორციელებული გრიგოლ სინაიტის პრაქტიკაში და საბოლოოდ დოგმატურად განმტკიცებული გრიგოლ პალამას სწავლებაში.

ხელთუქმნელი ენერგიების შესახებ სწავლება ადასტურებს ღმერთთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობას. ღმრთისშემეცნებისა, და განმღრთობის მდგომარეობამდე, ადამიანის მიწიერი ცხოვრების განმავლობაში, მიღწევის შესაძლებლობას. 

XIV საუკუნის  ისიქასტურ ტაძრებში სრულად განავრცეს ადამიანის პიროვნულობის, განღმრთობის ქრისტიანული იდეალი, ღვთისმეტყველების დოგმატურ დონეზე დააფუძნეს, ღვთის მიმსგავსების ხარისხში აყვანილი საჭიროება – მოიხვეჭონ სული წმინდის მადლი, სულის გარდაქმნისა და განათლებისთვის. 

 ისიქაზმის იდეოლოგია ჯერ კიდევ უწმინდესის ანტონი კიევ- პეჩოროვის პერიოდში იყო ღირებულად აღქმული რუსეთში, სადაც შემდგომ დაფუძნდა დიდი სასულიერო ცენტრები. ისინი გამოჩნდნენ სერგი რადონეჟელის სავანეში და მისი მიმდევრების ვალაამის და სოლოვეცკის კუნძულებზე, ფსკოვის და ვოლოკ ლამსოვის ტყეებში,ზავოლოჟის და ბრიანსკის სკიტში;

უამრავი მსგავსი სულიერი სიმაგრეები ლავრებიდან კელებამდე მთლიანად ეფინებოდა და ანათებდა რუსულ მიწას.

 რუსეთში ტერმინი  ისიქაზმი – როგორ ასეთი არ იხმარებოდა, მაგრამ თავის ცოდნასა და მეთოდებში რუსი მოღვაწეები ყოველთვის ეყრდნობოდნენ  ისიქასტურ პრინციპებს: განმარტოვებას და მდუმარებას, საიდუმლო სწავლებისთვის.

სწავლებაში ქრისტიანთათვის სახელდებოდა ტრადიციული იესოს ლოცვა. საიდუმლოდ იმიტომ დაარქვეს, რომ გულისმიერი ლოცვითი მღვიძარება გარშემომყოფთაგან უხილავად შეიძლებოდა აღსრულებულიყო ნებისმიერ დროს. 

ამასთანავე ეს ჭეშმარიტად საიდუმლოა, რამეთუ გულისმიერი ლოცვა, განსაკუთრებული საღმრთო მადლით მოქმედი წმინდა მამების მიერ აღიარებულია,როგორც წმინდა საიდუმლოება.

 საიდუმლო სწავლება სინონიმია იმ განმარტებისა როგორიცაა შინაგანი გონიერი ლოცვა, იესოს ლოცვა ან წმინდა მღვიძარება, გონების დაცვა ან გულის სიფხიზლე, გულისთქმების წინააღმდეგობა და გულის მარხვა. 

ყველა ეს განმარტება  ისიქაზმის სინონიმებია და მიიყვანება ერთ შედეგამდე – გზა წმინდა მდუმარებისა. გზა, რომელიც გახდა საფუძველი რუსული ტრადიციისა. 

თავისებურად ხდებოდა გარდატეხა ასკეტების ყოველ თაობაში, უძველესი პრაქტიკა ხორციელდებოდა პირად გამოცდილებაში და ცხადდებოდა სამყაროში თავის შესაბამისი დროის ფორმებში.

 ისიქასტი ხდება ის ვისი ცხოვრებაც მთლიანად დამორჩილებულია გონიერი ლოცვის შინაგან ღვაწლზე, ვინც მოწყურებულია ღვთის მჭვრეტელობას, შია ლოცვითი ერთობა ღმერთთან, ვისი ძალებიც მთლიანად მიზანმიმართულია სული წმინდის მოხვეჭისაკენ.

 ისიქასტი თავის გონებას ნებაყოფლობით მოაქცევს გულის ტყვეობაში, და იესო ქრისტეს სახელს მიჯაჭვული აკავებს მას მუდმივ ბრუნვაში ლოცვით ორბიტაზე. წმინდა მდუმარე გულიდან აღმართული სინანული წვავს დემონურ საწყისებს და წარწყმედს მანკიერი ვნებებების ფესვებს, და თანდათანობით აღამაღლებს სულს მადლის მდგომარეობამდე.  ისიქასტი ასკეზური ღვაწლით და სიფხიზლით განწმენდს გულს, და მადლის მოხვეჭით აღწევს უსხეულო საღვთო ენერგიების ჭვრეტას თაბორის სინათლისა, რომელიც იღვრებოდა მოციქულებზე უფლის ფერისცვალების სასწაულში. ქმედება და ჭვრეტა, როგორც ხანდახან განმარტავენ, არ არის გადარჩენის განსხვავებული და დამოუკიდებელი გზები. ეს არის ერთი შემადგენლობითი პროცესი შინაგანი და გარეგანის არსი, მოცულობა და აღვსება სულიერი ღვაწლის გზაზე.

ისიქია არის ქრისტიანული გამოხატულება უვნებელობისა, როდესაც ქმედება და ჭვრეტა განიხილება არა როგორც ორი განსხვავებული ცხოვრების წესი, არამედ ერთმანეთან შერწყმული – გონიერი ლოცვის განხორციელებისთვის. რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ისიქაზმის მოძრაობა, ჩამოყალიბდა მონაზვნურ სივრცეში, თუმცა არ გადაქცეულა მონაზვნური მემკვიდრეობის პრიველეგიად.

უკვე XIV საუკუნის ბიზანტიაში საზოგადოების ყველა სოციალური ფენა იქნა მოწოდებული საღვთო ნათლის ზიარებაში თანამონაწილეობისათვის, ამასოფლისაგან განშორებულებმა აიღეს თავის თავზე ღვაწლი, რათა ეუწყებინათ ქვეყანისათვის ისიქიის, შინაგანი ცხოვრების შესახებ და ამით დაძლეული იქნა. მონასტერსა და სოფელს შორის არსებული უფსკრული.

საუკუნეების შემდეგ საროვის უდაბნოში ნეტარი სერაფიმე ასე ქადაგებს შინაგან ღვაწლზე;  ისიქასტური ცხოვრების წესით შეიძლება ერში იცხოვრო და მიიღო იგივე მადლი, რაც უპოვარებაში. 

ეს მიიღწევა მხოლოდ იმ წყობით, როდესაც მთელი ჩვენი საქმიანობა განათლებულია სულიერი ღვაწლით, და ექვემდებარება სულის წინამძოლობას. მაშინ ცხოვრებაში სულიერი და ამსოფლიური იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული, რომ ერთი მეორისგან არ გამოირჩევა. ბერი წინასწარ ჭვრეტს მომავალში ღვაწლის განვითარებას და წინასწარმეტყველებს, რომ მომავალი კაცობრიობა მხოლოდ ამ გზას უნდა გაყვეს თუ სურს გადარჩეს.

ერში შინაგანი ღვაწლის  ისიქასტური იდეა არ აღმოჩენილა უცხო რუს მართმადიდებელ მოაზროვნეთა საუკეთესო წარმომადგენელთათვის. კონსტანტინე ლეონტიევი თვლის, რომ მორწმუნე ქრისტიანებს, მეუდაბნოებიდან დაწყებული მთავრობის მოღვაწეებით დამთავრებული, აქვთ საერთო გულისმიერი იდეალები, საერთო დოგმატები, ერთი ზნეობრივი კრიტერიუმი და მიზანი – მიწიერი ცხოვრების განმავლობაში იმყოფებოდნენ ქრისტესა და მის სწავლებაში. 

ამ შემთხვევაში მონაზონი არის იგივე მართლმადიდებელი ქრისტიანი, როგორც არა მონაზონი, უბრალოდ დადგინებული სხვა მკაცრი ცხოვრების პირობებში.

 და ერის ადამიანი იგივე ასკეტია. 

ისღა დამრჩენია მხოლოდ ვუსურვო ყველას ამგვარი ასკეტური სულის მოხვეჭა, რომელიც შეძლებს გაჟღინთოს თავისი კეთილსურნელებით მთელი ერული ცხოვრება, ქალაქური თუ გლეხური. 

სულიერი ცხოვრების წესი თანამედროვე ადამიანისთვის ერობაში იგივეა რაც აღკვეცისას გონების მუდმივი მყოფობა ღმერთში, მრავალმხრივი ბრძოლა ვნებებთან, გაუჩერებელი სათნოებების გაზრდა. 

ღვაწლის შესრულების უნარი ღმრთისაგან მიენიჭება ნებისმიერ ადამიანს, რამეთუ ყველასთვის არის თქმული: „მე ვამბობ, თქვენ ღმერთები ხართ“. ამიტომაც შინაგანი ღვაწლი და მიღწევები ღმერთთან ურთიერთობაში ყოველთვის ღიად რჩება ჩვენს დროში, არანაკლებად, ვიდრე ოდესმე. ამიტომ ყოველი ადამიანი თავისი ადგილით და სტატუსით მოწოდებულია შეაერთოს ერული ცხოვრების წესი სულიერი საწყისით, იმსახუროს ღვთის და ქვეყნის წინაშე, შინაგანი ღვაწლის ნაყოფების გამრავლებით და სისავსით და სასოებით იმისა, რომ შეიძლება ღმერთმა არანაკლებად მოანიჭოს წყალობა და მადლი ვიდრე მეუდაბნოე ასკეტებს. 

თარგმნილია წიგნიდან: ,,Молитва Иисусова. Опыт двух тысячелетий. Том первый. (Издательский проект ,,Путь умного делания’’. Москва 2018)

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©