igumenia makrina vasopulo 5

იღუმენია მაკრინა ვასოპულოს შესახებ (წმინდა იოსებ ისიქასტის სულიერი შვილი)

ჯერ კიდევ ბავშვი იყო მარია, როდესაც იოსებ ისიქასტის ერთ-ერთ სულიერ შვილს, მღვდელმონაზონ ეფრემს (კარაიანისი) შეხვდა, რომელმაც მას იესუს ლოცვა ასწავლა. მარია დიდი მოშურნეობით შეუდგა სულიერ ცხოვრებას, განსაკუთრებით კი უყვარდა ღამე ლოცვა.

ომის შემდეგ ლუკმაპურის საშოვნელად მას უმძიმესი შრომა უწევდა, შემოსავალს კი ღარიბებს და გაჭირვებულებს უნაწილებდა. გამოირჩეოდა სიკეთით, მოწყალებით, მიმტევებლობითა და განსაცდელების დროს – მოთმინებით.

ლოცვის შესახებ ის ამბობდა:
”როდესაც ადამიანს აქვს ლოცვა, სულიწმინდა მოქმედებს მის სულში. ალბათ გსმენიათ, თუ როგორ საუბრობენ იმ მოღვაწეებზე, ვისაც გონიერი ლოცვის ნიჭი აქვთ. ხალხი ამბობს: ”შეხედეთ, რა საოცარი ადამიანია! როგორ უბრწყინავს სახე!” ასეთი სასწაულებრივი საქმიანობაა ლოცვა.

ლოცვა ღმრთის უდიდესი ნიჭია. როდესაც ადამიანს ლოცვისას ქრისტეს სიყვარულის განცდა ეუფლება, ის გრძნობს თითქოს მთლიანად განიბანება ამ სიყვარულში. როდესაც ლოცვას მოვიხვეჭთ, ქრისტეს ნათელი ამობრწყინდება ჩვენს სულში, ჩნდება განცდა ჩვენი დაცულობისა, რომ ღმერთი არასდროს მიგვატოვებს და ყოველთვის დაგვიფარავს.

როდესაც ლოცვაში წარვემატებით, პერიოდულად ისეთ მდგომარეობებს განიცდის ადამიანი, რომლის წარმოდგენაც კი არ შეეძლო. ის უფრო და უფრო იძირება ხელთუქმნელ ნათელში და ამავდროულად საკუთარ შინაგან სამყაროს ჭვრეტს.

ეს ყველაფერი მიიღწევა მორჩილებისა და სიმდაბლის მეშვეობით, როდესაც ადამიანს აქვს ყურადღება და დისციპლინა.”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ