Image 1

იღუმენი ხარლამპე ათონელი – მოღვაწე ერისკაცების ოჯახის შესახებ

არიან ისეთი ერისკაცნი, რომლებიც უფრო მარიამს ჰგვანან და არიან ისეთი მონაზვნები, რომლებიც თავიანთი გრძნობათა აგებულებით მართასაც არ ემსგავსებიან.
თესალონიკელთა ერთი ოჯახის აღსარებას ვიბარებ. გაოცებული ვარ მათი მართალი ცხოვრებით. მათი სახლი მონასტერს ჰგავს. ცოლი გარეთ მხოლოდ საყიდლებზე გამოდის და მაშინ, როცა გადაუდებელი საქმეები მოითხოვს. სამი შვილი ჰყავთ. როცა ბავშვები სკოლაში მიდიან და ქმარი – სამსახურში, ქალი ჯდება და ორი საათი იესუს ლოცვას იმეორებს… მერე დგება და ოჯახის საქმეს შეუდგება, ლოცვას კი აგრძელებს – ხან ბაგეებით წარმოთქვამს და ხან გონებით.

სამსახურიდან დაბრუნებული ქმარი თავისი დროის უდიდეს ნაწილს ლოცვას, წმინდა წერილისა და წმინდა მამათა ნაწერების კითხვას უთმობს.
ბავშვებიც მიეჩვივნენ ასეთ განრიგს. აი, რა მომწერა ამ დღეებში ამ ოჯახის დიასახლისმა: “ჩვენი შვილები სკოლაში ლოცვასაც კი მიეჩვივნენ. როცა შინ ბრუნდებიან, მე უკვე მოთავებული მაქვს ოჯახის საქმეები, სადილიც მზად მაქვს და კვლავ სალოცავ კუთხეში მივდივარ. ბავშვები ცნობისმოყვარეობით მეკითხებიან, – იქ რას აკეთებ, დედიკოო. ჩვენს მფარველობას შევთხოვ უფალს-მეთქი. შეიძლება შენთან ერთად ვილოცოთო? “რა თქმა უნდა, შვილებო, ქრისტეს თქვენ უყვარხართ და სურს, რომ ესაუბროთ”. ამგვარად, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ შუადღისას 15-20 წუთი ვილოცოთ, მერე ვსადილობთ.

საღამოთი ბრუნდება მამა და ყველა ერთად საეკლესიო წიგნებს ვკითხულობთ, ანდა მე მათ წაკითხული წიგნებიდან ამბებს ვუყვები. ზოგჯერ სტუმარი ცოტათი გვირღვევს განრიგს, მაგრამ უმეტესობა, მას მერე, რაც ახლოს გაგვიცნო, შემოდის ჩვენთან, რათა სულის მარგებელ საუბარში მონაწილეობა მიიღოს, ან იმ მეგობართან მიდიან, რომელიც უფრო ეწყობა მათ ხასიათით. ზოგჯერ ლოცვისთვის ღამითაც ვდგებით, ანდა ცოტას ვკითხულობთ წმინდა მამათა ნაწერებიდან. კვირა დღეს კი მთელი ოჯახი წირვაზე მივდივართ და ვეზიარებით.

უფლის მადლით, ჩვენი შვილები მიეჩვივნენ ასეთ განრიგს და ხალისით ასრულებენ. მათი სკოლის მეგობრები მარხვას არ იცავენ, მაგრამ ბავშვებს ეს არ აცდუნებთ”.
წერილის ბოლოს ეს კურთხეული დედაკაცი წერს: “აი, ასე მიედინება ჩვენი ცხოვრება, თუმცა გარშემოე შმაკის შურით აღძრული ბევრი განსაცდელია, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ჩვენს სახლში მეფობს ქრისტე და ძალზე კმაყოფილნი და ბედნიერნი ვართ”.

ამონარიდში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

X