121809

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – ოჯახის შესახებ

წმინდა იოანე ოქროპირი მოგვიწოდებს: ”აქციე შენი ოჯახი ეკლესიად”. ოჯახის, როგორც ეკლესიის მიზანი ვნებებისგან განკურნებაა. ზუსტად იგივე ფუნქცია აქვს მართლმადიდებლური ტრადიციით მონასტერსაც. თანაცხოვრება, მეუღლეობა, ერთმანეთთან ურთიერთობა ხასიათის სიუხეშისგან გვათავისუფლებს, აფართოვებს ჩვენი გულის სივიწროვეს და გვასწავლის, რომ ჩვენში ქრისტეს სიყვარულის ზრდის გარეშე ოჯახს არ აქვს მყარი საძირკველი და ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ დაინგრეს. ამიტომ წმ. იოანე ოქროპირი ოჯახს ბრძოლის ველსაც კი უწოდებს.

ოჯახი ეკლესიად ვერ გარდაიქმნება, თუკი მისი თავი არ არის ქრისტე. უფალს თავისი სიკეთიდან გამომდინარე ყველას გადარჩენა და ყველა ადამიანის გულში დამკვიდრება სურს. სწორედ ეს არის ჩვენი ოჯახების საბოლოო მიზანი და დანიშნულება. აქედან გამომდინარე, მონაზვნობა და ოჯახი ჩვენი გადარჩენის საშუალებებია და არა თვითმიზანი.

თუ ოჯახი ქრისტესკენ არ მიდის, მაშინ მისი ყოველგვარი წარმატება დროებითი და სუსტია. ის თავის მიზანს მისი წევრების ამქვეყნიური წარმატებების საშუალებით და თუნდაც ხანგრძლივი თანაცხოვრებით კი არ აღწევს, არამედ მათი განწმენდით და ქრისტესთან მყოფობით. ოჯახის შეფასება სხვა, ნებისმიერი ადამიანური და ამქვეყნიური კრიტერიუმებით უსამართლო და არამართებულია და საკმაოდ აკნინებს მის (ოჯახის) რეალურ შესაძლებლობებს.

ერთერთი თანამედროვე ათონელი წმინდა მამა ამბობს: ”როდესაც საკუთარ ეგოიზმს დავთრგუნავთ, ჩვენი ოჯახის ჭეშმარიტი წევრები გავხდებით, რითიც კაცობრიობის, ადამის ოჯახის წევრებად ვიქცევით და მთელი სამყაროსთვის ლოცვას შევძლებთ”. – ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს გულებში ქრისტე გამეფდება.

მოდით ჯერ საკუთარი თავი და ჩვენი ოჯახები შევცვალოთ და ჩვენს ირგვლივ სამყაროც შეიცვლება.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა გადმოწერილია  საიტიდან – orthphoto.net