IMG 13

წმინდა ნექტარიოს ეგინელი – მოუკლებელი გონიერი ლოცვის ღვაწლი ყველა ქრისტიანისთვის აუცილებელია

ლოცვა უმაღლესი სათნოება, ღმერთთან შემაერთებელი, სიმშვიდის, ურისხველობის, სიხარულისა და მადლიერების წყარო, სევდისა და მოწყენილობისაგან დამცველია. ლოცვა ღმერთთან საუბარია და ამიტომაც ამ დროს გონება თავისუფალი უნდა გვქონდეს ყველაფრისგან, შემუსვრილი გულით აღვლენილი ლოცვა სულის საკვები ხდება და ნეტარია ის გონება, რომელიც ლოცვისას უწყვეტად საუბრობს ღმერთთან.

ლოცვა – ჩვენი ცხოვრების შემწე, ყოველგვარი მიწიერის დავიწყება, ზეცაში მყოფობაა, ჭეშმარიტი ლოცვისას ადამიანი შეურყეველია. ლოცვა სულიერი თვალების მზეა, როგორც სხეულისთვისაა მზის სინათლე, ასევეა სულისთვის ლოცვა, რომელიც სულის ჩაუქრობელი ნათელი, ზეციური იარაღი, ნებისმიერი ვნების წამალი და შინაგანი ჯანმრთელობის ნაყოფია.

მოუკლებელი გონიერი ლოცვის ღვაწლი, რომელსაც უდიდესი სარგებელი მოაქვს, ყველა ქრისტიანისთვის აუცილებელია. ამიტომაც ვთხოვოთ უფალ იესუ ქრისტეს, რომ მოგვცეს სულიერი გულისხმისყოფა, რომ ვისწავლოთ სიფხიზლე და მღვიძარება. ვილოცოთ, რომ მისი ნება აღსრულდეს ჩვენში, რადგან თავად მან, ჭეშმარიტმა არსმა და სულიერმა მზემ გვამცნო, რომ ამისთვის გველოცა.

გულმოდგინე მოუკლებელი ლოცვა გონებას ამასოფლის სულისგან განაშორებს, ქრისტეს წინაშე წარადგენს და მასთან სიახლოვის წყალობით, მის გულს კრძალვითა და არამიწიერი სიმშვიდით აღავსებს. სიმდაბლის გარეშე შეუძლებელია, რომ ლოცვა ღვთისათვის სათნო იყოს. ვისაც სურს გულის განწმენდა, დაე მუდამ ეცადოს, რომ ღმერთი ახსოვდეს და სულ მასზე ფიქრობდეს. ლოცვა არ არის საქმე, რომელსაც ხან აკეთებ და ხან არა. მასში მუდამ უნდა განვისწავლებოდეთ გონების დაცვით, მაშინაც კი, თუ შეუფერებელ სიტუაციაში ვართ. შეიძლება თუნდაც ბაზარში წასვლისას, მეგობრებთან საუბრისას, ან რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ შინაგანად გულმოდგინედ მოვუხმობდეთ ქრისტეს ისე, რომ ამას ვერავინ ამჩნევდეს.

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©