ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ასკეტებს ვუწოდებთ ამ სიტყვის ვიწრო, სპეციფიკური გაგებით — ანუ მონაზვნებისთვის, განდეგილებისა და მეუდაბნოეებისთვის — არამედ ზოგადად თითოეული ქრისტიანისთვის.
ამასთან, ამ თემის აქტუალურობა და „თანამედროვეობა“ ყველა საუკუნესა და ეპოქაში არსებითად ერთი და იგივე რჩება. ეს ეხება ადამიანის სულის ცხოვრების ხარისხს, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში განვიხილავთ.
ახლა, მსმენელთა განწყობის გათვალისწინებით, შევეცდები ვისაუბრო უბრალოდ, ყოველგვარი „აკადემიურობისგან“ თავისუფლად, რათა სიტყვამ აბსტრაქტული, ინტელექტუალური ხასიათი არ მიიღოს. ასე ვიქცევი იმის გამოც, რომ ეკლესიის რეალურ ცხოვრებაში ღვთისმეტყველება, უპირველეს ყოვლისა, ღმერთში მყოფობად მოიაზრება.
აბსტრაქტული ღვთისმეტყველება, როგორც აკადემიური მეცნიერება, თუმცა ამ წუთისოფლის ისტორიულ პირობებში ქრისტეს ეკლესიისთვის გარკვეულწილად გარდაუვალია, მაინც ყოველთვის შეიცავს საფრთხეს — მოწყდეს სულში ჭეშმარიტ ცხოვრებას. იგი ადვილად შეიძლება გადაიზარდოს შერყეული რწმენის (ან სულაც ურწმუნოების) ფილოსოფიურ თეორიებში, რომლებშიც არ არის ჩვენი მაცხოვნებელი და განმაახლებელი ძალა, როგორც ეს რუსმა ფილოსოფოსმა შენიშნა.
არ მსურს, ეს დრო ამაოდ დავხარჯო ისეთ ფიქრებში, რომლებიც უშუალოდ ამ ცხოვრების სიბრტყეს სცილდება. პირიქით, ჩემი სურვილია, რაც შეიძლება ღრმად შევიდე სწორედ ამ ცხოვრების წიაღში.
რამდენადაც სამყაროში იზრდება „დაღუპვის დინამიკა“, იმატებს კაცობრიობის ტანჯვაც. ამასთან ერთად მწიფდება იმის გაცნობიერებაც, რომ აუცილებელია ამ ტანჯვის ძლევა.
რამდენადაც გაუმართლებელიც არ უნდა იყოს ეს ვნებანი და ტანჯვანი, რომლებიც მხოლოდ ცოდვის შედეგად ვლინდება და არა ღვთის მიერ კაცობრიობისთვის მიცემული ობიექტური საცხოვრებელი პირობების გამო, ისინი მაინც ქმნიან იმ რეალობას, რომელიც ძლიერად გვიპყრობს ყველას.
ყველა უნაკლოდ იტანჯება. ზოგნი — უარყოფითი გაგებით, როდესაც მიჰყვებიან ამ წუთისოფლის ვნებათა საერთო დინებას; ზოგნი კი — დადებითი გაგებით, კაცობრიობისადმი სიყვარულის გამო.
რაკი ჩვენი არსებობის აზრი ტანჯვაში არ მდგომარეობს (ტანჯვა ხომ მხოლოდ ჩვენს უსრულქმნილებაზე მოწმობს), ბუნებრივად დგება მასთან ბრძოლისა და მისგან ხსნის საკითხი. ეს კი გონიერი ადამიანის ცხოვრებაში თავისუფალი ღვაწლით — ასკეზით მიიღწევა.
ასკეტიზმი, როგორც სულიერი საქმე, განუყოფლადაა დაკავშირებული არა მხოლოდ დიდ თუ მცირე რელიგიათა ისტორიასთან, არამედ ზოგადად ადამიანურ კულტურასთანაც, მათ შორის არარელიგიურთან.
ყველა რელიგიას — წარმართობას, ბუდიზმს, ინდუიზმს, ისლამს, პანთეიზმის თანამედროვე ფორმებს, თეოსოფიას, ეზოტერიზმს, ანთროპოსოფიას, მათ მსგავს მისტიკურ მიმდინარეობებსა და, საბოლოოდ, ჩვენს ქრისტიანობას — აქვს საკუთარი ასკეტური „კულტურა“. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან მრავალგვარად განსხვავდება იმ დოგმატური ცნობიერების გამო, რომელიც ზოგადად ყოველი რელიგიისა და კერძო ასკეტიზმის საფუძველში ძევს.
გვერდზე გადავდოთ ასკეტური ტრადიციების შედარებისა და მათი დოგმატური ცნობიერებისგან დამოკიდებულების საინტერესო თემა. უპირველესია, რაც შეიძლება მოკლედ და ამავდროულად ნათლად გამოვკვეთოთ მართლმადიდებლური ქრისტიანული ასკეზის ზოგადი სურათი.
ჩვენთვის ქრისტიანი მხოლოდ ის არის, ვინც ქრისტეს იღებს, როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებასა და სიმართლეს, როგორც ერთადერთ ღმერთ-შემოქმედსა და ღმერთ-მაცხოვარს.
ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე უარვყოფთ ნებისმიერ მცდელობას, ქრისტე დააყენონ „რელიგიათა დამფუძნებლების“ ან „კაცობრიობის დიდ მოძღვართა“ გვერდით, თუნდაც პირველ ადგილზე. ქრისტიანობა ჩვენთვის უნიკალური, განსაკუთრებული მოვლენაა და არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავთ მას, როგორც ერთ-ერთ „ტრადიციას“, როგორც ამას სხვები ცდილობენ.
ჩვენ ქრისტეს სიტყვებიდან გამომდინარეობთ: “არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების.“ (მათ. 11:27); „არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (ინ. 14:6); ვითარმედ მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი“ (ინ. 8:24) და სხვა.
ქრისტეს მცნებები საუკუნო ღვთაებრივი ცხოვრების ანარეკლია ჩვენს სამყაროში და, ამავდროულად, მისკენ მიმავალი გზა. ყოველი თეორია, რაც არ უნდა მაღალი და ღვთაებრივი ჩანდეს იგი, ქრისტეს გარეთ ვერ განათდება ღვთაების ნათლით.
ამ პირობით, მართლმადიდებლური ასკეზის აზრად და მიზნად განვსაზღვრავთ ქრისტეს მცნებების ისეთი მთლიანი ერთგულებით დაცვას, რომ ისინი გახდნენ ჩვენი მთელი არსების ერთადერთი და საუკუნო კანონი.
თუ ვინმე იკითხავს, მაინც რომელია ეს მცნებები, ვუპასუხებთ — აი პირველი: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი“, რადგან ქრისტეს სიტყვით: „უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს.“ (მათ. 22:40, შეად. მარკ. 12:30-31).
ქრისტიანული ასკეზის მიზანი და აზრი რომ განვსაზღვრეთ, ახლა განვიხილოთ ის ფორმები, რომლებსაც ღმერთში ცხოვრება იღებს, როდესაც იგი ჩვენს ადამიანურ ღვაწლში ხორციელდება.
ჩვენი წარმოდგენა ასკეზაზე შეიძლება შეჯამდეს, როგორც თავისუფალი და ცნობიერი ბრძოლა ქრისტიანული სრულყოფილების მოსაპოვებლად. მაგრამ სრულყოფილება, როგორც ჩვენ მას ვგებულობთ, სრულებით არ დევს ადამიანის შექმნილ ბუნებაში. ამიტომ შეუძლებელია მისი მოპოვება უბრალოდ ამ ბუნების შესაძლებლობების განვითარებით, თუ მას თავისთავად, საკუთარ საზღვრებში განვიხილავთ. ჩვენი სრულყოფილება მხოლოდ ღმერთში აღესრულება და იგი სულიწმიდის საბოძვარია.
ამიტომ, ასკეზა თავისთავად არასოდეს ხდება ჩვენთვის მიზანი; იგი მხოლოდ საშუალებაა, მხოლოდ ჩვენი თავისუფლებისა და გონიერების გამოვლენა ღვთის ნიჭის მოპოვების გზაზე.
როგორც ცნობიერი ბრძოლა, ჩვენი ასკეზა თავის განვითარებაში ხდება მეცნიერება, ხელოვნება, სულიერი კულტურა. მაგრამ გავიმეორებთ: რაც არ უნდა მაღალი იყოს ეს კულტურა ადამიანური თვალსაზრისით, მას წმინდა პირობითი ღირებულება აქვს.
ასკეზის ყოველი ფორმა — მარხვა, მღვიძარება, თავშეკავება, მკაცრი ცხოვრება, სიგლახაკე (როგორც უქონლობა და „ფლობის“ სურვილის არქონა, ანუ მატერიალური სამყაროს ხელმწიფებისგან განთავისუფლება); მორჩილება (როგორც ეგოისტური, „ინდივიდუალური“ ნების ძლევა და ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის ერთ-ერთი უმაღლესი და საკვირველი გამოვლინება); განდეგილური ცხოვრება (როგორც შინაგანი თავშესაფრის ძიება, სადაც ადამიანს ძალუძს „ილოცოს მამის ფარულად“); ღვთის სიტყვის სწავლა (არა „გარეგნული“ გაგებით, ანუ აკადემიური ცოდნის მისაღებად, არამედ მთელი არსების განსამსჭვალავად მადლისმიერი ცხოვრებისა და ღვთისმეცნიერების იმ სულით, რომელიც წმინდა წერილსა და წმინდა მამათა თხზულებებშია); სიწმინდე და სიბრძნე (როგორც ხორცის უგუნური მოძრაობებისა და ზოგადად „ხორციელად მოაზროვნეობის“ ძლევა ღვთის ხსოვნაში მყოფობით); სიბრძნე, სიმამაცე, სულგრძელობა, სიმდაბლე, თანაგრძნობა და მოწყალება (როგორც ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის გამოხატულება); რწმენა (როგორც ამ სიყვარულის უშუალო გამოვლენა) —
შეიძლება და ვალდებულიცაა იყოს ადამიანის გონიერი და თავისუფალი ღვაწლი, სანამ არ მოვა ღვთაებრივი მადლის ყოვლისგანმამტკიცებელი მოქმედება და არ დააბეჭდავს ასკეტურ ღვაწლს. მანამდე ასკეზის ყოველი ფორმა დარჩება მხოლოდ ადამიანურ საქმედ და, შესაბამისად, გახრწნადობად.
ამაზე დაყრდნობით, ჩვენს ასკეზაში მთავარია მივაღწიოთ ჩვენი ნებისა და ცხოვრების შეთანხმებას თვით ღვთის ნებასა და ცხოვრებასთან.
ეს შეთანხმება უმთავრესად ლოცვაში გამოხატება და ხორციელდება. ამიტომ ლოცვა ყველა ასკეტური შრომის მწვერვალია და ის ცენტრია, საიდანაც ყოველი სხვა მოქმედება იღებს ძალასა და დასტურს.
მართლმადიდებლური ასკეზის დამუშავება თავის უმაღლეს გამოხატულებასა და სრულყოფილებას ლოცვაში აღწევს. ჭეშმარიტ ლოცვას სულიწმიდის ძალით შევყავართ ღვთაებრივ არსებაში. აი, რატომ არის მიმართული ასკეტის ყურადღება და ძალისხმევა უპირატესად სწორედ ლოცვის ღვაწლისკენ.
ლოცვა შეიძლება უსასრულოდ იცვლებოდეს როგორც ფორმით, ისე ხარისხით. თუმცა ყველაზე სრულყოფილი ფორმა არის ის, რასაც წმინდა ლოცვა ეწოდება. ამ წმინდა ლოცვის მოსაპოვებლად ქრისტიანი ასკეტი ყველაფერს უკან ტოვებს.
ამ მიტოვებაში მდგომარეობს, არსებითად, ის, რაც ყველასთვის ცნობილია, როგორც წუთისოფლისგან მონაზვნური უარყოფა.
გაგრძელება იქნება…
წყარო: ღირსი სოფრონის წიგნიდან “ასკეზა და თეორია”, ესექსის პატიოსანი წინამორბედის წმინდა მონასტრის გამოცემა.