ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – ლოცვა ადამიანის ბუნებრივი მსახურებაა

ლოცვა ადამიანის ბუნებრივი მსახურებაა. როცა ადამიანი ლოცულობს ის მოქმედებს ბუნებრივად, თავისი ბუნების შესაბამისად, როგორიც ღმერთმა შექმნა. ადამიანისთვის ბუნებრივია მიმართოს ღმერთს, იყოს მასთნ ურთიერთობაში. ეს მდგომარეობა დაირღვა ცოდვით დაცემით, რის შემდეგაც ადამიანის გონება ადვილად განიფანტება, ვერ ჩერდება ერთ ადგილას, რადგან მიიზიდება სხვადასხვა საგნებისაკენ, იქნება ეს მატერიალური ნივთები თუ ვნებები, ცოდვები. აქედან გამომდინარე, ძირითადი პირობა ლოცვისათვის, არის ადამიანის განთავისუფლება ვნებებისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

მარხვის ყველაზე ადვილი მხარეა საკვებისაგან თავის შეკავება. ერთობ მასზე აღმატებულია სულიერი მარხვა — თავშეკავება გონებისა, როცა ადამიანი იწყებს მოკვეთას უსარგებლო აზრებისა, რომელთაც ის იკრებს ყოველდღიურად. როგორც ბერი პაისი იტყოდა: „უნდა შევწყვიტოთ გონებაში ნაგავის მოგროვება“.

თუ ადამიანი დაუღალავად ლაპარაკობს, მთელი დღე გონებას ივსებს ყოველივე გარს მოხვეულით, მრავალი წყაროდან იღებს ახალ-ახალ ინფორმაციას, გონებაში იგროვებს ათასნაირ აზრს და ფანტაზიას, სწავლობს რაც მას არ ეხება, არ არის მისი საქმე და არ მოაქვს მისთვის სარგებლობა, მაშინ მთელი ეს უსარგებლო საქმიანობა, მთელი ეს ნაგავი დაბრკოლებად შეექმნება ადამიანს ლოცვის დროს. ლოცვის შესრულება არ შეიძლება უბრალოდ – ისე, ზერელე დამოკიდებულებით. ისე ვერ მოხდება, რომ „ღილაკზე თითის დაჭერით“ ჩვენში იმწამსვე აღსრულება დაიწყოს. სწორედ რომ ლოცვისთვისაა აუცილებელი ადამიანში გარკვეული შინაგანი პირობების არსებობა.

სულიერი შრომა გვმართებს, რათა ლოცვამ შედეგი მოგვცეს, რადგან ის ნაყოფია ჩვენსმიერ შესრულებული ყველა სულიერი საქმიანობისა.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •