novyj skit gde svyatoj iosif isihast prozhil poslednyuyu chast svoej zhizni

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეოთხე: ნეა სკიტში

ნეა სკიტში

ჩვენი ბერი წერს: ,,მაშინ მოძღვარმა მოგვიხმო და გვითხრა, რომ გადაწყვიტა საცხოვრებლად უფრო დაბლა, ზღვასთან  ახლოს გადავსულიყავით. იმის გარდა, რომ იქ ცხოვრების პირობები უკეთესი იყო, სურდა, ჩვენი მდგომარეობა შეემსუბუქებინა. გამაკვირვა მისმა სიბრძნემ: საკუთარი მყუდროება ჩვენს უძლურებას მსხვერპლად შესწირა მაშინ, როცა თავისი თავის მიმართ ძალიან დუანდობელი  იყო“.

მამა  თეოფილაქტეს რჩევით, რომელსაც ჩვენთან ცხოვრების სურვილი ყოველთვის ჰქონდა, არჩევანი ნეა სკიტზე შეჩერდა. დიდმა ბერმა ჩვეულებისამებრ ილოცა და დარწმუნდა, რომ ეს გადაწყვეტილება ღვთის ნება იყო. 1953 წლის სექტემბრის ერთ მთვარიან ღამეს მხარზე თავიანთი თითზე ჩამოსათვლელი ნივთები აიკიდეს და გადავიდნენ წმინდა უვერცხლოთა კალივაში, რომელიც სკიტის შუა ნაწილში მდებარეობს.

,,თავდაპირველად ადგილი სივიწროვის გამო არ მოგვეწონა. არც ის მოგვწონდა, რომ სკიტი ძალიან მჭიდროდ იყო დასახლებული“, – წერს ჩვენი მოძღვარი. ,, მაშინვე ჩვენი ყურადღება სკიტის გარშემო არსებულმა განმარტოებულმა კალივებმა მიიპყრო, რომლებიც მაშინ დაუსახლებელი იყო. მმართველ წმინდა პავლეს მონასტერთან შეთანხმებით, რომლის განმგებლობაშიც ეს ადგილი შედიოდა, სკიტის კოშკის გარშემო მდებარე ყველა კალივა დავიკავეთ. ჩვენს მოძღვარს ასეთი საცხოვრებლები მოსწონდა, რადგან ადამიანთა თავშეყრისგან დაზღვეული იყო. თითოეულ კალივაში ერთი ან ორი ვცხოვრობდით, ერთად კი დღის გარკვეულ საათებშ ან წირვაზე ვიკრიბებოდით.

ჩვენი კალივები ძალიან სავალალო მდგომარეობაში იყო. ომიანობის დროს ბევრმა მწყემსმა თავი ათონის მთას შეაფარა, რათა პირუტყვი გადაერჩინა. ისინი ცარიელ კალივებში ცხოვრობდნენ,  წასვლის წინ კი მათ აცარიელებდნენ. ღუმლის ასანთებად ყველაფერს იყენებდნენ: კარ-ფანჯარას, იატაკს, ჭერს, კარადებს, თაროებს, სავარძლებს და შ. კედლებსაც კი შლიდნენ! ამიტომ ძალიან მძიმე სამუშაო იყო გასაწევი იმისთ, რომ ამ კალივაში ცხოვრება შესაძლებელი გამხდარიყო. საქმე ჩვენს მოძღვარს დაეკისრა, რადგან პრაქტიკულ საკითხებში იგი ყველაზე ჩახედული გახლდათ. ძმათმოყვარეობა და მორჩილებისთვის მზადყოფნა შრომის სიმძმეს ამსუბუქებდა. თანაც განუყრელი თანამოღვაწეც ეხმარებოდა: საყვარელი სულიერი ძმა – მ. ხარლამპი.

დიდი ბერის ჩვეულებამ, არაფერი ჰქონოდათ სკუთარი, მაშინ ისინი ისე შეაჭირვა, როგორც არასდროს, რადგან  არც საშენი მასალა ჰქონდათ, არც ფული. დიდ შეზღუდვას და სივიწროვეს განიცდიდნენ.  ერთადერთი, რაც მათ ყოფას აადვილებდა, იყო ის, რომ მსგავს პირობებში ცხოვრებას მიჩვეულები იყვნენ. პირველი აუცილებელი სამუშაოების დასრულებისთანავე დადგა პატარა ტაძრის მშენებლობის საკითხი.  წმინდა იოსებს შორი მანძილის გავლა უკვე აღარ შეეძლო  და ვერც უზიარებლობას შეეგუებოდა. მალე ეკვდერი გამზადდა და მოძღვრის სურვილის თანახმად, კვლავ საძმოს მფარველს, იოანე ნათლისმცემელს მიეძღვნა.

თავდაპირველად მამა ხარლამპი ერთ ქრესოკალივაში ცხოვრობდა, რომელიც იოანე ნათლისმცემელის კალივის მეზობლად იყო – აქ დიდი ბერი და მამა არსენი ცხოვრობდნენ. ჩვენი მოძღვარი კი ზღვის მხარეს, ერთ სხვა ქრესოკალივაში ცხოვრობდა. მამა ეფრემი პირველი ორი წელი მამა თეოფილაქტესთან ერთად იყო წმინდა უვერცხლოთა კალივაში, ხოლო როდესაც 1955 წელს მღვდელი გახდა, დღევანდელ ხარების კალივაში გადავიდა, სადაც მოგვიანებით ტაძარი აშენდა. მამა ათანასეს საცხოვრებელი ღვთისმშობლის მიძინებას ეძღვნებოდა. , ვად მაღალი სულიერებისა რომ მ თეოფილაქტეს, მიუხედაახალგაზრდა მამა იოსებმა ჯერ თავისი კალივა შეაკეთა, მოგვიანებით კი მახლობლად სეფისკვერების ბეჭდების სახელოსნოც მოაწყო. დაახლოებით 1957 წელს დიდმა ბერმა იგი მამა თეოფილაქტესთან გადაიყვანა, რათა ის მარტო არ დარჩენილიყო. საქმე ის იყო, რომ მ. თეოფილაქტეს, მიუხედავად მაღალი სულიერებისა, მელანქოლია აწუხებდა, თანაც, მძიმე ფორმაში. და ამიტომ მუდმივი მხარდაჭერა სჭირდებოდა. ამის გარდა, რადგან წმინდა უვერცხლოთა კალივა ადმინისტრაციულად სკიტს ეკუთვნოდა, იმ წელს მ. იოსებს დიკეოდიდ მსახურებაც მოუწია.

თავგანწირული მოღვაწეობის, განუწყვეტელი შრომის, გრძელი მარხვების, მღვიძარების, ზაფხულის აუტანელი სიცხის,  ზამთრის ნესტისა და უამრავი სხვა შეჭივრების შედეგად, რასაც ნეა სკიტში გადასვლამდე ითმენდა, ჩვენი მოძღვარი სისხლს უკვე მუდმივად იღებდა, მისი მდგომარეობა ტუბერკოლოზისწინა ფაზას წარმოადგენდა,  რაც იმხანად რთულად იკურნებოდა. ნეა სკიტში დასახლებამ მის ჯანმრთელობას არგო. თვითონ ასე წერდა ამის შესახებ: ,,იმის წყალობით, რომ ფიზიკური შრომა შეგვიმცირდა და იმდენი დატვირთვა აღარ გვქონდა, ჯანმრთელობაც გაგვიუმჯობესდა და სულიერი მეცადინეობისთვისაც მეტ დროს ვპოულობდით, რაც მაშნდელი ახალგაზრდული მოშურნეობის გამო ძალიან გვიყვარდა.

მას შემდეგ , რაც ადგილსამყოფელის შეცვლის ცდამ გაამართლა, თანაც ისე, რომ მდუმარების წესრიგი არ შეცვლილა, დიდი ბერი ამბობდა: ,,თავიდანვე რომ ასეთი გამოცდილება მქონოდა, რაც ახლა მაქვს, საცხოვრებელს ზღავთან ახლოს მოვიწყობდი. რაც საჭიროა  ჩემი ხმელი პური დიდ აღმართზე ვზიდო,  თუკი შემიძლია, აქვე სანაპიროზეც მქონდეს ნაკლებად დავიღალო და ამგვარად ჩემი დრო,  ძალა და ენერგია მთლიანად ღმერთის ხსოვნას დავუთმო?!“.

ახალ საცხოვრებელში

ტიპიკონი არ შეუცვლიათ: ღამისთევა, ყოველდღიური წირვა, მორჩილება, ხელსაქმე, განუწყვეტელი ლოცვა და მდუმარება. დიდი ბერი სულიერ შვილებს ნაშუადღევს შეკრებდა ხოლმე ტრაპეზზე. კინობიალურად ცხოვრობნენ: ტრაპეზი და ფული საერთო ჰქონდათ. მოძღვარი  ახალი საცხოვრებლით კმაყოფილი იყო.  ერთ-ერთ წერილში ახსენებს: ჩვენ აქ, ღმერთის წყალობით, კარგად ვართ. თავის შენახვა თავისუფლად შეგვიძლია: ხელსაქმესაც ვაკეთებთ და ფულსაც გვიგზავნიან შეკვეთილი წირვებისთვის. უმცროსი მღვდელი ხშირად ავადმყოფობს. იოსები წელს დიკეოსია, სტუმრებითაა დაკავებული და ამიტომ ვერაფრით გვეხმარება. ათანასე ერთ-ერთ კალივაში მარტო ცხოვრობს. მამა ხარლამპი ზოგჯერ სეფსკვერის  ბეჭდებს აკეთებს.  ბაბუა არსენი მებაღეა, ხოლო მე – მზარეული. თეოფილაქტე იოსებთან ერთადაა.კიდევ ორი ბაუა გვყავდა, გარდაიცვალნენ, შენ არ იცნობდი. ღმერთის მადლით, ძალიან სასიამოვნოა ჩვენი ცხოვრება. ერთი პატარა ნავიც გვყავს და ძმები თევზაობენ ხოლმე, პინასა და ზღვის ზღარბებს იჭერენ.  გემის კაპიტანი იოსებია. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენი მთავარი საქმე გონებისმიერი ლოცვაა. ისევ გლოვა და ისევ ცრემლები, ისევ სიფხიზლე და სულიერი ჭვრეტა. მდიდარ არიან სულიერნი წყალობანი შენნი, უფალო!“

მას მერე,  რაც ჩვენმა მოძღვარმა სტავრონუსის მონასტერში დაიწყო მოღვაწეობა, მოყვასის მსახურებისა და სიყვარულისთვის თავი გადადო. სადაც უნდა ყოფილიყო, წმინდა ისააკ ასურის რჩევის თანახმად, თავის თავს უმცირესად და ყველას მოსამსახურედ თვლიდა. ყოველთვის ცდილობდა, თავმდაბლობა გამოეჩინა, როგორც უფალი ბრძანებს: ,, მე ვარ შორის თქვენსა ვითარცა მსახური“. ყველას შემართებითა და სიხარულით ემსახურებოდა.

1957 წლის მაისიდან 1958 წლის მაისამდე მ. იოსები სკიტის დიკეოსის მოვალეობას ასრულებდა. ეს მორჩილება სკიტის თითოეული კალივის მამებს მორიგეობით ეძლევათ. პრინციპი ისაა, რომ უნდა არსებობდეს ადამიანი, ვინც სტუმართა მიღებაზე, კირიაკონის მოვლაზე, საერთო სამუშაოებზე ( წყალგაყვანილობის მოწესრიგება, ბილიკების გაწმენდა და ა.შ.) იქნება პასუხიმგებელი. დიკეოსად ყოფნისას მ. იოსებმა ბევრჯერ ისტუმრა უცხოელები და გააცნობიერა, რომ ისინი სულიერ დახმარებას საჭიროებენ. ინგლისურიც კი ისწავლა რაღაც დოენზე, მაგრამ შემდეგ თავი დანება, რადგან არ სურდა გონება გაფანტვოდა და წამითაც არ დაეკარგა ღმრთის ხსოვნა.   

ბერი მრავალი წლის განმავლობაში კირიაკონში მნათეს მორჩილებას ასრულებდა. მოგვიანებით ამბობდა: ,,მნათედ მსახურებისას, ასე მგონია, მღვდლებზე არანაკლებ მადლს ვგრძნობდი“. მოჩილების, ლოცვის, თავგანწირვის, შრომისმოყვარეობის, სიმდაბლის და სხვა სათნოებების წყალობით, მისი სუფთა სული საღმრთო მადლის სამკვიდრებელი გახდა.

როდესაც დიკეოსის მსახურება დაასრულა, თავის სულიერ ძმას სწერდა: ,, ნეა სკიტი, 17 ნოემბერი, 1958 წელი…

მოვრჩით რა ჩვენი საზოგადოებრივი მოვალეობების შესრულებას, ღმერთის მადლით, ისევ მდუმარებას დავუბრუნდით, რათა სახიერმა მეუფემ თავისი წყალობის ღირსი გაგვხადოს. ადამინების გარემოში ყოფნა და საზრუნავები ღმერთთან ურთიერთობას გვაშორებს“. მოგვიანებით კი წერდა: ,,მოძღვარი კარგადაა და ლოცულობს შენზე, ისევე როგორც სხვა მამებიც. მან გვაკურთხა, რომ ცალ-ცალკე გვეცხოვრა მდუმარებით, თვთონ კი მ. არსენთან ერთადაა.

მ. იოსები სათნოებებით სავსე იყო. სიმდაბლისა და ლოცვის მეშვეობით ღმერთისმიერ შეწევნას იღებდა. ის წერდა: ,,ღმერთს, ჩემო ძამიკო, რომელმაც გამოგვირჩია და თავისი სულის წინდი ჩვენს გულებში ჩადო, შეუძლია ყოველი მადლი გარდამეტებით მოგცეს, რათა ჩვენც, მიუხედავად მთელი ჩვენი არარაობისა, დასახული მიზნის მიღწევით აღთქმულ სიკეთეებს არ მოვაკლდეთ. ვინც ითხოვს, იღებსო და ვინც ეძებს პოულობსო და ვინც აკაკუნებს, იმას უღებენო. ნეტარია ის, ვინც მონაზვნურ პროფესიას აირჩევს და ქრისტეშემოსილი ლოცვის მეშვეობით, საყვარელ იესოს წყალობისთვის მოდრეკს.

მაგრამ ბერი ჯანმრთელობის პრობლემებმა ისევ შეაწუხა: გადაჭარბებულმა შრომამ, თავგანწირვამ, მარხვებმა და მრავალმხრივმა შეჭივრებამ თავისი შედეგი გამოიღო. რა თქმა უნდა ეს გადატანილი უძლურებების ბრალიც იყო. დიდი ბერის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პირველი სერიოზული სიმპტომები დაეწყო. ავადმყოფობას ყოველთვის სულიერად, ღმერთისადმი მადლიერებისა და წმინდანთა დარიგებების თანახმად უდგებოდა.  წერდა: ,,კვლავ წერილს გწერ იმიტომ, რომ შენ თვითონ ამბობ,  მომწონს რომ მწერთო. ახლა ჩვენთან ღამეა. ეს-ესაა შევასრულე ჩემი მცირე სულიერი მოვალეობები. ჩემი სხეული რაღაც სნეულებებით იტანჯება. ამ ყველაფერმა ბოლო დროს ძალიან შემაწუხა, განსაკუთრებით ხმამ:  სრულიად ჩამიწყდა და თითქმის ვეღარ ვლაპარაკობ. ყელში რაღაც მაქვს. მაგრამ ჩემო საყვარელო პანტელაკი, მადლობა ღმერთს, რომელმაც ძლევა მოგვცა ქრისტეს მიერ,  და ჩვენში თავისი შემეცნების სურნელება გამოაჩინა, მართლაც, ჩემო ძამიკო, მოციქულთა თავის სიტყვები ჩვენი ცხოვრებითაც დასტურდება: როცა მოვუძლურდები, მაშინ ვარ ძლიერი.

ერთ-ერთ სხვა წერილში საუბრობს იმაზე, თუ რა დიდი სარგებელო მოაქვს ავადმყოფობას, როდესაც ადამიანი მას მადლიერებით ითმენს: ,,სნეულების შესახებ რა მოგწერო? რამდენადაც ეს შენზეა დამოკიდებული, საკუთარ თავს გაუფრთხილდი, დანარჩენისთვის კი ღმერთს მადლობა შესწირე. დიდი მადლი მოაქვს ავადმყოფობის მადლიერებით მოთმენას. დაუძლურებული სხეულიც შვებას გრძნობს და სიმდაბლეც უშრომველად გვეძლევა. ღმერთმა ახლაც და მომავალშიც დაგიფაროს – ამას ვლოცულობთ მარადის.

ჩვენმა ბერმა ჯერ კიდევ დიდი ბერის გარდაცვალებამდე დააგროვა სულიერი სიმდიდრე, რასაც მოყვასის მიმართ სიყვარულით, უხვად ურიგებდა ყველას, ვისაც რჩევა ან ნუგეში სჭირდებოდა. მისი წერილებიდან სჩანს, თუ რა დიდი სულიერი გამოცდილება ჰქონდა. ჩანს, რომ ღვთისმეტყველება არა აკადემიური ცოდნით ( რაც არ გააჩნდა), არამედ პიროვნული ღვაწლით ჰქონდა შეძენილი. 1958 წლის დეკემბერშ ერთ ახალგაზრდას სწერდა: იმის გათვალისწინებით რომ ამქვეყნიური ამაოების ძლიერი დინება წამითაც არ სუსტდება და ყველას, ვინც მყარ საფუძველზე არ დგას, თან გაიყოლებს, მთელი ჩვენი ყურადღება ნამდვილ და მყარ საფუძველზე – ქრისტეზე უნდა დავამყაროთ. ჩვენი არც ერთი სიტყვა და მოქმედება არ უნდა არსებობდეს მის გარეშე. მართლაც, იგი ყველაფერია ყველასთვის.  როგორც ბუნებაში არსებობს ზეგავლენის კანონი, აქაც, თუ ჩვენ თავს იესოს პიროვნებას მაგალითად დავუსახავთ, იგი მალე თავისკენ მიგვიზიდავს. უფრო მეტიც, თავისი ხასიათის მსგავსად შეგვცვლის – გვყოფს ისეთად, როგორიც თვითონაა. რადგნა ჩვენი ბუნება სუსტია და თვითონ არ შეუძლია თვაისი ხასიათი ჩამოაყალიბოს, უნდა ვეცადოთ, ჭეშმარიტისა და უმჯობესისაკენ ბრძნულად წარვემართოთ; ოღონდ არა მოჩვენებითისა და ტყუილისკენ, რომელიც აგრეთვე ჩვენს დაპყრობას ცდილობს. ხოლო რადგან აუცილებელია, რომ რაღაცა უფრო დიდმა ძალამ იმოქმედოს ჩვენზე, დაე ეს ძალა ქრისტე იყოს. იგი ჩვენთვის გახდა კაცი და შეუძლია, მადლით ღმერთები გაგვხადოს. არ გეგონოს ვაჭარბებდე ჩემო საყვარელო და ნამდვილო შვილო. მოისმინე მიზეზი: თუკი მასწავლებელთან ურთიერთობა მოწაფეს თავად მასწავლებლად ხდის, რისი უამრავი მაგალითიც გვაქვს ისტორიაში, რამდენად მეტად შეუძლია შეცვალოს ადამინი ქრისტესთან ურთიერთობამ? გაცილებით მეტად, რადგან ქრისტე უბრალოდ მოკვდავი მასწავლებელი კი არ არის, არამედ ზებუნებრივი ღმერთი.

იმ დროისთვის ჩვენმა მოძღვარმა უკვე იცოდა, თუ რა შედეგი აქვს იმ სულიერ საქმიანობას, რომელიც დიდმა ბერმა მას თავისი სიტყვით, საქმით და ლოცვით გადასცა. ამგვარად, შემდეგი სიტყვები უკვე საკუთარი გამოცდილებიდან შეეძლო დაეწერა: იმისთვის რომ უფალი მოვიზიდოთ და მან ჩვენს სულებში თავისი ნათელი თვისებები აღბეჭდოს, ჩვენ ის უნდა შევიყვაროთ, რამეთუ თავდაპირველად მან შეგვიყვარა ჩვენ. თითოეული ჩვენი აზრისა და მოქმედების მიზანი ქრისტეს მიმართ სიყვარული უნდა იყოს. ასე შევძლებთ, იგი მალე მოვიზიდოთ და მან თავადაც მიგვიზიდოს თავისკენ. ყოველდღე, ყოველ დილას, ყოველ საღამოს, და თუ ეს შესაძლებელია, ყოველ ჟამს, ქრისტეს ხატება აღვადგინოთ ჩვენში: მისი ცხოვრება, მისი სასწაულები, მისი სიტყვები, მისი ლოცვა მამისადმი, ჩვენზე ზრუნვის გამომხატველი, მისი უტკბილესი აღთქმები და დანაპირები და, ზოგადად, მისი ჩვენდამი ზებუნებრივი სიყვარული. თუ ამას გავაკეთებთ, მალე ვიგრძნობთ, რომ იგი ჩვენზე გავლენას ახდენს,  და თავის დარად გვცვლის, ანუ ,,ქრისტიანებად“ გვხდის. ხოლო თუ ამგვარად მასში დავრჩებით, რისკენაც თვითონვე გვიბიძგებს, მაშინ ისიც დარჩება ჩვენში და აღარც შევცოდავთ, და აღარც ბოროტი გაგვეკარება. ,,იყავნ! გეხვევი ძმურად, ჭეშმარიტებით. სრულიად შენი, მონაზონი იიოსები“.

რაც დრო გადიოდა, მით უფრო აშკარა ხდებოდა, რომ მასში ღმერთის მადლი მკვიდრობდა. თავად კი, თავისი დიდი სიყვარულის გამო, ცდილობდა დრო გამოენახა და სიტყვითა თუ ლოცვით მორწმუნეები ენუგეშებინა. 1959 წლის იანვარში წერდა: ,,დღეს, როგორც არასდროს, სულიერი და გამოცდილი ადამინები გვჭირდება, რათა სასოწარკვეთილი ხალხი ანუგეშონ, რომელსაც უმწყემსო ფარასავით, ზოგი სად მიუძღვება და ზოგი სად; საითაც ქარი დაუბერავს, იქით მიდიან. ქვეყნის ყოველი მხრიდან ყოველწლიურად წერილებს ვიღებთ სულიერად ტრამვირებული ქრისტიანებისგან, რომლებიც ცოდვისგან იტანჯებიან, ხოლო მშველელი არსაიდან ცანს. .. ქრისტიანები მრავალნაირი პროპაგანდის ნადავლნი ხდებიან, მათ იყენებენ მანამ, სანამ საზარელი დასასრული ყველაფერს ბოლოს არ მოუღებს“.

ჩვენმა ბერმა თავის უსაზღვრო რწმენასა და სიმდაბლეზე, რითაც მთელი ცხოვრება გამოირჩეოდა,  დააშენა ქრისტესმიერი სიყვარული მოყვასის მიმართ. ის წერდა: ,,ამ სიტყვებს დიდი გულისტკივილით გწერ, ჩემო საყვარელო ძმაო. არავის განვიკითხავ. სრულიად ვიზიარებ შენს სურვილს, რომ კარგი რამე ხერხი გამოჩნდეს,  რათა მთელს მსოფლიოში გაბენულ ქრისტიანებს მცირედი დახმარება მაინც გაეწიოთ. ჩვენ, ბუნებითაც და მდგომარეობითაც უძლურებსა და სუსტებს, არა მარტო სხვების, არამედ საკუთარი თავის დახმარებაც კი ვერ ძალგვიძს. მაგრამ გვწამს ღმერთისა, რომელსაც მკვდრების აღდგენა შეუძლია, და ამიტომაც ვბედავთ, თუნდაც სიტყვით მაინც ვანუგეშოთ ჩვენი სასოწარკვეთილი ძმები – ქრისტიანები. ვიცი რომ ღმერთი დიდ საქმეებს მცირეთაგანაც აკეთებს. ამას გწერ, ჩემი საყვარელო ძმაო, რათა კეთილი მიზნისთვის ბრძოლაში განგამტკიცო. მხოლოდ ამას გწერ, თორემ მე არაფერი შემიძლია, ჩემი თავი სათვალავში არ მყავს.

დიდი სიყვარული და სიმდაბლე მამა იოსებს აიძულებდა, თავი მუდამ მსხვერპლად შეეწირა, არა მარტო თავისი, არამედ სკიტის სხვა საძმოებისთვისაც. მაშინ მათ ბევრი რამ აკლდათ, ყველაზე აუცილებელიც კი. არ ქონდათ წყალი. თუმცა შორიახლოს წყაროები იყო და სასმელი წყალი ზღვაში იღვრებოდა; ზეთისხილისგან ზეთის წარმოება პირველყოფილი მეთოდებით ხდებოდა; პატარა ნავსადგურში, სადაც საზღვაო ტრანსპორტი ჩერდებოდა, ერთი პატარა გადახურული ადგილიც კი არ იყო, რათა მამებსა და მომლოცველებს სიცხესა და წვიმაში თავი შეეფარებინათ. სოფელში გაზრდილი და კინობიაგამოვლილი ჩვენი მოძღვარი მდუმარებას ძმებზე ზრუნვას უთავსებდა. აფთიაქის არსებობის საჭიროებაც მან შეამჩნია და ნაცნობების მეშვეობით ცდილობდა იმ სკიტელ ძმას დახმარებოდა, რომელიც ცოტათი მაინც ერკვეოდა წამლებში. ის ნაცნობებს წერდა: ,,ის ფულს არ იღებს, მხოლოდ იმას თხოულობს, სნეული და ღარიბი მონაზვნებისთვის წამლები და საექიმო იარაღი უყიდონ. მგონი, თქვენც მოგწერათ და დედა მაგდალინესაც, იქნებ სხვებსაც. ერთი კაციც რომ შეეწიოს ამ ღვთივსათნო საქმეში, ღარიბი მონაზვნებისთვის უკვე დიდი შეღავათი იქნება, თანაც ასეთ უდაბურ და ადაამიანურ ნუგეშს მოკლებულ ადგილას.

იმავდროულად, ჩვენი მოძღვარი ნებისმიერ ისეთ საზრუნავს გაურბოდა, რასაც შეეძლო მისთვის გონება დაებინდა და და ამით სულიერი მოვლეობის შესრულების დროს უდებების მიზეზი გამხდარიყო. ამიტომ თავის სულიერ ძმას ზრდილობიანად სწერდა: ,,მზად ვარ შენთვის და ჩვენი მეგობრებისა და ნაცნობებისთვის ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ ამჟამად დიდი საზრუნავების ტვირთვა არ შემიძლია.  ნუ მიწყენ“. სიყვარულით სავსემ, უზრუნველობას ფულის უყვარულობა მიმატა. იმავე წერილში აგრძელებს: ,, მინდა, რომ სეფისკვერის ბეჭდების ამ ფულიდან შენც დაიტოვო საჭირო თანხა. ამერიკაში ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებელი ნივთები არ გაკლია. ძალიან გთხოვ და თუ არ შემისრულებ, ძალიან მაწყენინებ. ნახევარი მაინც დაიტოვე, ხოლო მეუფეს სამახსოვროდ რომელიმე კარგი ბეჭედი მიართვი. სხვა არაფერი მაქვს, რითაც შემიძლია შენს მიმართ დიდი სიყვარულისთვის შენდამი მადლიერება გამოვხატო. იღუმენიასაც მიეცი ერთი ბეჭედი, რომელიც მოეწონება, ოღონდ ანგარიშში არ გაატარო. საკუთარი არაფერი გვაქვს, ჩემო საყვარელო ძმაო, არც არაფერი შემოგვიტანია ამქვეყნად და ვერც ვერაფერს გავიტანთ. მხოლოდ ერთი მოვალეობა გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ: უშურველად გავცემდეთ და ვარიგებდეთ, ჩემო საყვარელო ძამიკო. სწორედ ესაა სიყვარული. რაც გჭირდება ყველაფერზე მომწერე და ნურაფერზე ნუ იდარდებ.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: ნეა სკიტი, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://afon-ellada.ru