245589.b

შვილის მორჩილი – დედა თეოფანო ( ნაწილი 2)

პირველი და სანიმუშო მორჩილი

  მონოზვნად აღკვეცის შემდეგ, დედა თეოფანო პორტარიაში არ დარჩენილა, ის გარკვეული დროით თავის სახლში დაბრუნდა. ამ დროისათვის, მისი მეუღლე,   ბერი  ეფრემის მამა, უკვე გარდაცვლილი იყო. მისი უმცროსი ვაჟი, ხრისტოსი კი ჯერ კიდევ არ იყო დაოჯახებული. დედაო თავის ვაჟთან ერთად  ცხოვრობდა მანამ, სანამ მან ცოლი არ შეირთო. ამის შემდეგ კი, საბოლოოდ გადავიდა პორტარიაში, მონასტერში.

 მამა ეფრემმა, თავისი დედის მონოზვნად აღკვეცის შემდგომ, მონოზვნად აღკვეცა მარია, რომელსაც მაკრინე უწოდა და ის  მონასტრის იღუმენია გახდა პორტარიაში. დედა თეოფანო გახლდათ მისი ნათლია აღკვეცისას და ამიტომაც, დედაო მაკრინე, თავის სულიერ დედად მიიჩნევდა მას. პორტარიაში ყოფნისას, ისინი წლების განმავლობაში,  ერთ კელიაში თანაცხოვრობდნენ და აგრძელებდნენ ერთობლივ ლოცვით ღვაწლს, როგორც ამას ერში, ვიქტორიას სახლში ყოფნისას აკეთებდნენ, იკეტებოდნენ სამზარეულოში, რათა ერთობლივი მუხლმოდრეკილი ლოცვა აღესრულებინათ. ისინი დიდებული მლოცველები იყვენენ. ადგილობრივი მცხოვრებნი ადასტურებენ, რომ ისინი   მონასტრიდან ზეცად აღმავალ ორ ცეცხლოვან სვეტს ხედავდენ – ლოცვებს დედა თეოფანოსა და მაკრინესი.

  ამგვარად, დედა თეოფანო გახდა პირველი და სანიმუშო მორჩილი თავისი ვაჟისა. როგორც დედები ყვებიან, მას ჭეშმარიტი მოორჩილება და მოუკლებელი ლოცვა ჰქონდა, რის გამოც მრავლად იყო საცდურიც.

დედაო ყოველთვის პირველი მოდიოდა ტაძარში

  დედა თეოფანო 1983 წლამდე ცხოვრობდა პორტარიაში. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, პორტარიის კლიმატიც უკვე აღარ იყო  მისთვის მარგებელი. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მამა ეფრემმა მისი გადაყვანა კუნძულ თასოსზე, ახლად გახსნილ, მიქაელ მთავარანგელოზის მონასტერში  გადაწყვიტა .

  აი, რას გვიყვებიან კუნძულ თასოსზე არსებული მონასტრის დები, დედა თეოფანოს მიერ, მონასტერში გატარებული სიცოცხლის ბოლო პერიოდის შესახებ. დედაო ყოველთვის პირველი მოდიოდა ტაძარში. მსახურებაზე მუდამ იდგა და არასოდეს ჯდებოდა. ბერძნულ ტაძრებში, კედლის გასწვრივ განლაგებულ სტასიდიებთან ერთად,  სალიტანიო მონაკვეთსა და ზოგჯერ ტაძრის წინაც, დგამდნენ ხოლმე სკამებს და მლოცველებს  შეეძლოთ პერიოდულად ჩამომსხდარიყვნენ, ვინაიდან სამონასტრო ღმრთისმსახურებანი დიდიხანს გრძელდებოდა.

 დედა თეოფანო ყოველთვის იდგა და სკვნილზე ლოცულობდა, სკვნილი გამუდმებით ხელში ეჭირა. დაუღალავი ლოცვის გამო, ის დიდ განსაცდელებს იტანდა ეშმაკებისგან, რომელთაც, როგორც ცხადში ისე ხედავდა და ესმოდა მათი. ის  უყვებოდა დებს, რომ როგორც კი, ღამის მსახურების შემდეგ,  დასასვენებლად კელიაში შევიდოდა  და საწოლში ჩაწვებოდა, ეშმაკები  თავს ესხმოდნენ და არ აძლევდნენ დაძინების საშუალებას. ეძახდნენ: “ჰეი, ბებრუხანა, ბებრუხანა!”, ექაჩებოდნენ ყოველი მხრიდან,  უგდებდნენ საბანს და ის ყველა მათგანს  ხედავდა. ერთხელაც ისე შეაწუხეს, რომ მთელი ღამე ვერ მოხუჭა თვალი. მსახურების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მათ ბოლოს და ბოლოს თავი დანებებეს  და დედა თეოფანოს მცირედ ჩათვლიმა. ამ დროს  ჩამოჰკრეს გონგს, რომელიც დებს მსახურების დაწყებას ანიშნებდა. დედა თეოფანო მსახურებაზე რომ ვერ დაინახეს, და ისიდორა კელიაში მის გასაღვიძებლად წავიდა. მან  კელიის კარზე დაიწყო კაკუნი, დედა თეოფანომ იფიქრა, რომ ეს კვლავ ეშმაკი იყო და კარებს მიღმა შესძაღა: “ წადი, იკმარე უკვე ჩემი ცემა!” შემდეგ მან დებს უამბო , რომ ეშმაკი მთელი ღამის განმავლობაში სცემდა მას  და  დაძინების საშუალებას არ აძლევდა.

ბოლო გამოცდა

  1983 წლის 20 დეკემბერს, როდესაც დედა თეოფანოს 92 წელი შეუსრულდა, მას  ინსულტი დაემართა და  მიიღო დამბლა . სიცოცხლის ბოლო წუთამდე, მიუხედავად ავადმყოფობისა, ის დამოუკიდებლად უვლიდა თავს და ამავდროულად  სამზარეულოშიც ეხმარებოდა დებს, ამზადებდა მათთვის საჭმელს,  ასწავლიდა სეფისკვერების კეთებას და უამრავ სხვა საოჯახო საქმეს. ის იყო ძალიან მარჯვე და რა საქმეზეც არ უნდა მოეკიდა ხელი, ყველაფერი შესანიშნავად გამოსდიოდა. ამასთანავე, იყო ძალზედ შრომისმოყვარე, არასოდეს შეჩერებულა მოსასვენებლად, ყოველთვის გამუდმებით ლოცულობდა ან შრომობდა.

 ინსულტის შემდგომ, პირველ მარხვაში, ყველანი ფიქრობდნენ, რომ ის გარდაიცვლებოდა. წმინდა მთიდან, თასოსზე, მამა ეფრემი ჩამოვიდა და 40 დღე, მთელი დიდმარხვის განმავლობაში დედის გვერდით გაატარა. მამა ეფრემმა,  უამრავი ეშმაკი იხილა მის ირგვლივ, რომლებიც მის სულს მოსვენებას არ აძლევდნენ. ის გულმხურვალე ლოცვით შესთხოვდა უფალს, რომ დედა დემონთა ბატონობისაგან გაენთავისუფლებინა. მისი ლოცვით,  დედა თეოფანოს ავადმყოფობა შემსუბუქდა, ის გონს მოვიდა და  საღ აზრზე იმყოფებოდა თავის ნეტარ აღსასრულამდე, რომელიც ორი წლის შემდეგ ეწვია. მაგნიტოფონზე ჩაწერილი ერთ-ერთი საუბრისას, მამა ეფრემი იხსენებს დედამისის ნეტარი მიცვალების ამბავს.

  “კუნძულ თასოსის კლიმატი, ბევრად უმჯობესი იყო მისთვის, ვიდრე პორტარიისა, ამიტომაც გადავწყვიტე მისი აქ გადმოყვანა.  თანდათანობით უახლოვდებოდა იგი თავის ამქვეყნიურ აღსასრულს. გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, 92 წლის ასაკში, მან მიიღო დამბლა. იმ პერიოდში, ის თითქმის ვერ დგებოდა საწოლიდან. მაგრამ, დიდება უფალს, როგორც სახარება გვეუბნება: “ და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი, ანუ მამაი ანუ დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ას წილ მიიღოს და ცხორებაი საუკუნოი დაიმკვიდროს”(მთ. 19:29).

 ასე მოხდა დედაჩემის შემთხვევაშიც. ავადმყოფობის დღეებში, ის მზრუნველი ქალიშვილებით იყო გარემოცული, სავანის დები დიდი გულმოდგინებით ზრუნავდნენ მასზე. განა შესაძლებელია დღეს სამყაროში ასეთი სიყვარულის პოვნა?! მის ექთანს, სავანის ერთ-ერთ დას, ისე უყვარდა დედაჩემი, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ! ის იმდენად ყოჩაღი და კეთილი იყო, რომ თავი თავთან მიდებულს  ეძინა ხოლმე დედას გვერდით…

 დედას ავადმყოფობის კრიზისულ ეტაპზე, მოხდა ისეთი რამ, რაც ძალზე იშვიათად, და ისიც მხოლოდ სულიერ ადამიანებს ემართებათ ხოლმე გამოსაცდელად და გამოცდილების მისაღებად. ეს  მოხდა ერთ საღამოს. რამოდენიმე დღე,  მსგავსად გარდაცვლილი ადამიანისა , დედა არც ჭამდა, არც სვამდა და თვალსაც არ ახელდა, ერთი წვეთი წყალიც კი არ დაულევია. გამომშრალი, დახუჭული თვალებით, გარდაცვალების პირას მყოფ ადამიანს ჰგავდა…

  ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას, მე, მონაზონ ექთანთან და გერონდისასთან ერთად მის გვერდით ვიყავი. ბნელოდა, კანდელი ენთო. წინა ღამით, დაახლოებით ამავე დროს, რაღაც მომენტში მან თვალები გაახილა. მან ახლაც ისევე გაახილა თვალები და ირგვლივ ისე მიმოიხედა, თითქოს რაღაცას ელოდა, რაღაც უნდა მომხდარიყო, ან უკვე მოხდა, რაღაცნაირი შეშფოთებით აყურადებდა რაღაცას, თითქოს დაინახა რაღაც ან ვიღაც. ამდენი დღის განმავლობაში, უგონოდ ყოფნის შემდეგ, პირველად გამოიჩინა  ყურადღება გარესამყაროსადმი. იწვა გაუნძრევლად, რადგან მოძრაობა აღარ შეეძლო, თვალები გახელილი ჰქონდა და აქეთ-იქით იყურებოდა: ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ხან ზევით და ხან ქვევით. წამი წამს მისდევდა და მის სახეზე უფრო და უფრო ძლიერად იკვეთებოდა მდგომარეობა საშინელი აგონიისა,  ამავდროულად კი საზარელი შიში, ნიაღვარი შიშისა. როდესაც  დანით შეიარაღებული მკვლელი უახლოვდება ვინმეს და მზადაა დაჰკრას, დაახლოებით მსგავსი შიში იყო აღბეჭდილი მის სახეზე.

 მე მას ჯვარს ვსახავდი და ხმამაღლა ვიმეორებდი იესუს ლოცვას, რომ დამემშვიდებინა. მივხვდი, რომ რაც ხდებოდა, დემონური საცდური იყო. გარკვეული დროის შემდეგ, საშიშროებამ ჩაიარა, უხილავი ძალები განეშორნენ და დედაც დამშვიდდა, ის  ჯერ კიდევ გონზე იყო და მაშინ მე მას ვკითხე: “რა ხდება დედა? რა გემართება?”- “ოჰ… ბევრნი არიან ისინი, ძალიან ბევრნი!”- მიპასუხა და იმ წამიდან დაიწყო ლოცვა: “ყოვლადწმინდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ!” ყოვლადწმინდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ!” დღე და ღამ ამას იმეორებდა! მას შემდეგ მისი ბაგენი არ დადუმებულან, დღე და ღამ სთხოვდა ის ღმრთისმშობელს შემწეობას .

  გასაკვირი იყო, რომ მას  არანაირი აზრები არ აწუხებდა, მხოლოდ ლოცულობდა, ავადმყოფი ადამიანები კი, როგორც წესი, აზრთა ტყვეობაში ექცევიან ხოლმე. თავისი ცხოვრების წესით, დაუღალავი ღვაწლითა და შრომით, დედამ საოცარი მოთმინება მოიპოვა და ამ მოთმინებით შეძლო მან ლოცვის შენარჩუნება მთელი ამ ხნის მანძილზე. როდესაც ვეკითხებოდი: “რა მოხდა?”, პასუხად ამბობდა: “ყოვლადწმინდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ!”  და კვლავ აგრძელებდა ლოცვას: “ყოვლადწმინდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ! “, “ყოვლადწმინდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ! “

 რამოდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც განსაცდელები დასრულდა, ის სრულებით დამშვიდდა და თვალები დახუჭა. მომდევნო დღეს, ზუსტად იმავე დროს, მან კვლავ გაახილა თვალები. მის სახეზე ისევ  შიში და აგონია აღიბეჭდა. ყველაფერი ძველი სცენარის მიხედვით მიდიოდა და ეს ყოველივე საშინლად მტანჯველი იყო.

  ამ დროს დამებადა კითხვა: რატომ აქვს ამ წმინდა სულზე მძლავრობის უფლება ეშმაკს? რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ეს განსაცდელი ზეციური გვირგვინის მოსაპოვალად იყო მასზე დაშვებული, რათა ამ განსაცდელის დაძლევით, კადნიერება მოეპოვებინა უფლის წინაშე. იმ დროს, როდესაც ამ ფიქრებში ვიყავი, საკუთარ თავს ვუთხარი: “შეუძლებელია ასე გაგრძელდეს, დროა ბოლო მოვუღო ამას”. წავედი ჩემ სენაკში,  მოვიყარე მუხლი და დავიწყე ლოცვა : “უფალო, გევედრები, აღასრულე ამ ორიდან ერთი, ან ახლავე წაიყვანე იგი, რომ საბოოოდ დაისვენოს,  რამეთუ იმსახურებს განსვენებას, ან  შორს განდევნე ეშმაკი ამ წმინდა სულისაგან. მან უკვე ფრიად იღვაწა შენთვის და ახლა, მისი დასვენების დრო მოვიდა”- ამგვარი იყო ჩემი ლოცვა.

  როდესაც მომდევნო დღეს, მან ზუსტად იმავე დროს,  კვლავ გაახილა თვალი, ის უკვე დამშვიდებული იყო.“დედა,როგორახარ?”- ვკითხე მე, “ისინი წავიდნენ…”- მიპასუხა მან. გამოცდა დასრულდა. ამ მომენტიდან დაიწყო საბოლოო, კურთხეული ეტაპი მისი ნეტარი ცხოვრებისა. ამგვარ ნეტარებაში გადიოდა დღეები. მისი გარეგნული იერსახე თანდათანობით იცვლებოდა, ის უფრო და უფრო ლამაზი ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს იყო არა სხეულებრივი, არამედ სულიერი სილამაზე. ფოტოზე მსურდა მისი აღბეჭდვა. როგორც ჩანს, ძალზედ საჩინო იყო  მადლის მყოფობა მასში. ამგვარად, თანდათანობით უახლოვდებოდა იგი აღსასრულს.”

“ვხედავდი, თუ როგორ დაუბრკოლებლად აღემართებოდა მისი სული ზაცად”

 “მომდევნო წელს, ქრისტეშობის დღესასწაულის შემდგომ, შობის დღეებში, მის სანახავად მივედი მონატერში”- აგრძელებს თხრობას ბერი ეფრემი – “ის საუბრობდა,   ესმოდა ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდებოდა და გამუდმებით იმეორებდა ლოცვას. სიცოცხლის ბოლო წუთებში, მისი სახე შეიცვალა, ის მადლით იყო გაბრწყინებული. დედა მარჯვნივ მიბრუნდა, მოელვარე თვალები ფართოდ გაახილა და იმავე მიმართლებით გაიხედა, თითქოს რაღაც დაინახა. იმ წუთას, სულში, აღდგომის ისეთი სიხარული ვიგრძენი, თითქოს  ათეულობით აღდგომის ღამის მადლმოსილებას მოეყაროს ერთდროულად ჩემში თავი.

 ასეთი რამ, პირველად განვიცადე ცხოვრებაში. მართალია, როდესაც ჩემმა მოძღვარმა იოსებმა  მიაბარა უფალს სული, მაშინაც მოხდა რაღაც უჩვეული, მაგრამ, ამჯერად, ეს ჩემთვის ახლობელ ადამიანთან ხდებოდა. როგორ სიხარულს ვგრძნობდი მაშინ, ვგრძნობდი და ვხედავდი კიდეც… არ ვიცი, როგორ ხდებოდა ეს, მაგრამ ვხედავდი, თუ როგორ დაუბრკოლებლად აღემართებოდა მისი სული ზაცად.

  როდესად ექიმი მოვიდა, მან ვერაფრით დაიჯერა, რომ ის უკვე აღესრულა, – იმდენად ცოცხლად გამოიყურებოდა იგი. მისი სხეული იყო თბილი და ფაფუკი, როგორც სხეული ცოცხალი ადამიანისა. “უფალო შეგვიწყალენ!  ვერაფრით ვიჯერებ ამას!”- წამოიძახა ექიმმა. ეს იყო უხრწნელება. ექიმს ქრისტეს სიტყვები  ვუთხარი : სიკვდილი – ეს მხოლოდ ძილია, და მეორედ მოსვლის ჟამს, ყოველი ადამიანი გაიღვიძებს მთავარაგელოზის საყვირის ხმაზე.

 ექიმის წასვლის შემდეგ, ჩვენ მას მონოზვნის სამოსი შევუკერეთ  და ზედ სამი ჯვარი გამოვსახეთ. ამ დროს, კვლავაც ისე ძლიერად ვგრძნობდი აღდგომის სიხარულს, რომ მინდოდა ქუჩაში გავსულიყავი და მეგალობა: “ქრისტე აღსდგა!” როგორი მშვენიერი იყო იგი გარდაცვალების შემდგომ! 95 წლის ასაკში, ის 15 წლისას ჰგავდა. ეს გახლდათ მთელი მისი ცხოვრებისა და ღვაწლის შედეგი, ჯილდო მის მიერ გაწეული შრომისათვის”.

  მონასტრის დებმა მიამბეს, რომ როდესაც დედა თეოფანოს კუბო მონასტრის სასაფლაოზე მიჰქონდათ, მოვიდნენ ცხვრები და  მტრედები მოფრინდნენ. ცხვრებმა დამოუკიდებლად დატოვეს თავიანთი სადგომი, მიირბინეს კუბოსთან და ერთდროულად დაიწყეს პეტელი, შემდეგ კი კვლავ თავისი სადგომისაკენ გაიქცნენ. ამის შემდეგ, საიდანღაც გამოჩნდა მტრედების გუნდი, მათ კუბოს გადაუფრინეს და კვლავ ზეცაში გაუჩინარდნენ.

 კეთილსახილველი იყო მისი წმინდა ნაწილები. საბერძნეთში დღემდე არის ტრადიცია, გარდაცვალებიდან მესამე წელს, წმინდა ნაწილთა აღმოყვანისა და მათი საძვალეში გადაბრძანებისა. ამ ტრადიციას შეხვდებით არა მხოლოდ ათონზე, არამედ სხვა მონასტრებშიც და ჩვეულებრივ საფლავებზე, ერისკაცებთანაც. წმინდა ნაწილთა მდგომარეობისა და ფერის მიხედვით,  გარდაცვლილის სულის საიქიო ხვედრს ვარაუდობენ ხოლმე. მაგალითად, ხდება ხოლმე, რომ გარდაცვლილის სხეული არ იხრწნება ან უსიამოვნო სუნს გამოსცემს, ამ დროს, მიიჩნევენ, რომ გარდაცვლილის სულს უჭირს და მას ლოცვებით  შეწევნა სჭირდება . ახლობლები უკვეთავენ სულის მოსახსენებელ პანაშვიდებს და   მოწყალებას გასცემენ მისი სულის საცხონებლად. ასევე, არსებეობს განსაკუთრებული ნიშნები, რომელთა მიხედვითაც იგებენ, რომ გარდაცვლილის სულმა, უფლისმიერი მადლმოსილება მოიპოვა: წმინდა ნაწილები ხდება ქარვისფერი და  გამოსცემს კეთილსურნელებას. ხდება ისიც, რომ ზოგიერთი მართლმადიდებლის  სხეული უხრწნელი რჩება.

 ამგვარად, დედა თეოფანოს საფლავის გახსნისას, მისი წმინდა ნაწილები კეთილსურნელებას გამოსცემდა და იყო სწორედ იმ ზემოხსენებული ქარვისფერი, რითაც ივარაუდეს, რომ მისმა სულმა მოიპოვა ხსნა. მისი თავისთვის,   დაამზადეს პატარა კიდობანი , რომელშიც ის  ინახება დღემდე, კუნძულ თასოსზე, წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის მონასტერში.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ!


წყარო: https://pravoslavie.ru

მთავარი ფოტო: მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მონასტერი, კუნძური თასოსი, საბერძნეთი. წყარო: https://www.greeka.com

Share