XN1J7495

ბერი იოსებ ვატოპედელის სულიერი გამოცდილება

1949 წლის აგვისტოც დადგა. მკის დრო დასრულდა და მამა იოსები (ვატოპედელი) ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე წმინდა ანას მცირე სკიტში დაბრუნდა. როგორც იქნა, ისევ იმ ტიპიკონით დაიწყო ცხოვრება, რომელსაც ასე ესწრაფვოდა მისი ახალგაზრდული გული. ერთ მშვენიერ დღესაც, 19 აგვისტოს როგორც თავად ჰყვება, ტრაპეზის შემდეგ ჩვეულებისამებრ სენაკში წასასვლელად მოემზადა. მაგრამ ბერმა იოსებმა (წმ. იოსებ ისიქასტი) შეაჩერა ხელი ხელზე მოუჭირა და ღიმილით უთხრა:
– დღეს ღამით ერთ პატარა ამანათს გამოგიგზავნი. ყურადღებით იყავი არ დაკარგო.

მამა იოსები ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა ბერი. ან ვინ გამოიცნობდა ასეთ გამოცანას! ბერი ხომ თავისი მორჩილების დასამდაბლებლად ხელსაყრელ შემთხვევას არასდროს უშვებდა ხელიდან. ”ვინ იცის ღამე რა ტანჯვა მელის სიცხისგან! ის რაღაცას მიმზადებს. – გაიფიქრა მამა იოსებმა. ალბათ გემრიელად მომხვდება, ან რამე ამის მსგავსი.” ასე, რომ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია და ღამისთევის წინ რომ გაიღვიძა, ბერის ნათქვამი აღარცკი ახსოვდა.

და რა მოხდა იმ საღამოს? ამას მამა იოსები თავადვე ჰყვება: ”არ მახსოვს, როგორ დავიწყე ლოცვა, მაგრამ ის კარგად მახსოვს, რომ როგორც კი დავიწყე ბევრჯერ ვერ მოვასწარი ქრისტეს სახელის წარმოთქმა და გული ღმრთისადმი სიყვარულით ამევსო. მოულოდნელად ეს გრძნობა ისე გაძლიერდა, რომ მე უკვე აღარ ვლოცულობდი, არამედ განცვიფრებული განვიცდიდი სიყვარულის ამ სიუხვეს. მინდოდა ყველა ადამიანი და ღმრთის ყველა ქმნილება გულში ჩამეხუტა და დამეკოცნა! ამავდროულად, ისეთმა სიმდაბლემ მომიცვა, რომ თავს ყოველგვარ ქმნილებაზე უარესად მივიჩნევდი. ჭეშმარიტად, ჩემი სიყვარულის სისავსე და მთელი მხურვალება ქრისტესადმი იყო მიმართული და ვგრძნობდი, რომ ის იქ იმყოფებოდა. უბრალოდ, მისი დანახვა არ შემეძლო, რომ მის ყოვლადწმიდა ფეხებთან დავმხობილიყავი და მეკითხა: ასე როგორ აგიზგიზებს გულებში ცეცხლს თავად კი დაფარული და უხილავი რჩება?

მაშინ რაღაც მსუბუქი უწყება მივიღე, რომ ეს იყო სულიწმინდის მადლი და ეს იყო ცათა სასუფეველი, რომელზეც უფალი გვეუბნება, რომ ჩვენშია. და მაშინ წამოვიძახე:
– უფალო, დაე, ასე დავრჩე და სხვა აღარაფერი მინდა!

20 აგვისტო იყო, სავსემთვარიანი ღამე. სირბილით გავიქეცი. ბერი თავისი სენაკის გარეთ პატარა ეზოში დამხვდა, როგორც კი დამინახა გამიღიმა და სანამ მეტანიას გავუკეთებდი მითხრა:
– ნახე, როგორი ტკბილია ქრისტე? ახლა საქმით დაინახავ, თუ რა არის ის, რასაც ასე დაჟინებით ესწრაფოდი. მაშ, იჩქარე, ეს მადლი შენს საკუთრებად აქციო, რათა უდებებამ არ მოგტაცოს იგი!

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ