ლოცვის სწავლა ღმრთის უდიდესი კურთხევაა! ამიტომაც, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ლოცვა – ქრისტესთან საუბარი, რადგან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უამრავი სირთულით, იმედგაცრუებითა და ჩიხითაა აღსავსე. ყოველ შემთხვევაში, რაც მე თქვენ გიცნობთ, ვხედავ, რომ ბევრ თქვენგანს არც თუ ისე ცოტა გამოუვალი მდგომარეობა, პრობლემა, კითხვა და ძლიერი შიშები აქვს. ზოგჯერ წყვდიადი შემოიჭრება ხოლმე თქვენს ახალგაზრდულ სულში და ამ დროს ადამიანმა არ იცის თუ ვინ არის, რას აკეთებს, საითკენ მიდის ან რა უნდა.
ეს ყველაფერი მაშინ განიკურნება, როდესაც ადამიანი ლოცვას დაიწყებს. იესუს ლოცვისგან ადამიანი ძალას იღებს. რამდენადაც ლოცვა ქრისტესთან საუბარს ნიშნავს და თავად ქრისტეა ნათელი, ლოცვა ჩვენთვის წყაროა ამ ნათლისა, რომელიც თანდათანობით ჩვენს გულში არსებული წყვდიადის გაფანტვას იწყებს. თუკი ზოგჯერ ადამიანის სულში ეს წყვდიადი ჯიუტდება და უკან არ იხევს, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩვენს კეთილ ქრისტეს სურს, რომ სული სიმდაბლით განკურნოს და თავის დამდაბლება ასწავლოს. ჩვენთვის აუცილებელია ქრისტესმიერი ძალის მოხვეჭა, რათა ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების აღელვებული ზღვა გადავცუროთ და სირთულეები გადავლახოთ.
ქრისტე გვიბიძგებს, გვთხოვს და გვევედრება კიდეც, რომ მას ვესაუბროთ! ხედავთ, რას გვეუბნება? ითხოვდით, ეძიებდით, ირეკდით და განგეღებათო. თუ ქრისტესთან საუბარს ვისწავლით, მაშინ ჩვენს სულში არამიწიერ სიმშვიდეს მოვიხვეჭთ. ეს სიმშვიდე კი ის ძალაა, რომელიც არ გვაძლევს ჩაძირვის საშუალებას. ის ადამიანი, რომელიც სიმდაბლით შრომობს და ცდილობს, რომ ლოცვა ისწავლოს, ძალიან კარგად აცნობიერებს, თუ რა არის ცხოვრების საზრისი.
ამონარიდში გამოყენებული მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ