1.

მონაზონი იოსებ დიონისელი – არქიმანდრიტ ხარლამპე დიონისელის შესახებ

როგორც მამა იოსები(ისიქასტი) უწინასწარმეტყველებდა, მოუკლებელი მოშურნეობისა და სრულყოფილი მორჩილების წყალობით, სულიწმიდის ნაყოფებმაც არ დააყოვნეს.
ქრისტე ამბობს: ,, უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ’’. ყოველ ღამე მოუკლებელ იესუს ლოცვაში დაუღლელი შრომით და სინანულის ცრემლების წყალობით, ამ მამაცი მოღვაწის გონება თანდათანობით იმდენად განიწმინდა, რომ მისი მოძღვრის მსგავსად, მრავალსაათიანი იესუს ლოცვისას გონება აღარ ეფანტებოდა. ამ მდგომარეობაში ლოცვა ხშირად წყდებოდა და მისი გონება, რომელიც იქამდე ცხენის მსგავსად სადაც უნდოდა იქ მიჰქროდა, ახლა უკვე იქეთკენ მიემართებოდა, საითკენაც ამ საღმრთო ,,მხედარს’’ – სულიწმიდას მიჰყავდა.
ზოგჯერ მოღვაწე იმდენად მცირედ აღიქვამს საკუთარ თავს, რომ განცდა აქვს თითქოს ნემსის ხვრელში სირთულის გარეშეც კი გაძვრებოდა. ამასთან ერთად, გონება იმდენად ფართოვდება, რომ ზეცის დამტევნელი ხდება, ვერ ხვდება რა ხორცში იმყოფება თუ ხორცს გარეთ, ზეციურ სამყაროში აღიტაცება და ისეთი არაამქვეყნიური სიტკბოების გემოსხილვა ენიჭება, რომელიც არც თვალს უხილავს, არც ყურს სმენია და არც გულს შეხებია.
როდესაც მამა ხარლამპემ აღსარებისას დიდ მამა იოსებს ახალი გამოცდილების შესახებ მოუყვა, მანაც აღტაცებით აღმოთქვა: ,,ჰოი, ნეტარი მორჩილება, მორჩილება და კიდევ ერთხელ მორჩილება! ჭეშმარიტად ყველა სკიპტრა შენ გეკუთვნის! შვილო, მე და მამა არსენმა სისხლის მდინარეები დავღვარეთ ასეთი ზეციური სიკეთეები რომ გვეგემა. შენ კი მხოლოდ მორჩილებაში გულმოდგინე შრომოთ იგივე მადლის ღირსი გახდი. სხვა უფრო მარტივი და პირდაპირი გზა არ არსებობს!’’.

ამონარიდში გამოყენებული მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

Share