meufe atanase 12

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უცხოა ფანატიზმი ან კონსერვატიზმი

ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია თავისი მკურნალობის კურსით ნამდვილად კურნავს ადამიანს და არ აკომპლექსებს მას. მისთვის უცხოა ფანატიზმი ან კონსერვატიზმი. ამიტომ არ შეიძლება ჩამორჩენილი და ბნელი იყოს ის, ვისაც იგი კურნავს. თუ სხვაგვარი მიდგომაა, ე.ი. მკურნალობის კურსია არასწორი.

პატერიკებში მოთხრობილია ერთი ამბავი ამბა მაკარიზე, რომელიც ალექსანდრიისკენ მიემართებოდა. ერთი საათით ადრე მან იქ თავისი მოწაფეები გაგზავნა, თვითონ კი შემდეგ გაუდგა გზას. წმინდა მამას გზად წარმართი ქურუმი შეხვდა. ამბა მიესალმა:
– მშვიდობა შენდა, ღვთის ადამიანო. ძალიან დაღლილი ჩანხარ, საით მიემგზავრები, საით მიიჩქარი?
– შენ მაკარიხარ?
– დიახ.
– ის მონაზვნები, ერთი საათის წინ რომ გაიარეს, შენი მოწაფეებია?
– დიახ.
– სამწუხაროდ, ისინი საერთოდ არ გგვანან შენ.
– რატომ?
– იმიტომ რომ, როგორც კი დამინახეს ამ ქრისტიანებმა, მითხრეს: „ეჰ, სატანა, სად მიდიხარ ასეთ დროს?” მტრულად მოიქცნენ, როგორც ფანატიკოსები. ხოლო შენ, შეხვედრისთანავე მიწოდე ღმრთის ადამიანი, ტკბილად მესაუბრე, სიყვარულითა და თანაგრძნობით მიყურებდი. მივხვდი, რომ შენი უფალი ჭეშმარიტი ღმერთია, რომელიც ნამდვილად აცხონებს ადამიანს და მე გამოგყვები შენ. – წარმართი ქურუმი, როგორც პატერიკშია მოთხრობილი, გაჰყვა ამბა მაკარის, გახდა ქრისტიანი, მონაზონი და აღესრულა, ვით ღირსი მამა.

ხომ ხედავთ, ეკლესიის მიერ განკურნებული ადამიანი არ შეიძლება მოქმედებდეს, ვით სნეული. ეკლესია უდიდესი სამკურნალოა, რომელიც კურნავს ადამიანს. ღმერთმა ჩვენი შექმნისთანავე ყველაზე აღმატებული ადგილი გვიბოძა ცოცხალ არსებებს შორის. ძველი ბერძნებიც კი, ჩვენი წინაპრები, ამბობდნენ: „რა კარგია ადამიანი, თუ ის ადამიანია” [მენანდრე]. ანუ: რა მშვენიერია ადამიანი, თუ ის ჭეშმარიტად ადამიანია, ანუ – თუ ჭეშმარიტად განკურნებულია, განთავისუფლებულია ვნებებისა და ცოდვებისაგან.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

X