მეუფე ათანასე6

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – ლოცვას სიტყვებით ვერავინ ამოწურავს

ლოცვას სიტყვებით ვერავინ ამოწურავს, რამეთუ ის, რაღაც სრულყოფილი და არსობრივად არა ადამიანის, არამედ ანგელოზთა და ზეციური სამყაროს საკუთრებაა. მისი ვერც გადმოცემა და ვერც აღწერაა შესაძლებელი. ადამიანს მხოლოდ მცირედი რამის თქმა თუ შეუძლია მის შესახებ, მეტადრე მისი აღსრულების მეთოდზე, დანარჩენს კი, თავად ლოცვა აუწყებს მას.
საჭიროა იმის ცოდნა, რომ არცერთი ადამიანი არ აღასრულებს ლოცვას ზუსტად ისე, როგორც სხვა ადამიანი, აბსოლუტურად არცერთი. ისევე, როგორც არცერთი ადამიანი არ საუბრობს სხვა ადამიანის მსგავსად, არ გრძნობს მსგავსად სხვისა, არ ფიქრობს ისე, როგორც სხვა და არავინ არის მსგავსი სხვისა. ზუსტად ასევეა ლოცვაც, რომელიც გამოხატულებაა ადამიანისა, ეს არის სწრაფვა ადამიანის მთელი არსებისა ღმრთისაკენ და შეუძლებელია ის იყოს სხვა ადამიანის ლოცვის მსგავსი. ამიტომაც, ეკლესიის მამები, ადამიანებს აძლევენ გარკვეულ პრაქტიკულ რჩევებს, რომელთა გამოყენებასაც ისინი შეძლებენ, ლოცვა კი, თავად ხდება ადამიანის გზამკვლევი. თუკი ლოცვის რაიმე წინასწარ განსაზღვრული სქემის ან მეთოდის შემუშავებას მოვისურვებთ, ჩნდება ყოველივეს მეთოდზე დაყვანისა და არსისა და მიზნის დავიწყების საშიშროება, რადგან ლოცვა, სხვა არაფერია, თუ არა საშუალება, მიზანი კი – ქრისტეა, პიროვნება იესუ ქრისტესი.
ლოცვის მიზანი არ არის აბსტრაქტული, ის ადამიანის რაღაც განუსაზღვრელ მოქმედებას კი არ წარმოადგენს, არამედ კონკრეტულსა და განსაზღვრულ მოქმედებას, შეხვედრას, გზას და შეხვედრას, ღმრთისა და ადამიანის ერთობას – ბუნებრივია, იმ საზომით, რის აღქმასა და გათავისებასაც თქვენ შეძლებთ. ეს იმდენად მძაფრი განცდაა, რომ ვერც ერთი ამქვეყნიური განსაცდელი, როგორი ღრმაც არ უნდა იყოს იგი, წინ ვერ აღუდგება ლოცვის ძალას.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ