000 7936 1

ლიტურგია – ყველაზე მთავარი მოვლენა სამყაროში – მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი

ძმებო და დებო, ღმრთის შეწევნით საღმრთო ლიტურგიის ტექსტის კითხვას და გარჩევას ვიწყებთ. რატომ ავირჩიე ლიტურგია ჩვენი საუბრის თემად? რადგანაც ეკლესია იმ დიდებულ საიდუმლოებაში ყოველდღიური მონაწილეობისკენ მოგვიწოდებს, რომელიც საღმრთო ლიტურგიაზე აღესრულება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ამ მღვდელმოქმედების სიღრმისეულ არსს ჩავწვდეთ. რასაკვირველია, ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, თუ რა გვესმის, რას ვხედავთ, რაში ვმონაწილეობთ და როგორ აღესრულება საღმრთო ლიტურგია.

ეკლესიის წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს სამყარო იქამდე იარსებებს, სანამ საღმრთო ლიტურგია აღესრულება, რადგანაც ეს როგორც მთელ სამყაროშ, ისე ჩვენს ცხოვრებაშიც ყველაზე დიდებული მოვლენაა. როდესაც თანამონაწილეობაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ ტაძარში უბრალო დგომას, მოსმენას და მსახურების დაკვირვებას. არა, მე ვსაუბრობ ლიტურგიის ცენტრალურ მოვლენაში თანამონაწილეობაზე, რასაც ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარება ჰქვია.

არ შეიძლება ქრისტიანი ეწოდოს იმ ადამიანს, ვინც არ ეზიარება ქრისტეს. ადრე ისეთი წესიც კი არსებობდა, რომლის მიხედვითაც თუკი ქრისტიანი 3 კვირის განმავლობაში არ ეზიარებოდა, მაშინ ის ეკლესიის სხეულიდან იკვეთებოდა და მხოლოდ სინანულის შემთხვევაში ბრუნდებოდა მის წიაღში. რატომ მიიღო ეკლესიამ ასეთი მკაცრი კანონი? რატომ არის ზიარება ასეთი მნიშვნელოვანი? რადგანაც ზიარებით ჩვენ ქრისტეს ვუერთდებით. როგორც ვიცით, ჩვენი პირველმშობლებისგან დაცემული ბუნების ყოველგვარი უძლურება მივიღეთ. მიაქციეთ ყურადღება: ჩვენ ადამის მიერ ჩადენილი ცოდვის დანაშაული კი არ ვიმემკვიდრევეთ, არამედ ცოდვისგან დაზიანებული ბუნების უძლურება, რომელიც ჩვენი პირველმშობლების დაცემის ნაყოფი გახლდათ. ეს უძლურებაა: გონების დაბნელება, ცოდვისკენ მიდრეკილება, ვნებების მძლავრება და ცოცხალი ღმერთის მოუკლებელი ხსოვნის დაკარგვა. ახლა კი ჩვენი მიზანია ახალი ადამის – ქრისტეს ძმები და დები გავხდეთ. ეს მიიღწევა ნათლისღებითა და ევქარისტიის საიდუმლოებაში მუდმივი, ხშირი თანამონაწილეობით. თუმცა, იმისათვის, რომ ევქარისტიაში ვმონაწილეობდეთ, აუცილებელია გარკვეული სახის სულიერი მომზადება. ჩვენ ვერ ვეზიარებით, თუკი რაღაც სერიოზული დაბრკოლება გვაქვს, როგორიცაა: შეუნანებელი მომაკვდინებელი ცოდვები და მოყვასის მიმართ სიძულვილით აღსავსე და მტრული დამოკიდებულება.

იმისათვის, რომ ქრისტეს ვეზიაროთ, საჭიროა ლიტურგიაზე დასწრება. დასწრებაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება მხოლოდ დგომა, ყურება და მოსმენა. არა. ჩვენ ამ დიადი მღვდელმოქმედების თანამონაწილენი უნდა ვიყოთ. რაში მდგომარეობს ეს მღვდელმოქმედება? ეს არის ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს გამოცხადება. ჩვენ იმ მადლის მიმღებნი ვხდებით, რომელიც ამ საიდუმლოების აღსრულებისას გარდამოდის. ჩვენი სულის თვალით რომ ვხედავდეთ, თუ როგორ უხვად მყოფობს ლიტურგიისას ქრისტეს მადლი, მაშინ  სიხარულით გავიქცეოდით ტაძარში და ხელს ვერაფერი შეგვიშლიდა.

მოდით, გადავშლი იოანე ოქროპირის ლიტურგიის ტექსტს და დავიწყებ კითხვას.

ლიტურგია დიაკვნის ასამაღლებლით იწყება: ,,გვაკურთხე, მეუფეო’’. ამ დროს, დიაკონი ტაძარში შეკრებილი ადამიანების სახით მოუწოდებს მღვდელს, რომ საღმრთო ლიტურგიის აღსრულება დაიწყოს.

მღვდელი მსახურებას იწყებს ასამაღლებლით: ,,კურთხეულ არს მეუფება მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ’’.

საღმრთო ლიტურგია ეს არის დროისა და სივრცის მიღმა აღსრულებული უდიდესი საიდუმლოება, ეს არის სხვა რეალობაში ჩვენი შემყვანებელი და ზეციური მამის წინაშე წარმადგენელი. სწორედ ამიტომაც ვიწყებთ მსახურებას მამის, ძის და სულიწმიდის სამეფოს კურთხევითა და განდიდებით.

რა შეიძლება ვუთხრათ ღმერთს? რა შეიძლება, რომ შევწიროთ მას? არაფერი. ჩვენ საკუთარი არაფერი გაგვაჩნია და ღმერთსაც არაფერი სჭირდება. და მაინც, რა უნდა შევწიროთ მას? სანთელი? კანდელი? სეფისკვერი? საკმეველი? არაფერი სჭირდება ღმერთს! ამ ყველაფერს ქრისტესთვის კი არ ვაკეთებთ, არამედ საკუთარი თავისთვის. როდესაც ტაძარს ვაშენებთ, ფრესკებით მოვხატავთ, ხატებს ვწერთ და ლიტურგიას აღვასრულებთ, ამას ქრისტესთვის კი არ ვაკეთებთ, არამედ საკუთარი თავისთვის! ჩვენ გვჭირდება ტაძარი ლოცვისა და ღმრთისმსახურებისთვის.

არის ერთადერთი რამ, რაც შეიძლება, რომ ქრისტეს შევწიროთ. მიუხედავად იმისა, რომ მას ესეც არ სჭირდება, ეს არის ჩვენი გული. ეს არის ჩვენი გულის განწყობა, ჩვენი გულის მადლიერება, მისი წმინდა სახელის მარადიული განდიდებისა და კურთხევის მოთხოვნილება. როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს: ,, ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე’’(ფს. 144:1). არ არსებობს ადამიანისთვის ქრისტეს სახელის კურთხევაზე აღმატებული საქმე. ადამიანი თავისუფალი არსებაა და მას აქვს შესაძლებლობა ან განადიდოს მისი სახელი ან დაგმოს. ყველაფერი ადამიანის გულის მდგომარეობასა და არჩევანზეა დამოკიდებული.

ღმერთმა თავისი უსაზღვრო სიყვარულით შეგვქმნა და ინება, რომ მისი სიყვარულით დავმტკბარიყავით. როგორ დავტკბეთ მისი სიყვარულით? მისი სახელის განდიდებით. ეს არის ღმრთისაგან მონიჭებული უდიდესი პრივილეგია. სწორედ ამიტომ ჰქვია საღმრთო ლიტურგიას ევქარისტია, რადგანაც ბერძნულად ეს მადლიერებას ნიშნავს. ქრისტესთან ურთიერთობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუკი მას არამხოლოდ ბოროტების უფსკრულში ჩვენი მყოფობის გამო შეწყალებას ვთხოვთ, არამედ როდესაც განვადიდებთ მას და მადლიერნი ვართ მისი. ღმრთის სახელის მოუკლებელი განდიდება არის ის მდგომარეობა, რომელიც ცოდვის ტყვეობისგან გაგვათავისუფლებს და თანდათანობით სრულყოფილებამდე მიგვიყვანს.

დღეს კაცობრიობა მოწყენილობისა და ნერვოზისაგან იტანჯება. ამიტომაც, თანამედროვე ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღმრთის განდიდება და მადლიერება. ყველა განერვიულებულია და პატარა მიზეზიც კი საკმარისია ყვირილისთვის: ‘’თავი დამანებეთ! ნუ მეხებით!’’ – აღშფოთებულნი ვამბობთ ხოლმე. მინდა იცოდეთ, რომ თუკი ადამიანი ღმრთის მოუკლებელ დიდებას მიეჩვევა სიტყვებით: ,,დიდება შენდა უფალო! დიდება შენდა უფალო!’’, მაშინ ასეთ ადამიანს უამრავი პრობლემა, უბედურება და ტკივილიც რომ ჰქონდეს, მისი ცხოვრება ძირეულად შეიცვლება. სიტყვები: ,,დიდება შენდა, უფალო!’’ ადამიანის სულზე მაკურნებელი მალამოსავით მოქმედებს და ჩვენს სულს გამოუთქმელი ქრისტესმიერი სიტკბოებით აღავსებს. ძმარი ტკბილ ღვინოდ იქცევა.  ხოლო როდესაც მუდამ უკმაყოფილონი ვართ, ვწუწუნებთ, მოწყენილნი ვართ და ვამბობთ, რა საშინლად ცუდად ვარ, მეტი აღარ შემიძლია და ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობსო, ჩვენს სულში ტკბილი ღვინის პატარა წვეთიც რომ მოიპოვებოდეს, მყისვე ძმრად იქცევა. სწორედ ამიტომაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღმრთის განდიდებას და მისდამი მადლიერებას.

საეკლესიო წეს-განგებითა და ტრადიციით, საღმრთო ლიტურგაზე მღვდელიც და მლოცველებიც ფეხზე დგნან. მსახურებისას ჩვენ მუდამ მუხლმოყრილნი არ ვდგებით, არამედ გამართულად ვდგავართ და როგორც შვილები ისე წარვსდგებით ზეციური მამის წინაშე. მას სურს, რომ მისი შვილები ვიყოთ და არა მონები. ამიტომაც ლიტურგიაზე ფეხზე ვდგავართ და მხოლოდ განსაკუთრებულ მომენტებში ვდგებით მუხლებზე.

,,კურთხეულ არს მეუფება მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა’’. რატომაა საუბარი სამეფოზე და რატომ იწოდება ღმერთი მეფედ? რადგანაც ძველად, როდესაც მეფე რომელიღაც ქალაქში ეკუთხებოდა, ის ყველაფრის ხელმწიფე ხდებოდა. ქალაქში ყველაფერი მას ეკუთვნოდა და ყველა მაცხოვრებელი მისი ქვეშევრდომი ხდებოდა. ასევეა სულიერ რეალობაშიც. როდესაც ჩვენს სულში ქრისტე მეფდება, მაშინ ყველაფერი რაც გვაქვს – გონება, გული, სხეული და მთელი ჩვენი არსება მისი ხდება. როდესაც ცოცხალი ქრისტე შემოდის ჩვენს გულში, მთელი ჩვენი არსება განიწმინდება და იკურთხება. ამიტომაც, ჩვენს ცხოვრებაში არაფერი, უმცირესი დეტალიც კი არ უნდა იყოს ყოვლადწმიდა სამების სამეფოს მიღმა. ჩვენ გულმოდგინედ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ამ სამეფოს ნათლით ბრწყინავდეს. ჩვენი სინდისი უნდა გვიმოწმებდეს იმას, რომ ჩვენში ქრისტე მეფობს და რომ მის სამეფოში ვიმყოფებით.

როდესაც ათონზე ვიყავი, ჩვენი მოძღვარი ბერი იოსებ ვატოპედელი გვიყვებოდა ხოლმე იმ პერიოდის ისტორიებს, როდესაც წმ. იოსებ ისიქასტის მორჩილი იყო. ყოველ ღამე, როდესაც ძმები ღამის გონიერი ლოცვისთვის კელიებში განმარტოვდებოდნენ, ლოცვის წინ საკუთარ თავს ეკითხებოდა: ,, რაც დღეს გავიფიქრე, ვთქვი, გავაკეთე, არის თუ არა ღმრთისაგან და ჩემი მოძღვრისგან კურთხეული? არის რამე ისეთი, რაც ნებსით თუ უნებლიედ დავუმალე მოძღვარს?’’ თუკი სინდისი უმოწმებდა, რომ მოძღვარს არაფერი დაუმალა და ყველაფერი მისი კურთხევით აღასრულა, მაშინ მშვიდი სინდისით ეძლეოდა იესუს ლოცვას. თუკი სინდისი რაიმეში ამხელდა, ის ყველანაირად ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მალე ეთქვა მოძღვრისთვის, რათა ღამით იესუს ლოცვისას დაბრკოლებას არ შეხვედროდა და მადლი განეცადა. შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის ყველა მამა განსაკუთრებით ყურადღებით და მკაცრად იცადვა სინდისის სიწმინდეს.

ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწის ცხოვრებიდან ორ შემთხვევას მოგიყვებით. სიცოცხლეში ცოტა თუ იცნობდა მას, რადგან არავის იღებდა. ის ჩვენი მოძღვრის სულიერი ძმა იყო და ჩვენს საძმოს მასთან მჭირდო ურთიერთობა ჰქონდა. ვგულისხმობ წმ. ეფრემ კატუნაკელს, ამ დიდებულ სულიერ გიგანტს, რომელიც სინდისის მკაცრი დაცვით გამოირჩეოდა. ის მართლაც წარმოუდგენლად მკაცრი იყო საკუთარი სინდისის მიმართ, მასთან არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდა და იოტის ოდენაზეც კი არ გადადიოდა მისგან. ამიტომაც ღმრთისაგან უხვად მიეცა მადლი.

ერთხელ მამა ეფრემი კატუნაკიდან ჩვენს იმჟამინდელ საცხოვრებელში ნეა სკიტში მოვიდა, ჩვენს მოძღვარს ესაუბრა და სანამ წავიდოდა, რაღაც ჩანაწერის გაკეთება დააპირა. მამა იოსებმა ერთი ჩვეულებრივი ბურთულიანი კალამი მისცა. ეს არ იყო რაღაც განსაკუთრებული მოდელი, როგორიცაა მაგალითად  «Parker». იმ დროს ბურთლულიანი კალმები ფართო გავრცელებაში შემოდიოდა. მამა ეფრემმა ჩანაწერი გააკეთა, კალამი დააბრუნა და უთხრა: ,,მამა იოსებ, რა კარგი კალამი გაქვს!’’. მამა იოსებმა უპასუხა, შენ გქონდეს, მე კიდევ ერთი მაქვს და რაღაც საქმეზე ერში გასვლა თუ მომიწევს კიდევ ვიყიდიო. აქვე უნდა ითქვას, რომ მამა ეფრემი ერში არასდროს გასულა. მან კალამი აიღო, დაემშვიდობა მამა იოსებს და კატუნაკებში დაბრუნდა. როდესაც გზას დაადგა უკვე ბინდდებოდა. ნეა სკიტიდან კატუნაკებამდე გზა კი არც თუ ისე პატარა იყო და ერთი ბილიკით მთისკენ უნდა წასულიყავი. ამ გზაზე სიარულიც ნამდვილად არ იყო კომფორტული, რადგან კლდის პირას, ვიწრო ასასვლელებზე და ჩასასვლელებზე გიწევდა სიარული. კარგი ამინდისა და სწრაფი სიარულის შემთხვევაში კატუნაკებამდე დაახლოებით 2 საათში მიაღწევდით.

დაღამდა. ჩვენ იმ დროს ჩვეულებისამებრ კელიებში ვიყავით განმარტოებულნი ღამის იესუს ლოცვისთვის. უკვე შუაღამე დამდგარიყო, როდესაც ჩვენი კალივის კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. ალბათ იმ მომენტში ყველას გაგვეფიქრა, ამ შუაღამისას ვინ დაეხეტება-თქო. ჩვენც გავაღეთ კარები და ვხედავთ მამა ეფრემია. შემოვიდა შიგნით და ჩვენს მოძღვარს მიმართავს:

– მამა იოსებ, დაიბრუნე ეს კალამი. არ მინდა.

– რა დაგემართა?

– გთხოვ, დაიბრუნე, მამაო. კურთხევის გარეშე ავიღე და რადგანაც საკუთარი ნებით ვიმოქმედე, ახლა ლიტურგიას ვეღარ აღვასრულებ. ვგრძნობ, რომ რაღაც ხელს მიშლის მსახურებაში.

მან დაარწმუნა მამა იოსები, რომ ის კალამი უკან დაებრუნებინა. წარმოიდგინეთ, მამა ეფრემი ჯერ ხომ მოვიდა ჩვენთან, მერე კატუნაკებში დაბრუნდა, კვლავ ჩვენთან მოვიდა და მერე ისევ კატუნაკებში წავიდა! წარმოგიდგენიათ რამდენი დრო დახარჯა გზაში? თითქმის მთელი ღამე! მის ადგილას სხვა ალბათ იტყოდა, ეგ არაფერი, ერთი ღამე ჩემთან იყოს, არ გამოვიყენებ და ხვალ დილით დავუბრუნებო.

მამა ეფრემი ასე ვერ მოიქცეოდა, რადგან მან იგრძნო, რომ საკუთარ გულში საღმრთო მადლთან კავშირი დაკარგა იმ მიზეზით, რომ საკუთარი თავის მაამებლობიდან გამომდინარე თვითნებურად იმოქმედა.(მონაზვნურ ცხოვრებაში ნებისმიერი მსგავსი წვრილმანი კურთხევის გარეშე არ ხდება). მამა იოსებს უთხრა, რომ მოძღვრისგან კურთხევა არ აუღია, რომ ეს კალამი დაეტოვებინა. ამ დროს კი, მისი მოძღვარი მამა ნიკიფორე ალცჰეიმერის სინდრომით იყო დაავადებული. მამა ეფრემი სრულყოფილი მორჩილი იყო და სწორედ ამ სათნოებამ აქცია ის ჩვენი დროის უდიდეს წმინდანად.

მეორე შემთხვევასაც მოგიყვებით. მამა ეფრემი კარულიდან ნავსადგურამდე წერილის გასაგზავნად ჩადიოდა. როდესაც ნავსაყუდელთან ნავი მოვიდა, მამა ეფრემიც ისე ჩაჯდა მასში, რომ მენავემ ვერც შეამჩნია, რადგან იმ დროს ეს უკანასკნელი სხვა მონაზონს ელაპარაკებოდა. მამა ეფრემმა მგზავრთაგან ერთ-ერთს გადასცა წერილი, მაგრამ ამ დროს მენავე ნაპირს გაშორებულიყო და მამა ეფრემმა ნავიდან გადმოსვლა ვეღარ მოასწრო. მან მშვიდად სთხოვა: ,,კურთხეულო, იქნებ დამაბრუნო, უნდა ჩავიდე’’. ამ უხეში და ფეთქებადი ხასიათის მქონე მენავემაც ჩხუბი დაიწყო და ერთი აყალ-მაყალი ატეხა იმის გამო, რომ ნაპირზე დაბრუნება მოუწია. როდესაც მამა ეფრემი თავის კელიაში დაბრუნდა, სინდისმა შეაწუხა, რომ ეს მენავე გააღიზიანა. იფიქრა:  ,,გავამწარე და დავაბრკოლე, ახლა როგორ აღვასრულო ლიტურგია?’’. ისიც ადგა და უკუნ ღამეში კატუნაკიდან წმინდა ანას სკიტისკენ გაემართა სადაც ეს მენავე ცხოვრობდა. გზა კი ისეთია, რომ წარმოდგენაც კი შეგზარავთ. ის კი უკანაც უნდა დაბრუნებულიყო. მამა ეფრემმა მიაღწია მენავესთან, მეტანია გაუკეთა და უთხრა:

– შემინდე, რომ გაგამწარე დღეს დილით.

ამ მაგალითებით იმის თქმა მინდა, რომ ასეთ ადამიანებს მხოლოდ ის უნდათ, რომ ქრისტე მთელ მათ არსებაში და მათ ყველა მოქმედებაზე მეფობდეს. მათ არ შეუძლიათ იმის დაშვება, რომ მათ ცხოვრებაში სულ მცირედი მოქმედებაც კი ქრისტეს მიღმა აღესრულება. ჩვენც, ერში მცხოვრები ადამიანებიც განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ყველაფრის მიმართ. ზოგჯერ მგონია ხოლმე, რომ მრავალ ჩვენგანს თითქოს სული დაყოფილი აქვს სხვადასხვა ,,ოთახებად’’. ერთი ოთახი ჩვენს ეკლესიურ ცხოვრებას ეკუთვნის. მეორე – ჩვენს საერო ცხოვრებას. მესამე – ჩვენს სამსახურს. ხდება ხოლმე, რომ ხედავ ტაძარში ადამიანი მშვიდია,  წყნარი, ფაქიზი და სასიამოვნო, მაგრამ სამსახურში უჟმური, ჯიუტი, დაღვრემილი. მოგინდება უთხრა: ,, გაიღიმე მაინც ადამიანო! რა დაგემართა? ტაძარში სულ სხვანაირი იყავი’’. ოჯახშიც სხვანაირად იქცევა. საჭესთანაც სხვანაირია. შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილიც ჩვენი სულის ერთ-ერთი ოთახია. რამდენჯერ მომისმენია აღსარებაზე: ,, მამაო, როდესაც საჭესთან ვზივარ, ხშირად ვბილწსიტყვაობ და სხვა მძღოლებს ვლანძღავ’’.შეუძლებელია ქრისტეს შენს გულში გამეფება გსურდეს, თუკი ეს გული ,,ოთახებადაა’’ დაყოფილი. პირველ რიგში, შინაგანი მთლიანობის მოხვეჭაა საჭირო. შენი ბაგე, შენი გონება, შენი ქცევებიც, შენში ყველაფერი ქრისტეს მადლით უნდა იყოს განმსჭვალული.

ის ადამიანი, ვინც საკუთარ გულში ქრისტე მიიღო, გარემო პირობების შეცვლის შემთხვევაში თავად არ იცვლება. მისი ყველა აზრი, სიტყვა, ქცევა, როგორც დაფარული, ისე ცხადი, იგივე რჩება. ეკლესიის მამები გვასწავლიან, რომ ჩვენ გარემო პირობების მიხედვით არ უნდა ვიცვლებოდეთ და უნდა გადავლახოთ ეს არამდგრადობა და არაჯანსაღი ცვალებადობა, რაც ჩვენშია.  მილიონი ადამიანის წინაშე იდგები თუ მარტო იქნები, ყველგან ერთნაირი უნდა იყო. როდესაც მარტო ხარ, თავი ისე იგრძენი, თითქოს მთელი მსოფლიო გიყურებს, ხოლო როდესაც მართლაც მთელი მსოფლიო გიყურებს, ისე იგრძენი, თითქოს მარტო ხარ. ყველგან და ყოველთვის მხოლოდ ქრისტე ეძებე.

არ ითვალთმაქცო და არ შეიცვალო ამა სოფლის ძლიერთა წინაშე, ვისზეც შენი ამქვეყნიური კეთილდღეობაა დამოკიდებული. არამედ ყველასთან ერთნაირი იყავი და ერთნაირად სიმდაბლით მოიქეცი. მე არასრულფასოვნების კომპლექსზე კი არ ვსაუბრობ, არამედ იმ კეთილშობილ სიმდაბლეზე, რომელიც ზეციური მამის შვილებს უნდა ახასიათებდეთ.

პირადად ჩემზე, ასეთი ქცევა ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდებს. ამგვარი სიმდაბლე იმ თანამედროვე წმინდა მამებში მინახავს, რომლებთანაც მაღალი თანამედებობის პირებიც მიდიოდნენ ხოლმე: პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები და ცნობილი ადამიანები. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისას ისინი ოდნავადაც არ იცვლებოდნენ და ოდნავ კაცთმოთნეობასაც კი ვერ შეამჩნევდით მათში. თითოეულ მომსვლელს ისინი თანაბარი სულიერი კეთილშობილებით იღებდნენ და ისე ესაუბრებოდნენ, რომ საზოგადოებაში მათ ადგილს არ უყურებდნენ. მათთვის უცხო იყო ყოველგვარი კაცთმოთნეობა და თვალთმაქცობა. სწორედ ამიტომ მკვიდრობდა ქრისტე მათ გულში და მთელს მათ არსებაში. ეტყობოდათ ხოლმე, როდესაც მადლით აღივსებოდნენ. მახსოვს, როდესაც ამ წმინდა ადამიანებს ვაკვირდებოდი, ვგრძნობდი, რომ მათი ტანსაცმელიც კი მადლს ასხივებდა. ისინი ყველაზე ძველ, გაქექილ და უბრალო შესამოსლით დადიოდნენ ხოლმე, მაგრამ მათი ტანსაცმელიც, კელიაც და ის მცირედი აუცილებელი ნივთებიც კი რაც გააჩნდათ, ყველაფერი დიდ მადლს ასხივებდა.

ეს თანამედროვე წმინდა მამები მომსვლელებზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ. შეიძლება გენახათ, თუ როგორ ბაძავდნენ მათ რაღაც მარტივ გარეგნულ მოქმედებებში. ასეთი შთაბეჭდილების მიზეზი კი ამ წმინდა ადამიანებში დამკვიდრებული ქრისტეა. მათ ირგვლივ  – კელიიდან დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული ყველაფერი მადლმოსილი იყო. აი, ეს არის მოწმობა იმისა, რომ ასეთი ადამიანის მთელ არსებაში – გულში, გონებაში, სიტყვებში და საქმეებში ქრისტეა გამეფებული. ამიტომ ხდებოდა, რომ მამა პაისისთან წყალს რომ დალევდნენ ამბობდნენ ხოლმე რომ ასეთი გემრიელი წყალი არსად დაელიათ. ზოგჯერ მონასტრის საჭმელსაც აქებენ ხოლმე და ამბობენ, რომ ძალიან გემრიელია. როგორაა მომზადებული? მარხვაში ზეთის გარეშე, წყალში. მაგრამ სწორედ ღმრთის მადლი ამშვენებს ყველაფერს.

ხშირად მიწევს ძვირფას სასტუმროებში სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონფერენციებზე ყოფნა. ვხედავდი ირგვლივ იმ ფუფუნებას და ვფიქრობდი: მთელი ეს ფუფუნება ოდნავადაც ვერ შეედრება მამა პაისის ღარიბულ კელიას-მეთქი. გაინტერესებთ როგორი კელია ჰქონდა? ეს იყო პატარა ოთახი მიწის იატაკით! მისი საწოლი ხის დაფებისგან იყო შეკრული და კუბოს უფრო ჰგავდა, ვიდრე საწოლს. სკამიც თვითონ გააკეთა. წერილის დასაწერად კი მაგიდის ნაცვლად ხის დაფის ნაგლეჯს იყენებდა, რომელსაც მუხლებზე იდებდა და ისე წერდა ხოლმე. მას ჰქონდა ძველი საათიც, რათა დრო გაეგო და რამდენიმე ქაღალდის ხატი, რომლებიც კედლებზე მიეწებებინა. ყველაფერი კი ღუმელის ან სანთლის ბოლისგან გაშავებულიყო.

როდესაც ადამიანის გულში არ მკვიდრობს საღმრთო მადლი, მაშინ ყველაფერი მკვდარი და დამღლელია. აიღეთ ყველაზე მშვენიერი სასახლე და თუკი მასში ქრისტე არ მკვიდრობს, მაშინ ეს სასახლე კი არა, სასაფლაოა. ასეთ სასახლეში ცხოვრება დაგღლის და გამოგფიტავს. თუკი ქოხში ქრისტე დამკვიდრდება, აი ისეთ ქოხში ადრე რომ იყო ხოლმე, სადაც ერთ ოთახში ამზადებდნენ კიდეც, ჭამდნენ და ეძინათ, დაკიდეთ იქ ხატი, დაუნთეთ კანდელი, დაიწყეთ იქ ქრისტესთან ლოცვითი ურთიერთობა და ეს ქოხი სამოთხედ იქცევა. ისეთი მშვენიერი სამოთხე იქნება, რომ სიხარულით აღმოსთქვამთ: ,,ნეტავ ყველა ადამიანმა შეიცნოს ეს გამოუთქმელი სიხარული, რომელიც ამ პატარა ქოხში მკვიდრობს!’’ სადაც ქრისტეა, ყველაფერი იკურთხება და სიცოცხლით აღსავსეა!

,,აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე’’. ეს ბოლო სიტყვები ხშირად გვესმის სხვადასხვა მსახურებებზე და მათ შორის საღმრთო ლიტურგიაზეც. რატომ ვიმეორებთ ასე ხშირად  ამ სიტყვებს? რადგანაც საღმრთო ლიტურგიას არ აქვს დასასრული, ის მარადიულია. ლიტურგიაზე რაღაც ჩვეულებრივი და მიწიერი მოვლენა კი არ აღესრულება, არამედ მარადიული და წარუვალი. როდესაც მწირველი მღვდელი ბაგეს ხსნის და ღმერთის სახელის აკურთხებს, ეს კურთხევა მარადიული და დაუსრულებელია. ამ დროს, მისი ბაგიდან გამომავალი სიტყვა არც კვდება და არც რამით შემოიზღუდება.

ერთხელ, ჩემმა ერთმა მეგობარმა მღვდელმონაზონმა თავისი სულიერი გამოცდილება გამიზიარა. ის მიყვებოდა იმის შესახებ, თუ რა განიცადა მაშინ, როდესაც ღმერთმა მღვდლობის ღირსი გახადა და პირველი ლიტურგია უნდა აღესრულებინა. როდესაც ის ათონზე ერთ პატარა ტაძარში ტრაპეზის წინ დადგა და წარმოთქვა ასამაღლებელი: ,,კურთხეულ არს მეუფება მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე’’, მყისვე ღმრთის მადლით იხილა, თუ როგორ გაიხსნა ტაძრის სახურავი და მის მიერ წარმოთქმული სიტყვები მარადისობაში განიფინა. იმ წამებში მას მარადიული სიცოცხლის განცდა დაეუფლა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინაშე იხსნება მარადისობის სარკმელი, რომელსაც დასასრული არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ჭვრეტთ მას. ეს ხედვა არ ჰგავს მიწიერი თვალის ხედვას, როდესაც რაღაც საგნებს კონკრეტულ წერტილამდე ვხედავთ და იმის მიღმა რაც არის, ჩვენი მზერისთვის დაფარულია, რადგან ჩვენი მხედველობის ძალა შემოსაზღვრულია. ჩემმა მეგობარმა წმინდა შიში შეიგრძნო როდესაც გააცნობიერა, თუ როგორი დიდებულებაა ისეთი სიტყვის წარმოთქმა, რომელიც მარადისობაშიც გრძელდება.

ეს არის უხრწნელი, უკვდავი და უსასრულო სიტყვა. სწორედ ამიტომ, ცოცხალი ღმერთის სახელის კურთხევა და განდიდება უდიდესი მადლის მომნიჭებელია. მოდით ერთ რამეზე დავფიქრდეთ: შეიძლება ითქვას, რომ გარდა კურთხევისა, ჩვენი სხვა სიტყვებიც მარადიულია: ჩვენი ამაოდმეტყველება, ბილწსიტყვაობა თუ სხვადასხვა ხუმრობები. როგორი ყურადღებით უნდა ვიყოთ ჩვენი სიტყვების მიმართ!

რადგანაც ღმრთის სახელის კურთხევა უსასრულობაში განიფინება, ჩვენც უსასრულონი ვხდებით და ეს კი იმის გაცნობიერების საშუალებას გვაძლევს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საღმრთო ლიტურგიის რეალობაში მყოფობა. როგორც უკვე ვთქვი, ლიტურგია ეკლესიის ყველაზე მთავარი საქმეა. ეკლესიაც სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ევქარისტია აღსრულდეს. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია და მხოლოდ იმისთვის აღესრულება, რომ საღმრთო ლიტურგიამდე მიგვიყვენოს. ყველაფერი დანარჩენი კარგია, მაგრამ თუ აღარ იარსებებს ეს სამყარო არ გაქრება. მაგრამ საღმრთო ლიტურგიის გარეშე შეუძლებელია ამ საყმაროს არსებობა.

წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •