ლიტურგია

ღმრთისმსახურება – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

უძველეს დროში, ღვთისმსახურებს,  ჩვეულებად ჰქონდათ  შუაღამე ამდგარიყვნენ და  ღამის მსახურება აღესრულებინათ. შემდეგ კი დილით, განთიადის დადგომასთან ერთად აღასრულებდნენ ღმრთაებრივ ლიტურგიას. ახლაც, ათონის მთის უამრავ მონასტერში, დილის მსახურება, განსაკუთრებით კი ლიტურგია, აღესრულება არაუგვიანეს განთიადისა. დილის მსახურების ბოლო ლოცვაში, მღვდელი ჰმადლობს უფალს იმისათვის, რომ მან ჩვენ მზის სხივები გამოგვიგზავნა. ღამის მსახურება ჩვენთან დილის საღმრთო ლიტურგიასთან არის გადაჯაჭვული[2, 25].

ადამიანი, რომელიც არ ესწრება ღმრთისმსახურებებს, როგორც წესი, ერთგვარი თვითგმობის მდგომარეობაშია, განაჩენი გამოაქვს საკუთარი თავისათვის, გმობს საკუთარ თავს. საკვებს თუ არ მიიღებ, ავად გახდები და ვერაფრის გაკეთებას  ვერ შეძლებ. მსგავსი რამ ხდება მაშინაც, როდესაც არ ესწრები ღმრთისმსახურებებს და არ იღებ სულიერ საზრდოს, სულიერად ძალზედ ავადდები და მთელი შენი არსება უუნარო ხდება რაიმეს აღსასრულებლად. შენ ხდები დუნე, მოდუნებული, გონება გეფანტება, ვერ აღიქვამს და ვერ ითავისებს ეკლესიის მიერ მოცემულ გაკვეთილებს. ვერ განიცდი არსებითად და ცოცხლად ვერც “ჭეშმარიტ ნათელს” და ვერც სულიწმინდის გარდამოსვლას, ვერ ჭვრეტ  ქრისტეს ჯვარცმას, ვერც საღამოს იდუმალ დიდებულებას აღიქვამ და ვერც განთიადისა მშვენიერებას. შენ ცარიელი ხარ, დაცლილი შინაარსისაგან და შიმშილისაგან კვდები(ლუკ 15, 17). შენი სული იმდენად იფიტება, რომ შენში არ რჩება საღმრთო მოშურნეობის ცეცხლი, არც საძმოსადმი სიყვარული, არც ძალები სამუშაოდ. როდესაც არ გაქვს მწველი სურვილი ტაძარში მსახურების დაწყებამდე მისვლისა და ცეცხლოვანი სვეტის მსგავსად სტასიდთან დგომისა, რათა მთელი არსებით განიცადო ღმრთისმსახურება, მაშინ შენ მუდამ უძლურად იგრძნობ თავს და გამუდმებით შეგაწუხებს საკვების მიღების, მარხვის დარღვევისა და წამოწოლის სურვილი [2, 37–38].

როდესაც მესამე ჟამის უმშვენიერეს ლოცვაში სულიწმინდისაგან მადლს ვითხოვთ, უფალი ღვთაებრივ მადლმოსილებას გვანიჭებს. ან, როდესაც პირველი საათის ლოცვაზე, უფლისაგან გონების განათების მიღება გვსურს, ის უჩვეულო ნათლით განგვანათლებს ჩვენ. მაგრამ, თუკი უბრალოდ წინასიტყვაობის ამოსაკითხად მივდივართ- დიახ, ჩვენ მას ვკითხულობთ, მაგრამ შედეგი როგორია? ჩვენ ქრთამს ვიღებთ ამ ერთ წაკითხვაში და უფალი არ გვანიჭებს მადლს და არ განგვანათლებს. ჩვენ დროში, დროის ათვლა მხოლოდ იმ მიზნით ხდება, რომ მსახურების დრო გამოითვალოს და ამგვარად შესრულდეს დადგენილი წესდება. მაგრამ, საეკლესიო გადმოცემის ფორმალური აღსრულებით, ჩვენ მისდამი სიძულვილსა და უპატივცემლობას ვამჟღავნებთ, ვაკნინებთ და ვაანულირებთ მას. რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი?[3, 134].

ღვთისმსახურებაზე, ბუნებრიავია ფეხზე უნდა ვიდგეთ. თუკი სხვები სხედან, ეს არ ნიშნავს, რომ მეც უნდა დავჯდე. სავარაუდოდ, ის, ვინც ზის ან ავადაა ან, დიდი ალბათობით, უბრალოდ ზარმაცობს, მით უმეტეს, თუკი მსახურება ხანმოკლეა. როდესაც საღამოს მსახურება ორმოცდახუთი წუთი გრძელდება, დილის მსახურება კი ორსაათ ნახევარი, ნუთუ არ შეგვიძლია ეს დრო ფეხზე ვიდგეთ? სავარაუდოდ, ჩვენ ან გონებაში არ გვაქვს ყველაფერი წესრიგში, ან შინაგანად იმდენად ვართ მოდუნებულნი, რომ საერთოდ ვეღარ ვფლობთ საკუთარ თავს. რადგან მეტწილად, ჩვენ არა სამუშაო, არამედ სულიერი მოდუნებულობა გვღლის ხოლმე. ისინი, ვინც ღვთისმსახურებებზე სხედან, როგორც წესი სულიერად ავად არიან. ფიზიკური ხასიათის მიზეზთა რაოდენობა კი, რომლის გამოც შეიძლება ადამიანი იჯდეს, ძალზედ მცირეა. თუმცა, სულიერად ავადმყოფი ვერ ჰპოვებს შვებას, თუნდაც რომ ტკბილეულით გაანებივრო და თავს შემოევლო.

ასე რომ, მე არ დავჯდები იმ ძმათა მსაგავსად, რომლებსაც არა აქვთ სულიერი მშვიდობა. პირიქით, ჩემი დგომით მე უნდა შევახსენო სხვებს, რომ ჩვენ ვართ ანგელოზები და მათ მსგავსად ვლოცულობთ ერთად. როდესაც ყველა წმინდანი და ანგელოზები, შიშითა და კანკალით დგანან საუფლო ტახტის წინაშე, წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ვისხდეთ. მართალია, მონასტერში, ჩვენ ვავლენთ სულგრძელებას, სიკეთესა და გულისხმიერებას, რათა გული არ ვატკინოთ სხვა ადამიანს. უნდა იჯდეს? დაე იჯდეს. სურს ისაუბროს? დაე ისაუბროს. ჩვენ მას ტაძრიდან არ ვაგდებთ. სურს ზეთიანი საკვები მიირთვას, ჩვენ ვაძლევთ მას ზეთს. ჩვენ არ შევახსენებთ მას ყოველდღე, რომ ის სცოდავს, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ის უფრო მეტად შეგვეწინააღმდეგება. მთლიანობაში, ჩვენ ყოველივეს ვიწყნარებთ. თუმცა, შენ უნდა იცოდე: თუკი შენ მსახურებაზე მხოლოდ იმიტომ ჯდები,  რომ სხვები აკეთებენ ასე, შენ სცოდავ უფლის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ეს უცოდინრობითა და სხვისი მიბაძვის გამო დაგემართა[2, 119–120].

მიდიხარ ტაძარში და მოხერხებულად ჯდები. ნუთუ შეძლებ ნორმალურად ილოცო? რამდენიც არ უნდა იმეორო, რომ ლოცულობ, ანგელოზიც რომ იყო, ასეთ მდგომარეობაში შენ ვერ ილოცებ. ანგელოზები თრთიან და ურყევად დგანან, რომ შემთხვევით დაუდევრად არ მოიქცნენ ლოცვისას, შენ კი, ადამიანი, სულს დაპირისპირებული ძვლისა და ხორცისადან შემდგარი, ფიქრობ, რომ ამ მდგომარეობაში შეძლებ ილოცო უფლის წინაშე? [1, 507–508].

თუკი ტაძარში ვინმე მოვა და გამოგელაპარაკება, შენ კი მას უპასუხებ, ის იფიქრებს, რომ შენთვის დამღლელია ტაძარში ყოფნა, ვინაიდან ასე აღტაცებით აყევი საუბარში. ამგვარად, ინგრევა კედელი, რომელიც იცავს ღვთაებრივ საზღვრებს და შენთან მომავალი გზა ყველასთვის ხსნილი იქნება. ტაძარში მოსაუბრეზე, ცხადია, ვერ ვიტყვით, რომ ის ღვთისმსახურებაში მონაწილეობს და წმინდანთა, ანგელოზთა, ქრისტეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თანამყოფობას განიცდის. ამიტომაც, ყურადღებით უნდა ვაკვირდებოდეთ საკუთარ თავს. როგორც წესი, ეს დანაშაული( და არა უბრალოდ ცოდვა) სინდისის ქენჯნის გარეშე ხორციელდება. არავინ იწუხებს თავს, რომ დაფიქრდეს, თუ რატომ საუბრობს ტაძარში. მაგრამ ის, ვინც პატივს სცემს საკუთარ თავს, კრძალვა აქვს უფლისადმი და სურს, რომ ტაძარი საეკლესიო შესაკრებლისაგან ადამიანთა გამაერთიანებელ თემად აქციოს, ისე უნდა მოიქცეს, რომ გვერდით მდგომმაც ისწავლოს მისთვის პატივის მიგება[2, 87].

როდესაც ტაძარში ვინმე, თითქოს სიმდაბლის საჩვენებლად ძალზედ დაბლა დრეკს თავს, მაშინ, როდესაც  სხვა ასე არ იქცევა, ეს არ გახლავთ სიმდაბლე, არამედ ნამდვილი ეგოიზმი. საერთო ღვთისმსახურებისას გამოვლენილი სიტყვა და განცდები ყველასათვის ერთია. ჩვენ უფალს ერთნაირი სიტყვითა და ერთნაირი ქმედებებით ვემსახურებით.

მაგალითად, თუკი დიდი მეტანიების შესრულება გინდა, როდესაც შენს კელიაში შეხვალ, თუ გინდა ათასი აღასრულე, არავინ გიშლის. ღვთისმსახურება კი არ არის ინდივიდუალური ღვთისმოსაობის გამოვლენის ადგილი, ღვთისმსახურებაში ჩვენ ერთად თანავმყოფობთ და იქ შენი “მეს” ადგილი არ არის. როდესაც ერთად ვართ, ყურადღებით ვიყოთ, განსაკუთრებით ტაძარში.  დაე ჩვენი ფსალმუნთგალობა, ღვთისმსახურებაში მონაწილეობა, მეტანიები, მოძრაობა, ყველაფერი ყოფილიყოს ერთობლივი, ანუ ისეთი, როგორიც არის ჩვენს საღვთისმსახურო შეკრებაზე მიღებული[2, 116–117].

არ შეიძლება ფსალმუნება აღასრულო ისე, როგორც გამოგივა და არ იზრუნო იმაზე, ესმით თუ არა შენი ხმა ტაძრის შემოსასვლელში. მართალია, შეიძლება ყოველთვის მკითხველის ბრალი არ იყოს, ვინაიდან კარგად აღმოკითხვაზე პასუხისმგებელია აგრეთვე მეფსალმუნე. მეფსალმუნემ და მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ საზოგადო მსახურების პასუხისმგებლობა მათზეა დაკისრებული. კლიროსი არ არის ადგილი ადამიანური სისუსტეებისა და სურვილებისათვის. კლიროსზე მორჩილება – ხალხისთვის მსახურებას ნიშნავს. შესაბამისად, მეფსალმუნემ კლიროსზე  შესაფერისი ადამიანები უნდა დააყენოს. ფსალმუნების აღსრულებისას, მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ის ღვთის ხალხს ემსახურება. რა თქმა უნდა, ჩვენც ვაწყდებით რაღაც სირთულეებს. შეიძლება გვერიდება ან სულაც ხმა გვიწყდება ხოლმე. სირთულე სირთულედ რჩება, თუმცა, მე მაინც უნდა ვეცადო, რომ ჩემი მსხვერპლი, სათნო იყოს უფლისათვის. ის კი, ასეთი ვერ იქნება, თუკი თავდაპირველად ადამიანებისათვის არ იქნა სათნო.

გალობისას ყურადრება უნდა მივაქციოთ, რომ ჩვენი ხმა იყოს ღაღადის მსგავსი, არა მხოლოდ ბაგეებიდან, არამედ  სულის სიღრმიდან ამომავალი, ამიტომაც ითქმის: “უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი…” კარგია, თუკი ჩვენი გულმხურვალება მოყვასსაც გადაედება. ერთ ადამიანს შეუძლია მეორეს თავისი მდიდარი შინაგანი სამყარო აჩვენოს, თუკი მას ჭეშმარიტად უყვარს უფალი. მაგრამ, ზოგიერთნი, იწყებენ რა გალობას, ახსენდებათ, რომ არ უნდა იყვირონ. სულ ცოტა ხნის წინ მათი ხმა იერიქონის საყვირივით ჟღერდა, მაგრამ, როგორც კი გალობა დაიწყეს, მათი ხმა საერთოდ არ ისმოდა. აი, სადამდე მიდის ადამიანი, რომელიც  სულიერად ღარიბი, მიუსაფარი და უბედურია. ჩვენი გალობა თანწყობილი უნდა იყოს, გუნდის ხმა ერთხმად, ერთ მთლიანობად უნდა ჟღერდეს. ყურადღება მიაქციეთ, რომ სიტყვა “ ღაღად-ვყავ”, წარმოქმნილია ზმნისგან “ვღაღადებ”, რაც მიანიშნებს არა ბაგეებიდან ამომავალ ძახილზე, არამედ სულის სიღრმიდან ამოძახილზე. დაე, ჩვენმა ღაღადმა აირეკლოს ჩვენი ცხოვრება, დაე, ისეთი ძალით აღმოხდეს ის, რომ ზეცას მიაღწიოს.

ზოგჯერ მხოლოდ ერთი მგალობლის ხმა ისმის და ამ შემთხევაში ის ქების ღირსია, დანარჩენები კი, მასთან ერთად მდგარნი, მაგრამ ფაქტიურად მდუმარენი, ამჟღავნებენ საკუთარ გულგრილობას, და რომ ისინი არ თანაყოფობენ ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად. რატომ არ გალობ კრილოსზე სხვებთან ერთად და არ უგალობ სადიდებელს ქრისტეს? მხოლოდ ერთი რამ არის აუცილებელი: ჩვენი თანხმობა მოყვასთან. სწორედ ამაში მდგომარეობს გუნდური გალობის სირთულე. “ ერთითა პირითა და ერთითა გულითა” გალობა არ არის მარტივი, ამისათვის დიდი სიმდაბლე და ურთიერთგაგებაა საჭირო[2, 130–132].


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©    

Share