დიალოგი სამყაროს შემოქმედთან – არქიმანდრიტი ვიქტორ მამონტოვი

რამხელა სასწაულია ლოცვა, როდესაც ცოდვილი და უღირსი ადამიანი, დიდი კადნიერებით წარსდგება ღვთის წინაშე და ლოცვის სიტყვებით სამყაროს შემოქმედს  მიმართავს. გულწრფელად მლოცველი ადამიანი კი გრძნობს თავის გულში, რომ უფალი მის ვედრებას ისმენს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ჩვენი სურვილი მყისიერად აღვგისრულდება.  მაგრამ გულწრფელ და გულისმიერ ლოცვას ყოველთვის კეთილი ნაყოფები გამოაქვს და ყოველთვის სასწაულმოქმედია, რადგანაც ღვთის უწმინდესი სახელია მასში.

ადამიანო, ისწავლე ლოცვა და უდიდესი ძალა, სიხარული და სიმშვიდდე დამკვიდრდება შენში. ცოდვების სიმრავლისა და უძლურებების გამო არ დაიხიო უკან, არ უთხრა საკუთარ თავს, რომ ასეთ ცოდვილს ღმერთი არ მოუსმენს. ის ნებისმიერი მლოცველი ადამიანის გულს აყურადებს. არ არის სადღაც შორს, ზეცაში, არამედ შენს გულშია დამკვიდრებული. სწორედ იქ სადაც კრძალვით მოუხმობ მის წმინდა სახელს, რადგანაც თავად ის – იესუ ქრისტე მყოფოს თავის სახელში (დეკანოზი სერგი ბულგაკოვი. ”სულიერი დღიური”)  

mamontov1
არქიმანდრიტი ვიქტორ მამონტოვი

ზოგჯერ,  როგორ გვემძიმება, გვერთულება და გვეწყინება ლოცვა…
მაგრამ რომელ ჩვენგანს არ განუცდია თავის გულში საღმრთო მადლის შეხება, როდესაც მიუხედავად დაღლილობისა და სიმძიმისა უკან არ დაგვიხევია და სიმდაბლით ლოცვა გაგვირძელებია? სწორედ ეს არის შინაგანი ცხოვრების ის საფუძველი, რომელიც მუდამ უნდა იყოს ჩვენს გულში.

აუცილებელია, რომ გულწრფელად შევიყვაროთ ლოცვა. არამხოლოდ წარმოსახვებში, არამედ ნამდვილად. ავდგეთ და მოვაწყოთ ჩვენი ლოცვითი ცხოვრება,  რომელსაც მუდმივი შრომა სჭირდება, რომლის შედეგადაც ადამიანი ნელნელა, თადათანობით მოიხვეჭს ჭეშმარიტ ლოცვას.

ყველანი დიდ დანაკლისს განვიცდით, იმის გამო, რომ ჩვენი ცხოვრება გაორებულია. სხვა ცხოვრება გვაქვს ტაძარში და მის გარეთ კი სხვა. მიხვედი ტაძარში და გრძნობ, რომ იქ ლოცვითი ატმოსფერო, სიმშვიდე, სიწმიდე და მხიარულება სუფევს. სახლში კი მუდმივი კამათი, ყვირილი და უსიამოვნებებია.  

ამიტომაც, აუცილებელია, რომ პირადი ლოცვა გვქონდეს, რაც არსობრივად ღვთისმსახურების გაგრძელებაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი საკუთარ სახლს ღვთის ტაძრად აქცევს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ქრისტესმიერი სულის დეფიციტი ჩვენი სულიერი სისუსტეა, რაც მაშინ ვლინდება, როდესაც სრულიად, მთელი სისავსით ვცდილობთ, რომ პირადი ლოცვა დავიწყოთ.

გადაწყვიტე, რომ სიცოცხლის ბოლომდე აღასრულებ შენს ლოცვით კანონს, არ დაითვალო დღეები, არ ჩათვალო, რომ უკვე დროა შენი შრომის ნაყოფების გამოღება, არ მოიწყინო იმის გამო, რომ ნაყოფს ვერ ხედავ და არ იფიქრო, რომ არასწორად შრომობ და ერთ ადგილს ტკეპნი. დიდი მოთმინებითა და ღვთისადმი ნდობით შეიარაღდი და კეთილ შედეგებამდე მხოლოდ ეს მიგიყვანს.

სანამ ლოცვას დავიწყებდეთ, ჩვენი პირველი ამოცანა მდუმარებაა. როგორც ლოცვანში დილის ლოცვების წინ ვკითხულობთ: ”ძილისაგან აღდგომილი, სანამ სხვა საქმეს შეუდგებოდე, ღვთის წინაშე კეთილკრძალულად წარსდექი, ჯვარი გამოისახე და წარმოთქვი: ”სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ”. შემდეგ ცოტა ხნით შეყოვნდი, სანამ შენი ყველა გრძნობა არ დამშვიდდება და შენი აზრები არ განეშორება ყველაფერ ამქვეყნიურს. შემდეგ კი აუჩქარებლად, გულისმიერი ყურადღებით ილოცე”.

სწორედ ასეთი მოკლე მდუმარებით უნდა შევუდგეთ ლოცვას და ვეცადოთ, რომ დღის განმავლობაშიც გამოვნახოთ მდუმარების მცირე პერიოდები მაინც.  ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვესაუბრებით საკუთარ თავს და უნდა ვეცადოთ, რომ გამოვნახოთ ისეთი მომენტები, როდესაც ჩვენს აზრებს ვეტყვით: ”შეჩერდით!”

წინა დღემ ჩაიარა და როდესაც ვიღვიძებთ სრულიად ახალ დღეში ვაბიჯებთ და ვფიქრობთ: ”რას მოვუტან დღეს ადამიანებს? რა გავაკეთო ჩემს გარშემომყოფი ადამიანებისთის?, რას ველოდო დღეს, მწუხარებას თუ სიხარულს? განა მზად ვარ გამოვასწორო გუშინდელი შეცდომები?”

დღის დასაწყისში აუცილებელია, რომ ღმერთთან სიღრმისეულ ურთიერთობაში შესვლა ვეცადოთ და მის წინაშე ჩვენი შინაგანი სამყაროს სიღრმეები დავადუმოთ.

ჩვენ მუდამ საკუთარ თავს ან სხვებს ვესაუბრებით და არ ვიცით, თუ რა არის მდუმარება. ამიტომაც, საჭიროა, რომ პერიოდულად მოვწყდეთ ხილულს, იმისათვის, რომ უხილავი განგვიცხადდეს.

ამიტომაც, შინაგანი მდუმარება გვეხმარება, რომ გარეგნული სიჩუმის სიღრმეში, რაღაც უფრო აღმატებული განვიცადოთ. სწორედ ეს არის სიცოცხლით სავსე და სიცოცხლის მომნიჭებელი მყუდროება.

დღის განმავლობაში ვეცადოთ, რომ შევისვენოთ და შინაგანი მდუმარების აღდგენის მცდელობისთვის რაღაც დრო გამოვყოთ. საღამოს კი ღმერთისა და საკუთარი სინდისის წინაშე წარვსდგეთ.

ჩვენს ხელთაა აგრეთვე წმინდა მამების ლოცვები, რომლებიც ერთგვარი სკოლაა, რომელიც ჩვენზე გაცილებით აღმატებული სულიერი ცხოვრების მქონდე და ამავდროულად ადამიანური სისუსტეებიდან გამომდინარე ჩვენი მსგავსი ადამიანების გაამოცდილებას გვიზიარებს. ეს სიტყვები ოდესღაც ცოცხალი ადამიანის, გულწრფელი სულის ამოძახილია, რომელიც სულიერი აღტაცების, სიხარულის, მადლიერების ან სინანულის მდგომარეობაში იმყოფებოდა. თითოეული ლოცვა ისეთ გამოცდილებას შეიცავს, რომელიც გაცილებით აღემატება ჩვენს გამოცდილებას. ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეედრება წმ. ბასილი დიდს, წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველს, წმ. იოანე ოქროპირს ან სხვას, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, რომ ამ ლოცვებში იმას ჩაეჭდოს, რაც გამოცდილებით, მცირედით მაინც შეიცნო.

ასე წავიკითხოთ ყურადღებით და საკუთარ თავს ვკითხოთ: ამ სიტყვებიდან რომელია გულწრფელად ჩემი გამოცდილების საკუთრება? თუკი ერთი სიტყვა მაინც ხვდება ჩემს გულს, მაშინ სულ ცოტათი მაინც ვარ ამ წმინდანის გამოცდილების მოზიარე.

ასე ჩავუღრმავდეთ თითოეულ ლოცვას და შედეგად ნელნელა რაღაცეებს აღმოვაჩენთ. გავითავისებთ წმინდანების გამოცდილებას და მაშინ უკვე ამ სიტყვებს გონებისა და გულის თანამონაწილეობით აღმოვიკითხავთ. თანდათანობით, ჩვენი საზომისაებრ, ეს სიტყვები ჩვენი გულის ამოძახილად იქცევა.

ვეცადოთ, რომ გულწრფელები ვიყოთ, შევჩერდეთ ხოლმე კითხვისას და ვუთხრათ უფალს: ”უფალო, ეს სიტყვები არაა ჩემი საკუთრება, ასე არ ვგრძნობ და ვერ გესაუბრები, არ მაქვს ასეთი დამოკიდებულება ადამიანებისა და საკუთარი თავის მიმართ”. 

ასე რომ, ლოცვით აღეშენება ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ცხოვრებით – მოუკლებელი ლოცვა.

გევედრები უფალო, მომანიჭე შინაგანი მდუმარება, რადგან მხოლოდ ესაა ჭეშმარიტი ლოცვის ბირთვი და ამასთან ერთად იმის გაცნობიერება, რომ მხსნელი მჭირდება.

დეკანოზი სერგი ბულგაკოვი წერს: ”იშრომე, არ მოდუნდე, ლოცვაში უკან არ დაიხიო და ის (ლოცვა) თავად გასწავლის ყველაფერს. ქრისტეს უწმინდესი სახელი თაფლივით იქნება შენს ბაგეებზე. უფალო, გვასწავლე, მოგვანდომე და შეგვაყვარე ლოცვა!”

ლოცვა ლოცვით ისწავლება ისევე, როგორც მხოლოდ ცხოვრებით ვსწავლობთ ცხოვრებას.

ჩაუღრმავდი და გაითავისე ლოცვის თითოეული სიტყვა. ლოცვის სწავლა რთული, ხანგრძლივი და უაღრესად შრომატევადი საქმეა, რომელიც ჩვენგან დიდ მოთმინებას მოითხოვს.
მაგრამ ის, ვინც ამ მეცნიერებათა მეცნიერების სირთულეებს გადალახავს, ნაყოფად ქრისტესმიერ სიხარულს გამოიღებს.

ამ ღვაწლს ზრახვებისადმი ყურადღებით და ღვთის წინაშე მუდმივი სინანულის მცდელობით შეუდექი. საკუთარ თავზე აღმატებულად არ იფიქრო. უფრთხილდი მოწყენილობას, რომელიც ღვთის ძიებისთვის განკუთვნილ ძალებს გვართმევს. მტკიცედ გვწამდეს, რომ ქრისტე ნებისმიერ ახლობელზე უფრო ახლოსაა ჩვენთან და ჩვენი გულის ლოცვით ფეთქვას აყურადებს. თუ ფიქრობ, რომ რთულია ლოცვა, ევედრე ქრისტეს: ”იესუ, მოდი და დამკვიდრდი ჩემს გულში, ილოცე ჩემში და ჩემთან ერთად, რომ ვისწავლო შენთან საუბარი”.

წყარო: https://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •