UTA 3755

ლოცვა და ღმერთთან ურთიერთობა – არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი (ნაწილი 4)

მოთმინება ლოცვისას

მანამ, სანამ ადამიანის ცხოვრებაში, მოხდება თავისი არსით ის ერთადერთი შეხვედრა – შეხვედრა ღმერთთან, – ადამიანი უნდა დაიტანჯოს, გამოიცადოს. ეს შეიძლება იყოს ცხელება ან რაიმე სხვა სახის ტკივილი – სხეულებრივი, სულიერი, მშვინვიერი. მისთვის, ვინც არ იტანჯება, არ ტირის, სახეს ცრემლებით არ იბანს, შეუძლებელია ღმერთის დანახვა. მხოლოდ ის, ვინც განიცდის ძლიერ ტკივილს, შემძლებელ არს ხილვად უფლისა. არ არსებობს დაბადება ტკივილების გარეშე. მხოლოდ ტკივილს შეუძლია ადამიანის განთავისუფლება უგუნური სურვილებისა და ყოველივე იმისაგან რას მას იტაცებს, ტკივილი ადამიანს თავისუფალს ხდის და უფალთან აკავშირებს [3, 35].

როდესაც მე, იმის სრული გააზრებით ვუძღვნი უფალს, რომ ჩემი საკუთარი “მე” – სხვა არაფერია, თუ არა მძიმე ტვირთი და მხოლოდ გადასაგდებად ვარგისი ძველი ტომარა, მაშინ იწყებს მოქმედებას საღვთო მადლი. მე ვივსები საღმრთო შურით, მთელი გულით მივისწრაფვი უფლისაკენ, სული და გონება იხსნება უფლისათვის და ქრება მწუხარება. და თუკი მე არაფერს ველოდები უფლისაგან, ის თავად მოდის და ჩემ გულს სიმსუბუქეს ანიჭებს.

ლოცვის დაწყებისას, ჩვენ ხშირად არ განვიცდით საღმრთო შურს, არ ვგრძნობთ მის თანამყოფობას, ღმერთი ჩვენთვის რაღაც უხილავი, მკაცრი, პირქუში, უსიყვარული და საერთოდაც არარსებული ხდება. ასეთ დროს ჩვენ ვწყვეტთ ლოცვას. მაგრამ, ეს არასწორია. თუკი ჩვენ მაინც ვიტვირთავთ ამ სიმძიმეს და გავაცნობიერებთ, რომ   საკუთარი მარტოობის წყვდიადში უნდა ვილოცოთ, განვიცადოთ ჩვენი სულის ჯოჯოხეთური წამებანი და ყოვლად უიმედოდ დარჩენილებმა,  აღვასრულოთ ლოცვა ამ გეენის მსგავსს ჯურღმულში, უღმერთოდ, სინათლის მცირეოდენი სხივის გარეშე, როგორც ყოვლად უღირსებმა – სწორედ ასეთ დროს იწყებს მოქმედებას ღმერთი, ის მოვა და გულიდან სიმძიმეს მოგვაშორებს, დაგვამშვიდებს.

უფლის სიყვარულს მოიზიდავს არა ჩვენი წარმატებანი, არამედ ღვაწლი, თავდადება, საკუთარი თავის უფლისადმი მიძღვნა. წარმატებას თავად უფალი მიბოძებს, როდესაც ჭეშმარიტად დავმდაბლდები და უარვყოფ საკუთარ “მეს”, იმისათვის, რომ მივიღოთ მთელი ეკლესიის სული[3, 38–39].

თვით წმინდანებიც კი აღმოჩნდებიან ხოლმე გარკვეული დროით წყვდიადში, თუმცა, სინამდვილეში, ეს წყვდიადი – ძღვენია უფლისა, მისი მოხილვაა. იმ წუთებში, როდესაც უფალი ჩვენს თვალთახედვას ეფარება, ჩვენ განვიცდით წყვდიადს, საშინელებას, მძიმე ბრძოლას, მტანჯველ ეჭვებს. გვეჩვენება, რომ ეს ჩვენი ურწმუნოებიდან გამომდინარეა და ისე, თითქოს ღმერთი არ იყოს, ვიწყებთ საკუთარი ძალებით ბრძოლას, მაშინ როდესაც უფალს ჩვენი რწმენაში განმტკიცება სურს, “შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი” (იხ. ფსალმ. 65, 12). სწორედ ამ წუთებში გამოიცდება ჩვენი რწმენა და ჩვენი უფალთან კავშირის სიმტკიცე. თუკი მე ვიხილავ ღმერთს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ რაიმეს მივაღწიე. უბრალოდ, თავისი სულგრძლებით, უფალი ჩემ გულს შეეხო და ჩემს უძლურებამდე დამდაბლდა. მის მიერ ჩემი გულის მოხილვა – უფლის მოქმედებაა და არა ჩემი დამსახურება; უფალთან ჭეშმარიტად, მისი სხეულებრივი თვალებით დანახვა კი არ მაკავშირებს, არამედ რწმენა, რომელიც უხილავ ღმერთს ჩემთვის ხდის ხილულს [3, 118].

უფალი მხედავს და მისმენს

მაშინ, როდესაც ლოცვისას ვიღლები და უფლის წინაშე წარდგომა დამღლელი ხდება ჩემთვის , მაშინ, როდესაც უფალი დამალულია ჩემთვის, როდესაც ძილი მერევა და ლოცვის სიტყვები ჩემი გონების მიღმა იფანტება,  მაშინაც კი, როდესაც ნათლის სხივმიუწვდომელ წყვდიადში ვარ ჩაძირული, მე დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ჩემს ამ უცნაურ ყოფაში, ჩემს სიბრმავეში და წყვდიადში არის ღმერთი. ღმერთს ესმის ჩემი, მე ის მხედავს, ის აქ არის. აღარ დავეძებ სულიერ სიტკბოებებს – დაე, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფალი დატკბეს მისდამი მიძღვნილი ჩემი სულით. ვეძიებ იმას, რაც შემაძლებინებს უფალი გავახარო. მაშინ კი, მძინავს თუ ვმღვიძარებ, ვცოცხლობ თუ ვკვდები, სასიცოცხლო ძალებით ვარ აღსავსე თუ სულიერად გამოფიტული –  აღარაფერს აქვს აზრი. მთავარია, რომ მე უფლის წინაშე ვიმყოფები [3, 114–115].

დაე, წყვდიადმა დაისადგუროს ჩემს ირგვლივ, დაე, ღრუბლებმა დაფარონ ცა და ჭექა-ქუხილმა დაიგრგვინოს, დაე, დემონებმა აავსონ ყოველივე თავიანთი სიმყრალით. განა ეს მნიშვნელოვანია? თუნდაც რომ შეპყრობილი ვიყო და ვნებებით სავსე, მაინც, მუდამ უფლის წინაშე ვიმყოფები. დავრჩები აქ, მარტოდ, მყუდროებაში და უფალი ოდესმე ჩემკენაც მოაპყრობს მზერას. ოჰ, ნეტავ კი მან ეს მოისურვოს! მისი ერთი შემოხედვა – და საკმარისია. ოჰ, ნეტავ შემოეხედა მას ჩემთვის ისე, როგორც ოდესღაც  ლეღვის ხეზე ასულ ზაქეს შეხედა, ან სამარიტელს, რომლისთვისაც გრძელი გზა განვლო, ან მრუშ დედაკაცს, რომლის გასამართლებაც სურდათ იუდეველებს, მან კი ქრისტესგან გაიგო: “არც მე განგსჯი” (იოან. 8, 11). ოდესმე, თუნდაც ერთხელ, დაე, მეც შემომხედოს ქრისტემ. და თუნდაც მე რომ ის ვერ დავინახო, დაე მან დამინახოს მე. რად მინდა უფლის დანახვა მე, თუკი ის ამ დროს  ვერ შემამჩნევს მე? მაგრამ, თუკი მისი მზერა ჩემზე შეჩერდებოდა, ეს  ნამდვილი დიდებულება იქნებოდა.

თუმცა, რატომ ვამბობთ “ოდესმე”, “თუკი”, “თუნდაც ერთხელ”? განა შეიძლება ყოვლისმხილველი ღმერთი, რომლის თვალი ყველას უმზერს და ყოველივეს ხედავს, ვერ მხედავდეს მე? უფლის მზერის წინაშე წარდგომა – ამაში მდგომარეობს ჩემი ღვაწლი. მაშინ უფალი მწყალობს და იწირავს ჩემს ღვაწლს[3, 115–116].

უფალი ჩვენ ისე არ გვეპყრობა, როგორც ზღვას და ლეღვის ხეს (იხ. მათ. 21, 18-20; მარკ. 11, 12-14). გრძნობთ კი, რაოდენ მამობრივი სინაზით იდრეკს უფალი ჩვენ წინაშე ქედს?

თუკი ჩვენ ამ შეგრძნების გარეშე ვცხოვრობთ, ამის გათვითცნობიერების გარეშე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიწყია უფლისადმი მზერის მიპყრობა, თუ გნებავთ – არ შეუპყრიხართ უფლისადმი სიყვარულის ციებ-ცხელებას, ჩვენი თვალები არ დაბუგულა ამ ცხელებისა და უფლის მიმართ დაჟინებული ცქერისაგან, იმის იმედით, რომ ის მოწყალებას მოიღებს ჩვენზე და ტკბილად გვანუგეშებს. ჩვენ ვრჩებით ცივნი, უსიცოცხლონი, უგრძნობნი, ჩვენში  აღარ არის სიცოცხლე, რადგან ჩვენ ვერ ვგრძნობთ ცოცხალ ღმერთს. ჩვენ ის გვეხება მაშინ, როდესაც ველოდებით, მოვუხმობთ, რადგან ის “ ყველა ხორციელთან” მოვიდა: შენ გეფერება, მე მატკბობს, სხვას ანუგეშებს. მაგრამ, თუკი დაკავებულნი ვართ, როგორ მოვა ჩვენთან უფალი? შემთხვევითაც რომ შევნიშნოთ იგი, ვიტყვით: “ერთი წუთით,  სამუშაო უნდა დავასრულო”.

ამიტომაც, რამდენადაც შეგვიძლია, ჩვენი უფლის ფერხთით დავემხოთ. გემუდარებით, შვილნო ჩემნო, შევიყვაროთ ჩვენი კელიები! ყველა წმინდანი იმდენ მეტანიას აკეთებდა, რომ მათი კელიის იატაკზე, მუხლების ნაკვალევისაგან ჩაღრმავებები ჩნდებოდა. ზოგიერთს იატაკის დაფები ულპებოდათ მათი ცრემლებით დალტობის გამო, რომლებსაც ისინი უხილავი ღმერთის წინაშე ღვრიდნენ. შევძლებთ კი ჩვენ მათი მსგავსნი გავხდეთ? თუკი არ მივბაძავთ მათ, ვისი მიმბაძველნი ვიქნებით მაშინ? თუკი არ შევიყვარებთ მათ, ვისღა შევიყვარებთ მაშინ? თუკი ისინი ახლობელნი აღარ არიან ჩვენთვის, რომლებთან ერთადაც უდაბნოში გამოვედით, მაშ, ვისთან ერთად გავივლით გზასავალს? როგორღა ვიგრძნობთ, რომ წმინდანთა თანაზიარნი – თანამოქალაქენი ვართ (ეფ. 2, 19)? ასე უნდა ვიცხოვროთ  ჩვენს კელიებში! [1, 517–518].

ლოცვა – ასკეტური ღვაწლია

მღვიძარება – ჩემი უფლის წინაშე მყოფობაა. ლოცვითი მღვიძარება, ყველა მოღვაწისათვის, ნამდვილ გმირობად ითვლებოდა, ისინი აიძულებდნენ თავს არ დამჯდარიყვნენ, იდგნენ და გამუდმებით იბრძოდნენ. ზოგიერთი ასკეტი, ხორცის ასალაგმად, გაუნძრევლად იდგა ერთსა და იმავე ადგილზე. ჩვენც მათგან ავიღოთ მაგალითი და ლოცვისას უფლის წინაშე მოთმინებით წარვდგეთ. რაც უფრო შორეული და უჩინარია ღმერთი ჩვენთვის, მით მეტ მნიშვნებლობას იძენს ჩვენი ღვაწლი.

მაგალითად, რისთვის ვმარხულობ? – მარხვა – ეს დასტურია იმისა, რომ მე უფლის წინაშე ვდგავარ და მას ველოდები, ველოდები უანგაროდ, ყოველივე იმ განცდის გარეშე, რომ ის მოვა და ჩემი გულის კარებზე დააკაკუნებს. თუკი მე ღმრთის მიერ ჩემი გულის მოხილვას ველოდები, შესაძლოა შევიშალო კიდევაც. შიმშილი, რომელსაც ვგრძნობ, სიცარიელის განცდა კუჭში, მარხვითი ღვაწლი –  ეს გახლავთ ლტოლვა უფლისადმი და შეხვედრა მასთან.

და რა დანიშნულება აქვს ჩემთვის კითხვას? ის, რომ მე, ვერ ვხედავ რა ღმერთს ხორციელი თვალებით, ვხედავ მას წიგნში, მისი კითხვისას. უფლისა და ღმრთაებრივ მოვლენათა შესახებ კითხვით, მე ჩემ მიერ უფლის დანახვის უუნარობას ვინაზღაურებ.

რისთვის არის საჭირო გონიერი ლოცვა? ლოცვისას მე გონებით მივმართავ ღმერთს და მას თითქოს ჩემ წინ მყოფად წარმოვიდგენ, ამიტომაც, ლოცვა – ესეც ლტოლვაა უფლისადმი და ასკეტური ღვაწლი.მართლმადიდებელი ქრისტიანის ყველა ღვაწლი (ყველა ქრისტიანმა უნდა იღვაწოს) – ეს მისი უფლის წინაშე მყოფობაა. ხედავთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების ცოდნა? ხვდებით, რა მარტივია შეცდე, თუკი არ იცი რაში მდგომარეობს ღვაწლის არსი? შენ ან უშედეგოდ დაელოდები ღმერთს, ან ამაოდ იხეტიალებ და ვეღარ იგრძნობ უფლის მყოფობას შენს თვალწინ, ამ დროს, ღვაწლი ხდება მხოლოდ ძალდატანების იარაღი შენს ბუნებაზე და უფლისაგან შორს ხეტიალისა და მისგან დაცილებულობის მიზეზი. რამდენჯერ დამართნიათ ეს მოღვაწეებს: ნაცვლად იმისა, რომ ღმერთი ეპოვათ, ისინი კარგავდნენ მას[3, 119–120].

ღვაწლის აღსრულებისას, რისკენ მოგვიწოდებს ფსალმუნნი (იხ. მაგ. ფსალ. 6,7;68 სლავური თარგმანი) და რას გვასწავლიან წმინდა მამები, რომ მალე მოიხვეჭ სულიწმინდას და ლოცვითი მღვიძარებისა და შინაგანი სიმყუდროვისას სიხარულით აღივსები, მდუმარებით დატკბები. “დარწმუნებული იყავი – ამბობს უფალი – რომ, როდესაც შენი სული იქნება მზად, მე მოგგვრი სიმშვიდეს, მაგრამ, ვინაიდან შენ ჯერ კიდევ არა ხარ მზად, მე არ განიჭებ ამას. თუკი მე სიმშვიდეს მოგანიჭებ, ის დაგღუპავს შენ. იღვაწე, რადგან ახლა, შენი წარდგომა ჩემ წინაშე განუწყვეტელ ღვაწლში მდგომარეობს. ეს არის შენი მოწამეობრივი გზა. შენ უნდა შეიყვარო ტანჯვა, შრომა, რათა დაამტკიცო, რომ გიყვარვარ მე”.

ღვაწლი და რწმენა იმისა, რომ ჩვენ ვიმყოფებით უფლის წინაშე, რომელიც გვიყურებს და გვწყალობს, გვანიჭებს მოსვენებას, თავისუფლებას და იმედს, რადგან ვიცით: რომ ყვოველივე, არც მსურველზე და არც მოღვაწეზე არ არის დამოკიდებული, არამედ ღვთის მოწყალებაზე (რომ. 9, 16). რა უბედურება იქნებოდა, სიმვიდისა და მყუდროების მოხვეჭა ჩვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული! მაგრამ, მადლობა ღმერთს, სანუგეშოდ უფალი გვეუბნება: “ეს შენი საქმე არ არის, არამედ ჩემი. არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოისაი, – იტყვის უფალი უფალი, – ვითარ მოქცევაი მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაი მისი (ეზეკ. 18, 23 ( . იუნგეროვის თარგმანი))».

ყოვლადსახიერ ღმერთს მხოლოდ ერთი რამ სურს: რომ სიმშვიდე მოგვანიჭოს. სხვა შემთხვევაში ის ყოფიერებაში არ მოგვავლენდა. მაგრამ, რადგანაც მან შეგვქმნა ჩვენ, ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ეს სურს. როგორ იმედსა და სიმშვიდეს გვინერგავს უფალი! ჩვენი გონება და გული მცირედით მაინც რომ განიწმინდებოდეს, შევძახებდით: “ოჰ, აქამდე როგორ ვერ ვხვდებოდი როგორი ღმერთი გვყავს! ის ზრუნავს ჩემზე( იხ. 1 პეტრ. 5,7)”. როგორც გადაწყვიტა და დაგვპირდა, ისე მოგვექცევა უფალი. და მე რა დამრჩენია? ვიტანჯები, ვიბრძვი, ვგმინავ, ვწვალობ, მაგრამ ვიაზრებ, რომ ტანჯვა – ღმრთაებრივი გზაა. თავად ღმერთი, მოწყალე უფალი მყოფობს ჩემთან და შეუძლებელია, არ გადამარჩინოს [2, 176–177].


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©