რა უნდა ვითხოვოთ ღვთისაგან?
მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, არ მინახავს ადამიანი, რომელსაც უფლისაგან არ მიეღოს ის, რაც მისგან ითხოვა. მსგავსი რამ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, ღმერთი რომ არ ყოფილიყო. უფრო მარტივია თქმა იმისა, რომ არ არის ღმერთი, ვიდრე იმისა, რომ მან არ მომცა ის სულიერი გამოცდილება, რომელიც ვთხოვე. უფალმა ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თავის ზეციურ მეუფებაში დამკვიდრებისათვის მოგვიწოდა. მაგრამ, თუკი ჩვენ არ განვიცდით ქრისტეს და არ დავიწყებთ მისით ცხოვრებას, რამეთუ ის არის მეუფებაც, სიმდიდრეც და ნათელიც ამ სამეფოსი, მაშ, როგორღა შევძლებთ ჩვენ მის შეყვარებას? შეიძლება გიყვარდეს ის, რასაც ვერ ხედავ და არ იცნობ? ადამიანს უყვარს ის, რისი ხელით შეხებაც შეუძლია, რასაც ხედავენ მისი თვალები, რის გამოც ჩქარდება მისი გულისცემა. თუკი უფალს ჩვენთვის ჯერ არ მოუცია თავის მეუფებაში ზეაღსვლის განცდა, თუკი არ მოუნიჭებია სულიერი სიხარული, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გაგვჩენია ამის სურვილი, არ გვიბრძოლია მისი სამეფოსათვის და ჩვენ გული არ შეფრთხიალებულა სასიხარულო ფიქრებით მასზე. მოდით, ვისწრაფოთ ამისკენ![1, 540–541].
თუკი შენს გულში არის ცხადი განცდა ცოდვილობისა, თუკი არ ბილწავ შენს გულს საკუთარი ჭირვეულობით, მოლოდინებით, ცდუნებებით, მაშინ ღმერთი ყოველივეს გობოძებს შენ. უფალმა სხვადასხვა ნიჭიერებანი და მიდრეკილებები ჩადო ჩვენში, სიყვარული შემეცნებისა და ზეციურ ძღვენთა მიმართ, მაგრამ მხოლოდ მას ძალუძს ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. მიანდე უფალს შენი ცხოვრების გზის წარმართვა. მან ყოველივე მანამ უწყის, სანამ ითხოვდე მისგან.
ითხოვე, რომ მოგმადლოს სინანული, შეგინდოს შენი დაცემანი, ყოველივე დანარჩენი კი მან თავად უწყის. მან იცის, თუ როგორი ქარი მოავლონოს, იცის ისიც, შეიძლება თუ არა აიღოს შენგან სიხარული და აქციოს ის მწუხარებად, ან განგაშოროს მწუხარება და აქციოს ის სიხარულად, მოგცეს წარმატება თუ წარუმატებლობა, განკვეთოს შენი ვნებანი თუ დაგიტოვოს ისინი, განგკურნოს სნეულებისაგან და მოგცეს ჯანმრთელობა, თუ მიიღოს შენგან ჯანმრთელობა და მოგცეს ავადმყოფობა.
უფალი გვაძლევს საიდუმლოს, რომლის მიერაც ზეციურ სამეფოში შევდივართ, მაშინ, როდესაც ჩვენი საკუთარი მოთხოვნილებები, მოლოდინები და თხოვნები, უმეტესწილად, განგვაშორებენ ღვთისაგან. ჩვენი გულის სათხოვარი – როგორც წესი, ჩვენი ეგოიზმის გამოვლინებაა. ამიტომაც არის, რომ ეკლესია არ ეთანხმება ადამიანის მიერ თავისი სათხოვრის ლოცვით თვითნებურად გამოხატვას, არამედ გვასწავლის წარმოვთქვათ მხოლოდ: “უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი” ; ეკლესია არაფერს ითხოვს, გარდა უფლის მოწყალებისა. როდესაც ჩვენი სული ხდება უზაკველი და წმინდა, ესე იგი მას ვერ ბილწავს ჩვენი სურვილებისა და მისწრაფებების სიმყრალე, მაშინ კი, შეუძლია უფალს დამკვიდრდეს ჩვენში. [1, 190–192].
ზოგჯერ ჩვენ ვცდით ღმერთს, ვთხოვთ რა მოცემას იმისა, რასაც თავად ვთვლით საჭიროდ. მაგალითად, ჩვენ ასე ვლოცულობთ: “ღმერთო, გთხოვ, მიჩვენე, სწორია თუ არა ჩემი გადაწყვეტილება, ისე, რომ ამას მივხვდე ან ვინმესთან შეხვედრით, ან რაიმეში წარმატების მიღწევით, ან რაიმეს გაგონებით”. თუმცაღა, უფალი, არასოდეს უსმენს ისეთ ადამიანს, რომელსაც, მიუხედავად თავისი არარაობისა, სურს ზეგავლენა მოახდინოს უფლის განგებულებაზე. ღმერთი გვაძლევს იმას, რასაც თავისი ყოვლისმჭვრეტელი განგებულებითა და სიყვარულით გადაწყვეტს [1, 207].
რაც მეტად არის ადამიანი ვნებითა და ცოდვით აღსავსე, მით მეტად ცდილობს აამოს საკუთარ თავს, იღებს უფრო დიად გადაწყვეტილებებს ,ესწრაფვის უფრო დიადი საქმეების აღსრულებას, უფრო მეტის ხილვასა და მიღწევას ითხოვს ღვთისაგან. მაგალითად, მე ძალიან ცოდვილი ვარ. როდესაც რაიმეს გადავწყვეტ და მის აღსრულებას შევუდგები, უფლისაგან დიადი ნიჭების თხოვნას დავიწყებ, ჩემს მიზნად კი წმინდანთა მიერ გაწეული ღვაწლის აღსრულება იქცევა. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, მოხდება სრულიად საწინააღმდეგო რამ. რაც უფრო დიდი ღვაწლის ტვირთვას შევეცდები, მით უფრო დიდი იქნება ჩემი დაცემა. და ვინაიდან გაიზრდება ჩემი ცოდვების რაოდენობა, ამიტომაც, უფლის წინაშე წარდგომისას, როგორც მისი სიყვარულის გამოვლინება, მე უფრო დიდი ნიჭების თხოვნას დავიწყებ მისგან. თუკი ადრე სნეულთა განკურნების ნიჭს ვითხოვდი, ამჯერად ვითხოვ ნიჭს მიცვალებულთა აღდგინებისა. თუ აზრთა სიმშვიდეს ვითხოვდი, ახლა ვითხოვ, რომ მშვიდობა მქონდეს თავად სატანასთან. რაც მეტი ვნება მძვინვარებს ჩემში, მით მეტი მოთხოვნა მიჩნდება უფლისადმი და მეტი გულმხურვალებით ვპირდები მას, რომ ჯვარზე ავალ მისთვის. ეს თვისებაა იმ ადამიანისა, რომელიც ვერ გრძნობს საკუთარ უძლურებსა და სნეულებას.
ამიტომაც, დაე შენმა გონებამ იცოდეს, რომ ცოდვილი ხარ და მხოლოდ ერთადერთი რამ ეძიოს – განთავისუფლება ცოდვისაგან. პირველი, რაც უნდა გააკეთო, – ეს გახლავთ, შეძლო საკუთარი “მეს” უარყოფა, მოერიო შენს გრძნობებს, განთავისუფლდე ვნებათაგან, მიაღწიო უვნებობას, აი, ამის შემდეგ კი ითხოვე უფლისაგან უფრო დიდი ჯვარი, დიდი მსხვერპლი და დიდი ნიჭები, რომლებიც ცხადყოფს მის შენთან მყოფობას [1, 275].
თუკი რაიმე არ გვაქვს, თუკი რაიმე რთულად გვეჩვენება, ეს იმიტომ, რომ არასოდეს გვითხოვია უფლისაგან იგი, ან ცუდად ვთხოვეთ, ან სულაც არ დაგვიკისრებია ამ თხოვნის აღსულება უფლისათვის. “უფალს შევთხოვ” – არ ნიშნავს თქმას იმისა: “ღმერთო ჩემო, მომეცი აი ეს, რადგან არ მაძლევ აი ამას”?” სწორად ასე უნდა ვითხოვოთ: “ღმერთო ჩემო, მე მჭირდება ეს. შენ მოგანდობ მას და ჰქმენ ისე, როგორც გენებოს”. ამის თქმის შემდეგ, მე ვივიწყებ ყოველივეს და მხოლოდ ღვთის ხსოვნით ვაგრძლებ ცხოვრებას. ჩვენ კი, როდესაც რაიმე გვსურს და უფალს მის მოცემას ვთხოვთ, ვხდებით უბედურნი, რადგან ვფიქრობთ ჩვენს სურვილზე და არა ღმერთზე [1, 424].
“სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა – ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით “,- აბბა ისაიას პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლედან მოჰყავს ამონარიდი(იხ. 1 კორ. 15, 41).
ნუ შეგშურდება თანამოძმის, ნუ მოისურვებ მის მსგავსს ნაყოფებს, რამეთუ ღმერთი ყველას განსხვავებულ სიწმინდეს, განსხვავებულ სიამეებს, განსხვავებულ მწუხარებებს გვანიჭებს, იმისდა მიხედვით, რამდენის დატევნასაც შევძლებთ და რამდენსაც მოვისურვებთ. დაე, ნუ იქნები ისეთი, როგორის არის ის, ის დიდია შენზე, ის წმინდანი ჩანს, შენ კი მცირე მასთან შედარებით, ის დიდი სულიერი გამოცდილების მქონეა, შენი გამოცდილება კი ძალზედ მწირია, თუმცაღა, არავინაა მოკლებული დიდებას. მართლაცდა, “სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა – ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით”, თუმცა, დიდება ერგება ყველას. დიდება – ღვთაებრივი ენერგიის გადაცემაა ადამიანისათვის.
უფალი ყოველ ადამიანში მოქმედებს. არცერთი მთხოვნელი არ დარჩება ხელცარიელი. თუნდაც რომ ოცი წელი სიგლახაკეში გაატარო და მთელი ოცი წლის განმავლობაში ერთი სულიერი დრაქმაც არ გექნეს, საბოლოოდ შენ მაინც მიიღებ სულიერ, ღვთაებრივ დიდებას და გაბრწყინდები.
ღმერთმა ჩემი ვედრება შეისმინა და სულიერი განსვენება მომმადლა, შენი ვედრება კი ჯერ არ შეუსმენია; სიტყვებზე: “ ქრისტე ჩემო”, შენ თვალზე ცრემლი გადგება, სხვა კი წარმოთქვამს: “ქრისტე ჩემო”, მისი თვალები კი მშრალი რჩება (ისინი შესაძლოა, მშრალი დარჩეს სამარადისოდ); ერთი ოცი წელი ცდილობს მრისხანების მოკვეთას, მაგრამ უშედეგოდ, მეორე კი, წამისყოფაში იკვეთს მას, – ყოველი ვარსკვლავი განსხვავებულად დიდებულია, მაგრამ ორივენი ერთსა და იმავე წმინდა საძირკველზე, ცამყარზე მდებარეობენ. ჩვენ ყველანი იესუ ქრისტეს საძირკველზე ვიმყოფებით, სამოთხეში, რომელიც ქრისტემ გვიბოძა და რომელიც გახლავთ წიაღი ეკლესიისა, სამოთხე ღმრთისა. როგორ შესანიშნავად აშორებს აბბა ისაია არასრულფასოვნების, იმედგაცრუებისა და თვითდაჯერებულობის განცდას, რომელიც შესაძლოა მორწმუნე ადამიანს გაუჩნდეს! [1, 539–540].
წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020
სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©