ათონელი scaled

შენს გულში მუდამ ესაუბრე ქრისტეს – წმინდა პაისი ათონელი (ნაწილი 1)

მამაო, ლოცვა ჩემი სუსტი წერტილია, ძალიან ჩამოვრჩები. რა გავაკეთო?
– ესაუბრე ქრისტეს. სადაც არ უნდა იყო შენი უბრალო სიტყვებით თხოვე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ანგელოზებს და წმინდანებს. თხოვე, რომ ლოცვაში შეგეწიონ. უთხარი ქრისტეს „უფალო, შენ იცი ჩემი სურვილი. შემეწიე!“. აი ასე, უბალოდ და სიმდაბლით ესაუბრე მას, გადაუშალე შენი გული და შენი ტკივილი. შემდეგ დაიწყე მოუკლებლად: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“.

მამაო, ყურადღებით არ ვლოცულობ. მუდამ გონება მეფანტება…
– სანამ ლოცვას დაიწყებ გაიაზრე, თუ ვის წინაშე ხარ. შენ ხომ სამყაროს შემოქმედ ცოცხალ ღმერთს ესაუბრები! განა ეს უმნიშვნელო რამაა? როდესაც ვინმე ვიღაც მაღალჩინოსანს ესაუბრება რამხელა ყურადღებით წარმოთქვამს თითოეულ სიტყვას, რომ რამე სისულელე არ წამოსცდეს. ზოგჯერ მღელვარებისაგან საუბრის უნარიც კი ერთმევათ ხოლმე! თუ ადამიანს ვესაუბრებით ასეთი ყურადღებით, მაშინ როგორი ყურადღება გვმართებს, როდესაც ჩვენს შემოქმედ ქრისტეს ვესაუბრებით? პატარა ბავშვიც კი, რომელიც მამასთან ან ვინმე უფროსთან რაღაცის სათხოვნელად მიდის ღელავს. ან როდესაც უნდა რომ თავის მასწავლებელს, რომლისაც ცოტა ეშინია კიდეც რამე ჰკითხოს, კიდევ უფრო მეტად ღელავს. ჩვენ კი თავად ღმერთს ვესაუბრებით!

– მამაო,ხშირად ამაოდმეტყველებაში ვვარდები…
– ქრისტესთან საუბარი არ ჯობია? დაიწყე ქრისტესთან საუბარი და არ ინანებ. რა თქმა უნდა, ამაოდმეტყველება და მრავლისმეტყველება ვნებაა, მაგრამ თუ ამას სულიერი მიზნებისთვის გამოიყენებ, შეიძლება ლოცვაშიც კი დაგემხაროს. ზოგს ლაპარაკიც კი ეზარება. შენში კი არის ეს ენერგია და ცეცხლი, და თუ სულიერი მიზნისთვის გამოიყენებ, შენი სული განათლდება. ეცადე, რომ ზედმეტ და ამაო თემებზე არ ისაუბრო და შენს გულში მუდამ ქრისტეს ესაუბრე. როგორც კი მასთან სიმდაბლით საუბარს დაიწყებ, აღმოაჩენ, რომ ქრისტესთან საუბარი იმდენად ტკბილი და საინტერესოა, რომ აღარ აგაღელვებს და დაგაინტერესებს, თუ რა ხდება შენს ირგვლივ. მე სულიერ თემებზე საუბარიც კი მღლის ხოლმე და აი, ლოცვისას კი ნამდვილად ვისვენებ.
ლოცვა ცოცხალ ღმერთთან საუბარია. ზოგჯერ მშურდა კიდეც იმ ადამიანების, ვინც ქრისტეს დროს ცხოვრობდა, რადგან ისინი მას საკუთარი თვალით ხედავნენ, მისი სიტყვები ესმოდათ და მასთან საუბარიც კი შეეძლოთ. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენ მათთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ, რადგან მათ ხომ არ შეეძლოთ, რომ ხშირად მისულიყვნენ მასთან და ეკითხათ რამე, ჩვენ კი ლოცვით ქრისტესთან მოუკლებელი ურთიერთობის საშუალება გვაქვს!

– მამაო, როგორ ვილოცოთ?
– პატარა ბავშვის მსგავსად ესაუბრეთ მას. იგრძენით, რომ ბავშვები ხართ, ხოლო ღმერთი თქვენი ზეციური მამაა და თხოვეთ მას, რაც გჭირდებათ და შემდეგ უკვე ვეღარ მოსცილდებით მას! მხოლოდ ღმერთში ვიძენთ უსაფრთხოებას, ნუგეშს, გამოუთქმელ სიყვარულსა და სიფაქიზეს. ლოცვა საკუთარ გულში ქრისტეს შეშვებას და მთელი არსებით მის შეყვარებას ნიშნავს. „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“, – ვკითხულობთ წმინდა წერილში. როდესაც ადამიანს ღმერთი უყვარს და მასთან ურთიერთობს, მაშინ მას უკვე მიწიერი აღარაფერი იზიდავს. ის „შეშლილივით“ ხდება. აბა ჩაურთე შეშლის საუკეთესო მუსიკა, საერთოდ არ შეეხება, უჩვენე ყველაზე მშვენიერი ნახატი, ყურადღებასაც არ მიაქცევს. მიეცი ყველაზე გემრიელი საჭმელი, საუკეთესო ტანსაცმელი, არაფერი იზიდავს, არაფერი აინტერესებს და მხოლოდ საკუთარ სამყაროში ცხოვრობს. სწორედ ასევეა ის ადამიანიც, ვისაც ზეციურ სამყაროსთან აქვს ურთიერთობა; ის მთელი არსებით ქრისტესთანაა და არაფრის ფასად არ უნდა მასთან განშორება. ისევე როგორც ბავშვს დედის მკლავებს ვერ მოწყვეტ, ასევე ლოცვას ვერ მოწყვეტ მას, ვინც მისი სიტკბოება იგემა. რას გრძნობს ბავშვი დედის მკლავებში? მხოლოდ ის მიხვდება ამას, ვინც საკუთარ გულში ღმერთს იგრძნობს და საკუთარ თავს კი მის შვილად და ბავშვად აღიქვამს.
ვიცნობ ისეთ ადამიანებსაც, ვინც ლოცვისას საკუთარ თავს ბავშვებად აღიქვამენ. რომ მოუსმინო, თუ რა სიტყვებით ლოცულობენ, იფიქრებ რომ პატარა ბავშვები არიან. როდესაც დაინახავენ თუ ამ დროს რა მოძრაობებს აკეთებენ, იტყვიან რომ სულ გაგიჟდნენ ესენიო! როგორც შვილი გარბის მამისკენ, ხელზე ებღაუჭება და სათხოვარის შესრულებას ეხვეწება, აი ასეთი უბრალო და შვილებრივი კადნიერებით ესაუბრებიან ღმერთს!

– მამაო, შეიძლება, რომ ჩვენში აღძრული ლოცვის სურვილი, უბრალოდ ურთიერთობებისა და ნუგეშის საჭიროებით გამოწვეული ემოციური ფონისგან იყოს?

– ასეც რომ იყოს, ამაში ცუდი რა არის? მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ლოცულობ. გასაგებია, რომ უფალი სწორედ იმიტომ უშვებს ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში რაღაც სირთულეებს, რომ მისკენ გავიქცეთ და მას მივმართოთ, მაგრამ ჯობია, რომ თავისი მშობლების მოყვარული ბავშვივით გავიქცეთ მისკენ. წარმოგიდგენიათ ბავშვი, რომელმაც იცის თუ როგორ უყვართ თავიანთ მშობლებს, დაძალება სჭირდებოდეს რომ დედ-მამას ჩაეხუტოს?
ღმერთი მოსიყვარულე, ფაქიზი მამაა და მას ძალიან ვუყვარვართ. ამიტომაც ლოცვისთვის განმარტოების დროს მოუთმენლად უნდა ველოდეთ, რომ დავტკბეთ მასთან საუბრით, რომლითაც ვერასდროს ვერ გავძღებით.
-მამაო, არ მაქვს მტკიცე რწმენა და ვგრძნობ, რომ სუსტი ვარ!
– იცი რა ქენი? პატარა ბავშვივით ჩაებღაუჭე ღმერთს, როგორც შენს მამას და ხელი არ გაუშვა! სწორედ მაშინ იგრძნობ ძალასაც და სიმტკიცესაც.

მამაო, მოთხოვნილება მაქვს, რომ ღმერთს მივენდო, მაგრამ მიჭირს….
– შენი სულის ხელები გაიწვდინე მისკენ. ეს ხელები თანდათანობით გაგეზრდება და მიწვდები კიდეც მას!

– მამაო, როდესაც მცირე დრო მაქვს და აჩქარებულად ვლოცულობ, ამით იმ დროს ვიპარავ, რომელიც ქრისტეს უნდა მივუძღვნა?

– ქრისტე არაფრის საჭიროებას არ განიცდის. უბრალოდ შენ ვერ იღებ სარგებელს ამ დროს. ქრისტეს არ სჭირდება ჩვენი ლოცვა. ეს ჩვენ გვჭირდება მისი დახმარება. ჩვენ იმიტომ ვლოცულობთ, რომ ასე ვესაუბრებით და ვურთიერთობთ ჩვენს შემოქმედ მამასთან. თუ ასე არ მოვიქცევით, ეშმაკის ხელში აღმოვჩნდებით და მერე ვაი ჩვენ! იცით რას ამბობს წმინდა ისააკ ასური? „ღმერთი მოგვკითხავს იმას, რომ მასთან ურთიერთობა არ გვქონდა და ამით ეშმაკს იმის უფლება მივეცით, რომ ვეწამებინეთ“.

– მამაო, როგორ შევიყვარო ლოცვა?
– ეცადე ლოცვის მოთხოვნილება და საჭიროება იგრძნო. როგორც სხეულს სიცოცხლისთვის საკვები სჭირდება, ასევე სულსაც უნდა სულიერი საკვები, რომ იცოცხლოს. თუ არ იკვება, მაშინ დასუსტდება და მოკვდება.

– ლოცვაში რა გვიშლის ხელს?
– მხოლოდ მაშინ გვიჭირს ლოცვა, როდესაც მის მოთხოვნილებას ვერ ვგრძნობთ. ვისაც არ ესმის ლოცვის არსი, ვერ გრძნობს მოთხოვნილებას და მას უბრალოდ მოვალეობად მიიჩნევს იმ ბავშვს ემსგავსება, რომელიც დედის ძუძუს არ ეკარება და სუსტი და ავადმყოფი იზრდება.

– მამაო, როგორ ვიგრძნოთ ლოცვის აუცილებლობა?
აი, ომში უნდა ყოფილიყავი კარგად რომ გაგეგო ეს! ფრონტზე თუ მუდამ ცენტრთან კავშირში ვიყავით თავს ძალიან უსაფრთხოდ ვგრძნობდით. თუ დღეში მხოლოდ ორჯერ ვუკავშირდებოდით, მაშინ მიტოვებულად ვგრძნობდით თავს. ასევეა ლოცვის შემთხვევაშიც. რაც უფრო მეტს ლოცულობს ადამიანი, მით უფრო მეტად გრძნობს სულიერ სიმტკიცეს და დაცულობას.
თუ ღმერთთან მოუკლებელ კავშირში ვიქნებით, ნებისმიერ ბოროტებას ავიცილებთ თავიდან. ერთხელ ავტობუსით ერთი მონაზონი მგზავრობდა, რომელიც თვალდახუჭული ლოცულობდა. ყველას ეგონა, რომ ეძინა. უეცრად, საპირისპირო მიმართულებით მომავალი სატვირთო მანქანა ბოძს შეეჯახა, მანქანები ერთმანეთს დაეჯახნენ და სერიოზული ავარია მოხდა. ეს ავტობუსი როგორღაც გზიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით აღმოჩნდა, თითქოს რაღაც უხილავმა ხელმა გადაიტანა იქ და არც ერთი მგზავრი არ დაზიანებულა. სწორედ ამ მონაზვნის ლოცვამ გადაარჩინა ისინი.

– მამაო, ერის ადამიანები ხშირად კითხულობენ, თუ როგორ მოიპოვონ მოუკლებელი ლოცვის ჩვევა.
– ძველად, ისინი ვინც თავს ღმერთს სრულად უძღვნიდნენ და მტკიცე ხასიათი ჰქონდათ, კლდეებში, გამოქვაბულებში, სხვადასხვა საშიშ ადგილებში განმარტოვდებოდნენ და ლოცვას ეძლეოდენ. იქ უამრავ ხიფათს აწყდებოდნენ, შეიძლება კლდის თავიდან ქვა ჩამოვარდნილიყო ან ეშმაკები ხილულად გასწორებოდნენ მათ. ამ ყველაფრისგან გამოწვეული შიში მათ აიძულებდა, რომ მოუკლებლად ეღაღადათ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!’’. აი ასე, თანდათანობით მათში მოუკლებელი ლოცვის ჩვევა ჩამოყალიბდა. დღესაც ხომ ბევრი საფრთხეა. ღამის კლუბების და ნარკოტიკების გამო ზოგი ისეთ მდგომარეობაში ჯდება მანქანაში, რომ საჭეს ვერ იმორჩილებს. ამ დროს მეორე ადამიანი მიდის სამსახურში და არ იცის სახლში ცოცხალი დაბრუნდება თუ არა. ესეც ხომ მიზეზია იმისთვის, რომ მოუკლებლად მოვუხმოთ ქრისტეს? თუ ერის ადამიანები ამ გარემოებებიდან გამოწვეულ საფრთხეებს ლოცვისთვის გამოიყენებდნენ, მაშინ ჩვენ მონაზვნებსაც კი გვაჯობებდნენ ლოცვაში!
ერთ ადამიანს ვიცნობდი, რომელმაც ლოცვის საშუალებით სათნოებების დიდ საზომს მიაღწია. ის იესოს ლოცვით მოუკლებლად ლოცულობდა სადაც არ უნდა ყოფილიყო, სამსახურში, სახლში თუ გზაში. ღვთის მადლით მისი ლოცვა თვითმოძრავი გახდა და მუდამ გამოუთქმელი სიხარულის ცრემლებით იღვრებოდა. სამსახურის ქაღალდებს სულ ცრემლით ასველებდა! იფიქრა, რომ სამსახურს მივატოვებო და ამიტომაც ჩემთან ჩამოვიდა, რომ რჩევა ეკითხა. მე ვუთხარი: „არ წამოხვიდე, თუ თანამშრობლები გკითხავენ რა გატირებსო, უთხარი, რომ შენი გარდაცვლილი მამა გაგახსენდა“. ერთხელაც საჭესთან იჯდა, როდესაც მოულოდნელად მის წინ ბავშვმა გადაირბინა და ისე დაეჯახა, რომ ეს ბავშვი რამდენიმე მეტრის მოშორებით გადავარდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ მას ნაკაწრიც არ ჰქონია. ღმერთმა დაიფარა ეს ბავშვიც და ეს კაციც, რადგან ის იმ დროს ლოცულობდა.

– მამაო, ჩემში ვნებები ცოცხლობენ და შეიძლება რომ ჩემს გულში ლოცვა ამოქმედდეს?
– როგორ ამოქმედდება ჯერ შენს გულში ლოცვა, თუ ის ვნებებითაა სავსე? აიღე ჟანგიანი მავთული და ტელეფონს შეუერთე. შეძლებ ლაპარაკს? კავშირი გაწყდება ხოლმე და ყურმილშიც მხოლოდ შიშინს გაიგებ. როდესაც ადამიანის გული ჟანგიანია, ანუ მასში ვნებებია მომრავლებული, მაშინ ღმერთთან კავშირიც ხარვეზიანია და ხშირად წყდება. ამიტომაც, უნდა ვივარჯიშოთ, რომ გავთავისუფლეთ სიამაყისგან, ეგოიზმისაგან და თვითნებობისგან. რადგან თუ ადამიანი ვნებებითაა შეპყრობილი, ის ვეღარ ლოცულობს. ამიტომაც, ჩვენი სულის ეს „სადენები“ ამ ვნებების „ჟანგისგან’’ უნდა გავწმინდოთ, რომ მასში „ელექტროენერგიამ’’ ანუ საღმრთო მადლმა დაუბრკოლებლად გაიაროს და ღმერთთან ურთიერთობა დავამყაროთ. ადამიანი რაც უფრო მეტად განიწმინდება ვნებებისგან, მით უფრო წარემატება ლოცვაშიც.
ვნებები ის დაბრკოლებებია, რომლებიც ღმერთთან ურთიერთობაში ხელს გვიშლიან. როდესაც ომის დროს ფრონტზე რადისტს ხარვეზები ესმის, რაციაში ამბობს: „სმენადობა ნულია! არ გვესმის თქვენი’’. ჯერ მან გადამცემი და თავისი რაციის მიმღები უნდა გამართოს. თუ გვინდა რომ ქრისტეს „სიხშირეზე’’ ვიყოთ, მაშინ ჩვენი გადამცემი სიყვარულის, ხოლო მიმღები სიმდაბლის სიხშირეზე დავაყენოთ. მისი სიხშირე, სწორედ სიმდაბლე და სიყვარულია! სწორედ ეს ორი რაღაც არის საჭირო, რომ ჩვენს გულში მისი ხმა გავიგოთ. ადამიანი უკანდაუხევლად უნდა შრომობდეს, რომ როგორმე ეს „სიხშირე“ დაიჭიროს. როცა ამას შეძლებს, იქ ქრისტესთან კავშირს დაამყარებს და მასთან ურთიერთობაში შევა. ყველას გისურვებთ ამას! ამინ.

ეცადეთ, რომ სულიერი კეთილშობილება მოიპოვოთ და ანგარებისგან გათავისუფლდეთ, რადგან ის ლოცვაში ხელს გვიშლის, ჩვენსა და ქრისტეს შორის გაუვალ კედელს აღმართავს. იცი რას ნიშნავს ეს კედელი? თითქოს ქრისტე გეუბნება: „შვილო, შენი არ მესმის!“

– მამაო, შეიძლება, რომ მონაზონი თავის მონაზვნურ წესებს ზედმიწევნით აღასრულებდეს, მაგრამ ძმებისადმი თავგანწირული სიყვარული არ ჰქონდეს?
– რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, შეიძლება ლოცულობს კიდეც, ღვაწლიც აქვს, მაგრამ ამავდროულად საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდეს და სხვების მიმართ გულგრილი იყოს. ასეთი მოღვაწე სულიერად ყოველთვის ღარიბი იქნება.

– მამაო, ანუ მორჩილებაშიც და ყველაფერშიც კარგი უნდა ვიყოთ.
– ყველაფერში! იმისათვის, რომ ქრისტესთან ურთიერთობა გვქონდეს, ყველაფერში მის მოსაწონად უნდა ვიქცეოდეთ. ქრისტეს კი ის მოსწონს, რომ მოყვასს ვემსახურებით. სწორედ ამიტომ ვაკეთებ სულ აქცენტს სულიერ კეთილშობილებაზე და თავგანწირვის სულზე. თუ მონაზონი კანონს აღასრულებს, მაგრამ თავგანწირვას და მოყვასის მსახურებას ყურადღებას არ აქცევს, მაშინ მისი ეს ლოცვითი კანონი სრულიად უსარგებლო ხდება. როდესაც მონასტერში მოვედი, როგორც ახალდამწყები ტრაპეზარის დამხმარედ გამამწესეს. მაშინ ერთმა ძალიან მოხუცმა ბერმა მთხოვა, რომ წვნიანი მის კელიაში მიმეტანა ხოლმე. მორჩილებებს რომ ვასრულებდი, მისთვის წვნიანი მიმქონდა. ერთხელ ეს ერთმა ძმამ დაინახა და მითხრა: „არ მიაჩვიო, თორემ არ მოგასვენებს, ხან ამას გთხოვს, ხან იმას. შენს კანონსაც ვერ აღასრულებ. იცი მე რა დამემართა? ერთხელ, როდესაც ავად იყო, დავეხმარე და მას შემდეგ მოსვენებას საშუალებას აღარ მაძლევდა, კედელზე მიკაკუნებდა და მთხოვდა ჩაი გამიკეთეო. შემდეგ რამდენიმე წუთში ისევ ტუკ-ტუკ: „ესა და ეს მომიტანე“. კანონს ვეღარ ვასრულებდი და უკვე წყობიდან გამოვედი!“ . აბა ერთი ნახეთ, მოხუცი კაცი წვალობს, დახმარებას თხოვს და მას ეზარება ადგომა, რომ დაეხმაროს! კანონის შეწყვეტა არ უნდა! ქრისტესთვის გაცილებით მოსაწონი იქნებოდა ამ მოხუცისადმი თავგანწირული მსახურება, ვიდრე ყველა მისი მუხლდრეკა და ა.შ! თან ამბობდა: „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“ და თან მომეშვი, დამანებე თავიო!

– მამაო, ჩემი ერთი ცუდი საქციელის გამო მაქვს განცდა, რომ ღმერთს ჩემი ლოცვა არ ესათნოება….
– თუ ეს განცდა და გულისსიტყვა ნამდვილი სიმდაბლიდან მოდის და ამბობ: „ჩემი ცუდი საქციელით ქრისტე დავამწუხრე!’’ მაშინ სულიერ ნუგეშს იგრძნობ. თუ ეგოიზმის გამო წუხხარ და ამბობ აქამდე როგორ დავეშვიო, მაშინ ამ ნუგეშს ვეღარ მიიღებ, რადგან ქრისტე ამაყის და ეგოისტის ლოცვას არ ისმენს.
ჩვენი ლოცვა შემუსვრილი და მდაბალი გულიდან უნდა მოდიოდეს. საკმარისია სიმდაბლით ვთქვათ: „უფალო, არ ვარ ღირსი, რომ ჩემი შეისმინო!’’ ჩვენი კეთილი ღმერთი მყისიერად შეისმენს ჩვენსას.

– მამაო, განსაცდელის დროს ვერ ვლოცულობ ხოლმე და რატომ მემართება ასე?
– როდესაც განსაცდელში ხარ და ვერ ლოცულობ, ეს იმის მანიშნებელია, რომ შენში ეგოიზმია. ეს განსაცდელი კი იქამდე დარჩება, სანამ ადამიანი თავს არ დაიმდაბლებს. როგორც კი საკუთარ უღირსებას შეიგრძნობს, ქრისტეც გულში იკრავს და განსაცდელიც მიდის.

– მამაო, ღმერთს ვთხოვ, რომ ერთი ვნებისგან გამათავისუფლოს, მაგრამ ვერანაირ შედეგს ვერ ვხედავ.
– როდესაც ადამიანი ცდილობს, ლოცულობს და შედეგი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ან მძაფრადაა ეგოიზმი ან სიამაყისკენ აქვს მიდრეკილება, ეს მდგომარეობა ხელს უშლის ღვთის მადლს, რომ ლოცვის მიერ ჩვენში ამოქმედდეს. თუ ლოცვისას რაიმეს ვითხოვთ, ჩვენი კეთილი ღმერთი აუცილებლად მოგვცემს, თუ სიმდაბლითა და საკუთარი ცოდვილობის განცდით ვლოცულობთ.

– მამაო, მხურვალედ ვევედრები უფალს, რომ ჩემი ერთი სისუსტისგან გამათავისუფლოს და ჩემი მხრიდანაც ვიბრძვი. მაგრამ სიამაყის გამო ვერ ვიღებ შეწევნას, როგორ მოვიქცე?
– პირველ რიგში, თავი დაიბდალე, შენდობა ითხოვე ღვთის წინაშე და შენი სიტყვებით ესაუბრე: „ღმერთო, ჩემში არსებული სიამაყის გამო ვერ ვგრძნობ შენს შეწევნას, გამინათე გონება, რომ მივხვდე როგორ მოვიქცე იმისთვის, რომ ეს ჩემი სისუსტე გადავლახო“. როგორც კი აღიარებ, რომ შენში სიამაყეა და ამიტომაც ვერ ამარცხებ შენს უძლურებას, უფალი აუცილებლად გაუწყებს თუ როგორ მოიქცე და როგორ ამოძირკვო ის.

– მამაო, ლოცვისას როგორ უნდა ვგრძნობდე თავს?
– იმისათვის, რომ ქრისტე შეგეწიოს, აუცილებელია სიმდაბლე და შემუსვრილი გული. მდაბალი ადამიანი საკუთარ ნებას არ მისდევს, არამედ მუდამ ღვთის ნებას ემორჩილება და მის მცნებებს აღასრულებს. რამდენადაც ადამიანი უსმენს ღმერთს, იმდენად უსმენს ღმერთი მას.

– მამაო, როდესაც ღმერთს რაღაცას ვთხოვ, მაგრამ ვერ ვიღებ, კითხვა მიჩნდება: „განა ისმენს ღმერთი ჩემს ლოცვას?“
– ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის სიყვარულში ეჭვი გეპარება და ამით შენს სათხოვარს ანულებ!

– როდესაც სათხოვარს ვერ ვიღებთ, საჭიროა სიჯიუტის გამოვლენა?
– დიახ, საჭიროა. როდესაც რაღაც დაწესებულებაში მივდივართ და პასუხისმგებელ პირს თხოვნით მივმართავთ, იმასათვის, რომ სასურველ მიზანს მივაღწიოთ, ზოგჯერ შეუპოვრობის გამოყენება გვიწევს ხოლმე და ვთხოვთ: „გთხოვთ დამეხმარეთ, თორემ აქედან არ წავალ“. ეს ლოცვაშიც საჭიროა. სწორედ ასე ევედრეობდა ქანაანელი დედაკაცი ქრისტეს. თუ ლოცვისას რაიმეს ვითხოვთ, მოთმინებით უნდა ველოდოთ. ლოცვა, რომელიც სიმდაბლით, რწმენით, ტკივილით, გულმოდგინებითა და მოთმინებით აღევლინება, უპასუხოდ არასდროს რჩება.

– მამაო, ლოცვისთვის როგორ მოვემზადოთ?
– ისევე, როგორც ზიარებისთვის ვემზადებით. როდესაც ვეზიარებით ჩვენს გულში ქრისტე შემოდის. ლოცვის დროს მუდამ ვურთიერთობთ ქრისტესთან და მადლს ზიარებისგან განსხვავებული სახით ვიღებთ. ზიარებისას ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, მისი ცოცხალი ნაწილები ვხდებით, ხოლო ლოცვისას ქრისტესთან ვსაუბრობთ. ლოცვის წინ სიმდაბლით ვუთხრათ ქრისტეს: „უფალო, მე უღირსი ადამიანი ვარ, არ ვარ იმის ღირსი, რომ შენთან ვისაუბრო და ჩემთან მოხვიდე, მაგრამ გევედრები დამეხმარე“, ასე მოდის მადლი და ღმერთთან ურთიერთობის გზაც იხსნება.
თუ ადამიანს არ აქვს სინანული და ღვთის წინაშე თავს არ იმდაბლებს, მაშინ ის ლოცვისთვის მოუმზადებელია. ჩნდება დაბრკოლება, რომელიც ქრისტესთან ურთიერთობაში ხელს უშლის. კარი ჩაკეტილი რჩება და სულიც ვერ პოულობს სიმშვიდეს. მაგრამ თუ გულით ვიტყვით: „შეგცოდე უფალო“ დაბრკოლება ირღვევა, ან უკეთ რომ ვთქვათ ქრისტე კარს გვიღებს და მასთან ურთიერთობის საშუალება გვეძლევა.

– მამაო, ‘’კიბეში’’ წავიკითხე, რომ ლოცვისთვის შესაფერისი სამოსელი უნდა გვეცვას, ისევე როგორც მეფესთან სასაუბროდ მისული ადამიანი შესაბამისად იცმევს. ამ სამოსელში რა იგულისხმება?
– ქრისტეს წინაშე დავიმდაბლოთ თავი და სიმდაბლით ვთხობოთ შეწყალება. „უფალო დამნაშავე ვარ შენს წინაშე, მე უმადურმა დაგამწუხრე და შემინდე“. ეს ყველაფერი არა გარეგნულად, არამედ შინაგანი შემუსვრილებით წარმოთქვი. ეს არის ის სამოსელი, რომელიც უნდა შეიმოსო, როდესაც ქრისტეს ესაუბრები. თუ ეგ შესამოსელი არ გაქვს, მაშინ თითქოს ეუბნები: „აბა როგორ ხარ? რა არის ახალი?“ თუ იმ ადამიანის წინაშე უნდა ვითხოვოთ შენდობა, ვისაც შევცოდეთ, მაშინ მითუმეტეს უნდა დავიმდაბლოთ თავი ქრისტეს წინაშე ჩვენი აურაცხელი შეცოდების გამო.

– მამაო, ანუ ჩვენს ცოდვებზე უნდა ვიფიქროთ?
– პირველ რიგში უფალს მთელი დღის განმავლობაში ჩადენილი ცოდვებისთვის თხოვე შენდობა, შემდეგ ზოგადად შენს ცოდვილობაზე და უღირსობაზე დაფიქრდი. ასე ვმდაბლდებით და შემდეგ მოდის უკვე ლოცვის დრო. მე ლოცვას ვიწყებ სიტყვებით: „ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას“ რამდენჯერმე ვიმეორებ და შემდეგ უკვე ლოცვას ვიწყებ. ერთხელაც ქრისტეს ვთხოვე, რომ ჩემთვის ლოცვა ესწავლებინა. მანაც მიჩვენა 17 წლის ახალგაზრდა ჭაბუკი, რომლის ლოცვამაც გამაოგნა! ის ისე ტიროდა და ლოცულობდა, რომ გავოცდი! მან დაიწყო: „უფალო, მე ვარ უმადური, გამოუსწორებელი…როდესაც ამ მდგომაროებაში ვარ უფალო, შენი დახმარების გარეშე რას გავხდები?’’ და ამ სიტყვების მერე იწყებდა ლოცვას.

– მამაო, როდესაც ლოცვის დროს ჩემს ცოდვებზე ვფიქრობ, ყურადღება მეფანტება…
– ქრისტეს წინაშე საკუთარი თავის დამაბლება და ცოდვების აღიარება საჭიროა ლოცვის დაწყებამდე და არა უშუალოდ ლოცვის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საკუთარი თავის დამლაბდლება კი არ გამოდის, არამედ ეშმაკთან საუბარი. ლოცვის წინ უნდა ვიფიქროთ, თუ რა გვაწუხებს, რაშია ჩვენი პრობლემა, მივმართოთ მისგან გონება, სამიზნე დავუმიზნოთ და მერე უკვე ცეცხლი!

წყარო: წმინდა პაისი ათონელის სულიერი დარიგებანი. ტომი 6- ლოცვის შესახებ

მთავარი ფოტო: წმინდა პაისი ათონელის პორტრეტი ჯვართამაღლების ტაძართან არსებული “ათონის დარბაზიდან”.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •