ლოცვა

მარხვა და გონებისმიერი ლოცვა – შინაგანი სამყაროს გარდაქმნის საშუალებები – მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი

პირველ რიგში, ხაზგასმით ვთქვათ, რომ მარხვა მჭირდო კავშირშია სულიერ ცხოვრებასთან. რადგანაც სულიერი ცხოვრება ლოცვაში რეალიზდება, შესაბამისად მარხვა პირდაპირ კავშირშია ლოცვასთან და გარკვეული სახით განუყოფელიცაა მისგან. მარხვის მიერ ადამიანი ათვინიერებს თავის სხეულს და შეიძლება ითქვას, აკავებს მის ,,აჯანყებას’’, ხოლო ლოცვის მიერ საკუთარი სულის ვნებებს და მათ აღმძვრელ გულისსიტყვებს ,,აძინებს’’. ამგვარად ადამიანი მაღლდება დაცემულობაზე და ლოცვით განდევნის დემონურ შემოტევებს.

რადგანაც სხეული სულთანაა დაკავშირებული, არსებობენ ეგრეთწოდებული სულიერი და ხორციელი ვნებები. სწორედ ამიტომ უნდა იყოს მარხვა ლოცვასთან დაკავშირებული. მარხვა არის ერთგვარი საძირკველი ლოცვისა, ხოლო თავის მხრივ, ლოცვა ჭეშმარიტ საზრისს ანიჭებს ასკეზას.

რა არის მარხვა?

მარხვა მხოლოდ გარკვეული სახის საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს. თუმცა ესეც მარხვაა, რადგან ამით ჩვენ ქრისტეს ეკლესიის მორჩილებას ვავლენთ და საკუთარ პირად თავისუფალ ნებას ეკლესიის საერთო ნებას ვუმორჩილებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ქრისტესა და წმინდა მამათა მაგალითს მივსდევთ. გარდა ამ ყველაფრისა, მარხვას გაცილებით ფართო გაგებაც აქვს.

პირველ რიგში, მარხვა გრძნობათა სისუფთავეში მდგომარეობს. წმინდა გრიგოლ პალამა წერს: ,,თუკი საკვებში მარხულობ და ამ დროს შენი თვალები შენი სულის სიღრმეში დაბუდებული სიძვის, ცნობისმოყვარეობისა და განკითხვის ვნებებს ემორჩილება; შენი სმენა მუდამ უღირსობებისკენ, გარყვნილი საუბრებისა და უკეთური, ცილისმწამებლური ჩურჩულებისკენაა მიპყრობილი და ამ ყველაფერთან ერთად, შენი სხვა შეგრძნებებიც დაზიანებულია, მაშინ რა სარგებელი აქვს მარხვას? რა თქმა უნდა, არაფერი!’’ არანაირი სარგებელი არ მოაქვს ხორციელ მარხვას, თუკი თანადროულად სხვა შეგრძნებებითაც არ მარხულობ: მხედველობით და სმენით, რომლებიც სულის კარებს წარმოადგენენ, რომელთა მიერაც ჩვენში ცოდვა შემოდის და ვნებებს აღძრავს. ამიტომაც, მარხვისას ქრისტიანები ცდილობენ, რომ ყველა შეიგრძნება დაიცვან. წმინდა გრიგოლის სწავლებებში ვხედავთ, რომ ღმრთისმეტყველება დაკავშირებულია გრძნობათა სიწმინდესთან.

ჭეშმარიტი მარხვა – ბოროტებისგან თავშეკავებაა. წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს, რომ გარდა სასმლისგან სიმთვრალისა, სხვა სახის სიმთვრალეც არსებობს და ესენია: მრისხანება, სიძულვილი და ავმეხსიერება. სწორედ ეს ვნებები იწვევენ ყველაზე საშინელი სახის თრობას. ის ამბობს, რომ დემონი სწორედ ამ ვნებებით ცდილობს მლოცველის და მმარხველის დათრობას და ხშირად ახსენებს მათ სხვების მიერ მიყენებულ წყენებს, უსიამოვნებებს, ტკივილებს და მათში ავმეხსიერებას აღძრავს. წმინდა გრიგოლი საძმოს მოუწოდებს, რომ ლოცვის და მარხვის ჟამს იყვნენ ერთმანეთის სიყვარულით, კეთილი საქმეებით და სიტყვებით აღსავსენი. სიამაყე და პატივმოყვარეობა დიდ საცდურებს წარმოადგენენ, განსაკუთრებით კი მარხვისას, როდესაც მმარხველი ცდილობს, რომ თავისი ღვაწლი ადამიანებს უჩვენოს, მათ თვალში, ფარისევლების მსგავსად, სამაგალითო ქრისტიანად გამოჩნდეს. თუმცა, პატივმოყვარეობა ჩვენს ლოცვას და მარხვას სრულად უნაყოფოდ აქცევს.მარხვა ყველა სხვა სათნოებასაც უნდა დავუკავშიროთ. რასაკვირველია, როცა სათნოებებზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ გარკვეულ ზნეობრივ ქმედებებს, არამედ ისეთ საღმრთო მოქმედებებს ჩვენში, როგორიცაა: სიმშვიდე, სიყვარული და სიმართლე. როდესაც ადამიანი ღმერთის ნებას აღასრულებას, ის ხდება მისი თანამუშაკი და ამიტომაც, საკუთარ გულში აქვს სიმშვიდე, სიმართლე, სიყვარული და სხვა სათნოებებიც.

მთავარი სათნოებებია – თავშეკავება, სინანული, განმწმენდელი მგლოვარება და გულის შემუსვრილება. სწორედ ამ სათნოებებს უნდა დავუკავშიროთ ჩვენი მარხვა იმისათვის, რათა მან ნაყოფები გამოიღოს. წმინდა გრიგოლი წერს: ,,მარხვას თან უნდა ახლდეს თავშეკავება. რატომ? იმიტომ, რომ სიმაძღრე ხელს უშლის ქრისტესთვის მწუხარებისა და გულისმიერი შემუსვრილების შეგრძნებებს, რომლებიც მაცხოვნებელი სინანულისკენ მიგვიძღვებიან. შემუსვრილი გულის გარეშე შეუძლებელია ჭეშმარიტი სინანულის მიღწევა. შემუსვრილი გული გვაიძულებს საკუთარი ცოდვების მგლოვარებას, ასევე, საჭმელში, ძილსა და შეგრძნებებში თავშეკავებას’’. უზომოდ ბევრი ჭამა შეუძლებელს ხდის გულის მგლოვარებისა და სინანულის სისავსის მიღწევას. სწორედ ამაში გვეხმარება მარხვა, რომელიც ჭეშმარიტი სინანულის გარეშე უნაყოფოა სულიერ ცხოვრებაში. ხორციელ შრომასთან ერთად, აუცილებელია გულის შემუსვრილებაც, რომლის გარეშეც ასკეზა ფორმალობა ხდება, რომელსაც არ აქვს არსობრივი დატვირთვა.

წმინდა გრიგოლ პალამა თავის ბევრ ჰომილიაში საუბრობს მარხვის სულიერი ატმოსფეროს შესახებ. მინდა კიდევ ერთი სახასიათო ამონარიდი მოვიყვანო. წმინდანი წერს, რომ ჩვენ უნდა ვიმარხულოთ და ვილოცოთ შემუსვრილი გულით, საკუთარი თავის განკითხვითა და სიმდაბლით, ,,რათა ჩვენი მარხვა იყოს წმინდა და ქრისტესთვის სათნო, ხოლო მხნედ და ყურადღებით ვიდგეთ ტაძარში ღმრთისმსახურებებზე’’.

ქრისტესთვის არ არის მოსაწონი ისეთი მარხვა, რომელსაც არ ახლავს სულიერი ასკეზა. წმინდა გრიგოლი ამბობს, რომ ასეთი მარხვა ბოროტ ანგელოზებს უფრო ახასიათებთ, თუმცა მათი უჭმელობა დაკავშირებულია მრისხანებასთან, სიძულვილთან, სიამაყესთან და ღმრთისადმი წინააღმდეგობასთან. ამიტომაც, როდესაც ჩვენი მარხვა ამოვარდნილია ასკეტური ცხოვრებისგან, შესაძლოა დემონური მარხვის საფრთხე დაგვემუქროს.

გარდა ამისა, მარხვა ასევე გულისხმობს გონების სისუფთავეს ოცნებებისა და ვნებისმიერი გულისსიტყვებისგან. წმინდა გრიგოლ პალამა უფლის სიტყვების განმარტებისას: ,,ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი’’, ამბობს, რომ უფალი გვასწავლის, დიდებასა და ქებას არ ვეძებდეთ მარხვისას. გარდა ამისა, ის ამ ადგილს სიმბოლურადაც განმარტავს. სიტყვაში ,,თავი’’ უნდა ვიგულისხმოთ სულის თავი, ანუ გონება, როგორც საწყისი, ხოლო ,,სახეში’’ – წარმოსახვა, სადაც შეგრძნებების მიერ მიღებული შთაბეჭდილებები იყრიან თავს. ამიტომაც, თუ გვსურს, რომ სწორად ვიმარხულოთ, ჩვენი გონება სულიწმიდის მადლის ზეთით უნდა ვცხოთ, რაც ნიშნავს გონების განათლებასა და გონებისმიერი ლოცვის მდგომარეობას. გარდა ამისა, უნდა დავიბანოთ პირი, ანუ განვწმინდოთ ჩვენი წარმოსახვა სამარცხვინო, უწმინდური აზრებისგან, მრისხანებისა და ყოველგვარი ბოროტებისაგან. ასეთი მარხვა არამხოლოდ კურნავს ადამიანს ვნებებისგან და განდევნის მისგან დემონებს, არამედ ანგელოზს ამსგავსებს მას.

ამრიგად, ვხედავთ, რომ მარხვა არამხოლოდ გარკვეული საკვებისგან თავშეკავებაა, რაც რა თქმა უნდა, აუცილებელიცაა, არამედ ადამიანის შინაგანი სამყაროს განწმენდა, წარმოსახვებისგან გათავისუფლება და ასევე სულის მმართველი ძალის – გონების განათლებაა. ცდებიან ისინი, ვინ მარხვას მხოლოდ გარეგნულ გამოვლინებებს უკავშირებენ და არა მთელ ასკეტურ ცხოვრებას.

გარდა ამისა, მარხვა შინაგანად კურნავს ადამიანს. წმინდანი წერს: ,,მხოლოდ ის მარხვაა ჭეშმარიტი, რომლიც ყველაფერს მოიცავს, ყველაფერს განწმენდს და ყველაფერს კურნავს’’. ჭეშმარიტი მარხვა კურნავს ადამიანს და ქრისტესთან შეხვედრისთვის ამზადებს.

მარხვა კურნავს ადამიანს და სულიერ სიკეთეთა გემოსხილვის საშუალებას აძლევს. წმინდა გრიგოლ პალამას მაგალითად მოჰყავს ძველაღთქმისეული მართლები. ის იხსენებს სამ ბაბილონელ ყრმას, რომლებიც თავშეკავებისა და მარხვის წყალობით უვნებლად გადაურჩნენ ცეცხლოვან ქურას. ასევე წინასწარმეტყველმა დანიელმა სწორედ მარხვის წყალობით იხილა მომავალი და სხვა დროს ლოცვისა და მარხვის მიერ დაუხშო ლომებს პირი. ,,თუკი ხორციელ და სულიერ მარხვას დავურთავთ ლოცვას, მაშინ ხორციელი ვნებების ცეცხლი ჩაქვრება ჩვენში და ლომების მრისხანებაც დაცხრება. ჩვენ კი გავხდებით წინასწარმეტყველური საზრდელის მიმღებნი, მომავალ სიკეთეთა მოიმედენი და გონებით მჭვრეტელნი. მოგვეცემა ხელმწიფება, რათა დავთრგუნოთ ასპიტი, მორიელი და მტრის ყველა ძალა’’. ჭეშმარიტად, სულიერი მარხვა, რომელიც იცავს გრძნობის ორგანოებს, ხოლო გონებას წარმოსახვებისა და ოცნებებისაგან და რომელსაც თან ახლავს ხორციელი მარხვა, მთელ ჩვენს შინაგან სამყაროს გარდაქმნის და მიგვიძღვის ცოცხალი ღმერთის ხილვისკენ, რომლის დასაწყისიც, როგორც ვიცით, არის გონებისმიერი ლოცვა.

წმინდა გრიგოლ პალამა თაბორის მთაზე მოსესა და ელიას მყოფობას განიხილავს, როგორც ლოცვისა და მარხვის გამოხატულებას. ეს ორი წინასწარმეტყველი, ალბათ ყველა ადამიანზე მეტად შრომობდნენ ლოცვასა და მარხვაში და თაბორზე ქრისტეს ლოცვის ჟამს მათი თანამყოფობით უჩვენეს ამ ლოცვისა და მარხვის ურთიერთჰარმონიულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ ორი გზით ეძლევა ადამიანს ქრისტესთან საუბრის საშუალება.

საკვებისგან ზომიერი თავშეკავებით ჩვენ ორ მნიშვნელოვან შედეგამდე მივდივართ. პირველ რიგში, გონება ამქვეყნიური ბორკილებისგან თავისუფლდება და ქრისტესკენ ზეაღიწევა. მეორეს მხრივ, იცვლება ჩვენი აზროვნების წესი: თუ ადრე ვფიქრობდით, რომ ვიტამინები და კალორიები განაპირობებენ ჩვენში სიცოცხლეს, საკვებში თავშეკავებით ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ღმერთი განაგებს ჩვენს ცხოვრებას თავისი უქმნელი ენერგიებით. აქედან გამომდინარე, მატერიალური კი არ არის საფუძველი ჩვენი ცხოვრებისა, არამედ თავად ქრისტე. ამიტომაც, საკვებისგან ზომიერი თავშეკავება გვეხმარება ქრისტესადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.

წმინდამი მკაცრად გვაფრთხილებს, რომ ჩვენი მარხვა და ლოცვა ქრისტეს წინაშე აღვასრულოთ, იმის გაცნობიერებით, რომ ის გვხედავს. უნდა ვიცოდეთ, რომ ,,თავისთავად არც მარხვა, არც ფსალმუნება და არც ლოცვა არ გადაგვარჩენს, არამედ ამ ყველაფრის ქრისტეს წინაშე აღსრულება’’. ჭეშმარიტად, გარეგნული საქმეები თავისთავად ვერ განგვწმენდენ, არამედ მადლი ქრისტესი, რომელიც შედის იმ ადამიანის გულში, ვინც მის ნებას აღასრულებს. ამიტომაც, მარხვის ჟამს ჩვენი გონება მოუკლებლად უნდა მოუხმობდეს ქრისტეს და მას სთხოვდეს შეწყალებას.

მარხვა სულის კურნებაში გვეხმარება. ეს არის ცხოვრების წესი და გზა, რომელსაც ქრისტეს სასუფევლისკენ მივყავართ. ამიტომაც, წმინდა გრიგოლი ამბობს, რომ მხოლოდ გარკვეულ დღეებში კი არ უნდა ვმარხულობდეთ, არამედ მთელი ცხოვრება(აქ რა თქმა უნდა სულიერი მარხვა იგულისხმება). ,,მათ, ვისაც უფალმა მოუწოდა, მთელი ცხოვრება თავშეკავებასა და ქრისტესთან შეხვედრის მოლოდინში უნდა გაატარონ’’. წმინდა გრიგოლი ამბობს: ,,გევედრებით, არ მოვადუნოთ მარხვა, ლოცვა, ცრემლი და მოუკლებლად მოვუხმოთ ქრისტეს მანამ, სანამ არ შემოვა ჩვენში და არ განგვკურნავს’’. მარხვით, ცრემლით და მოუკლებელი ლოცვით ჩვენ მოვუხმობთ ქრისტეს, რათა შემოვიდეს ჩვენში და განგვკურნოს.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share